Facebook Twitter

საქმე №ას-1521-2019 27 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ.“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. თ-ა (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ. თ-ამ (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა შპს „ჰ.“ (შემდეგში - მოპასუხე ან მოპასუხე კომპანია ან დამსაქმებელი ან კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დამსაქმებლის 2016 წლის 1 სექტემბრის N163 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; 1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის ... თანამდებობაზე; 1.3. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 1 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 960 ლარის ოდენობით; 1.4. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისროს დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2016 წლის 01 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. სარჩელში მითითებულია, რომ მოსარჩელე, 2012 წლის 18 ივლისიდან, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში ... თანამდებობაზე. დამსაქმებლის 2014 წლის 25 ივნისის N90 ბრძანებით, შრომით ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება და შრომითი ხელშეკრულების მოქმედება განისაზღვრა უვადოდ. 2014 წლის 23 ოქტომბერს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე კომპანიაში ... თანამდებობა შეიცვალა ადმინისტრაციაში .... (....) თანამდებობით. დამსაქმებლის 2016 წლის 29 აგვისტოს წერილით, მოსარჩელე გაფრთხილებული იქნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ო“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რის შემდეგაც დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა. სარჩელში აღნიშნულია, რომ 2016 წლის 28 სექტემბერს მოპასუხე კომპანიისაგან მიღებული ბრძანებისა და წერილობითი დასაბუთების შესაბამისად, მიმდინარე წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევების შედეგად ... (...) და დირექტორის .... მუშაობასთან დაკავშირებით დადგინდა, რომ ამ მიმართულებით საქმიანობისათვის ორივე ერთდროულად არ არის საჭირო. კომპანიის დასკვნით, ... ფუნქციების შესრულება შეეძლო დირექტორის .... ამასთან, კომპანიას არ განუმარტავს, კონკრეტულად რა მიზნით იქნა გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან. ასევე, არ მიუთითებია, თუ რატომ განხორციელდა დირექტორის თანაშემწის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი კადრის აყვანა თუ ... და დირექტორის .... ერთდროულად მუშაობის საჭიროება არ იყო. ამასთან, ადმინისტრაციის .... (...) შტატი ჯერაც არსებობს მოპასუხე კომპანიაში, არ განხორციელებულა შესაბამისი ცვლილებები საშტატო ნუსხაში.

3. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შედავება, რომელშიც განმარტა, რომ ჩატარებული კვლევის შედეგად ... ...) მოვალეობის შესრულება შეეძლო დირექტორის ...., შესაბამისად, კომპანიას ორი თანამშრომელი ერთდროულად არ ესაჭიროებოდა და ... პოზიციაზე დასაქმებულ მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება. .... პოზიციაზე კი, არავინ დასაქმებულა. შესაბამისი ფუნქციების შესრულება მოპასუხე კომპანიის დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე დანიშნულ პირს დაევალა. მოპასუხის განმარტებით, დირექტორის ... და ... ფუნქციების შედარებით დგინდება, რომ ფუნქციურად დატვირთული და რთული სამუშაოების შესრულება ევალებოდა დირექტორის თანაშემწეს, ვიდრე ...., ასევე, დირექტორის თანაშემწეს, პარალელურად, სრულად შეეძლო იმ მოვალეობების შესრულება, რასაც მოსარჩელე ასრულებდა. .... შეუძლებელია განხორციელდეს დირექტორის თანაშემწის მოვალეობების დავალება, რადგან ფუნქციურად და ტვირთობრივად სხვა მოვალეობებია და აღნიშნულის დავალება ჩაითვლება ხელშეკრულების საგნის არსებით ცვლილებად, რისი განხორციელების უფლებამოსილება კომპანიას არ გააჩნდა. შესაბამისად, კომპანიას დირექტორის .... და .... ერთდროულად არ ესაჭიროებოდა, აღნიშნულის თაობაზე ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა 09.08.2016 წელს, რის საფუძველზეც მიღებული იქნა გადაწყვეტილება .... - მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე კომპანიის 29.08.2016 წლის N753 წერილით სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ეცნობა მოსარჩელეს, ასევე, 28.09.2016 წელს გაეგზავნა დასაბუთებული წერილი N853.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის 2016 წლის 1 სექტემბრის N163 ბრძანება მოსარჩელსთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. დასაქმებული აღდგენილ იქნა მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის ... პოზიციაზე. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 1 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 960 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით. სარჩელი ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

5. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა, და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 11 520 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე 2012 წლის 18 ივლისიდან, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში ... თანამდებობაზე.

8. 2013 წლის 17 იანვრის მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის სახელფასო დავალიანება განისაზღვრა 865 ლარით, ხოლო 2014 წლის 1 თებერვლის შეთანხმებით, 1200 ლარით.

9. მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2014 წლის 25 ივნისის N90 ბრძანებით, შრომით ხელშეკრულებაში განხორციელდა ცვლილება და შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა უვადოდ (იხ. ს.ფ. 20-28).

10. 2014 წლის 23 ოქტომბერს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე კომპანიაში .... თანამდებობა შეიცვალა ადმინისტრაციაში .... (...) თანამდებობით (იხ. ს.ფ. 28).

11. დამსაქმებლის 29.08.2016წ. N753 წერილით ადმინისტრაციის ... (...) სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ეცნობა მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

12. მოპასუხე კომპანიის 2016 წლის 1 სექტემბრის N163 ბრძანებით მოსარჩელე, მოპასუხე კომპანიის ... (...) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

13. უდავოა, რომ იმავე ბრძანებით, ფინანსურ მენეჯერს (...) დაევალა მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი სახელფასო განაკვეთის შესაბამისად ორი თვის შრომის ანაზღაურება, რისი გადახდის ფაქტი მხარეთა შორის სადავო არ არის.

14. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულ მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის უფროსის N2371 (09.08.2016 წელი) მოხსენებით ბარათში აღნიშნულია შემდეგი: ადმინისტრაციის თანამშრომლების .... (...) და დირექტორის ... მუშაობასთან დაკავშირებული საქმიანობის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა სრულიად შესაძლებელია განახორციელოს ერთ-ერთმა მათგანმა, შესაბამისად, ამ მიმართულებით კომპანიას გამართული საქმიანობისათვის .... (....) და დირექტორის .... ორივე ერთდროულად არ ესაჭიროება, ადმინისტრაციის .... (....) ფუნქციები შესაძლებელია განახორციელოს დირექტორის .... (იხ. ს.ფ.93).

15. მოსარჩელეს, მისი განცხადების საპასუხოდ, მოპასუხე კომპანიის დირექტორის 2016 წლის 28 სექტემბრის №853 წერილით განემარტა, რომ ... (...) და დირექტორის .... მუშაობასთან დაკავშირებით 2016 წლის აგვისტოს თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა სრულად შესაძლებელია, განახორციელოს ერთ-ერთმა მათგანმა. შესაბამისად, ამ მიმართულებით კომპანიის გამართული საქმიანობისათვის .... (....) და დირექტორის ...., ორივე ერთდროულად არ ესაჭიროებოდა. ადმინისტრაციის ... (....) ფუნქციები შესაძლებელია განახორციელოს დირექტორის ..... აქედან გამომდინარე, კომპანიამ სშკ-ის 37.1 მუხლის „ო“ ქვეპუნქტისა და 38.2 მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 30).

16. მოპასუხე კომპანიის 11.04.2016წ. №29 ბრძანებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესით განსაზღვრული იქნა მოპასუხე კომპანიაში დასაქმებულთა უფლება - მოვალეობები, რომლის მე-3 მუხლით დირექტორის .... ასრულებდა დირექტორისა და ადმინისტრაციის უფროსის მითითებებსა და დავალებებს. საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: თათბირებში მონაწილეობა; განსახილველი საკითხების ანალიზი; დირექტორის შეხვედრებისა და ოფოციალური ვიზიტების ორგანიზება; დირექტორის დავალების შესაბამისად, პრეზენტაციებისა და საჯარო გამოსვლით სიტყვის მომზადება (3.2. პუნქტი). ამავე წესდების 3.3. მუხლის მიხედვით, ....: დირექტორის დავალების შესრულების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებებთან; დირექტორს აწვდის ინფორმაციას თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით და ორგანიზაციის სხვადასხვა თანამშრომლებთან ერთად, წინამოსამზადებელი თათბირის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ადგენს საკითხების პროექტს, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად წარედგინება დირექტორს. ტექნიკურ დახმარებას უწევს დირექტორს (3.4. მუხლი). ასრულებს წინამდებარე შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს (3.5.მუხლი). ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე (3.6. მუხლი). წესდების მე-5 მუხლში კი გაწერილია ადმინისტრაციის .... (...) უფლება-მოვალეობები, რომლის მიხედვითაც, .... (...) ასრულებს დირექტორისა და ადმინისტრაციის უფროსის მითითებებსა და დავალებებს (5.1. პუნქტი), არეგულირებს დირექტორთან დასაქმებულთა და მოქალაქეთა მიღების საკითხებს (5.2. პუნქტი). ორგანიზებას უწევს სხდომების, თათბირების, საქმიანი შეხვედრების, კონფერენციებისა და სხვათა ჩატარებას (5.3.პუნქტი). ამზადებს რეზოლუციების პროექტებს და ხელმოსაწერად წარუდგენს დირექტორს (5.4. პუნქტი). ასრულებს წინამდებარე შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს (5.5. პუნქტი). ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე (5.6. პუნქტი).

17. მოსარჩელის გათავისუფლების მომენტში არსებული 2015 წლის 23 დეკემბრის №51.17.1459 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული საშტატო ნუსხით, დაწესებულებაში გათვალისწინებული იყო სულ 285 საშტატო ერთეული, მათ შორის, ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედიოდა ერთი ადმინისტრაციის უფროსის, ერთი იურისტის, ერთი დირექტორის მრჩევლის, ერთი დირექტორის .... და ერთი ... (...) საშტატო ერთეული (იხ. ს.ფ. 32).

18. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ, ქალაქ თბილისის მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის #50.44.1090 განკარგულებით ცვლილება შევიდა მოპასუხე კომპანიის დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთებსა და საშტატო განრიგში, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან.

19. მოპასუხე კომპანიის 10.01.2017წ. N01-2/2 ბრძანებით ცვლილება შევიდა მოპასუხე კომპანიის შრომის შინაგანაწესში, რომლის მე-2 თავი ეთმობა ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს. შინაგანაწესის მე-5 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციის .... ძირითად ფუნქციებს, რომლებსაც განეკუთვნება: კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მონიტორინგი, კერძოდ, ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველდღიურად დარეგისტრირებული ელექტრონული განაცხადების შესახებ სერვისების მართვისა და განვითარების განყოფილებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და ადმინისტრაციის უფროსის სისტემური ინფორმირება; დარეგისტრირებული ინვოისების საფუძველზე სერვისის მიწოდებასა და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე მონიტორინგი; კომპანიის სერვის-ცენტრში მოქალაქეთა მიღების პროცესის მიმდინარეობაზე კონტროლი, პრობლემების არსებობის შესახებ ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირება; კომპანიაში მიმდინარე საქმეების შესრულების კონტროლის მიზნით მიმართოს ნებისმიერ თანამშრომელს საჭირო ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, ადმინისტრაციის უფროსისათვის საქმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის/ანგარიშის მომზადებისათვის; ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა; კომპანიაში სხდომებისა და თათბირების ორგანიზაციული და დოკუმენტური უზრუნველყოფა; კომპანიის საქმიანობის შესახებ საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; ასრულებს შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, დირექტორისა და ადმინისტრაციის უფროსის მითითებებსა და დავალებებს; ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე (იხ. ს.ფ.137-145).

20. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება მასზედ, რომ დამსაქმებლის პოზიცია მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია და დასახული მიზნის არაპროპორციულია. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის, ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ, მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ადამიანის დასახელებული უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლების გამოყოფა. ცხადია, რომ შრომის უფლება სრულყოფილად ვერ იქნება რეალიზებული და უზრუნველყოფილი, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

21. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი კრძალავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.

22. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად სადავო ბრძანებაში მითითებულია სშკ-ის 37.1 „ო“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.

23. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დადასტურდა მოსარჩელის მიერ რაიმე ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დაასაბუთებდა სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას. არ დასტურდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა.

24. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს მოპასუხე იმით ასაბუთებდა, რომ ... (....) და დირექტორის ... მუშაობასთან დაკავშირებით 2016 წლის აგვისტოს თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა სრულად შესაძლებელია, განახორციელოს ერთ-ერთმა მათგანმა. შესაბამისად, ამ მიმართულებით კომპანიის გამართული საქმიანობისათვის .... (...) და დირექტორის ..., ორივე ერთდროულად არ ესაჭიროებოდა. ადმინისტრაციის ... (....) ფუნქციები შესაძლებელია განახორციელოს დირექტორის ....

25. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის კანონიერება უნდა შეფასდეს ე.წ „პროპორციულობის ტესტით“, ვინაიდან შრომის უფლება პირის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, და ამგვარი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტა სწორედ კანონით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს. თუმცა, იმის გასარკვევად, ამ ჩარევის შედეგად დაირღვა თუ არა პირის გარანტირებული უფლება, შემოწმებას ექვემდებარება ასევე უფლების დაცულ სფეროში ჩარევას გააჩნია თუ არა ლეგიტიმური საფუძველი და წარმოადგენს თუ არა ჩარევა მიზნის მიღწევის პროპორციულ საშუალებას.

26. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის უფროსის N2371 (09.08.2016 წელი) მოხსენებით ბარათში გადმოცემული რეკომენდაციას, რომლითაც მან მიზანშეწონილად მიიჩნია მდივან-რეფერენტის ფუნქცია-მოვალეობათა დირექტორის ... მიერ შესრულება და საჭიროდ აღარ იქნა მიჩნეული ერთდროულად ორივე თანამშრომლის არსებობა.

27. ზემოაღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინებით მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, ან მას შემდეგაც, მოპასუხე კომპანიაში ადმინისტრაციის .... შტატი არ გაუქმებულა და შესაბამისად, საშტატო ნუსხაში, ამ მხრივ, ცვლილებები არ განხორციელებულა.

28. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ, ქალაქ თბილისის მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის #50.44.1090 განკარგულებით ცვლილება შევიდა დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთებსა და საშტატო განრიგში, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან. მითითებული განკარგულების საფუძველზე, 10.01.2017წ. #01-2/2 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, ადმინისტრაციის შემადგენლობაში არსებული საშტატო ერთეულის რიცხვი არ შეცვლილა, მცირედით შეიცვალა (გაიზარდა) მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსის სახელფასო განაკვეთი. საშტატო განრიგით კვლავ გათვალისწინებულია (1) იურისტის, (1) დირექტორის მრჩევლის, (1) დირექტორის .... და (1) ... საშტატო ერთეული (აღნიშნული თანამდებობის დასახელება 2016 წლის მდგომარეობით არსებული საშტატო ნუსხისაგან განსხვავებით, აღარ შეიცავს დამატებით სიტყვებს „მდივან-რეფერენტი“), ცვლილებამდე არსებული სახელფასო განაკვეთებით, მათ შორის, ... 1200 ლარის ოდენობით თანამდებობრივი სარგოთი და არსებითად იგივე ფუნქციის შენარჩუნებით. ცვლილების შესაბამისად, 174250 ლარიდან 175325 ლარამდე გაიზარდა საერთო სახელფასო განაკვეთი.

29. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე კომპანია არ დამდგარა შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. შტატის შენარჩუნების პირობებში კი, საზოგადოება ვერ დაზოგავდა მოსარჩელისათვის გასაცემ სახელფასო თანხას, რასაც თავის მხრივ, ვერ გამოიყენებდა საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირებისათვის. შესაბამისად, არ დადასტურდა მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აუცილებლობა არც ეკონომიკური გარემოებებითა და არც ოპტიმიზაციის საფუძვლით.

30. საქმეში არ მოიპოვება ასევე იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, იმგვარად გაიზარდა ადმინისტრაციის .... უფლება-მოვალეობები, რომელსაც მოსარჩელე ვერ განახორციელებდა და, რომლის შესრულებაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვდა, რისთვისაც მოსარჩელის კვალიფიკაცია არასაკმარისია.

31. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა რაიმე ისეთი ობიექტური გარემოების არსებობა, რომელიც ამართლებს მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. ასეთად არ იქნა მიჩნეული დაწესებულების რომელიმე თანამშრომლის, ან თანამდებობის პირის რეკომენდაცია თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობათა გადანაწილების თაობაზე.

32. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებასა, ან კომპენსაციას.

33. ზემოაღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც წყვეტილა. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა. შეადრ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინება, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია არსებობდა, თუ არა, ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები“. ამავე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის მიხედვით, ტოლფას თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის საკითხი, შესაძლებელია, დადებითად გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, `თუ საშტატო განრიგით ასეთი თანამდებობის არსებობის ფაქტი დადასტურდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიღებული გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება შეუძლებელი იქნება”.

34. რაც შეეხება ტოლფასი თანამდებობის არსებობის კვლევას, ამ მიმართებითაც შეადრ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის Nას-902-864-2014 განჩინების მიხედვით, უტყუარად უნდა დადგინდეს „ახალი საშტატო განრიგის პირობებში, კონკრეტულად რომელ თანამდებობაზე უნდა აღდგეს მოსარჩელე, რადგან ამ გარემოების არასათანადო დადგენა, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. აღნიშნული გარემოების დასადგენად კი სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ი) 203-ე მუხლით და შესთავაზოს მხარეებს დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა.

35. ამდენად, სასამართლომ იხელმძღვანელა რა უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივი რესტიტუციის თაობაზე სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინება, იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის Nას-902-864-2014 განჩინება), ასევე სსსკ-ის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის შესაბამისადაც, საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით, მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს. შესაბამისად, გამოიყენა სსსკ-ის 103-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. ასევე ამავე მუხლის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლება, რომელიც ადგენს, რომ მოსამართლეს შეუძლია დაავალოს მხარეებს შეავსონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმარტონ მათ მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალები, წინადადება მისცეს მათ წარმოადგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთები თუ დოკუმენტები.

36. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 11.04.2016წ. №29 ბრძანებით დამტკიცებული შრომის შინაგანაწესისა და 10.01.2017წ. №01-2/2 ბრძანებით (იხ. ამავე გადაწყვეტილების 12; 13 პუნქტი) დამტკიცებული შინაგანაწესის ურთიერთშედარების საფუძველზე ადმინისტრაციის .... ...) ფუნქციები არსებითად იგივეა ადმინისტრაციის .... ფუნქცია-მოვალეობებისა, რომელსაც დაემატა კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მონიტორინგი - ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველდღიურად დარეგისტრირებული ელექტრონული განაცხადების შესახებ სერვისების მართვისა და განვითარების განყოფილებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და ადმინისტრაციის უფროსის სისტემური ინფორმირება, დარეგისტრირებული ინვოისების საფუძველზე სერვისის მიწოდებასა და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე მონიტორინგი.

37. თუმცა, დადგენილი იქნა, რომ ... (...) შტატი მოპასუხე კომპანიაში აღარ არსებობს (იხ. ს.ფ.137-145).

38. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის ეტაპზე გამოიკვლია, თუ რა შესაძლებლობები არსებობს მუშაკის სამუშაოზე აღდგენისა ან მის ტოლფას თანამდებობაზე დასაქმების თაობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე კომპანიას თავისუფალი საშტატო ერთეული არ აქვს.

39. შესაბამისად, დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები არსებობს.

40. სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა ვერ ხდება, კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა, თუ რაღა თქმა უნდა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, უკანონოდ გათავისუფლებული, თავის უფლებრივ რესტიტუციად განიხილავს.

41. საპროცესო სამართლებრივი თვალსაზრისით, უკანონოდ გათავისუფლებული დაზუსტებით ვერ მიუთითებს და შესაბამისად, ვერ დაადასტურებს, თუ რა ტოლფასი და, ამავდროულად, ვაკანტური თანამდებობები აქვს დამსაქმებელს, რომლებიც დასაქმებულის ინტერესის სფეროში შეიძლება შედიოდეს.

42. ტოლფასი თანამდებობის არსებობის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს დამსაქმებელმა უნდა წარუდგინოს.

43. აღნიშნული გარემოება სასამართლოს კვლევის საგანია მაშინაც, როდესაც დასაქმებული თავიდანვე ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას არ ითხოვს, ვინაიდან კომპენსაციის საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ დასაქმებული შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში ვერც პირვანდელი სამუშაო ადგილის და ვერც ტოლფასი თანამდებობის დაკავების გზით ვერ აღდგება.

44. აღნიშნული მსჯელობა ეყრდნობა შრომითსამართლებრივ პრინციპს, რომლის მიხედვითაც, უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციასთან შედარებით, შრომითსამართლებრივი ურთიერთობის აღდგენას უპირატესობა ენიჭება, ვინაიდან გასათვალისწინებელია, რომ შრომის უფლება მხოლოდ შრომის სანაცვლო ანაზღაურების მიღების უფლებას არ მოიცავს. იგი ფიზიკური, თუ ინტელექტუალური თვითრეალიზაციის შესაძლებლობაა, რომელიც, ამავდროულად, მომავლის დაგეგმვის, თვითგანვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის გარანტიაცაა. ყველა ამ შესაძლებლობას კომპენსაცია ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ როდესაც მუდმივი ხასიათის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონობა ერთმნიშვნელოვნად დგინდება, შრომით ურთიერთობაში აღდგენას მის კომპენსაციასთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. შესაბამისად, კომპენსაციის დადგენამდე სასამართლომ შრომითსამართლებრივ უფლებებში აღდგენა (პირვანდელი სამუშაო, ტოლფასი თანამდებობა) ცალსახად უნდა გამორიცხოს. მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლო შრომითსამართლებრივი ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ მიჩნევის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის გზას, ერთი სამართალწარმოების ფარგლებში წყვეტს, მაგალითისათვის, თუ დასაქმებულის აღდგენაზე უარს ეტყვის, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნასა ან კომპენსაციას ცალ-ცალკე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრა არ სჭირდება და უფლებრივი რესტიტუციის ბედი ერთი სამართალწარმოების ფარგლებში წყდება, ვინაიდან მხარის მოთხოვნაა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობა, რომლის დადგენის პირობებში, შედეგობრივი თვალსაზრისით, იგულისხმება, რომ შრომითი ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, თუმცა, კანონის დანაწესი შრომით უფლებებში რესტიტუციის სხვადასხვა გზების დადგენის თაობაზე განპირობებულია იმით, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში შრომით უფლებებში რესტიტუცია ეფექტურ ხასიათს ატარებდეს.

45. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომით უფლებებში რესტიტუციის გზები სასამართლოს მხრიდან კვლევის საგანია, რაც იმას ნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა შეუძლებელია.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის, შესაბამისად, იძულებითი განაცდურის, დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

47. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგსი - სსკ-ის) 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

48. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა - უნდა მოხდეს დარღვეული უფლების რესტიტუცია კონკრეტული თანხით - 11 520 ლარის ანაზღაურებით (12 თვის შრომის ანაზღაურება).

49. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა/ მოპასუხემ.

50. საკასაციო პრეტენზია აგებულია იმავე მოსაზრებებზე, რომელსაც ეფუძნებოდა აპელანტის (მოპასუხე) სააპელაციო საჩივარი (იხ., სააპელაციო საჩივარი- ს.ფ. 231-233; საკასაციო საჩივარი -ტ.1. ს.ფ. 356-357).

51. იმავდროულად, კასატორი მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებია სსსკ-ის 391 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით. კასატორის მოსაზრებით, უზრუნველყოფილია ეკონომიკური თავისუფლება, თავისუფალი მეწარმეობა და ა.შ. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს რომ მისი გადაწყვეტილება ზიანს არ აყენებდეს მეწამე სუბიექტს.

52. კასატორი აღნიშნავს, რომ გათავისუფლების დღიდან დამსაქმებელმა მოსარჩელეს არაერთხელ შესთავაზა სხვა პოზიციაზე დასაქმება, იმიტომ რომ ... შტატი შეერწყა სხვა შტატს და განხორციელდა ოპტიმიზაცია. შესაბამისად, დამსაქმებელმა ყველა ღონეს მიმართა შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, ხოლო ამის შემდეგ, მას წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის ობიექტური გარემოება.

სამოტივაციო ნაწილი:

53. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

54. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

55. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის მოთხოვნებიდან (1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დამსაქმებლის 2016 წლის 1 სექტემბრის N163 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; 1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე; 1.3. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 1 ნოემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე ყოველთვიურად 960 ლარის ოდენობით; 1.4. დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისროს დაყოვნებული თანხის 0.07% ყოველი დაყოვნებული დღისათვის 2016 წლის 01 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - იხ., ამ განჩინების პ.1) დაკმაყოფილებულია მოთხოვნა, რომელიც შეეხება დამსაქმებლის 2016 წლის 1 სექტემბრის N163 ბრძანების ბათილად ცნობას მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და დამსაქმებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს კომპენსაციის გადახდა 11 520 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) - იხ., თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება, ამ განჩინების პ.6). მოცემულ საქმეში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აუცილებლობა არც ეკონომიკური გარემოებებით და არც ოპტიმიზაციის საფუძვლით. შესაბამისად, დამსაქმებლის 2016 წლის 1 სექტემბრის N163 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბათილად იქნა ცნობილი (ამ განჩინების პ.29), თუმცა, სსკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზად მიჩნეული იქნა კომპენსაცია კონკრეტული თანხით - 11 520 ლარის ანაზღაურება (12 თვის შრომის ანაზღაურება), ვინაიდან, შეუძლებელი აღმოჩნდა მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე (ამ განჩინების პპ: 37-48).

56. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2016 წლის 1 სექტემბრის N163 ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობას და საკასაციო შედავებას იმ მოსაზრებას აფუძნებს, რასაც ემყარებოდა მისივე სააპელაციო საჩივარი, რომელსაც ამომწურავად გაეცა პასუხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებაში. შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოშობილი იყო დასაქმებულთან (მოსარჩელე) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები (იხ., ამ განჩინების პ. 52) და აღნიშნავს, რომ როგორც ეს წინამდებარე საქმის მასალებითაა დადგენილი და აღნიშნულს არც კასატორი ხდის სადავოდ მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის დირექტორის შრომით ხელშეკრულებაში 2014 წლის 25 ივნისის N90 ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად დაინიშნა უვადოდ ... თანამდებობაზე. 2014 წლის 23 ოქტომბერს, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მოპასუხე კომპანიაში .... თანამდებობა შეიცვალა ადმინისტრაციაში ... (...) თანამდებობით. მოპასუხე კომპანიის 2016 წლის 1 სექტემბრის N163 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 1 სექტემბრიდან. დადგენილია, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების საფუძვლად მითითებულ მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის უფროსის N2371 (09.08.2016 წელი) მოხსენებით ბარათში აღნიშნულია შემდეგი: ადმინისტრაციის თანამშრომლების ... (....) და დირექტორის ... მუშაობასთან დაკავშირებული საქმიანობის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა სრულიად შესაძლებელია განახორციელოს ერთ-ერთმა მათგანმა. შესაბამისად, ამ მიმართულებით კომპანიას გამართული საქმიანობისათვის .... (....) და დირექტორის .... ორივე ერთდროულად არ ესაჭიროება, ადმინისტრაციის .... (....) ფუნქციები შესაძლებელია განახორციელოს დირექტორის .... მოსარჩელის გათავისუფლების მომენტში არსებული 2015 წლის 23 დეკემბრის №51.17.1459 განკარგულების საფუძველზე დამტკიცებული საშტატო ნუსხით, დაწესებულებაში გათვალისწინებული იყო სულ 285 საშტატო ერთეული, მათ შორის, ადმინისტრაციის შემადგენლობაში შედიოდა ერთი ადმინისტრაციის უფროსის, ერთი იურისტის, ერთი დირექტორის მრჩევლის, ერთი დირექტორის თანაშემწისა და ერთი .... (...) საშტატო ერთეული. მოპასუხე კომპანიის 10.01.2017წ. N01-2/2 ბრძანებით ცვლილება შევიდა მოპასუხე კომპანიის შრომის შინაგანაწესში, რომლის მე-2 თავი ეთმობა ადმინისტრაციის თანამშრომელთა უფლება-მოვალეობებს. შინაგანაწესის მე-5 მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციის ... ძირითად ფუნქციებს, რომლებსაც განეკუთვნება: კომპანიის მიერ გაწეული სერვისების მონიტორინგი, კერძოდ, ოფიციალურ ვებ-გვერდზე ყოველდღიურად დარეგისტრირებული ელექტრონული განაცხადების შესახებ სერვისების მართვისა და განვითარების განყოფილებიდან ინფორმაციის გამოთხოვა და ადმინისტრაციის უფროსის სისტემური ინფორმირება; დარეგისტრირებული ინვოისების საფუძველზე სერვისის მიწოდებასა და ფინანსურ ანგარიშსწორებაზე მონიტორინგი; კომპანიის სერვის-ცენტრში მოქალაქეთა მიღების პროცესის მიმდინარეობაზე კონტროლი, პრობლემების არსებობის შესახებ ადმინისტრაციის უფროსის ინფორმირება; კომპანიაში მიმდინარე საქმეების შესრულების კონტროლის მიზნით მიმართოს ნებისმიერ თანამშრომელს საჭირო ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნით, ადმინისტრაციის უფროსისათვის საქმის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის/ანგარიშის მომზადებისათვის; ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის თანამშრომლებისათვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა;კომპანიაში სხდომებისა და თათბირების ორგანიზაციული და დოკუმენტური უზრუნველყოფა; კომპანიის საქმიანობის შესახებ საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება; ასრულებს შინაგანაწესითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს, დირექტორისა და ადმინისტრაციის უფროსის მითითებებსა და დავალებებს; ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ გამოიკვეთა მოსარჩელის მიერ რაიმე ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დაასაბუთებდა სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ არ დადასტურდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა. ამ მხრივ, ვერც კასატორმა წარმოადდგინა დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად ვერ იქნება მიჩნეული საკასაციო საჩივარში მითითებული მოსაზრებები (იხ., ამ განჩინების პპ. 51, 52).

57. რაც შეეხება დამსაქმებლის არგუმენტს, რომ წამყვან სპეციალისტსა (მდივან-რეფერენტის) და დირექტორის თანაშემწის მუშაობასთან დაკავშირებით 2016 წლის აგვისტოს თვეში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულების უზრუნველყოფა სრულად შესაძლებელია განახორციელოს ერთ-ერთმა მათგანმა, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტა დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის კანონით დაცულ სფეროში ჩარევას წარმოადგენს, რომლის მართლზომიერება უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, გათვალისწინებულია თუ არა აღნიშნული სშკ-ით და წარმოადგენს თუ არა ამ უფლებით სარგებლობა ობიექტურ საჭიროებას (აუცილებლობას).

58. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მოპასუხე კომპანიის ადმინისტრაციის უფროსის N2371 (09.08.2016 წელი) მოხსენებით ბარათში გადმოცემული რეკომენდაციას, რომლითაც მან მიზანშეწონილად მიიჩნია .... ფუნქცია-მოვალეობათა დირექტორის ... მიერ შესრულება და საჭიროდ აღარ იქნა მიჩნეული ერთდროულად ორივე თანამშრომლის არსებობა. მოსარჩელის თანამდებობიდან გათავისუფლებამდე, ან მას შემდეგაც, მოპასუხე კომპანიაში ადმინისტრაციის ... შტატი არ გაუქმებულა და შესაბამისად, საშტატო ნუსხაში, ამ მხრივ, ცვლილებები არ განხორციელებულა. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან 3 თვის შემდეგ, ქალაქ თბილისის მთავრობის 2016 წლის 28 დეკემბრის #50.44.1090 განკარგულებით ცვლილება შევიდა დასაქმებულთა სახელფასო განაკვეთებსა და საშტატო განრიგში, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან. მითითებული განკარგულების საფუძველზე, 10.01.2017წ. #01-2/2 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად, ადმინისტრაციის შემადგენლობაში არსებული საშტატო ერთეულის რიცხვი არ შეცვლილა, მცირედით შეიცვალა (გაიზარდა) მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსის სახელფასო განაკვეთი. საშტატო განრიგით კვლავ გათვალისწინებულია (1) იურისტის, (1) დირექტორის მრჩევლის, (1) დირექტორის თანაშემწისა და (1) წამყვანი სპეციალისტის საშტატო ერთეული (აღნიშნული თანამდებობის დასახელება 2016 წლის მდგომარეობით არსებული საშტატო ნუსხისაგან განსხვავებით, აღარ შეიცავს დამატებით სიტყვებს „....“), ცვლილებამდე არსებული სახელფასო განაკვეთებით, მათ შორის, ... 1200 ლარის ოდენობით თანამდებობრივი სარგოთი და არსებითად იგივე ფუნქციის შენარჩუნებით. ცვლილების შესაბამისად, 174250 ლარიდან 175325 ლარამდე გაიზარდა საერთო სახელფასო განაკვეთი. ამდენად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე კომპანია არ დამდგარა შტატების შემცირებისა და თანამშრომელთა სამუშაოდან გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (შეადრ: სუსგ №აs-665-636-2016, 9 დეკემბერი, 2016 წელი; №ას-1099-1056-2016, 01 თებერვალი, 2017 წელი). აქედან გამომდინარე კი, არ დადასტურდა მოსარჩელის საშტატო ერთეულის შემცირებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აუცილებლობა არც ეკონომიკური გარემოებებითა და არც ოპტიმიზაციის საფუძვლით.

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ გათავისუფლების დღიდან დამსაქმებელმა მოსარჩელეს არაერთხელ შესთავაზა სხვა პოზიციაზე დასაქმება, იმიტომ რომ მდივან -რეფერენტის შტატი შეერწყა სხვა შტატს და განხორციელდა ოპტიმიზაცია, დამსაქმებელმა ყველა ღონეს მიმართა შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებისთვის, ხოლო ამის შემდეგ, მას წარმოეშვა ხელშეკრულების შეწყვეტის ობიექტური გარემოება, ვინაიდან ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

60. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

61. რაც შეეხება მოპასუხისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის გონივრულობას, დადგენილია, რომ სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოსარჩელეს მიკუთვნებული აქვს კომპენსაცია 1 წლის ხელფასის ოდენობით, ამ ნაწილში კი, კასატორს არათუ დასაბუთებული, არამედ საერთოდ საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, რის გამოც, კომპენსაციის გონივრულობაზე საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს.

62. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

63. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომით სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებზე არსებობს სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, იხ., სუსგ საქმე №ას-1299-2019, 13 ნოემბერი, 2019 წელი.

64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

65. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჰ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორ შპს „ჰ.“ (ს/კ: 20288...) უკან დაუბრუნდეს დ. ლ-ის მიერ 07.10.2019-ში საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (876 ლარი) 613.2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე