საქმე №ას-340-2019 2 აგვისტო, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – ლ. და ზ. ყ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „თ. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. და ზ. ყვ-ების (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტები, კასატორები, მოვალეები. პირველი მოპასუხე ასევე წოდებული, როგორც მსესხებელი, ხოლო მეორე მოპასუხე _ სოლიდარული თავდები) მიმართ, პირველი და მეორე მოპასუხისათვის კრედიტორის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების _ 22 077,17 ლარის (საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 17 716,98 ლარს, სარგებელი _ 623,61 ლარს, პირგასამტეხლო _ 3 716,66 ლარს, ხოლო დაზღვევა _ 19,92 ლარს); 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირ თანხაზე _ 17 716,98 ლარზე დარიცხული წლიური 13,95%-ის (რაც თვეში 205,95 ლარს შეადგენს) დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ 2011 წლის 15 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 6 675,04 ლარის (საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 4 892,17 ლარს, სარგებელი _ 1 197,63 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო _ 585,24 ლარს), ასევე, 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე დავალიანების ძირ თანხაზე _ 4 892,17 ლარზე წლიური 36%-ის (რაც თვეში 146,76 ლარს შეადგენს) დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს დაიდო #1999101-2746075 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 22 700 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 1459 დღით, წლიური სარგებელი - 13.95%-ით. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ვალდებულების დარღვევისთვის განისაზღვრა პირგასამტეხლო _ 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას, აგრეთვე, ვადაგადაცილებული ერთი დღის შემდეგ დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ GPIH-ში. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და მეორე მოპასუხეს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა #1999101-2746075 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 22 700 ლარით ან მისი ეკვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში. 2016 წლის 15 იანვარს მოპასუხეებმა დაარღვიეს 2014 წლის 17 ნოემბერს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არ ასრულებენ ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლებისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება 22 077,17 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა 17 716,98 ლარია, პროცენტი _ 623,61 ლარი, ჯარიმა _ 716,66 ლარი და დაზღვევა _ 19,92 ლარი. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2011 წლის 15 ნოემბერს ასევე დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი TBC Prime Card 500-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. ბარათის წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. საკრედიტო ლიმიტი უნდა დაფარულიყო აუცილებელი მინიმალური თანხით. ბილინგის (დაანგარიშების) დღემდე ათვისებული საკრედიტო პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დაფარულიყო ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. ბილინგის თარიღად განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 11 რიცხვი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო _ 20 ლარი ვალდებულების ყოველი დარღვევისთვის და ამას დამატებული დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. 2015 წლის მაისში მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება, აღარ დაუფარავს დავალიანება, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 6 675,04 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხა 4 892,17 ლარია, პროცენტი _ 1 197,63 ლარი და ჯარიმა - 585,24 ლარი. როგორც აღინიშნა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ფორმდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისათვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. მოცემულ შემთხვევაში კრედიტორი ვერც მის მიერ გაცემულ ფულად სახსრებს იბრუნებს შემდგომში მისი დაკრედიტებისთვის და ვერც სარგებელს ვერ იღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით თავდებმა განმარტა, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, რადგანაც სესხის ხელშეკრულებით არანაირი ვალდებულება არ უკისრია, ის წარმოადგენდა თავდებს, ხოლო, მსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ თავდებისათვის მოსარჩელეს არ უცნობებია. თავად მსესხებელმა რეფინანსირებისათვის მიმართა მოსარჩელეს, თუმცა, კრედიტორმა, საკითხის გადაწყვეტის ნაცვლად, მიმართა სასამართლოს და სარჩელით მოითხოვა მთლიანად, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება. მოპასუხეებს სადავო არ გაუხდიათ ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულების დადებაც, რომლით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა გარკვეულმა ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა. აღნიშნულის თაობაზე ეცნობა კრედიტორს და ეთხოვა დარიცხული დავალიანების გადახდის გადანაწილება, რაზეც, თანხმობის ნაცვლად, ბანკმა სარჩელით მოითხოვა დავალიანების სრულად დაკისრება. 2014 წლის 17 ნოემბრის თავდებობის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა მხოლოდ საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები და თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 22 700 ლარით. შესაგებლით შედავებულია დავალიანების ოდენობა, რადგანაც, მოპასუხეთა განმარტებით, ძირი თანხის დავალიანება მოთხოვნილზე ნაკლებია, შესაბამისად, არასწორია არც სარგებლისა და არც პირგასამტეხლოს გამოანგარიშება.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის 17 ნოემბრის საბანკო კრედიტისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების - 18 732,11 ლარის (საიდანაც ძირი თანხა 17 716,98 ლარია, პროცენტი _ 623,61 ლარი, ჯარიმა _ 371,60 ლარი და დაზღვევა _ 19,92 ლარი); 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2018 წლის 16 ნოემბრამდე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ძირ თანხაზე _ 17 716,98 ლარზე წლიური 13,95%-ის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 205.95 ლარს) გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით პირველ მოპასუხეს ბანკის სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 15 ნოემბრის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების _ 6 675,04 ლარის (საიდანაც ძირი თანხა 4 892,17 ლარია, პროცენტი _ 1 197,63 ლარი და ჯარიმა _ 585,24 ლარი), ასევე, 2016 წლის 11 ოქტომბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) ვალდებულების სრულად შესრულებამდე, საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე _ 4 892,17 ლარზე, წლიური 36%-ის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს146,76 ლარს).
4. აპელანტების მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, ამ მოთხოვნის უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება (მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის უარყოფა).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. ბანკსა და მსესხებელს შორის 2014 წლის 17 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე კრედიტის სახით გაიცა 22 700 ლარი. კრედიტის ვადა განისაზღვრა 1459 დღით, ხოლო, წლიური საპროცენტო სარგებელი _ 13.95%-ით. კრედიტი უნდა დაფარულიყო ნაწილ-ნაწილ, ყოველი თვის 15 რიცხვში ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო: გრაფიკის ყოველი დარღვევისას 20 ლარის ოდენობით;
1.2.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2014 წლის 17 ნოემბერს კრედიტორსა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ძირითად მსესხებელთან ერთად #1999101-2746075 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სოლიდარულად შესრულების ვალდებულება იკისრა. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა 22 700 ლარით ან მისი ეკვივალენტით ნებისმიერ ვალუტაში განისაზღვრა;
1.2.3. 2016 წლის 15 იანვარს მოპასუხეებმა დაარღვიეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, ზედიზედ, სულ მცირე, ორჯერ კრედიტის დაბრუნების ვადას გადააცილეს. 2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით #1999101-2746075 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 22 077,17 ლარს (ძირი თანხა _ 17 716,98 ლარი, პროცენტი _ 623,61 ლარი, ჯარიმა _ 3 716,66 ლარი და დაზღვევა _ 19,92 ლარი);
1.2.4. კრედიტორსა და პირველ მოპასუხეს შორის 2011 წლის 15 ნოემბერს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს გადაეცა TBC Prime Card-ის საკრედიტო ბარათი 500-ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 36%-ს. საკრედიტო ლიმიტი უნდა დაფარულიყო ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს. დაანგარიშების თარიღად ყოველი კალენდარული თვის 11 რიცხვი განისაზღვრა. ვალდებულების ყოველი დარღვევისთვის პირგასამტეხლო 20 ლარით (დამატებული დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის) განისაზღვრა;
1.2.5. მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2015 წლის მაისში დაარღვია. საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 6 675,04 ლარის ოდენობით;
1.2.6. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში ითხოვდა, რაც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა, უპირველესად, შენიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის საგანი მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, პალატის შეფასების საგანიც სწორედ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერება იქნება. პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დადგენილია და ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, 264-ე მუხლი), შესაბამისად, საკითხის გადაწყვეტისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობისაა ის ფაქტები, რომ საკრედიტო დაწესებულებას _ ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის დაიდო სასყიდლიანი კრედიტის ორი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებათა ფარგლებში კი, მსესხებელმა იკისრა ვალდებულება, ნასესხებ თანხასთან ერთად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით გადაეხადა კრედიტორისათვის სარგებელი. ამ ხელშეკრულებათაგან ერთი უზრუნველყოფილ იქნა სოლიდარული თავდებობით. უდავოა, რომ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება მსესხებელმა დაარღვია და არც თავდებს გადაუხდია უზრუნველყოფილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა თავდებობის ფარგლებში. მოხმობილი ფაქტებიდან გამომდინარე, ბანკის მოთხოვნის მარეგულირებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 870-ე (1), 872-ე, 873-ე, 891 (1), 895-ე, 898-ე მუხლები წარმოადგენს, რაც შეეხება კრედიტის დაუბრუნებლობით გამოწვეულ მიუღებელ შემოსავალს, ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს ამ შემოსავლის მიღების პრეზუმფციასთან დაკავშირებით, რადგანაც თავად სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ საბანკო კრედიტი ყოველთვის სასყიდლიანია. გარდა ამისა, საქართველოში საბანკო ბაზარზე არსებული განაკვეთი საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია (სსსკ-ის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი), შესაბამისად, გამართლებულია ვარაუდი იმის თაობაზე, რომ კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში, ბანკი ამავე პირობებით შეძლებდა ამ თანხის სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენებას და მიიღებდა მოთხოვნილი ოდენობით შემოსავალს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა/განმარტა სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 411-ე მუხლები და სწორად განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის გამო მოვალეთა პასუხისმგებლობა მიყენებული ზიანისათვის (თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობის გათვალისწინებით).
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ №ას-1018-979-2016, 21 აპრილი, 2017 წელი). კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულიყო. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ზ. ყ-ის მიერ 15.03.2019წ. #12 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 267,75 ლარის 70% _ 184,425 ლარი, ხოლო ლ. ყ-ს (პ/#20001048509) დამატებით უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 15.03.2019წ. #12 საგადახდო დავალებით გადახდილი 264,20 ლარის 70% _ 184,94 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. და ზ. ყ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: ლ. ყ-სა (პ/#200010...) და ზ. ყ-ს (პ/#20001...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ზ. ყ-ის მიერ 15.03.2019წ. #12 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 267,75 ლარის 70% _ 184,425 ლარი, ხოლო, ლ. ყ-ს (პ/#2000104...) დამატებით დაუბრუნდეს მის მიერ 15.03.2019წ. #12 საგადახდო დავალებით გადახდილი 264,20 ლარის 70% _ 184,94 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი