საქმე №ას-1115-2019 27 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ „თბილისის №... საბავშვო ბაგა-ბაღი“ (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე, პირველი აპელანტი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს ,,ე.’ (შემდეგში - მოსარჩელე ან პირველი აპელანტი) სარჩელი აღძრა ა(ა)იპ ,,თბილისის N.... საბავშვო ბაგა-ბაღის (შემდეგში - მოპასუხე ან მეორე აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის: 1) გაწეული მომსახურეობის ღირებულების ასანაზღაურებლად 13 275.05 ლარის გადახდის დაკისრება; 2) პირგასამტეხლოს - 1 040.00 ლარის გადახდის დაკისრება; 3) საბანკო გარანტიის თანხის - 2 358.00 ლარის გადახდის დაკისრება.
2. სარჩელი დაეფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
3. მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება მოპასუხისათვის 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებითი მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ ვალდებულება აიღო უზრუნველეყო 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღის განმავლობაში სამჯერად კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების“ მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, სადაც მოსარჩელემ გაიმარჯვა.
4. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 მუხლის მიხედვით, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით, მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2358 ლარის ოდენობით.
5. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 13 275.05 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
6. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით, მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს შესაბამისი განცხადებით. მოსარჩელის 25.12.2017 წლის N15/12 წერილის პასუხად მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს მოსარჩელის მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლის მქონე სურსათის გამოყენებით, რითაც არსებითად დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამასთან, მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0.1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 77.32 ლარი.
7. მოსარჩელემ ასევე მიმართა ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს. ამ უკანასკნელმა 27.12.2017 წლის N1/5077 წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას, მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად, რის გამოც, არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.
8. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 21.12.2017 წლის 13-0117355152 წერილს საფუძვლად დაედო სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 2017 წლის 15 დეკემბრის 09/13005 და 19 დეკემბრის 09/13126 წერილები. ამასთან, მოსარჩელეს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ 22.12.2017 წლის 09/13262 წერილით ეცნობა, რომ სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასდა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს არ განუხორციელებია აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
9. მოპასუხისათვის მისაწოდებელ კარაქსა და ყველს მოსარჩელე იძენდა შპს „ა. წ.“ და შპს „ნ.“-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
10. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გამოთხოვის მოთხოვნით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხემ განახორციელა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.
11. მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, არ წარმოშობილა მოსარჩელისათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება, არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა და ფინანსური ანგარიშსწორება.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული მომსახურეობის ღირებულების ასანაზღაურებლად 13 275.05 ლარის გადახდა, ხოლო პირგასამტეხლოს სახით 1040 ლარის გადახდა. სარჩელი საბანკო გარანტიის თანხის 2358 ლარის დაკისრების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
13. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა, იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამასთან, მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან შედარებით გამოკვლეული იყო არა უშუალოდ სურსათის ნიშან-თვისებებით, არამედ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციით.
14. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის დეკემბრის თვეში მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
15. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებოდა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების გადახდის ვალდებულება.
16. მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან - 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. უდავო იყო მოსარჩელის მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხის მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. მოპასუხე ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევდა მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამობის ფაქტს.
17. დადგენილი იყო, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში, ვალდებულება შესრულებული იყო არაჯეროვნად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 361.2 მუხლი). მიუხედავად მიწოდებული პროდუქტის - ,,იმერულის’’ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც უპირველესად აღიარებდა მოსარჩელე, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება მიჩნეულიყო იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავდა მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდია მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი. პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტის დადგენის კუთხით, ასევე, ყურადღება გაამახვილა შპს ,,ნ.’’-ის განმარტებაზე, რომლის თანახმად, პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი, ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
18. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილი იყო მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ ყოფილიყო არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულებისაგან.
19. იმავდროულად, პირველი ინტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან სადავოდ იყო ასევე გამხდარი მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შეუსაბამობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან, შესწავლილი იყო მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.
20. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებოდა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების - 13 275.05 ლარის გადახდა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად, სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 477-ე მუხლზე.
21. იმავდროულად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 417- 418-ე მუხლებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.2 და 11.5. პუნქტების საფუძველზე მოპასუხეს ეკისრებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებოდა პირგასამტეხლო - 1040 ლარი.
22. საბანკო გარანტიის თანხის - 2358 ლარის ანაზღაურების ნაწილში, სარჩელი უარყოფილი იქნა.
23. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. პირველმა აპელანტმა მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მეორე აპელანტმა - სარჩელის უარყოფა.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით პირველი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება 2358.00 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ ნაწილში, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 358.00 ლარის გადახდა. მეორე სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
25. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანი იყო სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვება და კვებითი მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 77 317.95 ლარს (3.1. პუნქტი). ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 307 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით (დასვენებისა და უქმე დღეების გამოკლებით) წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.
26. ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს მოსარჩელე და ააიპ ,,თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს’’ შესაბამისი სამსახურები.
27. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის შესაბამისად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის – 2 358 ლარის ოდენობით.
28. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
29. ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტომი 1; ს.ფ. 19-24 - ხელშეკრულება; ს.ფ. 25-34 - შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №1).
30. 2017 წლის 14 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად: - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილება) განსაზღვრულ მოთხოვნებს; - შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; - მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); - მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%; - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
31. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დანართი №1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები განსაზღვრულია შემდეგნაირად: - თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილება); - შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს; - მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები); - მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%; - სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
32. 2017 წლის 14 სექტემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს ,,ბ.’’ საბანკო გარანტია №BB.14...., რომლის თანახმად, პრინციპალია მოსარჩელე, ბენეფიციარი - მოპასუხე’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 2 358 ლარით.
33. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის 2017 წლის დეკემბრის თვეში (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 13 275.05 ლარს.
34. მოპასუხემ უარი განაცხადა მოსარჩელესთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენასა და გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებაზე მიწოდებული პროდუქტების - ყველისა და კარაქის ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.
35. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შეტანილი პროდუქტის - ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.
36. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შეტანილი პროდუქტის - კარაქის ... ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს.
37. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 15 დეკემბრის №09/13005 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს არ განუხორციელებია აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
38. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №09/13126 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს არ განუხორციელებია აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
39. 2018 წლის 26 თებერვალს, მოპასუხე ბაგა-ბაღმა სს ,,ბ.’’ გაუგზავნა მოთხოვნა საგარანტიო თანხის გადახდაზე, რის საფუძველზეც სს ,,ბ.’’ 2018 წლის 02 მარტს გადაურიცხა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა - 2 358.00 ლარი.
40. ამასთან, დადგენილია, რომ გარანტის რეგრესული მოთხოვნის საფუძველზე თანხის მითითებული ოდენობა მოსარჩელემ გარანტს უკვე აუნაზღაურა.
41. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იმავე წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმერული“ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა, დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.
42. განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული ყველი „იმერული“ დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მიხედვით კი, კომპანიას ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა პასტერიზებული რძისგან დამზადებული ყველი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების მე-11 პუნქტში მითითებული ყველის ტექნიკური მახასიათებლები).
43. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ’’ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილების მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღდგენილი რძის ნაწარმს წარმოადგენს რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის მშრალ ან შესქელებულ/კონცენტირებულ ნაწარმზე იმ რაოდენობის წყლის დამატებით, რომ მასში აღდგენილ იქნეს რძის ნაწარმისთვის დეკლარირებული სტანდარტით დადგენილი, დამახასიათებელი სინესტისა და მშრალი ნივთიერების მასური წილის შესაბამისი თანაფარდობა. ამავე პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მშრალი რძე (რძის ფხვნილი)არის რძის ნაწარმი, რომელიც მიიღება რძის ნაწილობრივ გაუწყლოებით. იმავე პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პასტერიზებულ რძეს (მაღალი ტემპერატურით დამუშავებული) წარმოადგენს უვნებლობის მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით, თერმულად (თბურად) დამუშავებული სასმელი რძე. მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სასმელი რძე არის რძე, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ უშუალოდ მოხმარებისათვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე.
44. ამდენად, მითითებული დებულებების შესაბამისად, აღდგენილი და პასტერიზებული რძე განსხვავებული რძის პროდუქტებია, შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღისთვის აღდგენილი რძისგან დამზადებული სასურსათო პროდუქტი „იმერულის“ მიწოდება ნივთობრივი ნაკლის მქონე შესრულებას წარმოადგენს.
45. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხესთან დეკემბრის თვეში მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით არ შეესაბამებოდა ამ პროდუქტისათვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა მითითება მასზედ, რომ კომპანიის მხრიდან ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქი იყო ნივთობრივი ნაკლის მქონე.
46. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული კარაქის ტექნიკური მახასიათებლები). ასევე, უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5).
47. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 4.1, 102-103.1 მუხლებზე და განმარტა, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან. საქმეში წარმოდგენილი არ იყო სათანადო მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულ კარაქში ცხიმის შემცველობა 80%-ზე ნაკლებია. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შესატანი პროდუქტის - კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №09/13126 მიმართვის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქის’’ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.
ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0.5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის 441 დადგენილების ,,სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები’’.
48. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა.
49. ამდენად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესწავლილი არ იყო უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები, მისი ქიმიური და ორგანოლეპტიკური შემადგენლობა.
50. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. მოპასუხის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად სწორედ აღნიშნული საფუძველია მითითებული. მიწოდებული პროდუქტის უშუალოდ ნიშან-თვისებების, მისი შემადგენლობის შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.
51. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თვით მოსარჩელემ წარმოადგინა და საქმის მასალებს ერთვის აღნიშნული პროდუქტის მიმწოდებლის - შპს ,,ა. წ.’’ მიმართვა (ს.ფ. 57), რომლის თანახმად, მისი და მოსარჩელის ურთიერთობის მანძილზე, 2017 წლის ოქტომბრიდან სულ დაფასოებულია 29 105კგ. კარაქი, კერძოდ, ოქტომბრის თვეში - 9 900კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, ნოემბრის თვეში - 10 705კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით, დეკემბრის თვეში - 2 400კგ. კარაქი 82.5% რძის ცხიმის შემცველობით და 6 100კგ. კარაქი 80.0% რძის ცხიმის შემცველობით. ამავე მომართვის თანახმად, 80.0%-იანი ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომი კვლევისას, ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენდა 80.0%-ს.
52. შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური შეფასებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით, შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
53. პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესწავლილია მხოლოდ პროდუქტის ეტიკეტი და მითითებულია ეტიკეტირების წესის დარღვევაზე, რაც შესაბამისი პროდუქტის მახასიათებლების შესწავლისა და ლაბორატორიული კვლევის ჩატარების გარეშე არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი შესაბამისობაში არ იყო ხელშეკრულებით დადგენილ მახასიათებლებთან. შესაბამისად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ კარაქის მიწოდების ნაწილში კომპანიამ სახელშეკრულებო ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა.
54. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქცია (ყველი და კარაქი) შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს. ამასთან, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებით დადგენილია, რომ 2017 წლის ივლისამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით პროდუქტ „ყველის“ რეგლამენტირება მოხდებოდა, მოსარჩელე მოპასუხე ბაგა-ბაღს ხანგრძლივი დროის განმავლობაში იგივე პროდუქციას აწვდიდა, რაც სადავო პერიოდში მიაწოდა.
55. სააპელაციო პალატამ, მიუხედავად „ყველის“ ნაწილში ვალდებულების ნაკლიანი შესრულებისა, გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება მიჩნეულიყო იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავდა მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. მით უმეტეს, მოპასუხეს მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდია მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა მოსარჩელისთვის ხსენებული პროდუქტის („იმერული“) მიმწოდებლის შპს ,,ნ.’’-ის განმარტებაზე (ს.ფ. 58-59), რომლის თანახმად, პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
56. მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისთვის: 1) მიწოდებული პროდუქციის ღირებულების 13 275.05 ლარის დაკისრებას; 2. პირგასამტეხლოს სახით 1 040.00 ლარის გადახდის დაკისრებას; 3. საბანკო გარანტიის თანხის 2 358.00 ლარის გადახდის დაკისრებას. სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლებად მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან 2017 წლის 14 სექტემბერს მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების (თანხის გადახდის ვალდებულების) დარღვევის ფაქტსა და იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ გარანტისგან საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მოითხოვა იმ პირობებში, როდესაც არ დასტურდებოდა პრინციპალის მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება.
57. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ კომპანიამ ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში ბაგა-ბაღს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ამ უკანასკნელს კი, შეთანხმებული ფასი არ გადაუხდია. სსკ-ის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა დველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. დადგენილი იქნა, რომ კომპანიის მიერ ბაღისთვის მიწოდებულია პროდუქტი „იმერული“, ნაცვლად „ყველისა“, რაც მიწოდებული პროდუქციის ნივთობრივ ნაკლს ადასტურებს. სსკ-ის 490-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა. ასეთ შემთხვევაში, გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები. ხოლო 492-ე მუხლის თანახმად, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ ბაგა-ბაღმა კომპანიის მიერ მიწოდებული ნივთობრივი ნაკლის მქონე ყველი „იმერული“ მიიღო და დანიშნულებით გამოიყენა. დადგენილია ისიც, რომ ბაგა-ბაღს კომპანიისთვის არც ნაკლის გამოსწორება (ნაკლიანი პროდუქტის შეცვლა) და არც ამ მიზეზით ხელშეკრულების მოშლა მოუთხოვია. ასევე, მოპასუხეს არ მოუთხოვია ფასის შემცირება და/ან პირგასამტეხლოს დაკისრება. ამასთან, მხარეთა წარმომადგენლების განმარტებებით დგინდება, რომ 2017 წლის დეკემბერში ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული ნაკლიანი ყველის ღირებულება უმნიშვნელოდ, მხოლოდ რამდენიმე ათეული ლარით ნაკლებია ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე. მოპასუხის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის ზემოთმითითებული ნორმებით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის კუთხით, პალატამ აღნიშნა რომ ტომი 1, ს.ფ. 44-ზე განთავსებულია მოპასუხის დირექტორის მიერ ხელმოწერილი 28.12.2017 წლის N75-გ წერილი სადავო პერიოდში მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებაზე მოსარჩელის მოთხოვნის საპასუხოდ. წერილის შინაარსიდან ირკვეოდა, რომ მოპასუხე მოსარჩელე მხარისაგან მოითხოვდა 14.09.2017 წლის ხელშეკურლების 11.2. პუნქტით გათვალისიწნებული პირგასამტეხლოს დაკისრებას მის მიერ ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, რაც გამოიხატა ვალდებულების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულებაში. თუმცა, მოპასუხე არ მიუთითებს დასაკისრებელი თანხის ოდენობაზე, მოთხოვნა ზოგადი ხასიათისაა და ფორმულირებულია იმდაგვარად, რომ მოპასუხე მოსარჩელეს არიცხავს პირგასამტეხლოს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 0,1%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 77,32 ლარს (ტომი 1; ს.ფ. 44).
58. პალატამ ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ მოპასუხის მიერ სარჩელზე წარდგენილი შესაგებელი ასევე არ შეიცავს პირგასამტეხლოს რაიმე კონკრეტულ გაანგარიშებას.
59. ამასთან, მოპასუხის მხრიდან რეალიზებული არ არის ნაკლიანი მიწოდებისას მყიდველისთვის სამოქალაქო კოდექსის ზემოთ დასახელებული რომელიმე ნორმით მინიჭებული უფლებამოსილება (მაგ: ზიანის მოთხოვნა, თანხის შემცირება და ა.შ.).
60. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, მოპასუხე შესაგებლის პირველ ფაქტობრივ გარემოებაში მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მათთვის მიყენებული ზიანი ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება დეკემბრის თვისთვის მოთხოვნილ თანხას, თუმცა, არ განმარტავს, რას გულისხმობს ამ ზიანში.
61. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 219-ე და 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით და აღნიშნა, რომ მოპასუხეს არც შესაგებელში და არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მოსამზადებელ სტადიაზე არ განუხორციელებია კონკრეტული, დასაბუთებული შედევება იმ ნორმებზე დაყრდნობით, რომლებითაც მყიდველს შეუძლია ისარგებლოს ნაკლიანი შესრულების დროს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მიწოდებული პროდუქციის ფასი ექვემდებარება ანაზღაურებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
62. ამ კუთხით, პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს განჩინებაზე, რომლის მიხედვით: „...არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე. განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია“ (სუსგ 12/03/2019წლის განჩინება საქმეზე Nას-1900-2018).
63. რაც შეეხება ,,კარაქს’’, როგორც აღინიშნა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.
64. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა 2017 წლის დეკემბერში მიწოდებული პროდუქტების ღირებულების - 13 275.05 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე, პირგასამტეხლო - 1 040.00 ლარის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის არ აუნაზღაურებია 2017 წლის დეკემბრის თვეში მიწოდებული პროდუქციის ღირებულება. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეს ეკისრება აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდის ვალდებულება.
65. რაც შეეხება საბანკო გარანტიის თანხას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 879-ე მუხლითა (საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) და 880-ე მუხლით (საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას) და მიიჩნია, შესრულების საბანკო გარანტია წარმოადგენს არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მაკომპენსირებელ საშუალებას და მისი ჯარიმის - სანქციის ფორმით გამოყენება საბანკო გარანტიის მიზანთან წინააღმდეგობაში მოდის.
66. განსახილველ შემთხვევაში, კომპანიის მხრიდან ვალდებულების ნაკლიანი შესრულების შედეგად, მისი უმნიშვნელო ხასიათიდან გამომდინარე, ბაღს რაიმე ზიანი არ მისდგომია. საქმეში აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ბაგა-ბაღი მიღებული საგარანტიო თანხით კომპანიის მხრიდან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის კომპენსირებას ვერ მოახდენდა, ზიანის არარსებობის გამო.
67. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და, რა თქმა უნდა, შესრულების ნაკლის სიმძიმე.
68. განსახილველ შემთხვევაში, შესრულების ნაკლი (ფულად გამოხატულებაში რამდენიმე ათეული ლარი) იმდენად უმნიშვნელოა ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა სამართლებრივად დაუსაბუთებელია.
69. შესაბამისად, უმართებულო იყო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საბანკო გარანტიის გამოყენება.
70. სსკ-ის 991-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული.
71. საბანკო გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარის მიერ მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 991-ე მუხლი იქნა მიჩნეული (შეადრ: სუსგ 12.03.2019, Nას-1900-2018).
72. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გამდიდრდა მოსარჩელის ხარჯზე, რადგანაც ამ უკანასკნელმა გარანტს რეგრესის წესით გადაუხადა მოპასუხისათვის - (ბენეფიციარი) სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ანაზღაურებული საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხა - 2 358 ლარი (სკ-ის 890.1 მუხლი). აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 358.00 ლარის გადახდა.
73. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარმოადგინა მოპასუხემ.
74. კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ სადავო გადაწყვეტილებაში სწორად იმსჯელა და განმარტა, რომ რძე და აღდგენილი რძე განსხვავებული ცნებებია. შესაბამისად, ხელშეკრულებით, რძეზე დამზადებული პროდუქტის გამოყენებით მომსახურების გაწევის მოთხოვნის თვითნებური ჩანაცვლება აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტით, წარმოადგენს ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებას (გადაწყვეტილება გვ.11). თუმცა, კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არ განავრცო აღნიშნული მსჯელობა და ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ თუ ზემოთ დადგენილი გარემოება ერთიანი ხელშეკრულების ჭრილში უნდა განიმარტოს არაჯეროვან შესრულებად, კონკრეტული პროდუქტის მიწოდების ჭრილში წარმოადგენს ვალდებულების შეუსრულებლობას. როდესაც ხელშეკრულებით მოთხოვნილია მიმწოდებლის მიერ რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი გამოყენებული არ ყოფილა მომსახურების გაწევისას, ეს უნდა განიმარტოს ყველთან მიმართებაში პროდუქტის გამოუყენებლობად, ანუ ვალდებულების შეუსრულებლობად. შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, რადგან არ განხორციელებულა მიწოდება. ეს კი განაპირობებს, რომ ყველის საფასურის გადახდის ნაწილში საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების გარეშე გადახდას, რაც წარმოადგენს სსსკ-ის 385-ე მუხლის რეგულირების საგანს.
75. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ განსხვავებული პროდუქტით მომსახურების შესრულება განმარტა, როგორც ნაკლიანი შესრულება და მიუთითა ნასყიდობისა და ნარდობის იმ მომწესრიგებელ ნომებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნაკლიანი შესრულების მიმღები მხარის უფლებებს. სასამართლომ სწორად დაადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა ანალოგიის სახით ემსგავსება ნარდობის ხელშეკრულებას. უფრო კონკრეტულად კი, იმგვარ ნარდობის ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც შესრულება ხორციელდება მენარდის „მასალით“. თუმც აღარ შევიდა ამ საკითხის განხილვაში და შესაბამისად, აღარ განმარტა, რომ მოცემულ ურთიერთობასთან კავშირშია სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, თუ მენარდე იყენებს საკუთარ მასალას, იგი პასუხისმგებელია ამ მასალის შესაბამისობაზე მხარეთა მიერ შეთანხმებულ პარამეტრებთან. ასევე მოცემულ შემთხვევაში, მერადე ვალდებულია შემკვეთს წარუდგინოს მასალის ხარჯვის გაანგარიშება.
76. კასატორი განმარტას, რომ საბავშვო ბაგა-ბაღების მიმართ მოსარჩელემ აიღო ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული მახასიათებლების პროდუქტით განეხორციელებინა მომსახურება ანუ, თავად უზრუნველეყო პროდუქტის მოძიება-შესყიდვა და შემდგომი დამუშავება. ზემოთ მითითებული სამართლებრივი მოცემულობის შესაბამისად, ასევე მოსარჩელეს დაეკისრა პროდუქტის ხარისხისა და შესაბამისობის უზრუნველყოფის ვალდებულება და გაწეული მომსახურებისას გამოყენებული პროდუქტის ხარჯთაღრიცხვის წარდგენა. ამ ვალდებულების ჭრილში, მოსარჩელე საბავშვო ბაგა-ბაღებთან დადებული 2016 და 2017 წლის ხელშეკრულების ფარგლებში, ისე რომ არ იყენებდა შეთანხმებული პარამეტრების პროდუქტს, მხარეს წარუდგენდა ხარჯთაღრიცხვას, რომელშიც დაანგარიშებული იყო შეთანხმებული მახასიათებლების ყველის ღირებულება და განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით იღებდა ანაზღაურებას გამოუყენებელი პროდუქტისათვის.
77. კასატორი განმარტავს შემდეგს: იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე წარმოადგენს მეწარმე სუბიექტს, იგი ვალდებული იყო სცოდნოდა ქვეკონტრაქტორებისგან (ამ შემთხვევაში, ყველის ნაცვლად გამოყენებული მასის მწარმოებელი საზოგადოებისგან) მიღებული პროდუქტის მახასიათებლები, ამის საპირისპიროდ კი, საბავშვო ბაგა-ბაღები წარმოადგენ(დნ)ენ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და მსგავსი საკანონმდებლო ბოჭვა მათზე არ ვრცელდებოდა. ამასთან, სსკ-ის 495-ე მუხლის მეორე ნაწილი გამორიცხავს კასატორების პასუხისმგებლობას გონივრულ ვადაში პარამეტრებისგან განსხვავებული პროდუქტის აღმოჩენაზე, რადგან მოსარჩელე შეგნებულად დუმდა სახელშეკრულებო ვალდებულების ნაკლიანი შესრულების თაობაზე. ეს კი დასტურდება, საქმეში თავად მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი ყველის ნაცვლად გამოყენებული პროდუქტის მწარმოებელი კომპანია შპს „ნ.“-ის წერილით, რომელშიც ავტორი ადასტურებს, რომ მის მიერ ნაწარმოები პროდუქტი მოსარჩელისთვის მიწოდების მანძილზე მუდმივად მზადდებოდა აღდგენილი რძისა და ნაღების კარაქისგან. შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან განზრახი და შეგნებული დუმილით შემსყიდველი შედიოდა შეცდომაში და ეთანხმებოდა ისეთ შესრულებას, რომელიც რეალურად არ განხორციელებულა. აღნიშნულთან მიმართებაში კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასასმართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკას (რომელზეც მითითება იქნა გაკეთებული სააპელაციო სასამართლოში თუმცა, მსჯელობა არ იქნა გაზიარებული გაუგებარი საფუძვლით), რომლის თანახმადაც, ნაკლიანი შესრულების შემსყიდველის მიერ მიღება არ შეიძლება ჩაითვალოს ახალ შეთანხმებად, ან ნაკლიან შესრულებაზე დათანხმებად (შეადრ: სუსგ 10.11.2017 საქმე №ას-629-588-2017). ეს კი ცხადყოფს, რომ საბავშვო ბაგა-ბაღებსა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარებების აქტის გაფორმებების მიუხედავად, მოწინააღმდეგე მხარე არ თავისუფლდება ნაკლიანი შესრულების პასუხისმგებლობისაგან მომსახურებისას შეთანხმებული ხარისხის ყველის გამოუყენებლობისათვის. შესაბამისად, შესრულების მიღება არ წარმოადგენს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველს. ამ კონტექსტში უმნიშვნელოვანესია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების განსაკუთრებული და სპეციალური ასპექტების ანალიზი, რაც განასხვავებს მხარეებს შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას კლასიკური ვალდებულებით სამართლებრივი გარიგებისგან. პირველი ასეთი ფაქტორი არის ის, რომ ხელშეკრულება დადებულია სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში და მისი მომზადებისა და დადების წესს არეგულირებს სპეციალური კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“.
78. კასატორი განმარტავს რომ შემსყიდველის მიერ მოწვევა ოფერტზე წარდგენის ეტაპზე ზედმიწევნით, ყველა შესაძლო პარამეტრით გაიწერა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის მახასიათებლები. აღნიშნული განპირობებული იყო არა სატენდერო დოკუმენტაციის მოცულობაში გაზრდის მიზნით, არამედ, იმ ინტერესით, რომელიც სავალდებულოდ დაცული უნდა ყოფილიყო შესყიდვის განხორციელების შედეგად მიღებული შესრულებისას. ამ ინტერესს კი წარმოადგენდა მცირეწლოვანი ბავშვების ჯანსაღი ცხოვრების უფლება, რომლის კომპონენტიც არის სრულფასოვანი კვების რაციონი. ხელშეკრულების დანართებიდანაც ჩანს, რომ სატენდერო დოკუმენტაცია მომზადებულია მცირეწლოვანი ბავშვების დღის კვების რაციონის, კალორაჟისა და სხვა კომპონენტების დათვლის საფუძველზე, საჭირო მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოყენებით. შესაბამისად, ნებისმიერი კომპონენტის, თუნდაც ერთი ინგრედიენტის ცვლილება განაპირობებდა მთლიანი დღის რაციონში ცვლილებას. მისი ეფექტი კი რა თქმა უნდა არ არის მყისიერი, ხელშესახები და ვიზუალურად აღქმადი, რადგან აისახება მხოლოდ პერსპექტივაში, ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, და შედეგობრივად დიაგნოსტირება ფაქტობრივად შეუძლებელია. თუნდაც, დღის მენიუში ერთი კვების სრულიად ამოკლებით ბავშვების მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანის განსაზღვრა იქნებოდა შეუძლებელი, რაც თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ზიანი არ იარსებებდა. საბავშვო ბაგა-ბაღს კი ამ ინტერესის გათვალისწინებით უფლება არ ჰქონდა შეეძინა ისეთი პროდუქტი, რომელიც თუნდაც ერთი „უნიშვნელო“ კომპონენტით არ შეესაბამებოდა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ შემუშავებულ, სატენდერო დოკუმენტაციის საფუძვლად დადგენილ პარამეტრებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კასატორები ციტირებენ ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის 27-ე მუხლს და განმარტავენ, რომ მოცემულ დავაში მონაწილე თითოეულ სუბიექტს ვალდებულება ჰქონდა და აქვს იმოქმედოს ბავშვთა უპირველესი ინტერესიდან გამომდინარე და არა სამოქალაქო სამართლებრივი თვალთახედვიდან. ეს ინტერესი კიდევ ერთი გარემოებაა, რის გამოც, საბავშვო ბაგა-ბაღებს არ ჰქონდათ უფლება, თვითნებურად, სპეციალისტების ჩარვის გარეშე განეხორციელებინათ წინასწარ დადგენილი მახასიათებლის პროდუქტში ცვლილება, შეცვლილი პარამეტრების მქონე ყველის მაგვარი მასის შესყიდვა. შესაბამისად, ის პროდუქტი, რომლის გამოყენებაც მოსარჩელემ კასატორისთვის მომსახურების გაწევისას მოახდინა, წარმოადგენდა თვითნებობას და არსებული სამართლებრივი მოცემულობიდან გამომდინარე წინასწარ განჭვრეტადი იყო, რომ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანოს მხრიდან ვერ დაექვემდებარებოდა ანაზღაურებას.
79. კასატორს მიაჩნია, რომ კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოსაც უნდა ემსჯელა არა სახელშეკრულებო პრიზმიდან, არამედ ბავშვთა უფლებების უპირატესი ინტერესიდან, რაზეც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ მითითებულა. შესაბამისად, სასამართლომ სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებიდან გამომდინარე, დაუშვა პრეცედენტი ბავშვთა უფლებებისა და კერძოსამართლებრივი ინტერესების შეპირისპირებისას, სახელშეკრულებო მოწესრიგების ფარგლებში სამოქალაქო ნორმების გარკვეული სახით ინტერპრეტაციის უპირატესობისა, რაც სრულ წინააღმდეგობაშია ბავშვთა უფლებათა დაცვის სახელმწიფო ვალებულებასთან, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სასამართლო ხელისუფლება.
80. კასატორი განმარტავს, რომ რომ მოსარჩელესა და ბაგა-ბაღებს შორის არ ხორციელდებოდა საქონლის მიწოდება/შესყიდვა. არამედ, მოსარჩელე, მხარეთა მიერ წინასწარ განსაზღვრული პროდუქტით ახორციელებდა საკვების მომზადებას და კასატორებს მიეწოდებოდათ მზა კერძის სახით. ანუ, უშუალოდ პროდუქტთან კასატორებს შეხება არ ჰქონიათ. ეს გარემოება კი უმნიშვნელოვანესია ნაკლის აღმოჩენისა და მასზე პასუხისმგებლობის ჭრილში. შესაბამისად, აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც საკანონმდებლო ენაზეც აღარ ჰქვია ყველი რა რაოდენობით და რა ღირებულების იქნა გამოყენებული რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად უცნობია. მაშინ, როდესაც მხარეებს შორის შეთანხმებული იყო ყველის ღირებულება, რომლის გამოყენება საკვების მომზადებისას არ განხორციელებულა, რა პროდუქტზე წარმოეშვა კასატორს ანაზღაურების ვალდებულება, ანუ რა ღირებულების იყო ის პროდუქტი, რისი ანაზღაურებაც რძეზე დამზადებული ყველის ანაზღაურების ოდენობით დააკისრა სასამართლომ, გაუგებარია.
81. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, ნაკლიანი შესრულებასას ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, სასამართლოს განმარტებით, ბაგა-ბაღებმა არ მიმართა ნაკლის ნაწილში, ნაკლის ღირებულებით ხელშეკრულების ფასის შემცირების უფლებას. რეალურად იმ ქმედების სამართლებრივი ბუნება, რომელიც კასატორმა განახორციელასწორედ ნაკლის ნაწილში ფასის შემცირებაა. საუბარია სადავო პროდუქტების ყველისა და კარაქის ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმასა და უკვე ანაზღაურებულის უკან გამოთხოვაზე. რეალურად, მოსარჩელის მხრიდან განხორციელებული შესრულების ნაკლი მდგომარეობს ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურებისას ყველისა და კარაქის გამოუყენებლობაში. ანუ, იმ პირობით, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ნაკლს უთანაბრდება შეუსრულებლობა, ამ ორი პროდუქტის ნაწილში ადგილი ჰქონდა შეუსრულებლობით გამოწვეულ ნაკლს. კასატორების მხრიდან სრულიად ლეგიტიმურად, ნაკლის ღირებულებად მიჩნეულ იქნა იმ პროდუქტის შესაბამისი საფასური, რომლიც არ გამოყენებულა მომსახურების გაწევისას. ამ არგუმენტით კი, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით დაკავებულ იქნა დეკემბრის თვის ანაზღაურება ნაკლიანი შესრულებით გამოწვეული ზედმეტად, ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებამდე.
82. შემსყიდველი განმარტავდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოსარჩელის მიერ განსაზღვრული, რძის გამოყენებით დამზადებული ყველის ფასი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც წარმოეშვებოდა მას იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მომსახურებას განახორციელებდა ამ პროდუქტის გამოყენებით. უდავოდ დადგენილი ფაქტია, რომ ასეთ მომსახურებას ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, შეთანხმებული ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოშობილა. განსხვავებული პროდუქტი, რა ღირებულებით და რა რაოდენობით გამოიყენა მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების ფარგლებს მიღმა, ეს კასატორისთვის უცნობია, შესაბამისად, მისი ანაზღაურების ბრმად გატოლება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ყველის ღირებულებასთან უარგუმენტო მსჯელობაა. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარის მიერ ფაქტობრივად გამოყენებული პროდუქტის ღირებულების ან რაოდენობის თაობაზე საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენა და შესაბამისი ანაზღაურების მოთხოვნა არ განხორციელებულა. დღეის მდგომარეობითაც, მოთხოვნა ფორმულირებულია დეკემბრის თვის განხორციელებული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს რძეზე დამზადებული ყველის ღირებულებას, რაც რეალურად გამოყენებული არ ყოფილა. შესაბამისად, გაუგებარია, იმ მოცემულობით, როდესაც სააპელაციო სასამართლომ დაადგინა განსხვავება რძეზე და აღდგენილ რძეზე დამზადებულ პროდუქტებს შორის, რატომ არ იმსჯელა მათი ღირებულების იდენტურობასა თუ განსხვავებულობაზე და ამ ჭრილში როგორ დაკმაყოფილდა რძეზე დამზადებული ყველის ღირებულების ჩათვლით დეკემბრის თვის ანაზღაურება, როდესაც თავად სასამართლომ დაადგინა, რომ ეს პროდუქტი გამოყენებული არ ყოფილა არც დეკემბერში და არც 2016-2017 წლების ხელშეკრულებების ფარგლებში განხორციელებული მომსახურებისას.
83. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სასამართლოს იმ განმარტებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ კასატორის მხრიდან არ განხორციელებულა ხელშეკრულების მოშლის პროცედურები. კასატორი მიიჩნევს, რომ მათ მიმართ ყველის გამოყენებით მომსახურება არ განხორციელებულა და შესაბამისად, არ წარმოშობილა ანაზღაურების ვალდებულება. რა შესრულდა და რა ღირებულების, ამაზე მოცემული დავის გარგლებში მსჯელობა არ ყოფილა. შესაბამისად, სამართლებრივად ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაშიც შედეგი იქნებოდა იდენტური. ამის გათვალისწინებით, სასამართლო რა მიზნით განმარტავს მოშლის უფლების გამოუყენებლობის გარემოებებს, კასატორისთვის გაუგებარია.
84. სასამართლომ იმსჯელა და მიუთითა, რომ პროდუქტ კარაქთან მიმართებაში ხელშეკრულების პირობის ხელყოფას ადგილი არ ჰქონია. კასატორს მიაჩნია, რომ აღნიშნული მსჯელობა არ შეესაბამება საქმეში მოცემულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ასპექტებს. ისევე, როგორც პროდუქტ ყველთან მიმართებაში, კარაქის შემთხვევაშიც მხარეები წინასწარ შეთანხმდენენ ყველა იმ მახასიათებელზე, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა ყოფილიყო მიმწოდებლის მიერ. ეს დათქმაც, როგორც ყველა სხვა პროდუქტზე, განპირობებული იყო ბავშვთა საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით და უპირატესობით შედგენილი მენიუში გათვალისწინებული საკვების მომზადების მიზნით. ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, როგორიც კარაქია, შემადგენლობაში რაიმე სახის შეუსაბამობის დაშვება სერიოზულად უარყოფითად შეიძლება ასახულიყო ბავშვთა კვების დღიურ რაციონზე. მით უმეტეს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საუბარი გვაქვს კარაქში ცხიმიანობის დონეზე, რაც განაპირობებს ზოგადად პროდუქტის კარაქად აღიარებას. ამას ადასტურებს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №152 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკურ რეგლამენტი, რომელიც ადგენს, რომ პროდუქტი კარაქი არის თუ მასში ცხიმის შემცველობა აღემატება 80%-ს. სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება კასატორებისათვის მომსახურება გაეწია არანაკლებ 80% ცხიმის შემცველობის კარაქის გამოყენებით, თუმცა, ფაქტობრივად გამოყენებულ იქნა ისეთი პროდუქტი, რომელში ცხიმიანობის კომპონენტში დაშვებულ იქნა +/_ 0.5%-იანი ცდომილების ალბათობა 80%-იან მაჩვენებელზე.
85. კასატორს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევისას ისეთი პროდუქტის გამოყენება, რომელიც არ შეესაბამება არც კანონმდებლობით დადგენილ და არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს, ვერ იქნება ანაზღაურებული, როგორც წინასწარ შეთანხმებული კარაქი, იმავე ფასითა და იმავე პირობებით.
86. კასატორი განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების დასაბუთებაზე, რადგან არ გაითვალისწინა მხარის უფლება განეხორციელებინა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის მიზნით თანხების დაკავება.
87. კასატორს მიაჩნია, რომ არ შეიძლება საუბარი იყოს პირგასამტეხლოს დარიცხვაზეც, რადგან როგორც სააპელაციო სასამართლოც განმარტავს, პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მხრიდან არ ხდება ვალდებულების შეუსრულებლობა, არამედ, ხდება საკუთარი უფლების რეალიზება მოთხოვნათა ურთიერთგაქვითვის ჭრილში. რაც გამორიცხავს მათ განზრახვას არ შეასრულონ ან ვადის დარღვევით შეასრულონ დეკემბრის თვის ანაზღაურების ნაწილში ანგარიშსწორება.
სამოტივაციო ნაწილი:
88. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
89. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
90. კასატორის მოსაზრებით, იმ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა რძეზე დამზადებული ყველის გამოყენებით მომსახურების გაწევა, ეს პროდუქტი კი, მომსახურების გაწევისას გამოყენებული არ ყოფილა, საქმე გვაქვს ყველის მიწოდების ნაწილში, ვალდებულების შეუსრულებლობასთან (იხ., ამ განჩინების პ.73). კასატორი აღნიშნავს, რომ აღდგენილ რძეზე დამზადებული პროდუქტი, რომელსაც საკანონმდებლო ენაზეც აღარ ჰქვია ყველი, რა რაოდენობით და რა ღირებულების იქნა გამოყენებული რძეზე დამზადებული ყველის ჩასანაცვლებლად უცნობია. მაშინ, როდესაც მხარეებს შორის შეთანხმებული იყო ყველის ღირებულება, რომლის გამოყენება საკვების მომზადებისას არ განხორციელებულა (იხ., ამ განჩინების პ.79). შესაბამისად, შემსყიდველის მხრიდან კონკრეტულად „ყველის“ საფასურის გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა.
91. საკასაციო პალატა კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას არ მიიჩნევს მიწოდებული პროდუქტის საფასურისაგან მოპასუხის (კასატორი) გათავისუფლების საფუძვლად და მიუთითებს მოცემულ საქმე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, მოდავე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, მხარეები შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან - 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. რაც შეეხება მიწოდებული პროდუქციის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად დასახელებულ კასატორის არგუმენტს, აღნიშნულთან დაკავშირებით დადგენილია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან, ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. თუმცა, მიუხედავად მიწოდებული პროდუქტის - ,,იმერულის’’ ნაწილში ვალდებულების ამგვარი შესრულებისა, პროდუქტის (ხელშეკრულებით მისაწოდებელი საქონელი) აღნიშნული მახასიათებელი, მისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ. მით უფრო, როგორც ეს უდავო გარემოებადაა მიჩნეული მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტი მიიღო მოპასუხემ და გამოიყენა დანიშნულებისამებრ. გარდა ამისა, მოპასუხეს მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში, არც პროდუქტის მოხმარებამდე სადავო არ გაუხდია მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, ხოლო შპს ,,ნ.’’-ის განმარტების მიხედვით ირკვევა, რომ პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი, ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.
92. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შესრულების ნაკლი იმდენად უმნიშვნელო იყო ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, რომ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად მისი განხილვა, რაც საბოლოოდ გაათავისუფლებდა შემკვეთს (მოპასუხეს) საფასურის გადახდისაგან, სახეზე არ არის (შეადრ: სუსგ №ას-959-2019, 16 ოქტომბერი, 2019 წელი).
93. რაც შეეხება მოპასუხისთვის მიწოდებული პროდუქტის - „კარაქი“ ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ მოპასუხემ შესაგებელში სადავოდ გახადა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შეუსაბამობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით (იხ., მოპასუხის შესაგებელი - ამ განჩინების პ.11). თუმცა, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მოპასუხისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’, დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან, შესწავლილი იყო მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა (იხ., ამ განჩინების პ.19, 36, 38), კერძოდ, დადგენილია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში მოსარჩელის მიერ შეტანილი პროდუქტის - კარაქის ... ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 19 დეკემბრის №09/13126 მიმართვის თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს არ განუხორციელებია აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.
94. ამდენად, უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით კომპანიას ბაგა-ბაღისთვის უნდა მიეწოდებინა კარაქი, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-10 პუნქტში მითითებული კარაქის ტექნიკური მახასიათებლები). ასევე, უდავოა, რომ კომპანიის მიერ ბაგა-ბაღისთვის მიწოდებული კარაქის ეტიკეტზე ცხიმის შემცველობად მითითებულია 80% (+/-0,5). თუმცა, საწინააღმდეგო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა, ივარაუდება, რომ პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია მის ეტიკეტზე დატანილ მახასიათებლებთან.
95. საკასაციო პალ;ატა განმარტავს, რომ 2007 წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.2007წ.-ის კანონი N5669-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესოსამართლებრივ შედეგებს იწვევს. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და, შესაბამისად, დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებს შესაგებელი წარმოდგენილი აქვთ, თუმცა, საგულისხმოა წარმოდგენილი შესაგებლის შინაარსობრივი მხარე, რამეთუ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები“). სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს. (მოპასუხის კვალიფიციური შედავების მნიშვნელობის შესახებ იხ., პ.201. სუსგ №ას-664-635-2016, 2 მარტი, 2017 წელი).
96. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია (შედავება) წარმოდგენილი არ აქვს. შესაბამისად, კასატორის პრეტენზიას მიწოდებული „კარაქის“ ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების არარსებობის ნაწილში ვარგისი მატერიალურსამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
97. ამასთან, საკასაციო პალატას მაიჩნია, რომ კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ აქვს წარმოდგენილი არც პირგასამტეხლოს და არც საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების ნაწილში.
98. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
99. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
100. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება წინამდებარე განჩინება, იხ., საქმე №ას-959-2019, 16 ოქტომბერი, 2019 წელი.
101. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
102. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „თბილისის №... საბავშვო ბაგა-ბაღის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. კასატორს ა(ა)იპ „თბილისის №.... საბავშვო ბაგა-ბაღს“ (ს.კ: 200008...) უკან დაუბრუნდეს 31.07.2019-ში საგადასახადო დავალება N1564575... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (834 ლარი) 583.8 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე