საქმე №ას-1222-2019 20 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ვ. გ-ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. გ-ი (მოსარჩელე), გ. გ-ი (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (სარჩელში), უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ი. გ-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“ ან „შეგებებული სარჩელით პირველი მოპასუხე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. გ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელისა და გ. გ-ის (შემდგომში − „შეგებებული სარჩელით მეორე მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა უძრავ ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
4. შეგებებული სარჩელით მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი არ ცნეს.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელისა და შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელემ და მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2019 წლის 25 ივნისს, 16:15 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე.
9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის წარმომადგენლისთვის, კ. გ-ისთვის ცნობილი იყო სააპელაციო სასამართლოში 2019 წლის 25 ივნისს, 16:15 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, რაც დასტურდება 2019 წლის 18 ივნისის სატელეფონო აქტით.
10. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეს სასამართლოსთვის არც სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობით მიუმართავს და არც სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია. შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებანი.
11. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
12. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. მოპასუხე არ იმყოფება საქართველოში;
12.2. მოპასუხის წარმომადგენელს, კ. გ-ს 2019 წლის 24 ივნისს, საღამოს ექვს საათზე გარდაეცვალა ძმა (ბიძაშვილი) - ა. წ-ე, რის გამოც სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადება იყო შეუძლებელი. 2019 წლის 25 ივნისს იგი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზე და ადგილის შერჩევა/შეძენასთან დაკავშირებით სასაფლაოს მესაკუთრესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რაც შეიძლება დაადასტურონ ამ უკანასკნელმა და ს. წ-ემ (კ. გ-ის ბიძაშვილი). მოპასუხის წარმომადგენელმა ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ საჯარო შეტყობინება სოციალურ ქსელშიც განათავსა;
12.3. მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ მოახერხა სასამართლოსთან დაკავშირება, რათა ეცნობებინა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. მას არც ჰქონია დარეკვის ორზე მეტი უშედეგო მცდელობა, რადგან ტელეფონზე არავინ უპასუხა;
12.4. მოპასუხის წარმომადგენელს არც სასამართლოდან დაკავშირებია ვინმე სხდომაზე დაგვიანების გამო, რაც სამწუხარო ფაქტია და არ ემსახურება კოლეგიალობის პრინციპიდან გამომდინარე მოსამართლეთა და ადვოკატთა ურთიერთობის გაუმჯობესებას.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
17. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2019 წლის 25 ივნისს დანიშნულ სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა, რომელიც კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნას სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
21. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 2019 წლის 18 ივნისს კანონით დადგენილი წესით, სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის სხდომის დროისა და ადგილის თაობაზე (იხ. ტ.3. ს.ფ. 200). მოპასუხის წარმომადგენლის უფლებამოსილება დასტურდება საქმეში არსებული რწმუნებულებით (იხ. ტ.3. ს.ფ. 195-197).
22. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, ახლო ნათესავის (ბიძაშვილის) გარდაცვალებით. თავად მოპასუხე კი საქართველოში არ იმყოფება.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
24. კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად ვერ დაასაბუთა, რომ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით.
25. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელს (კ. გ-ს) 2019 წლის 24 ივნისს, საღამოს ექვს საათზე გარდაეცვალა ძმა (ბიძაშვილი) - ა. წ-ე, რის გამოც სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადება იყო შეუძლებელი. 2019 წლის 25 ივნისს იგი მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა სასაფლაოზე და ადგილის შერჩევა/შეძენასთან დაკავშირებით სასაფლაოს მესაკუთრესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
26. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივარზე დართული გარდაცვალების მოწმობით დგინდება 2019 წლის 24 ივნისს ა. წ-ის გარდაცვალების ფაქტი. თუმცა საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მოპასუხის წარმომადგენლის, კ. გ-ისა და ა. წ-ის ახლო ნათესაური კავშირის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი საკასაციო პალატა მხედველობაში ვერ მიიღებს.
27. იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მოპასუხის წარმომადგენელს 2019 წლის 24 ივნისს გარდაეცვალა ბიძაშვილი, რის გამოც სხდომაზე მისი გამოცხადება იყო შეუძლებელი, მხარეს უნდა დაესაბუთებინა რატომ იყო შეუძლებელი აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ინფორმირება. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც, როგორც თავად მხარე უთითებს, ა. წ-ე გარდაიცვალა 2019 წლის 24 ივნისს, საღამოს ექვს საათზე, სასამართლო სხდომა კი დანიშნული იყო 2019 წლის 25 ივნისს, 16:15 საათზე.
28. მოპასუხის წარმომადგენელი უთითებს, რომ მან სცადა სასამართლოსთან დაკავშირება, რათა ეცნობებინა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, მაგრამ აღნიშნული მითითება სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება.
29. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ. გ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე