საქმე №ას-1127-2018 24 აპრილი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შ. კ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ე-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ე. ე-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მარწმუნებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. კ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან რწმუნებული) მიმართ, მოპასუხისათვის 2 260 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა გაეწია სამართლებრივი დახმარება, რის გამოც, მას მოსარჩელემ ეტაპობრივად 2 260 ლარი გადაუხადა. მოპასუხეს სამართლებრივი დახმარება არ გაუწევია და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები შეუსრულებია, თუმცა არ უბრუნებს მარწმუნებელს გადახდილ თანხას.
2. მოპასუხის პოზიცია:
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 1 სექტემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შესაგებლის შეუტანლობის გამო) სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 260 ლარის გადახდა;
3.2. ამავე სასამართლოს 2016 (2017) წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რწმუნებულმა და მოითხოვა მათი გაუქმება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:
1.2.1. საქმეში წარმოდგენილი გზავნილის ჩაბარების ბარათის თაობაზე საფოსტო უკუგზავნილის მონაცემებით დადასტურებულია, რომ სარჩელი და თანდართული მასალები 2017 წლის 17 ივლისს პირადად ჩაბარდა მოპასუხეს;
1.2.2. არ არსებობს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მხრიდან გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების საკითხის არასწორად გამოკვლევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში დადგენილად მიჩნეული გარემოებები გამყარებულია საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებით, რაც შეეხება მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობის შემოწმებას, პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები არასწორად იქნა მოძიებული, როგორც პირველი, ისე _ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეს პირადად ჩაბარდა სარჩელი და თანდართული მასალები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 183-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განესაზღვრა შესაგებლის წარდგენის 10-დღიანი ვადა და ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, განემარტა შესაგებლის წარუდგენლობის შედეგები. დადგენილია, რომ მოპასუხემ არასაპატიოდ არ წარადგინა შესაგებელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დადასტურებულად მიიჩნევა სარჩელში მითითებული შემდეგი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები: მხარეთა შორის დაიდო დავალების ხელშეკრულება (სკ-ის 709-ე მუხლი), რომლის ფარგლებშიც მოპასუხეს მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე უნდა შეესრულებინა მოქმედება _ გაეწია იურიდიული მომსახურება; მან მარწმუნებლისაგან წინასწარ მიიღო დავალების საზღაური 2 260 ლარი (სკ-ის 710-ე მუხლი); რწმუნებულმა დაარღვია ვალდებულება, არ შეასრულა შეთანხმებით გთვალისწინებული მოქმედება, მარწმუნებელი გავიდა დავალების ხელშეკრულებიდან, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მისი მოთხოვნა ორმხრივი რესტიტუციის თაობაზე დასაბუთებულია. პალატა აქვე განმარტავს, რომ მოპასუხის შედავების არარსებობის პირობებში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ შეამოწმებს ხელშეკრულებიდან გასვლის პროცედურულ წინაპირობებს (სკ-ის 405-ე მუხლი). საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორი ვერ ამტკიცებს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, შესაგებლის შეუტანლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობებთან დაკავშირებით, არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 06.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შ. კ-ეს (პ/#5700100...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 06.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი