№ას-330-2019 19 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ. მ. ფ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ც. ვ-ი, ლ. ს-ი, თ. ბ-ე (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ც. ვ-მა, ლ. ს-მა და თ. ბ-ემ (შემდგომში „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ. მ. ფ.“ (შემდგომში „მოპასუხე“, „კომპანია“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას მიწისქვეშა აფეთქებების გამო მათთვის მიყენებული ზიანის, თითოეულის სასარგებლოდ, 30 049.10 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 9480 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 300 ლარის გადახდა.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. 2018 წლის 11 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სასამართლო სხდომაზე აპელანტის შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ. მ. ფ.“ გამოუცხადებლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეთა სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30 049. 10 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის, 300 ლარის გადახდა.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 11 აპრილს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი (მოპასუხე) და მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სხდომის თაობაზე უწყება აპელანტს გაეგზავნა და ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, უწყება ჩაბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, თ. ა-ეს 2018 წლის 2 მარტს.
9. სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია თ. ა-ის ორგანიზაციის არაუფლებამოსილ პირად მიჩნევის თაობაზე, მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლზე (ორგანიზაციისათვის შეტყობინების ჩაბარების წესი) და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმის თანახმად, კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. იგი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობას ზოგადად, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. აღნიშნულ პირთა წრეს კი განეკუთვნებიან: კანცელარია და ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში - ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
10. სასამართლომ აღნიშნა, რომ მიუხედავად გზავნილის მიმღები პირის თანამდებობისა, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ თ. ა-ე შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. პირიქით, მოპასუხისვე მიერ წარდგენილი ცნობით დასტურდება, რომ თ. ა-ე არის ორგანიზაციის ბუღალტერი, რაც სწორედ მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობაა, შეტყობინების ბარათზე ამ პირის ხელმოწერა სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას მხარე მიიჩნიოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.
11. რაც შეეხება საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციას გააჩნდა იურიდიული ინტერესი მონაწილეობა მიეღო საქმის განხილვაში, რის შესახებაც მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა კიდეც (გამოხატა მზაობა ერთ საათში გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე), აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარესთან სატელეფონო ზარი მიზნად ისახავდა სხდომაზე დაგვიანების მიზეზის გარკვევას (გონივრული მოლოდინის რეჟიმში სხდომის განახლებას), რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ აპელანტი იმყოფებოდა ხაშურში და მზად იყო სასამართლო პროცესზე ერთ საათში გამოცხადებულიყო. სასამართლომ აღნიშნა, რომ 14 საათზე დანიშნული სხდომა გაიხსნა 14:14:48 საათზე და დაიხურა 14:35:27 საათზე, ხოლო როგორც საქმის მასალებით დგინდება, აპელანტს სასამართლოსთვის საერთოდ არ მიუმართავს და არც განცხადებით მოუთხოვია მის მიმართ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა ვერ წარადგინა იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა საპატიო მიზეზით სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის შეუძლებლობას.
12. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია სასარჩელო მოთხოვნის არამართებულობის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა მათ მოთხოვნებს, გამომდინარეობდა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან, ვინაიდან სახეზე იყო ყველა ის წინაპირობა, რაც სარჩელში მითითებული ფაქტების დამტკიცების შემთხვევაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსხილველად დაბრუნება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
13.1. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება იმის თაობაზე, რომ გზავნილი ჩაიბარა ორგანიზაციის არაუფლებამოსილმა პირმა - ორგანიზაციის ბუღალტერმა და იგი გადასცა ეროვნებით ჩინელ სტაჟიორს, რომელსაც უწყება ხელმძღვანელისთვის არ გადაუცია. შესაბამისად, აპელანტისთვის ცნობილი არ იყო სხდომის თარიღის თაობაზე. სასამართლო გვერდს უვლის იმ გარემოებას, რომ ორგანიზაციაში ფუნქციონირებს კანცელარია. გარდა ამისა, კორესპოდენციის მიღების უფლებამოსილება აქვს საქმეთა წარმოების კოორდინატორს. თ. ა-ე კი არც კანცელარიის თანამშრომელია და არც საქმეთა წარმოების კოორდინატორი. შესაბამისად, მას, როგორც კომპანიის ბუღალტერს, არ გააჩნდა გზავნილის მიღების უფლებამოსილება;
13.2. პროცესზე მხარის გამოუცხადებოლობა სასამართლოს საპატიოდ უნდა მიეჩნია და გაეუქმებინა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ვინაიდან სასამართლო პრაქტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, თუ არ არსებობს მხარის იურიდიული ინტერესი დავის მიმართ. მოცემულ შემთხვევაში კი მოსამართლის თანაშემწესთან აპელანტის წარმომადგენლის საუბრით (რომლის დროსაც აპელანტი სხდომაზე დასწრების მიზნით მოითხოვდა პროცესის 1 სათით გადადებას) დასტურდება, რომ მხარეს საქმის მიმართ გააჩნია განსაკუთრებული ინტერესი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც სახეზეა მოპასუხის აშკარად გამოხატული ნება მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, მაგრამ ამაში ხელს უშლის გარემოებები, რომლებიც შესაძლოა მისი უნებური შეცდომით, გაუფრთხილებლობით არის გამოწვეული, მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია. შესაბამისად, სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობა უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, რაც მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს ქმნის;
13.3. უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელეთა მიერ მათი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარმოდგენილი მტკიცებულებების უმეტესი ნაწილის ავთენტურობა საეჭვოა. მათ მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნებით არ დგინდება, რომ საცხოვრებელი სახლების დაზიანება აფეთქების და არა რომელიმე ბუნებრივი მოვლენის შედეგად არის გამოწვეული. ამასთან, დასკვნა არ არის სათანადო წესით დამოწმებული. შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეემოწმებინა ექსპერტის სახელით წარმოდგენილი ეს დოკუმენტი საერთოდ იყო თუ არა დასკვნა. უსაფუძვლოა ინდ. მეწარმე აუდიტ ზ. გ-ის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვებიც, ვინაიდან მათში ასახული ციფრები არარეალურია. ამდენად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო აპელანტის პროცესზე გამოუცხადებლობას მიიჩნევდა არასაპატიოდ, არ არსებობდა მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 მარტის განჩინებით შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ. მ. ფ.“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ. მ. ფ.“ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც ადგენს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს, კერძოდ, ნორმის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტის ან მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.
20. იმისათვის, რათა სააპელაციო სასამართლოში აპელანტის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნას დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა 387-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი; ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოიტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, გარდა ზემოაღნიშნულისა, პალატამ ასევე უნდა შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები, კერძოდ სახეზე ხომ არ არის შემდეგი: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები (სსსკ 233-ე მუხლის პირველი ნაწილი).
21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 11 აპრილს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის უწყება აპელანტ კომპანიას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე - ხაშურის რაიონი, სოფ. ... (იხ. ტ. 1. ს.ფ 315) და ჩაბარდა თამარ არევაძეს, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელს. ჩაბარების დამადასტურებელ გზავნილზე კომენტარის სახით მითითებულია, რომ აღნიშნული პიროვნება არის ორგანიზაციის ბუღალტერი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 51).
22. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (მეორე აპელანტმა) იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, რის საფუძველზეც საქმეზე მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება კომპანიის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა და მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
23. მოცემულ შემთხვევაში დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ სახეზეა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალური წინაპირობები - სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 11 აპრილს, 14:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. განსახილველ დავაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები.
24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მარეგულირებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
25. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო სხდომაზე იგი მოწვეული არ იყო სამოქალაქო საპროცსო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლო უწყება ჩაბარდა პირს, რომელიც არ იყო ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი (გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი).
26. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით ორგანიზაციისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზეპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
27. დასახელებული ნორმის ანალიზით ჩანს, რომ კანონმდებელი ორგანიზაციისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ნამდვილობას უკავშირებს ობიექტურ ფაქტორს. ნორმის ამ ნაწილით კანონმდებელი შეგნებულად არ აზუსტებს კონკრეტული პირის უფლებამოსილებას შეტყობინების ჩაბარებაზე და ალტერნატიულად ჩამოთვლის იმ პირთა ვინაობის ზოგად დასახელებას, რომელთაც უფლება აქვთ შეტყობინება ჩაიბარონ ორგანიზაციის სახელით. ამ პირთა წრეს განეკუთვნებიან: კანცელარია ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეული ანდა პირი, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირი, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. უფლებამოსილ პირად გარდა ზემოაღნიშნულისა, შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი პირი, რომელიც რაიმე ფორმით იმყოფება შრომით ურთიერთობაში ორგანიზაციასთან. თავის მხრივ, შრომითი ურთიერთობა დამსაქმებლისა და დასაქმებულის იმგვარი ურთიერთობაა, რაც დასაქმებული პირის ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობის მიუხედავად, ავალდებულებს მას კეთილსინდისიერად განახორციელოს ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების ჩაბარება. ნორმის ზემოაღნიშნული დანაწესის საპირისპიროდ განმარტება არ გამომდინარეობს სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან (იხ. სუსგ საქმე №ას-1289-1309-2011, 14 ნოემბერი, 2011 წელი).
28. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან თამარ არევაძე არ იყო ორგანიზაციის კანცელარიის თანამშრომელი ან საქმეთა წარმოების კოორდინატორი, მას ორგანიზაციის სახელით არ ჰქონდა გზავნილის ჩაბარების უფლებამოსილება.
29. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაში განმარტებულია, რომ მიუხედავად გზავნილის მიმღები პირის თანამდებობისა, ის ფაქტი, რომ მხარე შრომით ურთიერთობაში იმყოფება ორგანიზაციასთან (რასაც კასატორი სადავოდ არ ხდის), სწორედ მისი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის სუბიექტად მიჩნევის წინაპირობაა და სასამართლო შეტყობინების ჩაბარების ბარათზე ამ პირის მიერ ხელის მოწერა სასამართლოს აძლევს სრულ შესაძლებლობას მხარე ჩათვალოს ინფორმირებულად და განახორციელოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება (შდრ. იხ. სუსგ № ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი).
30. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ საფოსტო შეტყობინება სასამართლომ გააგზავნა სწორედ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ხაშური, სოფ, ... და სასამართლო სხდომის უწყების შინაარსი აცნობა თამარ არევაძეს, რომელიც გზავნილში ორგანიზაციის წარმომადგენლად, ბუღალტრად არის მითითებული (იხ. ტ. 2, ს.ფ. 51). ამრიგად, დადასტურებულია, რომ უწყების მიმღები იღებდა ვალდებულებას ადრესატისთვის ეცნობებინა უწყების შინაარსი. შესაბამისად, უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მითითება, რომ ვინაიდან ბუღალტერმა უწყება გადასცა არა ადრესატს, არამედ ორგანიზაციის სტაჟიორს, აღნიშნულის გამო აპელანტისთვის უცნობი იყო დანიშნული პროცესის თაობაზე. აღნიშნული არგუმენტი ვერ მიიჩნევა დასაბუთებულ საკასაციო შედავებად და მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.
31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით მხარის ინფორმირება სხდომის დანიშვნის თაობაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია სასამართლო სხდომაზე მისი კანონით დადგენილი წესით მოუწვევლობის შესახებ.
32. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია სასამართლო სხდომის წინ მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო კომუნიკაციის არსებობის ფაქტი, რაც საქმის მიმართ მხარის განსაკუთრებულ ინტერესზე მიუთითებდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ინიციატივით შემდგარი სატელეფონო საუბრისას, რომელიც სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზის დადგენას ისახავდა, აპელანტმა ვერ მიუთითა სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე. შესაბამისად, მისი მოთხოვნა სხდომის ერთი საათით გადადების შესახებ არ იყო დასაბუთებული, რაც გამორიცხავს აღნიშნული საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას.
33. საბოლოოდ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ ამართლებდა მოსარჩელეთა სასარჩელო (სააპელაციო) მოთხოვნას.
34. ვინაიდან საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს აპელანტების (მოსარჩელეთა) მოწინააღმდეგე მხარის, კომპანიის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას, კვლავ მიუბრუნდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმას, რომლის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სასამართლო დაემყარება მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნიშნავს არა სარჩელში მითითებული გარემოებების ავტომატურად დადგენილად მიჩნევას, არამედ იმის შემოწმებას, სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებებით (მათი დადგენილად მიჩნევით) გაბათილდება თუ არა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი სადავო ნაწილის დასკვნები, რომლებიც აპელანტის წინააღმდეგ არის მიმართული. ანუ სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში უნდა მიიღოს აპელანტის ახსნა-განმარტება (რომელიც შეიძლება არც იყოს მოსარჩელე), ხოლო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით აპელანტის მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში გადმოცემული აპელანტის განმარტებები მოთხოვნას იურიდიულად ამართლებს (ანუ აპელანტი მიუთითებს მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მატერიალური ნორმის შემადგენელ ელემენტებზე). ამ შემთხვევაში მტკიცებულებათა გამოკვლევა-შეფასება არ ხდება, და მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო.
35. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ (მოპასუხეს თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის 9 480 ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის - 300 ლარის გადახდა) მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს დაუკმაყოფილებელ ნაწილში და მოითხოვეს მოპასუხისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 30 049.10 ლარის ოდენობით. აპელანტებმა საჩივარში მიუთითეს, რომ მათი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მოპასუხის ბრალეულობით დაზიანების გამო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა (თითოეულისათვის 9 480 ლარის ოდენობით) საკმარისი იყო მხოლოდ სახლის კოსმეტიკური რემონტის ჩასატარებლად, სასამართლომ კი უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათ მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნა, რომლითაც სადავო უძრავ ქონებას მიენიჭა დაზიანების მე-4 ხარისხი და საცხოვრებლად უვარგისად იქნა მიჩნეული. დაზიანებების დიდი ნაწილი გამოწვეულია მოპასუხის ბრალეულობით, რაც სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით (თითოეულის სასარგებლოდ 30 049.10 ლარი) ზიანის ანაზღაურების მისთვის დაკისრების საფუძველს ქმნიდა.
36. სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული გარემოებების გაქარწყლების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა სააპელაციო მოპასუხეს (შპს„ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ. მ. ფ.“), მაგრამ ვინაიდან იგი არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, ამიტომ ასეთ შემთხვევაში უნდა ამოქმედდეს პრეზუმფცია, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა დადგენილად (დამტკიცებულად) მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები, ხოლო კასატორის მითითება, რომ მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი საექსპერტო დასკვნების ავთენტურობა საეჭვოა და მათზე დაყრდნობით სასამართლოს არ ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, სცდება მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების ფარგლებს.
37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე, 387-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებით.
38. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი (იხ. სუსგ საქმე № ას-809-776-2016, 4 აპრილი, 2017 წელი).
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია აპელანტების (მოსარჩელეების) მოწინააღმდეგე მხარის, მოპასუხის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი და მხარის გამოუცხადებლობის გამო საქმეზე დამტკიცებულად არის მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) ხაშურის რაიონის სოფ. ... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი #69.06.60.500) მესაკუთრეებს წარმოადგენენ მოსარჩელეები; ბ) ხაშურის რაიონის სოფელ ... მოპასუხე აწარმოებს სარკინიგზო გვირაბის გაყვანის სამუშაოებს, რა დროსაც იყენებენ მიწისქვეშა აფეთქებებს; გ) ხაშურის რაიონის სოფელ ... მოპასუხის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების პროცესში განხორციელებულმა მრავალჯერადმა აფეთქებებმა გამოიწვია მოსარჩელეების თანასაკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლის დაზიანება, რის გამოც სახლი საცხოვრებლად სახიფათო და უვარგისი გახდა; დ) მოსარჩელეთა საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი სახლისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 30 049.10 ლარს (თითოეული მოსარჩელის ნაწილში), მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოსარჩელეთა (აპელანტების) მოთხოვნას.
40. ამდენად, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ სააპელაციო პალატამ კანონიერად მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მართებულად დატოვა იგი ძალაში. შესაბამისად, მოპასუხის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ. მ. ფ.“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე