საქმე №ას-1134-2018 29 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ხ-ის უფლებამონაცვლეები: მ., ა., ე. ხ-ები, ე. ნ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ბ. ხ-მა (უფლებამონაცვლეები: _ მ., ა., ე.ხ-ები, ე. ნ-ი, შემდგომში წოდებული, როგორც მოსარჩელე, ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან სამინისტრო) მიმართ და მოითხოვა მხარეთა შორის 2007 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების იმ ნაწილში ბათილად ცნობა, რომლითაც მოსარჩელემ სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა ქ.თბილისში, ... გამზირის #..-ში მდებარე უძრავი ქონება (486,6 კვ.მ #7 შენობა-ნაგებობა; მეორე სართული: 105,42 კვ.მ, 27,60 კვ.მ; 23,87 კვ.მ; 27,6 კვ, შემდგომში _ სადავო უძრავი ქონება), ასევე, უსასყიდლოდ გადაცემული ფართის ღირებულების _ 796 620 აშშ დოლარისა და 2007 წლის 27 ივლისიდან სარჩელის აღძვრამდე ამ თანხის წლიური 11%-ის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ.თბილისში, ... გამზირის #...-ში მდებარე უძრავი ქონების ნაწილი _ 468,6 კვ. მეტრი ეკუთვნოდა მოსარჩელეს. სახელმწიფოს მაღალჩინოსნების მხრიდან, 2007 წელს დაიწყო მისი, როგორც შპს „კ. ტ. კ.“ (შემდგომში _ კომპანია) პარტნიორის შევიწროება საზოგადოებაში მისი წილის ჩამორთმევის მიზნით. 2007 წლის ზაფხულში სამართალდამცავი ორგანოების მუშაკებმა შესთავაზეს მოსარჩელეს, სახელწიფოსათვის უსასყიდოლოდ საკუთრებაში გადაეცა სადავო უძრავი ქონება, რათა კომპანიაში მის წილს არ შექმნოდა საფრთხე. ქონების დაკარგვის რეალური საშიშროების თავიდან ასაცილებლად, მოსარჩელე იძულებული გახდა, სადავო უძრავი ქონება გადაეცა სახელმწიფოსათვის. იმავე მოტივით მოსარჩელემ იძულებით მიიღო მონაწილეობა 2007 წლის 3 სექტემბერს გამართულ აუქციონში, სადაც გასაყიდად იყო გატანილი შპს „წ. ს.“ სახელმწიფოს 100%-იანი წილი. ხსენებული შეფასებული იყო 35 840 აშშ დოლარად, ხოლო, მოსარჩელემ იგი 1 480 000 აშშ დოლარად შეიძინა, რაც მოსარჩელის მიმართ იძულების ფაქტს ადასტურებს. 2011 წლის თებერვალში მოსარჩელეს აღუძრეს დევნა აბსურდული ბრალდებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა), დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდეს პატიმრობა. მოგვიანებით, 2011 წლის 13 მაისს, სასამართლოს განაჩენის საფუძველზე მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საპყრობილედან გათავისუფლდა 2012 წლის დეკემბერში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შუამდგომლობის საფუძველზე შეწყალების გამო. საპყრობილეში ყოფნის დროს შპს „კ. ტ. კ.“ და შპს „კ. ტ. პ.“ კუთვნილი წილების გასხვისების მიზნით, მის მიმართ ხორციელდებოდა სასტიკი ზეწოლა, სისტემატური ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა, მუქარა, როგორც პირადად, ისე _ ოჯახის წევრების მიმართ. საპყრობილეში განვითარებული მოვლენების გამო, მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები იძულებული გახდნენ 2012 წლის 20 აპრილს გაეცათ მინდობილობა ნათესავ ილია ხარძიანის სახელზე, რათა ამ უკანასკნელს გაესხვისებინა შპს „კ. ტ. კ.“ და შპს „კ. ტ. პ.“ მოსარჩელის კუთვნილი წილები. ხსენებული მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენელმა იმავე დღეს გადააფორმა წილები პანამაში რეგისტრირებულ სს „უ. ს.“. 2011 წლის 26 ივლისს მოპასუხემ მოსარჩელის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული ქონება გაასხვისა შპს „ველაჯიოზე“. უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ღირებულება, სარჩელის აღძვრის დროისათვის (იგი ამ დროისათვის დემონტირებულია) 468 600 აშშ დოლარს შეადგენს. გარდა ფაქტობრივი დანაკლისისა, ქონების ამგვარად გადაცემით მოსარჩელეს ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახითაც მიადგა. იმ შემთხვევაში, თუკი მას დროულად გადაეცემოდა გასხვისებული ქონების ღირებულება, ამ თანხის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში, იგი მიიღებდა მოგებას წლიური 11%-ის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გარიგება, რომლის საფუძველზეც სადავო ქონება საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს, სანოტარო წესით დამოწმდა 2007 წლის 27 ივლისს, მოსარჩელეს კი, სარჩელი აღძრული აქვს სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ _ 2013 წლის 21 ოქტომბერს. შესაგებლით სადავოდაა გამხდარი მოთხოვნილი კომპენსაციის ოდენობაც იმ დასაბუთებით, რომ ქონება დღეისათვის დემონტირებულია და მისი ღირებულების განსაზღვრა ვერ ხერხდება. შესაგებლით დავის არსებით ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში წარმოდგენილი მარტივი შედავება, კერძოდ, მოპასუხე შემოიფარგლა მხოლოდ ფაქტების უარყოფით, რაც შეეხება თანხის დაკისრების საფუძველს, მოთხოვნა შედავებულია სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე მითითებით, კერძოდ, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ამ ნორმის თანახმად, დაბრუნებას ექვემდებარება ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული და არა უსასყიდლოდ _ ჩუქების გზით გადაცემული ქონება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2007 წლის 27 ივლისს დადებული ხელშეკრულება სადავო უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 796 620 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხეჯმ, მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 მაისის განჩინებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის უფლებამონაცვლეების სასარგებლოდ დაეკისრა 796 620 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა სამკვიდროში თითოეული უფლებამონაცვლის წილის შესაბამისად, კერძოდ, ეთერ, მიხეილ და ანა ხარძიანების სასარგებლოდ თითოეულისათვის თანხის 1/12-ის _ 66 385 აშშ დოლარის, ხოლო, ეკა ნონიკაშვილის სასარგებლოდ _ 9/12-ის, 597 465 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ლარის გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2007 წლის 27 ივლისს, ერთი მხრივ, ბ. ხ-ს, ბ. ფ-ეს, დ. ხ-ას, ვ. ბ-ეს, თ. ხ-ს, მ. ს-ას, მ. დ-ეს, ო. ხ-ას, ი.ს.ს. „მ.“ და, მეორე მხრივ, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ. ამ ხელშეკრულებით ბ. ხ-მა სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა ქ.თბილისში, ... გამზირის #...-ში მდებარე შენობა-ნაგებობა #7, ფართით - 468,6 კვ.მ, აქედან - II სართული 105,42 კვ.მ; II სართული - 27,60 კვ.მ; II სართული - 23,87 კვ.მ; II სართული - 27,6 კვ.მ;
1.2.2. 2011 წლის 26 ივლისს მოპასუხემ ქ.თბილისში, ... გამზირის #...-ში მდებარე სადავო უძრავი ქონება გაასხვისა შპს „ვ.“;
1.2.3. მოწმეებმა: თ. ბ-მა, გ. ა-ემ და დ. ჭ-ემ განმარტეს, რომ წარმოადგენდნენ ქ.თბილისში ... გამზირის #...-ში მდებარე უძრავი ნივთის (სასტუმრო აფხაზეთი) მესაკუთრეებს და მათ, ისევე როგორც ბ. ხ-მა, სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს კუთვნილი უძრავი ქონება. მოწმეებმა მიუთითეს, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადებას წინ უძღოდა მათი არაერთი დაბარება ფინანსურ პოლიციაში, სადაც სთხოვდნენ ქონების გადაფორმებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუთითებდნენ, რომ საფრთხე შეექმნებოდა მათ და მათი ოჯახის წევრების თავისუფლებას. მოწმეებმა განმარტეს, რომ შექმნილ ვითარებაში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქონება ეჩუქებინათ სახელმწიფოსათვის. მოწმეებმა დაზუსტებით ვერ მიუთითეს თუ ვინ ახორციელებდა იძულებას მოსარჩელეზე ან რა სახით.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, შესაბამისად, სახეზე არ არის მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გარიგება, რომლის იურიდიული ძალმოსილებაც წინამდებარე სარჩელითაა შედავებული, დადებულია ისეთ პირობებში, რომელთა დადასტურება შესაძლოა თეორიულად ამტკიცებდეს მხარის ნებაზე იმგვარი იძულების არსებობას, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 85-ე და მომდევნო ნორმების შემადგენლობას იძლეოდეს. ასეთ შემთხვევაში, შესამოწმებელი იქნებოდა მოპასუხის შედავება საცილო გარიგებისას შეცილების უფლების მქონე პირის მიერ ამ უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით (სკ-ის 89-ე მუხლი. აქვე უნდა განიმარტოს, რომ სამართლის დოქტრინაში განვითარებული მოსაზრების თანახმად, სასამართლომ ყოველთვის უნდა შეამოწმოს შეცილების ვადა, მიუხედავად იმისა, მოპასუხე დაიცავს თუ არა თავს ამგვარი შედავებით), თუმცა, აღნიშნული საკითხი დავის სხვაგვარად გადაწყვეტას ვერ გამოიწვევს. ამ თვალსაზრისით პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზოგადად საცილო გარიგების სამართლებრივი თავისებურება ისაა, რომ თუკი იგი დადგენილ ვადაში არ იქნება შეცილებული, გარიგება იურიდიულ ძალმოსილებას მიიღებს და შემდგომში მისი ბათილად ცნობა დაუშვებელი იქნება, თუმცა, საცილო გარიგებისაგან განსხვავებით, უცილოდ ბათილი გარიგების თავისებურება ისაა, რომ მას მიუხედავად შეცილებისა, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას, რომ სარჩელში მხარის მიერ მოთხოვნის საფუძვლის არასწორად განსაზღვრა ვერ გახდება სარჩელის უარყოფის საფუძველი, თუკი არსებობს სამართლის ნორმა, რომელიც ახდენს პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვას. ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს სამართალში მოქმედი პრინციპიდან _ „jura novit curia“ (სასამართლომ იცის კანონი), შესაბამისად, სარჩელის წარმატებულობის კვლევისას საქმის განმხილველი მოსამართლე ვალდებულია, ყველა სამართლებრივი საშუალების ფარგლებში შეამოწმოს სარჩელის საფუძვლიანობის საკითხი.
1.5. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას მოსარჩელესა და სახელმწიფოს შორის უცილოდ ბათილი _ ამორალური გარიგების დადების თაობაზე (სკ-ის 54-ე მუხლი), რომლის ფარგლებშიც გარიგების კანონიერების პრეზუმფციის შერყევისათვის საკმარისი იყო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები და წარდგენილი მტკიცებულებები, ხოლო, გარიგების კანონიერების მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ სახელმწიფოს ეკისრებოდა, რომელმაც სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა ძვირადღირებული ქონების ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა, კერძოდ, რა განსაკუთრებული სამართლებრივი წინაპირობა არსებობდა ამგვარი გარიგების დადებისათვის. აქვე პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მოპასუხის საპროცესო თავდაცვის საშუალებასთან მიმაღთებაში: შესაგებელი არსებითი ხასიათის შედავებას ფაქტობრივად მხოლოდ გარიგების შეცილების საკითხთან დაკავშირებით შეიცავს, სხვა მხრივ მხარეს არავითარი დასაბუთება სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია, რაც სარჩელში მოხმობილი ფაქტების უდავოდ მიჩნევას განაპირობებს, ხოლო მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან და 219-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოთხოვნის განმაპირობებელი ფაქტების შემდგომში შედავების უფლება ერთმევა (გარდა საგამონაკლისო შემთხვევისა, რომლის არარსებობაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია).
1.6. ისეთ ვითარებაში, როდესაც დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულებას საფუძვლად არ ედო მოსარჩელის ნამდვილი ნება და იგი ამორალურია, ამასთან არ არის გასული მოთხოვნის ხანდაზმულობის საერთო, 10-წლიანი ვადა (სკ-ის 128.3, 130-ე, 131-ე მუხლები. გარიგება დადებულია 27.07.2007წ. ხოლო, სარჩელი სასამართლოში აღძრულია 21.10.2013წ.) სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ქონების ღირებულების ანაზღაურება იურიდიულად გამართლებული და დასაბუთებულია.
1.7. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც კონდიქციური მოთხოვნების თაობაზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
საკასაციო საჩივრის დასაშვების შემოწმებამდე პალატას განცხადებით მომართა კასატორმა, წარმოადგინა გამოძიების მასალები და მოითხოვა მათი საქმისათვის დართვა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენას დაუშვებლად მიიჩნევს, რამდენადაც ამ ინსტანციის სასამართლოში ფაქტობრივი გარემოებების დადგენა არ ხდება. საკასაციო სასამართლო საკასაციო პრეტენზიათა საფუძვლიანობას ამოწმებს საქმეში უკვე წარმოდგენილი მტკიცებულებების, სასამართლო სხდომის ოქმებში ასახული მხარეთა განმარტებებისა და გადაწყვეტილებებში გადმოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი შეფასებების შესწავლის საფუძველზე, შესაბამისად, პალატა სრულადაა მოკლებული პროცესუალურ შესაძლებლობას, მიიღოს ხსენებული დოკუმენტები და შეფასება მისცეს მათ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უარს აცხადებს მტკიცებულებათა მიღებაზე და უბრუნებს მათ კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორს დაუბრუნდეს 2019 წლის 2 აპრილის #ა-1583-19 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 4 (ოთხი) ფურცლად, ასევე, 2019 წლის 26 ივლისის #ა-3724-19 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 6 (ექვსი) ფურცლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი