Facebook Twitter

საქმე №ას-1587-2019 4 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ღ. ს.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება

დავის საგანი – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „ტ.“ (ყოფილი სს „კ. ს. ბ.“) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „კ. თ.“ მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს „ტ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა. ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-... კმ-ზე. მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №01.72.14.... (მიწის ნაკვეთი:19000 კვ.მ. შენობა-ნაგებობა №1- დან №13-ის ჩათვლით) გამოთხოვილ იქნა შ.პ.ს. „კ. თ.“-ს უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე სს „ტ..“

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. თ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ივნისის განჩინებით შპს „კ. თ.“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. თ.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართვლოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 იანვრის განჩინებით შპს „კ. თ.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

2019 წლის 8 აპრილს შპს „ღ. ს.“ წარმომადგენელმა ი. ს-მა განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამრთლოს 2017 წლის 6 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით შპს „ღ. ს.“ განცხადება დარჩა განუხილველად.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ღ. ს.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინებით შპს „ღ. ს.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ღ. ს.“ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ღ. ს.“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი კერძო საჩივრით გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება შპს „ღ. ქ.“ კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 ივლისის განჩინება წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას, რომელიც საბოლოოა და მისი კერძო საჩივრით გასაჩივრებას საპროცესო კანომდებლობა არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიიჩნევს, რომ შპს „ღ. ქ.“ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ღ. ს.“ კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი