Facebook Twitter

საქმე #ას-1630-2019 18 ნოემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ბ.“ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებაზე, საქმეზე შპს „ბ.“ სარჩელის გამო, შპს „უ.“ და შპს „ქ. რ.“ მიმართ, ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

შპს „ბ.“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, იგი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებთ შპს „ბ.“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.“ წარმომადგენელმა დ. ღ-ემ (იხ.რწ.ტომი2,ს.ფ79). საქმის მასალების შესწავლით ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინება მხარეებს გაეგზავნათ 3 ოქტომბერს და კასატორის წარმომადგენელ დ. ღ-ეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირადად ჩაბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე 2019 წლის 7 ოქტომბერს (იხ.ტომი2, ს.ფ 161).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 8 ოქტომბერს და ამოიწურა 2019 წლის 28 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივრით კი დასტურდება, რომ მხარემ საკასაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2019 წლის 4 ნოემბერს, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული კი, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ. ტომი2, სარეგისტრაციო შტამპის,ს.ფ165).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ.“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მაისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე