საქმე №ას-926-2019 16 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – ი. კ-ა, დ. თ-ი, გ. და გ. ბ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნინო ბენიძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და აპელანტების შუამდგომლობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მათი ინფორმირება კანონით დადგენილი წესით
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
ნ. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. კ-ას, დ. თ-ის, გ. და გ. ბ-ების (შემდგომში _ მოპასუხეები, აპელანტები ან კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებული ნივთის მოსარჩელის მფლობელობაში დაბრუნების მოთხოვნით;
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით-სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გამოთავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით-სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და აპელანტების შუამდგომლობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მათი ინფორმირება კანონით დადგენილი წესით. კერძო საჩივრის თანახმად, 2018 წლის 17 დეკემბერს სააპელაციო სასამართლომ საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და აპელანტებს 10-დღიანი ვადის დაცვით დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. აღნიშნული განჩინება მხარეებს ჩაბარდათ 2019 წლის 5 აპრილს. საპროცესო ვადის გასვლამდე 5 დღით ადრე მხარეებმა იშუამდგომლეს დადგენილი ვადის 14 დღის გაგრძელების თაობაზე. სასამართლომ კი, 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, შუამდგომლობა უსაფუძვლოდ მიიჩნია და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რაც არასწორია, რადგანაც, თუკი სასამართლო არ დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას, მას დროულად უნდა ეცნობებინა მხარისათვის, რათა დარჩენილ საპროცესო ვადაში უზრუნველეყოთ ხარვეზის გამოსწორება. თუკი ეს ვადა უშედეგოდ გავიდოდა, მხოლოდ მაშინ იქნებოდა გამართლებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ას, დ. თ-ის, გ. და გ. ბ-ების კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ შემდეგ საკითხებზე:
1.2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ სახელმწიფო ბაჟის _ 80 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სასამართლოში წარდგენა. საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრა 10 დღით;
1.2.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტებს ჩაბარდათ 2019 წლის 5 აპრილს, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორების ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 6 აპრილს და ამოიწურა 15 აპრილს (სსსკ-ის 62.2 და 61.3 მუხლები);
1.2.3. 2019 წლის 11 აპრილს სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს აპელანტებმა და მოითხოვეს საპროცესო ვადის 14 დღით გაგრძელება;
1.2.4. აპელანტთა ხსენებულ შუამდგომლობაზე სასამართლომ იმსჯელა 2019 წლის 22 აპრილს და დაუსაბუთებლად მიიჩნია იგი, ხოლო სააპელაციო საჩივარი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო დატოვა განუხილველად.
1.3. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების არასწორად გამოყენების თოაბაზე და განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სასამართლო ხელმისაწვდომობის პრინციპი ასახულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის აღნიშნული ჩანაწერი არ არის ფორმალური ხიასიათის და ემსახურება ამ უფლების რეალიზაციას. საპროცესო სამართალი წარმოადგენს რა საქმის განხილვის წესების კოდიფიკაციას, მისი განმარტება უნდა მოხდეს მხარის უფლებათა დაცვის კონნტექსტში, კერძოდ, ხელი უნდა შეეწყოს პირს უფლების რეალიზაციაში და არა პირიქით. ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს თავად ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომელიც სასამართლო ხელმისაწვდობის ობიექტური და არა ილუზორული გარანტიაა.
1.4. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მხარეს მართლაც ჰქონდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა დარჩენილი და, იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის ფარგლებში, იგი დროულად შეამოწმებდა შუამდგომლობის საფუძვლიანობას, თუნდაც მისი უარყოფის შემთხვევაში, მხარეს უნდა დარჩენოდა დრო დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესასრულებლად, გარდა ამისა, საქმის მომზადების წერილობითი პროცესის დასრულებამდე სასამართლოსათვის ამა თუ იმ შუამდგომლობით მიმართვისას სამართალწარმოების სუბიექტს ყოველთვის აქვს ლეგიტიმური მოლოდინი, მიიღოს მოტივირებული პასუხი სასამართლოსაგან, ხოლო, იმ ვითარებაში, თუკი საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილებისათვის მას ჩამორთმეული არ აქვს შუადგომლობის დაყენების უფლება (სსსკ-ის 216-ე მუხლი), მისი მოლოდინი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გამართლებულია.
1.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საკასაციო პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა უნდა შეამოწმოს საჩივრის წარმოებაში მიღების წინაპიროები.
2. კერძო საჩივარზე ზედმეტად გადახდილი ბაჟის დაბრუნების საკითხი:
2.1. განსახილველი დავა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეა, რის გამოც, ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული ბაჟი, ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ექვემდებარება განახევრებას.
2.2. ვინაიდან კერძო საჩივარზე გადახდილია 50 ლარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სსსკ-ის მე-7 მუხლი) კერძო საჩივრის ავტორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-14, 42-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. კ-ას, დ. თ-ის, გ. და გ. ბ-ების კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. ი. კ-ას (პ/#01010019...), დ. თ-ს (პ/#010100...), გ. ბ-ესა (პ/#010080...) და გ. ბ-ეს (პ/#0101000.-...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150) დაუბრუნდეთ გ. ბ-ის მიერ 06.06.2019წ. #0 საგადახდო დავალებით ზედმეტად გადახდილი 25 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური