საქმე №ას-1461-2019 28 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ. კ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ. კ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. კ-იას (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთი რეგისტრირებულია მის სახელზე საკუთრების უფლებით, რის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება. სადავო ქონებას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობს მოპასუხე მხარე.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 18 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
7. 2019 წლის 15 აპრილს, ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დაცვით, აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა გაუგრძელდა 5 დღით.
8. 2019 წლის 13 მაისს აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მოითხოვა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელება.
9. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შესავსებად ვადა გაუგრძელდა კიდევ 5 დღით.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილის, 74-ე და 73-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს 2019 წლის 15 მაისის განჩინების ასლი მის მიერ დასახელებულ, ასევე, საქმეში არსებულ სხვა მისამართზე აპელანტს რამდენჯერმე გაეგზავნა, აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მის წარმომადგენელსაც, თუმცა ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება ვერცერთხელ ვერ მოხერხდა.
11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, გზავნილი ადრესატისთვის ჩაბარებულად ითვლება.
12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, განჩინების ჩაბარების მიზნით, სასამართლო შეეცადა, ასევე, აპელანტის წარმომადგენელთან დაკავშირებას და მისთვის სატელეფონო აქტის მეშვეობით განჩინების ჩაბარებას, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ამდენად, სასამართლომ ყველა ღონისძიება განახორციელა, რათა მხარე ინფორმირებული ყოფილიყო სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინების შესახებ.
13. სსსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად, აპელანტისათვის ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 9 ივლისს და ამოიწურა 2019 წლის 15 ივლისს (13 და 14 ივლისი იყო დასვენების დღეები).
14. ამავე კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ შევსებულა და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ მხარეს სასამართლოსათვის არ უცნობებია.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
17. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უკანონოა, რადგან ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ვერ ბარდებოდა. იგი ცხოვრობს საერთო საცხოვრებლის ტიპის კორპუსში, სადაც კარზე დატოვებულ საფოსტო შეტყობინებებს ანადგურებენ ბავშვები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
20. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
21. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
22. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 მარტის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 80 ლარის, ასევე, თავად აპელანტის მიერ დადასტურებელი სააპელაციო საჩივრის ან წარმომადგენლის მიერ კანონით დადგენილი ტესტირების გავლისა და ადვოკატთა ასოციაციაში სამოქალაქო სპეციალიზიციით გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.
23. აპელანტის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა ადვოკატის მოწმობა და სახელმწიფო ბაჟის ნაწილში იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ იმ მოტივით, რომ მარწმუნებელი ქალაქში არ იმყოფებოდა, ხარვზის განჩინება ჩაიბარა მისმა შვილმა და წარმომადგენელს გვიან აცნობა ხარვეზის თაობაზე.
24. სააპელაციო პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ხარვეზის შევსების ვადა მხარეს გაუგრძელდა 5 დღით, თუმცა წარმომადგენლმა კვლავ მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, რადგან მარწმუნებელს ვერ დაუკავშირდა, ხოლო მისი მეზობლებისაგან შეიტყო, რომ იგი 25 მაისს დაბრუნდება.
25. სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 15 მაისის განჩინებით აღნიშნული შუამდგომლობაც დააკმაყოფილა და აპელანტს დამატებით 5 დღე მისცა ხარვეზის გამოსასწორებლად. ამასთან, მხარეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
26. სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული განჩინება 2019 წლის 31 მაისს გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს (რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით ს.ფ 39) მის მიერ სააპელაციო საჩივარში (ს.ფ 86) მითითებულ მისამართზე, თუმცა არ ჩაბარდა მისამართზე არყოფნის მოტივით.
27. 2019 წლის 10 და 19 ივნისს სასამართლო გზავნილი გაეგზავნა აპელანტსაც სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ მისამართზე (სადაც მანამდე გაგზავნილი განჩინება ხარვეზის შესახებ ჩაიბარა მისმა შვილმა – ს.ფ 106), თუმცა ვერც მას ჩაბარდა, რადგან კურიერს მისამართზე არავინ დახვდა (ს.ფ 123, 125). აპელანტს ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება 2019 წლის 4 ივლისს დამატებით ალტერნატიულ მისამართზეც გაეგზავნა, მაგრამ უშედეგოდ, ადრესატი არ იმყოფებოდა მისამართზე (ს.ფ 128).
28. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების წესს, კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
29. დასახელებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი.
30. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
31. სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
32. კანონის აღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, თუ მხარეს სასამართლო გზავნილი მის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა, იგი ჩაბარებულად ითვლება იმის მიუხედავად, საპროცესო დოკუმენტები ადრესატმა მიიღო თუ არა.
33. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტს ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოს განჩინება ჩაბარდა, რადგან მას და მის წარმომადგენელს გზავნილი ოთხჯერ გაეგზავნა და სასამართლოსაგან დამოუკიდებელი მიზეზებით არ ჩაბარდა.
34. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
35. ამდენად, 2019 წლის 15 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების 5-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა აპელანტის მიმართ დაიწყო 2019 წლის 8 ივლისის შემდეგ დღეს – 9 ივლისს და ამოიწურა 15 ივლისს. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
36. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ. კ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე