საქმე №ას-51-2019 5 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ხ. ჯ-ა (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ. ბ.“ (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში
თავდაპირველი მოპასუხეები - ა. ნ-ი, კ. ნ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარება, თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია (ძირითად სარჩელში), იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ. ბ.“ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ნ-ის (შემდგომში − „პირველი მოპასუხე“), კაბილ ნასიბოვისა (შემდგომში − „მეორე მოპასუხე“) და ხ. ჯ-ას (შემდგომში − „მესამე მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) (შემდგომში ერთობლივად − „მოპასუხეები“) მიმართ სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარების, თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
2. მოპასუხეებმა შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. მესამე მოპასუხემ წარადგინა შეგებებული სარჩელი მოსარჩელის, პირველი და მეორე მოპასუხეების მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის ნაწილზე თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
4. მოსარჩელემ შეგებებული სარჩელი არ ცნო, ხოლო პირველ და მეორე მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ.
5. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მესამე მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2018 წლის 6 დეკემბერს, 15 საათსა და 15 წუთზე. აღნიშნულის შესახებ აპელანტი გაფრთხილებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, არსებობდა მესამე მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.
10. სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინებაზე აპელანტმა წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
11. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტს ჩაბარდა მისთვის გაგზავნილი უწყება. მიუხედავად იმისა, რომ უწყების მიმღები არის აპელანტის შვილი, იგი მოცემულ დავაში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეა და უწყებას აპელანტს არ გადასცემდა. შესაბამისად, სასამართლოს უწყება ადრესატისთვის ჩაბარებულად არ უნდა ჩაეთვალა.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
16. გასაჩივრებული განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2018 წლის 6 დეკემბერს დანიშნულ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გადასინჯვა და საქმის განახლება უნდა მოხდეს იმ წესების დაცვით, რაც გათვალისწინებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
20. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის სწორედ პროცესზე სათანადო წესით მოუწვევლობის საფუძვლით და მიუთითებს, რომ მისთვის გაგზავნილი უწყება გადაეცა მოწინააღმდეგე მხარეს, რაც სასამართლომ გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად მიიჩნია და სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
21. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიის შემოწმების მიზნით ყურადღებას მიაქცევს საქმის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2018 წლის 6 დეკემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება 2018 წლის 24 ოქტომბერს ჩაიბარა ადრესატის შვილმა, მეორე მოპასუხემ (იხ. საფოსტო უკუგზავნილი ტ.2. ს.ფ. 32). მეორე მოპასუხე მოცემულ დავაში აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეა (იხ. შეგებებული სარჩელი [ტ.1. ს.ფ. 100-114]; დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი [ტ.2. ს.ფ. 11-20]).
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები.
23. ზემოაღნიშნული ნორმისა და საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ვინაიდან აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება ჩაბარდა მის მოწინააღმდეგე მხარეს, იგი სასამართლო პროცესზე არ იყო მოწვეული საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების) შესაბამისად. ამიტომ სააპელაციო სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობაზე აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა უზრუნველყო მის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების დადასტურება. შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმის განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ხ. ჯ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 6 დეკემბრის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე