საქმე №ას-1333-2019 27 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. გ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ხ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება, საკუთრების უფლების რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. გ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ხ-ასა (შემდგომ – მოპასუხე) და რ. ხ-ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა, გაუქმდეს მხარეთა შორის 2016 წლის 15 იანვრის, ასევე, მოპასუხეებს შორის 2016 წლის 27 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულებები, უძრავი ქონება აღირიცხოს მოსარჩელის სახელზე.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 15 იანვარს მოპასუხესთან დადო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება იმ პირობით, რომ მოსარჩელეს უნდა ეცხოვრა გაჩუქებულ სახლში მანამ, სანამ შეპირებული მშენებლობა არ დასრულებოდა.
3. 2017 წლის ივნისში რ. ხ-მა მოსარჩელეს განუცხადა, რომ აპირებდა ქონების გასხვისებას და მოსთხოვა, დაეცალა სახლი. უძრავი ქონების გასხვისების შემთხვევაში მოსარჩელე დარჩება თავშესაფრისა და ერთადერთი შემოსავლის გარეშე.
4. მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ გამოხატა უმადურობა. მოპასუხეები თითქმის ყოველ დღე ემუქრებოდნენ სახლიდან გაგდებით, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით, მეორე მოპასუხის გარდაცვალების გამო, საქმის წარმოება გაგრძელდა მოპასუხის მიმართ, 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს სადავო ჩუქების ხელშეკრულებების გაუქმება და უძრავი ქონების საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მის სახელზე რეგისტრაცია.
9. მოსარჩელის მითითებით, სადავო ნივთის გაჩუქებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე დაეხმარებოდა მოსარჩელეს სახლის აშენებაში, რაც დაწყებული ჰქონდა გაჩუქებული ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარე მიწის ნაკვეთზე, ხოლო მოსარჩელე იცხოვრებდა გაჩუქებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მოპასუხის სახლში, სანამ არ მოხდებოდა შეპირებული მშენებლობის დასრულება. მოპასუხემ დაარღვია პირობა, თვალთმაქცურად გააჩუქა ქონება შვილზე, რომელმაც მოსთხოვა სახლის დაცლა, ვინაიდან აპირებს ქონების გასხვისებას. მოსარჩელის განმარტებით, გასხვისების შემთხვევაში ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში. უმადურობა კი იმაში გამოიხატება, რომ მოპასუხე მოსარჩელეს ემუქრებოდა სახლიდან გაგდებით და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
10. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 15 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოპასუხეს აჩუქა უძრავი ქონება და სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 580 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
11. ზემოთ მითითებული სადავო უძრავი ქონება 2016 წლის 27 მაისის ხელშეკრულებით მოპასუხემ აჩუქა მეორე მოპასუხეს.
12. 2019 წლის 18 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით სადავო 580 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2016 წლის 27 მაისის ჩუქების ხელშეკრულება.
13. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ დგინდება სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა მძიმე შეურაცხყოფა ან იჩენს დიდ უმადურობას, რომელიც საფუძლად დაედებოდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას.
14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებით.
15. განსახილველ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება, მსგავს სიტუაციაში კი, სწორედ მას ეკისრებოდა ვალდებულება სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ ემტკიცებინა დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან/და დიდი უმადურობის გამოვლინება. აპელანტის მითითებით, სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებლებში მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ აპირებს სადავო გახადოს მოსარჩელის მიერ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის წესით.
16. სააპელაციო პალატის შეფასებით, აღნიშნულზე მითითება მოპასუხის მხრიდან, არ ადასტურებს მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან/და დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტს, ვინაიდან დავა უკვე აღძრულია მოსარჩელის მიერ და მოპასუხე მისთვის კანონით მინიჭებულ ფარგლებში ცდილობს დააფიქსიროს სარჩელის საპირისპირიო პოზიცია. აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს, რომ მასზე დღემდე გრძელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, ხორციელდება ზარები, აყენებენ შეურაცხყოფას და ემუქრებიან, რაც სახლის დაცლას უკავშირდება. პალატა აღნიშნა, რომ რაიმე მტკიცებულება მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად აპელანტის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად დღემდე ფლობს სადავო მიწის ნაკვეთს, ნაჩუქრობის საგანს და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მოსარჩელე ასევე სარგებლობს მიწის ნაკვეთზე არსებული მოპასუხის კუთვნილი შენობა-ნაგებობით, ხოლო რაიმე მტკიცებულება (მაგ: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, ხელშეშლის აღკვეთის შესახებ) იმის შესახებ, რომ მოპასუხე მისგან მოითხოვს, დაცალოს ფართი წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მოსარჩელემ მიუთითა, რომ შენობა-ნაგებობა დგას მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელიც მდებარეობს სადავო მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ და მას შემდეგ რაც, დაპირებისამებრ მოპასუხემ არ გაუწია დახმარება შენობის გარემონტებაში, მან თავად მოაწყო ფართი და სარგებლობს.
17. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტმა მიუთითა, რომ სადავო ფართის გაჩუქებით იგი კარგავს შემოსავლის წყაროს, რომლითაც წლიდან წლამდე იღებს სარგებელს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (შემდგომ – სსკ) ასევე ითვალისწინებს ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ, რაც მხოლოდ განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაშია დასაშვები, კერძოდ, თუკი ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, ასეთ შემთხვევაში, მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი აწევს მჩუქებელს, რომელმაც უნდა დაადასტუროს, რომ მისი მატერიალური მდგომარეობა ჩუქების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მიზნებისთვის კი მძიმე მდგომარეობად, სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიიჩნევა ისეთი ვითარება, როდესაც გამჩუქებელს არ გააჩნია სახსრები იმისთვის, რომ გამოკვებოს და ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოს საკუთარი თავი.
18. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტს არ წარმოუდგენია იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ სადავო ნივთის გაჩუქების შემდეგ მისი ეკონომიური მდგომარეობა არსებითად გაუარესდა, გაჩუქებამდე არსებულ მდგომარეობასთან შედარებით. საქმის მასალებით და მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის მიცემული ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოსარჩელე დღემდე სარგებლობს მიწის ნაკვეთით და ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, უძრავი ნივთი კი, რომელსაც ის იყენებს საცხოვრებლად, განთავსებულია მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.
19. სსკ-ის 524-ე, 525-ე და 529-ე მუხლებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მსგავსი კატეგორიის დავებში მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის.
20. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1235-1176-2014).
21. სსკ-ის 530-ე მუხლის თანახმად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტმა ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოებები – მოპასუხის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენების ან/და დიდ უმადურობის გამოჩენის შესახებ, ასევე არ არსებობს სსკ-ის 530-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, არ არსებობს მხარეთა შორის 2016 წლის 15 იანვარს გაფორმებული უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ქონების უკან გამოთხოვის საფუძველი.
23. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ ვინაიდან, არ არსებობს მხარეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად, სსსკ-ის 180-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სახეზე არ არის მოსარჩელის იურიდიული ინტერესი 2016 წლის 27 მაისის უძრავი ნივთის ჩუქების შესახებ ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
25. კასატორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მხოლოდ მოპასუხეთა მოსაზრებები და მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის არგუმენტები იმის შესახებ, რომ იგი ინვალიდობის მქონე, მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირია, მოპასუხეები მუდმივად ავიწროვებდნენ მას, ბრალს დებდნენ უკანონო გზით მიწის ნაკვეთის მითვისებაზე, ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას სახლის დაცლასთან დაკავშირებით და ემუქრებოდნენ, რომ პოლიციის ძალით გაასახლებდნენ.
26. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს გააჩნია სხვა საცხოვრებელი ბინა, რომელიც შეუძლია გამოიყენოს შესაბამისი მიზნებისათვის, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება, რომ სადავო ბინიდან გამოსახლების შემთხვევაში, რასაც მოპასუხე მხარე აპირებს კიდეც, იგი დარჩება თავშესაფრისა და ყოველგვარი შემოსავლის გარეშე.
27. კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო ქონება მოპასუხეს აჩუქა იმ პირობით, რომ იგი დაეხმარებოდა მშენებლის დასრულებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელე უსასყიდლოდ და უპირობოდ უცხო ადამიანს ქონებას არ გადასცემდა.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
31. 2016 წლის 15 იანვრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით მოსარჩელემ მოპასუხეს აჩუქა უძრავი ქონება და სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 580 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
32. ზემოთ მითითებული სადავო უძრავი ქონება 2016 წლის 27 მაისის ხელშეკრულებით მოპასუხემ აჩუქა მეორე მოპასუხეს.
33. 2019 წლის 18 სექტემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით სადავო 580 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია 2016 წლის 27 მაისის ჩუქების ხელშეკრულება.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
36. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობა აღიარებს კერძო სამართლის ისეთ ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, როგორიცაა მხარეთა კერძო ავტონომია, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პირობებში ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის საფუძველი ხდება. უპირველესად, ეს გამოიხატება ხელშეკრულების თავისუფლებით, რომელსაც სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს.
37. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ჩუქების ხელშეკრულებას. იგი განკარგვითი ხასიათისაა და შედეგად შემძენისათვის საკუთრების უფლების გადაცემას იწვევს (შდრ. სუსგ №ას-221-213-2012, 24 ივლისი, 2012).
38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მჩუქებლის უფლება, უკან დაიბრუნოს გაჩუქებული ქონება, ჩუქების ურთიერთობის მაღალი ზნეობრივი ხასიათითაა განპირობებული. ნაჩუქრობა ისტორიულად ჩამოყალიბდა, როგორც ზნეობრივ საძირკველზე დაფუძნებული ურთიერთობა. „სამართალში და განსაკუთრებით სამოქალაქო სამართალში ყოველთვის აუცილებელია სამართალსა და ზნეობას შორის ფუნდამენტური ურთიერთობის გათვალისწინება. აუცილებელია იმ მსგავსებისა და განსხვავების გათვალისწინება, რომელიც არსებობს სამართლებრივ შეფასებასა და ზნეობრივ შეფასებას, სამართლებრივ ღირებულებასა და ზნეობრივ ღირებულებას შორის“ (იხ. ბ.ზოიძე, საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბ., 2007, 29).
39. ნაჩუქრობა არის სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის გამოვლინება. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ უკავშირდება დასაჩუქრებულის მხრიდან, მართალია, არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე №1/2/155, 01 აპრილი, 2003).
40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, როცა არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს სსკ-ის 530-ე მუხლის საფუძველზე დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება.
41. სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა ნაჩუქრობის შინაარსის ერთ-ერთი გამოვლინებაა. საკუთრების უფლება სუბსტანციურად შეზღუდული უფლებაა. კერძო ინტერესებიდან გამომდინარე, შეზღუდვა გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის ერთი მონაწილის (დასაჩუქრებულის) შეზღუდვას მეორე მონაწილის (მჩუქებლის) სასარგებლოდ. დიდი უმადურობით გამოწვეული ვნების სუბიექტი მჩუქებელია, რაც განპირობებულია ჩუქების განსაკუთრებული ზნეობრივ-სამართლებრივი ხასიათით. ჩუქების გაუქმების ნებადართულობით, სამართალი იცავს საზოგადო ინტერესებსაც, რადგან საზოგადო ინტერესი გულისხმობს სტაბილურ, უსაფრთხო და გაწონასწორებულ სამოქალაქო ბრუნვას, როცა ბრუნვის მონაწილეების ქცევები კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული. სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კიდევ უფრო ძლიერია ამ ინტერესის გამოხატულება, ვინაიდან დასაჩუქრებულის არაზნეობრივი მოქმედება ძირს უთხრის ნაჩუქრობის, როგორც მორალურ სამართლებრივი ხასიათის ინსტიტუტის არსებობას (იხ. თ.ზოიძე, საქართველოს სამოქალაქო სამართლის საფუძვლები ქართულ სასამართლო პრაქტიკაში (ავტორთა კოლექტივი), თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტი, 2017, 250.).
42. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, გარკვეულწილად ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივ-სამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს. ეს ვალდებულება მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა. ჩუქების გაუქმებით ამ შემთხვევაში სასამართლო ასრულებს ზნეობრივ ფასეულობათა მხარდაჭერისა და დაცვის ფუნქციას.
43. სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს მოთხოვნის წარმოშობისათვის აუცილებელ პირობებს, ნორმის შემადგენლობას: მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის მიერ ხორციელდება „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“. აღნიშნული წინაპირობების არსებობისას მჩუქებელი სსკ-ის 529-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე უფლებამოსილია, ნამდვილი და, შესაბამისად, უკვე მოქმედი ხელშეკრულება „გააუქმოს“ დასაჩუქრებულისათვის შესაბამისი შეტყობინებით. სსკ-ის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ „მძიმე შეურაცხყოფის მიყენება“ ან „დიდი უმადურობის გამოჩენა“, როგორც ხელშეკრულების „გაუქმების“ საფუძვლები, ჩამოყალიბებულია ალტერნატიული წინაპირობების სახით.
44. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ი არ განმარტავს, თუ რას მოიაზრებს უმადურობის ცნება ან ვინ არის მჩუქებლის ახლო ნათესავი. დიდი უმადურობა და მძიმე შეურაცხოფა შეფასებითი კატეგორიაა. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე, მოსამართლის მიერ იმის შეფასება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი. „მძიმე შეურაცხყოფა“ და „დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად.
45. სასამართლო პრაქტიკაში მიღებულია, რომ მოსარჩელის (მჩუქებლის) განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ, სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (შდრ. სუსგ №ას-1235-1176-2014, 2015 წლის 24 თებერვალი). „საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა იმგვარი ნათესაური კავშირი- მამაშვილობა, რამაც შესაძლოა, წარმოშვას ჩუქების ხელშეკრულების დადებისათვის დამახასიათებელი მორალური მოტივები. განსახილველ შემთხვევაში არ დგინდებოდა, რომ ხელშეკრულება სხვა მოტივებით, გამჩუქებლის რჩენის ვალდებულებით იყო განპირობებული და რომ მხარეთა ნება მიმართული იყო რეალურად სხვა, ორმხრივად სარგებლიანი შედეგების დადგომისაკენ, რაც გამჩუქებლისთვისაც გარკვეული მატერიალური სარგებლის მოტანას ისახავს მიზნად, ხოლო დასაჩუქრებულისთვის გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობს“ (შდრ. სუსგ №ას-984-924-2012, 16 ივლისი, 2012).
46. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 529 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ჩუქების გაუქმების საფუძვლად განსაზღვრულია, როგორც მჩუქებლის, ისე მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოჩენილი დიდი უმადურობა ან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება. ამ დანაწესის ანალიზი ცხადყოფს, რომ ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის არაზნეობრივი საქციელი მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ჩუქების გაუქმებას, თუკი ასეთი მჩუქებლის მიერ იქნება მოთხოვნილი, ანუ მჩუქებელი მისი ახლო ნათესავის მიმართ დასაჩუქრებულის ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებას იმდენად უნდა ითავისებდეს, რომ თვითონვე უნდა ხდიდეს სადავოდ მასა და დასაჩუქრებულს შორის არსებულ ვალდებულებით სამართალურთიერთობას.
47. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თუ ჩუქება გაუქმებული იქნება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე დასაჩუქრებულის უმადურობის ან მძიმე შეურაცხყოფის მოტივით, მჩუქებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება. გერმანული სამართლის მსგავსად, რომელიც გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვას უსაფუძვლო გამდიდრების სამართლით მოწესრიგებული მოთხოვნის საფუძველზე ამყარებს, (შდრ. Koch in MüKo, BGB, Band 3., 5.Aufl. §531, Rn.2. Gehrlein in Bamberger, Roth (Hrsg.), BGB Komm. 3. Aufl. §531, Rn.2. Hoppenz in Prutting/Wegen/Weinreich (Hrsg.), BGB Komm. 2006, §531, Rn.2.), ქართულ სინამდვილეშიც გაჩუქებული ქონების დაბრუნება ხდება უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-1011-954-2015, 18 მარტი, 2016; შდრ. №ას-710-676-2015, 22 სექტემბერი, 2015.).
48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგჯერ ჩუქების გაუქმება გამოწვეულია არა დასაჩუქრებულის უმადურობით, არამედ თვით მჩუქებლის მძიმე მატერიალური მდგომარეობით. სსკ-ის 530-ე მუხლის შესაბამისად, დასაჩუქრებულის ბრალი ამ დროს გამორიცხულია. მჩუქებელს ხელშეკრულების დადების დროს არავითარი მატერიალური ხასიათის პრობლემა არ აქვს. იგი ნებაყოფლობით გადასცემს სხვა პირს ქონებას საკუთრებაში. გაჩუქების შემდეგ განსაზღვრული დროის განმავლობაში, თუკი მჩუქებელი აღმოჩნდა ისეთ მდგომარეობაში, რომლის პირობებშიც არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთის დაბრუნება. იგულისხმება, რომ საჩუქრის უკან მოთხოვნის უფლება მჩუქებელს გააჩნია იმ დროის განმავლობაში, ვიდრე გაჩუქებული ნივთი რეალურად არსებობს დასაჩუქრებულის მფლობელობაში. გარდა აღნიშნულისა, მჩუქებელს ეს უფლება მხოლოდ მაშინ წარმოეშობა, თუ საჩუქრის დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გამჩუქებელს უფლება არ აქვს, დასაჩუქრებულს მოსთხოვოს ნაჩუქარი ნივთის დაბრუნება, თუ ასეთი მოთხოვნის საფუძველი მან ხელოვნურად შექმნა, კერძოდ, თუ მძიმე მდგომარეობა, რომელშიც იგი აღმოჩნდა, გამოწვეულია მისი განზრახი მოქმედებით, ან უხეში გაუფრთხილებლობით. მძიმე მდგომარეობის ხარისხი, რამაც სხვადასხვა შემთხვევაში შეიძლება შეცვალოს ჩუქებასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს სასამართლომ.
49. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სსსკ-ის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებზე მითითებით, კასატორმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და ვერ წარუდგინა სასამართლოს მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ამდენად, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სსკ-ის არც 529-ე მუხლით და არც 530-ე მუხლით გათვალისწინებული ჩუქების გაუქმების საფუძვლები.
50. საკასციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორმა სამოქალაქო საპროცესო სამართლაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერანაირი სახის მტკიცებილების წარდგენის გზით ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული გარემოება, რომ მხარეთა შორის სადავო ჩუქება დაიდო გარკვეული პირობით – მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელისათვის მიმდინარე მშენებლობაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, შესაბამისად, მხარის აღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია.
51. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
52. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
53. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ 2013 წლის 5 ნოემბერი, საქმე №ას-62-59-2012, 20.05.2015წ. საქმე №ას-325-310-2015, სუსგ 5.07.2019წ. საქმე №ას-744-2019) და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
54. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
55. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური