Facebook Twitter

საქმე №ას-920-2019 27 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. კ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 17 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ვ. გ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. კ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 8000 ლარისა და კომუნალური გადასახადის – 469,89 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 14 სექტემბერს მხარეებს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს სარგებლობაში გადაეცა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება. იჯარის ღირებულება შეადგენდა თვეში 1000 ლარს. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით, თუმცა, მხარეთა შეთანხმებით, მისი მოქმედება გაგრძელდა. ვინაიდან მოპასუხის მხრიდან გადასახდელია 8 თვის საიჯარო ქირა და ელექტროენერგიის გადასახადი, მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა და, მოპასუხის მოთხოვნით, საპატრულო პოლიციის თანდასწრებით, 2018 წლის 14 იანვარს მოპასუხემ გაიტანა მისი კუთვნილი ნივთები, რითიც იჯარის ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყდა.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებანი სინამდვილეს არ შეესაბამება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე კომუნალური გადასახადების მოთხოვნის ნაწილში, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4400 ლარის გადახდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3600 ლარის გადახდა, ხოლო მოპასუხისათვის 4400 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვტილება დარჩა უცვლელად.

6. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით მოპასუხის საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 240-ე მუხლის პირველი ნაწილით, 233-ე მუხლის პირველი ნაწილითა, 241-ე მუხლით და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რადგან 2019 წლის 30 იანვარს დანიშნულ მთავარ სხდომაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, 2019 წლის 29 იანვარს სააპელაციო სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც ითხოვდა საქმის განხილვის გადადებას გონივრული ვადით, ვინაიდან არ ჰყავდა ადვოკატი და წარმოსადგენი ჰქონდა მტკიცებულებები. სასამართლომ არ მიიღო აღნიშნული მხედველობაში და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რითაც დაირღვა მისი უფლება.

8. აღნიშნულზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მართალია, 2019 წლის 29 იანვარს მოწინააღმდეგე მხარემ და აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა საქმის განხილვის გადადება გონივრული ვადით, ადვოკატის აყვანის საჭიროებისა და დამატებით მტკიცებულებათა წარდგენის მიზნით, თუმცა მას გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 30 იანვარს, 11:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარი სხდომის დღის შესახებაც მოპასუხეს ეცნობა 2019 წლის 11 იანვარს, სატელეფონო აქტის მეშვეობით (ტომი 2, ს.ფ. 28). შესაბამისად, მოპასუხეს ჰქონდა გონივრული ვადა, როგორც ადვოკატის ასაყვანად, ისე დამატებით მტკიცებულებათა წარმოსადგენად.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 241-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები და დადგენილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები; ე) მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ჩამოთვლილთაგან „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წინაპირობების არარსებობა, რაც შეეხება საჩივრის ავტორის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, რომ იგი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის განხილვა განახლების საფუძვლებს არ წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული მიზეზები ვერც დაუძლეველ ძალად და ვერც საპატიო მიზეზად ვერ იქნება მიჩნეული ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკასაციო პალატა ერთ-ერთ საქმეზე (ას-806-806-2018) მიუთითებს შემდეგს: სსსკ-ის 241-ე მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ჩამონათვალი არ არის ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა. იმისათვის, რათა სასამართლომ მხარის მიერ მითითებული გარემოება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა.

11. გარდა ამისა, საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომელიც განსახილველი დავისადმი ინტერესს შეეხება, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ საქმისადმი დაინტერესება, უპირველესად, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებაში გამოიხატება. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ იმის აღნიშვნა შეიძლება, რომ აპელანტმა თავად არ ისარგებლა სასამართლო განხილვის უფლებით, საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ მისი ეს უფლება არ შეზღუდულა.

12. შესაბამისად, საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სსსკ-ის 241-ე მუხლის შემადგენლობის არსებობას, ამასთან, მან ვერ უზრუნველყო საპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობისა და განსახილველი დავისადმი დიდი ინტერესის არსებობის დადასტურება.

13. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

14. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სსსკ-ის 233-ე მუხლით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემაფერხებელი წინაპირობა. ამდენად, საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:

16. კასატორმა განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო მისი წარმომადგენელი, რომელსაც მინდობილობა გაუფორმა სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვამდე. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი წარმომადგენლის პროცესზე გამოუცხადებლობის გამო. აღნიშნულის შემდეგ წარმომადგენელს, მხარისათვის შეუტყობინებლად, შეუტანია საჩივარი, რომელსაც უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

17. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება უკანონოა, მას არ მიეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში და დაეცვა საკუთარი კანონიერი ინტერესები.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2019 წლის 13 სექტემბრის განჩინებით კი, საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

20. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დაინიშნა 2019 წლის 30 იანვარს, 11:00 საათზე. აღნიშნულის შესახებ მოპასუხეს ეცნობა 2019 წლის 11 იანვარს, რაც დასტურდება სატელეფონო შეტყობინების აქტით (ტომი 2, ს.ფ. 28). მითითებული გარემოება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.

21. სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე. მოსარჩელემ კი მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება.

22. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

23. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

24. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

25. ამავე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

26. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.

27. მოცემულ შემთხვევაში სადავოა, მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება, ჩაითვალოს საპატიოდ.

28. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

29. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ ჩაითვლება ისეთი გარემოების არსებობის სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი – სასამართლო პროცესზე გამოცხადებას. ამასთან, ამგვარი საპატიო გარემოების დადასტურების ვალდებულებასთან დაკავშირებულ მტკიცების სტანდარტს აწესებს სსსკ-ის 102-ე მუხლი, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

30. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ყველა გარემოება, რაზეც მხარე აპელირებს.

31. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის წინა დღეს – 2019 წლის 29 იანვარს და იშუამდგომლა პროცესის გადადების შესახებ იმ მოტივით, რომ ესაჭიროება ადვოკატის აყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა (ტ. 2, ს.ფ 32). საკასაციო საჩივარში კი მხარე უთითებს, რომ წარმომადგენელი აიყვანა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე. იგი უნდა გამოცხადებულიყო საქმის განხილვაზე, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისი გამოუცხადებლობის შედეგად. ამავდროულად, მოპასუხისათვის უცნობი იყო საჩივრის შეტანის შესახებაც.

32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 93-ე მუხლის მეორე ნაწილის ძალით, მხარეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. საქმის წარმოება წარმომადგენლის მეშვეობით არ ართმევს უფლებას მხარეებს თვითონაც პირადად მიიღონ მონაწილეობა საქმეში.

33. კანონის მითითებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს მხარეს საქმის განხილვაში საკუთარი მონაწილეობა უზრუნველყოს წარმომადგენლის მეშვეობით, თუმცა ასეთ შემთხვევაში წარმომადგენლის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე პასუხისმგებლობაც მხარეს ეკისრება.

34. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარწმუნებელსა და მის წარმომადგენელს შორის ურთიერთობა მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება და, მით უფრო, საქმის განხილვაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ვერ შეფასდება.

35. ამდენად, მოპასუხის გამოუცხადებლობა მართებულად იქნა მიჩნეული არასაპატიოდ. კასატორმა სსსკ-ის 215-ე მუხლით დადგენილი საპატიო მიზეზის არსებობა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რის გამოც არ არსებობს სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების ამავე კოდექსის 241-ე მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი წინაპირობა.

36. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას იმ ნაწილში, რომ მოსარჩელის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებანი იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელე აპელანტის მოთხოვნას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2019 წლის 17 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე