Facebook Twitter

საქმე №ას-1773-2018 6 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ჯ. პ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.“, მ. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს შპს „ს. ჯ. პ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.“ და მ. ა-ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტები, კასატორის მოწინააღმდეგე მხარეები. პირველი მოპასუხე ასევე, წოდებული, როგორც მოვალე, ხოლო, მეორე მოპასუხე _ იპოთეკის საგნის მესაკუთრე) მიმართ, პირველი მოპასუხისათვის 1 560 693,84 ლარის, ასევე, ყოველთვიურად, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 15 606 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული ქონების (ს/კ #01.14.11...., შემდგომში _ იპოთეკის საგანი) სარეალიზაციოდ მიქცევა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2011 წლის 8 ნოემბერს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა ნავთობპროდუქტების ნასყიდობის ხელშეკრულება. ამავე დღეს სამივე მხარეს შორის გაფორმდა მეორადი იპოთეკის ხელშეკრულებაც, რომლის საფუძველზე პირველი მოპასუხის ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება. მყიდველს გადახდილი არ აქვს ნავთობპროდუქტების ღირებულება, რომელიც 1 560 693,84 ლარს შეადგენს.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი/განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებით _ ანგარიშ-ფაქტურით მოთხოვნილი ოდენობით ნასყიდობის საგნის მიწოდების ფაქტი არ დასტურდება, გარდა ამისა, მოთხოვნა ხანდაზმულია და ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი განაცხადოს შესრულებაზე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ისევე, როგორც მოპასუხეებს უარი ეთქვათ იურიდიული მომსახურების გამო გაწეული ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრებაზე.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეიცვალა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მოსარჩელეს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისრა 5 000-5 000 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და მოპასუხეებისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. როგორც პირველი, ისე _ მეორე მოპასუხე იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 5 000-5 000 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრებას ამყარებდა საქმეში წარმოდგენილ 2018 წლის 6 და 7 თებერვლის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებებზე;

1.2.2. განსახილველი დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 1 560 693,84 ლარს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უპირველესად შენიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის საგანს პროცესის ხარჯების წაგებული მხარისათვის დაკისრება და არა დავის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლიანობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, პალატის შეფასების საგანიც სწორედ იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების საფუძვლიანობა იქნება. პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით სამართლიანად გამოიყენა/განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავა მოპასუხეთა სასარგებლოდ დასრულდა, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ცენზის (4%) გათვალისწინებით მართებულად მიიჩნია სამართლიან დაკმაყოფილებად თითოეული მოპასუხის სასარგებლოდ 5 000-5 000 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება. საკასაციო პალატა, ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით დამატებით განმარტავს, რომ როგორც წესი, მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან... ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი). საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ მხარეებსა და მათ წარმომადგენელს შორის წარმოშობილია სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულება (სკ 709-ე მუხლი), სამოქალაქო კოდექსის 710-ე მულის პირველი ნაწილის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამდენად, რადგანაც ირკვევა მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, ასევე ის გარემოება, რომ მარწმუნებელს მომსახურების ხარჯის გადახდის ვალდებულება დავის დასრულების შემდგომ წარმოეშობა, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა პრეტენზია ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია. თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მართლმსაჯულების განხორციელების გამო მოგებული მხარის ინტერესების დაცვის პროცენტულ ზღვარს და კანონმდებლობით გათვალისწინებულია, როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი დავისას იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი. 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით (მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-330-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი; №ას-734-702-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-353-331-2017, 23 ივნისი, 2017 წელი).

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს თ. ჯ-ის მიერ კასატორის სახელით 15.11.2018წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. ჯ. პ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ს. ჯ. პ.“ (ს/კ #202352...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს თ. ჯ-ის მიერ კასატორის სახელით 15.11.2018წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 500 ლარის 70% _ 350 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი