საქმე №ას-461-2019 26 ივლისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა. ი-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების, 22.03.2018წ. საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – მამობის დადგენა, გვარის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. თ. ხ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ალექსანდრე ივანიშვილის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ, მოპასუხის მოსარჩელის მამად აღიარებისა და დაბადების სააქტო ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების შეტანის მოთხოვნით, კერძოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მამის გრაფაში მოპასუხის მითითება, ხოლო სააქტო ჩანაწერის სხვა მონაცემების უცვლელად დატოვება, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მისთვის მოპასუხის გვარის მინიჭება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე დაიბადა 19... წლის ... მაისს ქ.თბილისში. მისი მშობლები: დედა _ მ. ხ-ი და მამა _ ა. ი-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. მას შემდეგ რაც მოპასუხემ შეიტყო მოსარჩელის დედის ორსულობის თაობაზე, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა. მოპასუხე ცდილობდა, თავიდან აერიდებინა საკუთარი პასუხისმგებლობა შვილის მიმართ. ბავშვის დაბადების შემდეგ, მის დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მიეთითა მ. ხ-ი, მამის გრაფაში - ა., ხოლო გვარი, ი-ის ნაცვლად, დაფიქსირებულია ხ-ი. მოპასუხის მცდელობის მიუხედავად, აეცილებინა პასუხისმგებლობა შვილის მიმართ, მისი ნათესავები გარკვეული დახმარებას უწევდნენ მოსარჩელეს, კერძოდ, მოპასუხის ძმა ეხმარებოდა მათ შორის ფინანსურადაც. სს „ბ. ქ-ი“ მოსარჩელის სახელზე გახსნილი იყო საბანკო ანგარიში სადაც ერიცხებოდა თანხა. მოსარჩელის არაერთი მცდელობა ბიოლოგიურ მამასთან კომუნიკაციისა და გვარის მინიჭების თაობაზე დასრულდა უშედეგოდ.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ მარტივი შესაგებელი წარადგინა და განმარტა, რომ მოსარჩელის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში შესატანი მონაცემები თ. ხ-ის დედის მიერაა მიწოდებული. მოპასუხისათვის უცნობი იყო ის ფაქტი, რომ მისი ძმა _ ბ. ი-ი ფინანსურად ეხმარებოდა მოსარჩელეს. საყოველთაოდ ცნობილია იმ პირთა სიმრავლე, რომელთაც ერთჯერადად თუ ყოველთვიური დახმარების/შემწეობის სახით მატერიალურ დახმარებას უწევს ბ. ი-ი, შესაბამისად, მხოლოდ ფინანსური დახმარების გაწევა არ წარმოადგენს იმგვარ გარემოებას, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს ამ საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე გარემოება. მოპასუხემ სადავო გახადა ასევე ბიოლოგიური კვლევის შედეგები იმ დასაბუთებით, რომ ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამისი პირებისაგან აღებულ იქნა ლოყის ეპითელიუმის ნიმუშები. დასკვნის მიხედვით, „ა. ი-ის ბიოლოგიური მშობლის (მამობის) თეორიული ალბათობა თ. ხ-ის მიმართ შეადგენს 99.9999%-ს“. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის ჩატარების მხოლოდ ერთ-ერთ მეთოდს და იგი არ არის კატეგორიული, ტოვებს თუნდაც მცირე ალბათობას იმისა, რომ ა. ი-ი არ იყოს თ. ხ-ის ბიოლოგიური მამა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების/ დამატებითი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ხ-ის მამად ცნობილ იქნა ა. ი-ი, რის შესაბამისადაც ცვლილება შევიდა თ. ხ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ, მამის გრაფაში მიეთითა ა. ი-ი, ხოლო, დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები დარჩა უცვლელად;
3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა გვარის მინიჭების შესახებ დაკმაყოფილდა, თ. ხ-ის დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდა ცვლილება, კერძოდ, გვარის გრაფაში „ხ-ის“ ნაცვლად მიეთითა „ი-ი“; დაბადების სააქტო ჩანაწერში სხვა მონაცემები დარჩა უცვლელად.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და 2018 წლის 22 მარტის საოქმო განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოიხოვა მათი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა მხარემ, მოითხოვა მისი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და 2018 წლის 22 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. მოსარჩელე დაიბადა 19... წლის ... მაისს. მის დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულია „ა. გ. ძე ხ-ი“, ხოლო დედის გრაფაში - „მ. ხ-ი“;
1.2.2. მოსარჩელის დედამ, მ. რ. ასულმა ხ-მა (დაბადებული 19... წლის ... აპრილს) 2008 წლის 5 სექტემბერს შეიცვალა გვარი - „ხ-ზე“, რაზეც შედგა #148 სააქტო ჩანაწერი გვარის შეცვლის შესახებ;
1.2.3. მ. ხ-ი და ა. ი-ი რეგისტრირებულ ქორწინებაში არ ყოფილან;
1.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 იანვარს შედგენილი ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ა. ი-ი (დაბადებული ....06.19...წ., პირადი N010120...) არის თ. ხ-ის (დაბადებული ....05.19...წ., პირადი N010050...) ბიოლოგიური მამა. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის მიერ, გენეტიკური კვლევისათვის აღებული იქნა ლოყის ეპითელიუმის ნიმუში. გენეტიკური და სტატისტიკური ანალიზით, ა. ი-ისა და თ. ხ-ის გენეტიკური პროფილების შედარებით, იდენტური ალელების გამოყენებით გამოითვალა ბიოლოგიური მამობის ინდექსი. ა. ი-ის ბიოლოგიური მშობლობის (მამობის) თეორიული ალბათობა თ. ხ-ის მიმართ, გამოითვალა ფორმულით: PP=(1 -CPI)X100% და 99.9999% შეადგინა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მას არ მიეცა ალტერნატიული საექსპერტო დასკვნის წარდგენის შესაძლებლობა, თუმცა, ვინაიდან პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვერ გასცდება საკასაციო პრეტენზიებს, მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას. ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე კი, საპროცესო დარღვევა, თუკი მას არასწორი გადაწყვეტილების მიღება არ მოჰყოლია შედეგად, არ შეიძლება გადაწყვეტილების გაუქმებას დაედოს საფუძვლად. კასატორის ხსენებულ პრეტენზიასთან მიმართებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის კონტექსტში სასამართლომ შეაფასა ასევე სადავო საოქმო განჩინება და განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ექსპერტიზის განმეორებით დანიშვნის წესს სასამართლოს ინიციატივით და ამ წესის გამოყენების წინაპირობები შემდეგია: საკითხის გადაწყვეტისათვის მოსამართლეს არ უნდა გააჩნდეს სპეციალური ცოდნა, რომელიც დავის მოსაწესრიგებლად აუცილებელია და მოსამართლე არ უნდა ეთანხმებოდეს საქმეში არსებულ დასკვნას დაუსაბუთებლობის ან სხვა მსგავსი იურიდიული ძალის დოკუმენტთან წინააღმდეგობრიობის გამო. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სარწმუნო და დასაბუთებულია, შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან განმეორებითი ექსპერტიზის დანიშვნის მეორე და მესამე იმპერატიული წინაპირობა არ არსებობს, თუმცა, უდავოა ისიც, რომ მოპასუხე ალტერნატიულ დასკვნას (სსსკ-ის 162.2 მუხლი), საკვლევი მასალის მოპოვების წესიდან გამომდინარე, ვერ წარადგენდა. ეს გარემოებები ერთობლიობაში შესაძლოა ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით მიუთითებდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებული შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაზე, თუმცა, ამ პრინციპის დარღვეულად მიჩნევისათვის საკასაციო სასამართლოს უნდა გააჩნდეს მყარი საფუძველი _ დასაბუთებული საკასაციო შედავება. საკასაციო საჩივრის, ისევე, როგორც პირველ და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხის მიერ გამოთქმული შედავებების გათვალისწინებით ირკვევა, რომ კასატორი აპელირებს მხოლოდ უფლების შესაძლო დარღვევასა და მტკიცებულების მოპოვების შეუძლებლობაზე, თუმცა, სასამართლოსათვის, რომელსაც არ გააჩნია სპეციალური ცოდნა გენეტიკური კვლევის საკითხთან დაკავშირებით, კასატორს არ შეუთავაზებია იმგვარი დასაბუთება, სამეცნიერო კვლევა ან დარგის სპეციალისტის მიერ გამოთქმული დამაჯერებელი მსჯელობა, თუ რატომ არ არის საკმარისი ლოყის ეპითელიუმიდან აღებულ ნიმუშზე ჩატარებული კვლევა საკითხის გადასაწყვეტად და რა სამეცნიერო-ტექნოლოგიური მიღწევები უზრუნველყოფს სისხლით ჩატარებული გენეტიკური კვლევის შედეგების უფრო მეტ სიზუსტეს (ასეთის ჩატარების შესაძლებლობის შემთხვევაში). ამდენად, პალატა ასკვნის, რომ მხარის ერთადერთი პრეტენზია არ არის სარწმუნოდ დასაბუთებული და ვერ გახდება ვერც სააპელაციო პალატის განჩინების და ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.
1.5. რაც შეეხება დავის მატერიალურსამართლებრივ მხარეს, სასამართლო აღნიშნავს, რომ შესაფასებელია ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამობის დადგენა, რაც სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით რეგულირდება და მატერიალური ნორმა თავად ადგენს მტკიცების სტანდარტს, კერძოდ, ბიოლოგიური მამობა ასეთ შემთხვევაში, შეიძლება, როგორც გენეტიკური, ისე _ ანთროპოლოგიური კვლევით დადგინდეს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კვლევის გენეტიკურ მეთოდზე დაყრდნობით დაადგინა მხარეთა თითქმის 100%-იანი ბიოლოგიური კავშირი, რაც სარწმუნო და გასაზიარებელია. რაც შეეხება გვარის მიკუთვნებას, აღნიშნული სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება, რომლის შინაარსიც შემდეგია: შვილის გვარი განისაზღვრება მშობლების გვარის მიხედვით. თუ მშობლებს საერთო გვარი არა აქვთ, შვილს მიეკუთვნება დედის ან მამის გვარი, ან შეერთებული გვარი მშობლების შეთანხმებით. პალატა დამატებით განმარტავს, რომ მამობის დადგენა წარმოადგენს არა მხოლოდ მშობლისა და შვილის ბიოლოგიური კავშირის დადგენას ან ქონებრივი უფლება-მოვალეობების წარმოშობას, არამედ, ადამიანის უფლებათა ევროკონვენციის მე-8 მუხლის ფარგლებში პირის უფლებას, იცოდეს საკუთარი წარმომავლობა. ამ სპეციფიკის დავებში მნიშვნელობა ენიჭება ასევე დავის დროულ გადაწყვეტას. საქმეზე Mikulić v. Croatia, სადაც მომჩივანი დავობდა, რომ ხორვატიული სამართალი კაცებს, რომელთა წინააღმდეგაც მამობის დადგენის შესახებ წარდგენილია სარჩელი, არ ავალდებულებდა დნმ-ის ტესტის ჩატარების შესახებ სასამართლო ბრძანების დამორჩილებას, ასევე, აღნიშნავდა, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მისი მამის ვინაობის დაუდგენლობამ, მომჩივანი პიროვნულ წარმომავლობასთან დაკავშირებით გაურკვევლობაში დატოვა. ამასთან, სამართალწარმოება გადაჭარბებული ხანგრძლივობის იყო და სასამართლო პროცესის დაჩქარებისათვის არ არსებობდა სამართლებრივი დაცვის საშუალება. ევროპულმა სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევას. სასამართლომ განაცხადა, რომ მამობის დადგენის თაობაზე სარჩელის განხილვისას, ეროვნულ სასამართოებს მოეთხოვებათ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები. წინამდებარე საქმეში, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელმისაწვდომი პროცედურა არ იცავდა სამართლიან ბალანსს მომჩივნის უფლებას, პიროვნულ წარმომავლობასთან დაკავშირებით გაურკვევლობის ზედმეტი გაჭიანურების გარეშე აღმოფხვრას, ასევე, მომჩივანის სავარაუდო მამის მიერ დნმ-ის ტესტის ჩატარებაზე უარის თქმას შორის. შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოების არაეფექტურობამ მომჩივანი მის პიროვნულ იდენტობასთან დაკავშირებით განგრძობით გაურკვევლობაში დატოვა.
1.6. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დაუქორწინებელი მშობლებისაგან ბავშვის წარმომადვლობის დადგენის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
განსახილველი დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, 4 000 ლარით განისაზღვრება, ამასთან, ამავე კოდექსის მე-14 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი საქმეა, რომელზეც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნახევრდება და შეადგენს 150 ლარს. კასატორმა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 300 ლარი, შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი 150 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას (სსსკ-ის მე-7 და 42-ე მუხლები), ამასთან, საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს ასევე უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, მე-14, 42-ე, 391-ე, 401-ე, 404-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის მოთხოვნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ა. ი-ს (პ/#0101200...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ს. ს-ის მიერ 27.02.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 150 ლარი, ასევე, დარჩენილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი