Facebook Twitter

საქმე #ას-1162-2019 26 ნოემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე სს „მ. ჯ.“ განცხადების განსახილველად მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინების განმარტების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია დ. და ზ. ს-ების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე _ დ. ყ-ის სარჩელის გამო, დ. და ზ. ს-ების მიმართ, აქციების გადაცემის შესახებ გარიგების ბათილად ცნობისა და აქციებზე საკუთრების უფლების აღდგენის თაობაზე.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ დავაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც მხარეთა საჩივრების ფარგლებში 2018 წლის 14 მაისის განჩინებით ნაწილობრივ შეცვალა თბილისის სააპელაციო სასამართლომ.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა სს „მ. ჯ-ა“ და მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების აღსრულება აღმოჩნდა შეუძლებელი, რის გამოც, მოითხოვა მისი განმარტება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

დასახელებული ნორმა ადგენს გადაწყვეტილების/განჩინების განმარტებაზე უფლებამოსილ სასამართლოს, კერძოდ, ამგვარი საპროცესო უფლება გააჩნია სწორედ იმ სასამართლოს რომლის მიერაცაა მიღებული განსამარტი საპროცესო აქტი.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ განმცხადებელს სურს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისს მიღებული განჩინების (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე) განმარტება, შესაბამისად, განცხადების განხილვაზე უფლებამოსილი სწორედ ხსენებული სასამართლოა.

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე განცხადების განსახილველად მიღების სპეციალურ წესს არ ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შესაბამისად, საჭიროა საპროცესო ანალოგიის გამოყენება (სსსკ-ის მე-7 მუხლი). ამავე კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილისა და 187-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა მოტივირებულია იმით, რომ ეს სარჩელი ამ სასამართლოს განსჯადი არ არის, მოსამართლე ვალდებულია მიუთითოს თავის განჩინებაში, თუ რომელ სასამართლოს მიმართოს მოსარჩელემ. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა უარს აცხადებს სააპელაციო პალატის განჩინების განმარტების შესახებ განცხადების განსახილველად მიღებაზე, ამასთანავე, განუმარტავს მხარეს, რომ მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოსდექსის მე-7 მუხლით, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 396-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „მ. ჯ-ს“ უარი ეთქვას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 მაისის განჩინების განმარტების შესახებ განცხადების მიღებაზე.

2. განემარტოს მხარეს, რომ მას უფლება აქვს ამავე მოთხოვნით მიმართოს განჩინების გამომტან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე