საქმე №ას-1129-2018 4 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ა.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მორალური ზიანის ოდენობის 1 500 ლარით განსაზღვრა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ა. ხ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, კომპანია ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა 2013 წლის 1 აპრილიდან შრომისუნარიანობის აღდგენამდე ყოველთვიურად სარჩოს _ 300 ლარის, მკურნალობის ხარჯის _ 13 704,30 ლარისა (საიდანაც უშუალოდ მკურნალობის ხარჯია 5 160 ევრო, საფრანგეთში მგზავროვის ხარჯი _ 1 359,70 ლარი, სასტუმროს ხარჯი _ 1 100 ლარი) და მორალური ზიანის _ 15 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში მცხობელად. 2013 წლის 30 მარტს, ღამის საათებში მუშაობის დროს, დაზგაზე შეხებისას დაიზიანა ხელი, დაზგამ მოაჭრა ორი თითი. მოპასუხემ უზრუნველყო მისი სომხეთში გამგზავრება თითების აღსადგენად, რაც ვერ მოხერხდა. გახდა შრომისუუნარო და დარჩა უმუშევარი, 2013 წლის 1 აპრილიდან გათავისუფლებულია სამსახურიდან. ოპერაციის გაკეთება და მკურნალობა შესაძლებელია უცხოურ კლინიკებში, ერთ-ერთი ასეთი კლინიკაა ა.ე. ფაბრის ბერნარდი. ჯანმრთელობის დაზიანებას თან ახლდა ტკივილები, სტრესი, რაც დღემდე გრძელდება. მომხდარისა და მის შედეგად გამოწვეული ტკივილების გამო მოსარჩელე იმყოფება დეპრესიაში.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ დაზიანება მიიღო სამუშაო საათების დამთავრებისას, მისი სამუშაო სივრცის დალაგებისას. უსაფრთხოების წესების მიხედვით, ასევე, სამუშაო ცვლის დამთავრების გამო, ამ დროს დაზგა უნდა ყოფილიყო გამორთული, რაც მოსარჩელის მოვალეობას წარმოადგენდა. ნაცვლად ამისა, ის შეუდგა ჩართული და მოქმედებაში მყოფი დაზგის დასუფთავებას. ამით მოსარჩელემ დაარღვია უსაფრთხოების წესები, დაზგამ მას მოაჭრა მარცხენა ხელის ორი თითის ზედა ფალანგები (და არა მთლიანი თითები). მოსარჩელე არ არის შრომისუუნარო. უცხოურ კლინიკაში ჩასატარებელი ოპერაცია კოსმეტიკური ხასიათისაა და შრომისუნარიანობის აღდგენასთან დაკავშირებული არ არის. მას შემდეგ, რაც საქართველოს კლინიკებში უარი განაცხადეს ოპერაციის ჩატარებაზე, კომპანიამ დაზარალებული გაამგზავრა სომხეთის რესპუბლიკაში და გადაიხადა მოსარჩელის გამგზავრების, ცხოვრებისა და მკურნალობის ხარჯები. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის, მას რამდენიმეჯერ შესთავაზა საკანცელარიო სამუშაოს შესრულება სახელფასო სარგოს შენარჩუნებით, მაგრამ მოსარჩელემ უარი განაცხადა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ 2013 წლის 1 აპრილიდან მოსარჩელის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევამდე დაეკისრა ყოველთვიური სარჩოს _ 25 ლარის, ასევე, მორალური ზიანის სახით 5 000 ლარის გადახდა, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და მორალური ზიანის ოდენობის 1 500 ლარით განსაზღვრა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე 2011 წლის 1 სექტემბრიდან 2013 წლის 1 აპრილამდე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში მცხობელად და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 300 ლარს;
1.2.2. 2013 წლის 29 მარტს, საღამოს 8:00 საათიდან 2013 წლის 30 მარტის დილის 8:00 საათამდე, მოსარჩელე მუშაობდა ღამის ცვლით. 2013 წლის 30 მარტს დილით, ცვლის დამთავრებისას შეუდგა ცომსაჭრელი დანადგარის (დაზგის) გასუფთავებას, ისე, რომ დანადგარი არ ჰქონდა გამორთული. დანადგარის ძირში მიკრული ცომის ამოწმენდისას მოსარჩელემ დაიზიანა ხელი, კერძოდ, მარცხენა მტევნის მე-3 თითი გადაიჭრა შუა ფალანგის დონეზე, ხოლო, მე-4 თითი _ საფრჩხილე ფალანგის დონეზე;
1.2.3. ცომსაჭრელი დანადგარის მესაკუთრეს, რომლის ექსპლუატაციის შედეგადაც მიადგა მოსარჩელეს სხეულის დაზიანება, წარმოადგენს მოპასუხე;
1.2.4. დანადგარის ჩართვა, გამორთვა და გაწმენდა შედიოდა მასზე მომუშავე მცხობელის, კონკრეტულ შემთხვევაში _ მოსარჩელის შრომითი მოვალეობაში;
1.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 30 იანვრის დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით 2014 წლის 17 იანვარს მოსარჩელეს აღენიშნებოდა მარცხენა მტევნის მე-4 თითის ამპუტაცია შუა და საფრჩხილე ფალანგების შესახსრების დონეზე და ამავე მტევნის მე-3 თითის ამპუტაცია შუა ფალანგის შუა მესამედის დონეზე, რაც მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, საერთო შრომისუნარის მყარი დაკარგვის 10%-ით;
1.2.6. მომხდარში ბრალეულობის 83% ეკუთვნის კომპანიას, ხოლო, 17% _ დაზარალებულს;
1.2.7. მოსარჩელის განმარტებით, მკურნალობისათვის მოთხოვნილი 13 704.20 ლარი წარმოადგენს არა შრომისუნარიანობის აღსადგენ (მკურნალობის) ხარჯებს, არამედ ხელის თითების კოსმეტიკური პროთეზირების ღირებულებას. აპელანტის განმარტებით, მკურნალობის ჩატარებას საფრანგეთში აღარ აპირებს და შესაბამისად, მოთხოვნილი ხარჯების გაღებაც მას აღარ მოუწევს.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზია მიმართულია მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრის სისწორისაკენ, კერძოდ, მხარე მოითხოვს მისი ნაცვლად 5 000 ლარისა, 1 500 ლარით განსაზღვრას. პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, შესაბამისად, სახეზე არ არის მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სახეზეა შრომითი მოვალეობისას დასაქმებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. შრომის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის საფუძვლიანობა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი დებულებებით უნდა მოწესრიგდეს. პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ ზიანი, სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციის შედეგადაა წარმოშობილი, შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებისათვის სახეზე უნდა იყოს ამავე ნორმის მე-3 ნაწილით განსაზღვრული მოვალის პასუხიმგებლობის გამომრიცხველი წინაპირობები. ამ მხრივ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შედავებას. რაც შეეხება პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრა მხარეთა გაუფრთხილებელი მოქმედების ხარისხი, რომელიც, სწორად დაუდო საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ყოველთვიურ სარჩოს. პალატა საკასაციო შედავების არარსებობის გამო, შეფასების გარეშე ტოვებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას მკურნალობის ხარჯის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, რაც შეეხება მორალურ ზიანს, სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის წინაპირობების არსებობა, მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რაც შეეხება ოდენობას, ამ მხრივ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები დასაბუთებულია, ხოლო, კასატორი ვერ ხსნის საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვილის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ი. კ-ის მიერ 13.07.2018წ. #6822214320 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:
წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს ერთვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილი საკასაციო სასამართლოში მტკიცებულებების წარმოდგენას ზოგადად დაუშვებლად მიიჩნევს, მით უფრო პროცესუალურად გაუმართლებელია საქმეში დედნის სახით არსებული იმ გადაწყვეტილების კვლავ წარმოდგენა, რომლის კანონიერებაც სასამართლომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში უნდა შეამოწმოს. ამდენად, პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, უარს აცხადებს ხსენებული დოკუმენტის მიღებაზე და უბრუნებს კასატორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ა.“ (ს/კ #40490...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ი. კ-ის მიერ 13.07.2018წ. #682221... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. კასატორს ასევე დაუბრუნდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი 15 (თხუთმეტი) ფურცლად (ტ. II, ს.ფ. 181-195).
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური