Facebook Twitter

საქმე №ას-1564-2019 4 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ც-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინება

დავის საგანი – უფლებამონაცვლეობის დადგენა, სააღსრულებო ფურცლის გაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „კ. პ.“ საარბიტრაჟო სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე თ. ც-ის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად და დროულად შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრების თაობაზე.

შპს „დ. გ. ც.“ 2010 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ. პ.“ საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა და თ. ც-ს შპს „კ. პ.“ სასარგებლოდ დაეკისრა 23747,22 ევროს, ასევე პირგასამტეხლოს – ყოველ ვადაგადაცილებულს დღეზე დავალიანებული თანხის 0,3%-ის ოდენობით გადახდა, ასევე დაეკისრა საარბიტრაჟო მოსაკრებელის გადახდა; გადაწყვეტილებით დადგინდა ქ.თბილისში, კ. მ. ქ. №.-ში მდებარე თ. ც-ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების – 195,70კვ.მ იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

შპს „კ. პ.“ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების მიზნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 იანვრის განჩინებით განცხადება საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. აღნიშენული განჩინების საფუძველზე 2011 წლის 21 მარტს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

ქ. ქ-ის წარმომადგენელმა გ. ნ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა უფლებამონაცვლეობის დადგენა და სააღსრულებო ფურცლის ქ. ქ-ის სახელზე გაცემა იმ საფუძვლით, რომ 2011 წლის 27 ივლისს სანოტარო აქტის საფუძველზე განხორციელდა მოთხოვნის უფლების დათმობა, კერძოდ, შპს „კ. პ.,“ როგორც მოთხოვნის დამთმობმა, ახალ კრედიტორ ქ. ქ-ეს დაუთმო და საკუთრებაში გადასცა 45821,19 აშშ დოლარიდან ნაწილის – 27000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. უძრავი ქონების იპოთეკარად დარეგისტრირდა ქ. ქ-ე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებით ქ. ქ-ის განცხადება უფლებამონაცვლეობის დადგენისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. ქ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და განმარტავს, რომ მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის წინა პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმადაც, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებისმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლო. იმავეს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომლის 35613 და 35621 მუხლების შესაბამისად, საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები (მათ შორის, საქმეები სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ) განიხილება სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილია, გადაწყვიტოს მხოლოდ სხვა ქვეყნების არბიტრაჟთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. ამავე დროს, საქართველოს ტერიტორიაზე გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35621 მუხლის მე-6 ნაწილი).

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არის უფლებამოსილი, განიხილოს ზემოხსენებული განჩინების კანონიერება, სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს მისი კანონიერების შემოწმების თაობაზე კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობა. საყურადღებოა, რომ ზემოხსენებული განმარტებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ-ბები: №ას-1078-1029-2013, №ას-1009-1040-2011, №ას-239-225-2010, №ას-1246-1266-2011, №ას-741-798-2011, №ას-836-785-2010).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქ. ქ-ის კერძო საჩივარი დაუშვებელია, რის გამოც, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612, 396-ე, 414-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ქ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი