Facebook Twitter

ბს-399-383(კს-06) 20 სექტემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ, შემდეგი

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, წარმომადგენელი _ ე. ს.-ი

კერძო საჩივრის ავტორის მხარეზე (მოპასუხე) - საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონული ფილიალი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. ღ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 მარტის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 13 ოქტომბერს ა. ღ.-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე და I ჯგუფის ინვალიდი იყო. «სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ სოცდაზღვევის თბილისის საბურთალოს რაიონის ფილიალს მიმართა თხოვნით და მისთვის კუთვნილ მოხუცებულობის პენსიაზე დანამატის _ პენსიის ორმაგი ოდენობით დარიცხვა მოითხოვა, რაც 21 ლარს შეადგენდა. მოსარჩელემ ასევე 2004 წლის 1 იანვრიდან – 1 ოქტომბრამდე დანამატი თანხის სხვაობის _ სულ 189 ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: უკანონოდ იქნა მიჩნეული საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული ფილიალის 2004 წლის 12 ოქტომბრის ¹1874 პასუხი და მოპასუხეს ა. ღ.-ისათვის მოხუცებულობის პენსიაზე დანამატისა და დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით ანაზღაურება დაევალა.

საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 მარტის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ მოტივით, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი 14-დღიანი ვადა გაშვებული ჰქონდა. სასამართლოს თქმით, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ აპელანტს გადაწყვეტილება 2005 წლის 18 თებერვალს ჩაჰბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2005 წლის 11 მარტს იქნა შეტანილი, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა შემდეგზე:

სოცფონდის სააპელაციო საჩივარს დართული ჰქონდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს წერილი, რომელზეც დასმული იყო ფონდის სარეგისტრაციო ბეჭედი, ნომრით და შემოსვლის თარიღით, რაც ადასტურებდა, რომ აღნიშნული წერილი ფონდს ჩაჰბარდა 2005 წლის 18 თებერვალს. ამასთან, სააპელაციო საჩივრის თარიღად 2005 წლის 1 მარტი იყო მითითებული. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს კანცელარიის სარეგისტრაციო ქვითარი წარუდგინა, რომელიც, მათი თქმით, ადასტურებდა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოს დროულად, 2005 წლის 1 მარტს ანუ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-11 დღეს წარედგინა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა უკანონოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის მიღებაზე უარის თქმა და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 აპრილის განჩინებით საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 მარტის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას გადაეგზავნა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმის გარემოებებს: თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება ა. ღ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა და სოცფონდის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა ფილიალმა 2005 წლის 18 თებერვალს ჩაიბარეს (ს.ფ. 35). თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს ბეჭდით დასტურდება, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2005 წლის 11 მარტს (ს.ფ 43). ამასვე ადასტურებს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს კანცელარიაში 11 მარტს შესული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალის ქსეროასლი, რომელიც დამოწმებულია კანცელარიის ბეჭდით, კერძოდ, კორესპონდენციის ნომრად მითითებულია ¹..., ამასთან, აღნიშნულია, რომ ამ ნომრით შემოსულია საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი და მისი ნომერი 3/335-05 თავად ა. ღ.-ესა და სოცფონდს შორის წარმოებული საქმის რიგით ნომერს ემთხვევა (ს.ფ. 82). ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით და ის გარემოება, რომ თავად სააპელაციო საჩივრის თარიღად 1 მარტია მითითებული, საქმის არსს ვერ შეცვლის, ვინაიდან საჩივარი სასამართლოში შეტანილად ითვლება მისი უშუალოდ სასამართლოში წარდგენის დღიდან, რაც სასამართლოს კანცელარიის ბეჭდით დასტურდება. საკასაციო სასამართლო აქვე კერძო საჩივრის ავტორს განუმარტავს, რომ მის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სასამართლოს კანცელარიის დოკუმენტის ასლი არ არის დამოწმებული სათანადო წესით, ამასთან, მასზე დოკუმენტაციის რეგისტრაციის ნომერი ემთხვევა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს კანცელარიაში 11 მარტს შესული დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალის ქსეროასლში სოცფონდის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრის კორესპონდენციის ნომერს _ ..., ამასთანავე, მასზე ზუსტი თარიღის ამოკითხვა შეუძლებელია, რაც საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარდგენილია 11 მარტს, რითაც დარღვეულია გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა და აღნიშნული სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის კანონისმიერ საფუძველს იძლევა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 მარტის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 მარტის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.