Facebook Twitter

საქმე №ას-1090-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.გ.ტ.კ–ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ს.კ–ძე, თ.კ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „მ.გ.ტ.კ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მეორე აპელანტი, კასატორი, მოიჯარე ან კომპანია) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ს.კ–ძისა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე ან მესაკუთრე) და თ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, პირველი აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი უარყოფილ იქნა, სახელდობრ:

1.1. კასატორის მტკიცებით, მოპასუხის გაუფრთხილებელი ქმედებით გამოწვეული მაგისტრალური გაზსადენის დაზიანებით, კომპანიას - 12 583,08 ლარის ზიანი მიადგა.

1.2. კასატორის მითითებით, მათ მიერ დაცულია გაზსადენის მანიშნებელი ბოძების განთავსების მხრივ მოთხოვნები, კერძოდ, ნაკვეთის ერთ მხარეს, ექვს მეტრში ბუნებრივი გაზის ონკანი, ხოლო მეორე მხრიდან გამჭოლად, 100 მეტრში მანიშნებელი ბოძი, აბრაა განთავსებული. ონკანსა და აბრას შორის გამავალი ზოლი კი, შუაზე კვეთს პირველი მოპასუხის მიწის ნაკვეთს და შეუძლებელია, ნაკვეთში გამავალი გაზსადენის შესახებ მათ არ სცოდნოდათ. მაგისტრალური მილსადენის საერთო სიგრძიდან (2000კმ) გამომდინარე ასეთი აბრები (ფირნიშები) ვერ განთავსდება მილსადენის გასწვრივ ყოველ 5 - 10 მეტრში, კვირაში ერთხელ მაგისტრალის მთელ სიგრძეზე მილსადენებს ათვალიერებენ სპეციალური ტექნიკითა და სამოსით აღჭურვილი კომპანიის ოპერატორებიც, რაც მოპასუხეთა მხრიდან მილსადენის არსებობის შესახებ ინფორმირებაზე მეტყველებს.

1.3. გარდა ამისა, კასატორის მოსაზრებით, პირველმა მოპასუხემ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში 2016 წლის 10 აგვისტოს დაირეგისტრირა (რისთვისაც ექვს წელზე მეტი დრო ჰქონდა), ამ დროიდან ნაკვეთში, 2010 წლის 5 თებერვლიდან რეგისტრირებული გამავალი ხაზოვანი ნაგებობაც აისახა, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოპასუხეები არ იყვნენ ინფორმირებული მათ ნაკვეთზე გამავალი გაზსადენის ზუსტი ადგილმდებარეობის თაობაზე, ეს მხოლოდ მათი ბრალია, რადგან ნაკვეთზე ხაზობრივი ნაგებობის შესახებ ინფორმაციის მიღება საჯარო რეესტრის მეშვეობითაც შეეძლოთ. სააპელაციო პალატამ კი, არასწორად დაასკვნა, რომ მაგისტრალური მილსადენის დაზიანების მიმართ მოპასუხის ბრალეულობა არ დასტურდებოდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. სს „ს.ნ.გ.კ–ასა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეიჯარე) და მოსარჩელეს შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მეიჯარის კუთვნილი 276111.3მ სიგრძის მაგისტრალური გაზსადენის (საკადასტრო კოდით # ....) ექსპლუატაციას მოიჯარე ახორციელებს (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 25-26. ტ.1).

4.4. გურჯაანის რაიონში, სოფელ ...... მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 5399.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით #......, პირველი მოპასუხის საკუთრებაა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 22. ტ.1). მიწის ნაკვეთს უვლის და ამუშავებს მისი შვილი, ანუ მეორე მოპასუხე.

4.5. მოსარჩელის მფლობელობაში არსებული მაგისტრალური მილსადენი პირველი მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადის.

4.6. მაგისტრალური მილსადენის მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთზე აბრებიანი ბოძები არ არის განთავსებული.

4.7. 2016 წლის 10 ნოემბერს მეორე მოპასუხის მიერ მაგისტრალური მილსადენის დაცვის პირველ ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთის ტრაქტორით მოხვნის დროს მილსადენი დაზიანდა, რასაც შედეგად გაზის ჰაერში გაფრქვევა მოჰყვა.

5. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უსაფუძვლობა, სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლების წინაპირობების არარსებობამ განაპირობა. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით, კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელებაზე. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).

6. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (შდრ. სუსგ Nას-191-183-2016, 19.04.16). საკასაციო პალატამ არაერთხელ აღნიშნა და ამ შემთხვევაშიც, ამახვილებს კასატორის ყურადღებას იმაზე, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი, სწორედ რომ, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგია. ...ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე, ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ ის საწინააღმდეგოს არ დაამტკიცებს.

7. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეები თავიანთ ქმედებაში ბრალის არარსებობაზე მიუთითებენ, კერძოდ, დავობენ მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებაზე მათი ინფორმირების შესახებ მიწის ნაკვეთზე მილსადენის არსებობაზე და აღნიშნავენ, რომ არც გაფრთხილება არ მიუღიათ და არც მინიშნება არ არსებობდა მილსადენის გასწვრივ. მოსარჩელეს/კასატორს კი, ამის საწინააღმდეგო დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, სახელდობრ, კომპანიამ ვერ დაამტკიცა, რომ მილსადენის ადგილმდებარეობის შესახებ მოპასუხეთა ინფორმირებისათვის შესაბამისად იმოქმედა, კერძოდ: მაგისტრალური მილსადენის მაღალი საფრთხის შემცველ მონაკვეთზე განთავსებული ჰქონდათ ფირნიშიანი ბოძები, რომლებზეც აღნიშნული იყო დაცვის ზონის პარამეტრები, მაგისტრალური მილსადენების ოპერატორის დასახელება და საკონტაქტო ინფორმაცია. რაიონულ სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმა (კომპანიის თანამშრომლებმა) ერთმნიშვნელოვნად და დამაჯერებლად ვერ დაადასტურეს მოსარჩელის მიერ მილსადენის ადგილმდებარეობის შესახებ მოპასუხეთა ინფორმირების ფაქტიც (იხ, მოწმე ა.მ–სა და ე.გ–ის ჩვენებები ს.ფ. 87-92. ტ.1). ამასთან, საკასაციო სასამართლო იმ ფაქტსაც ითვალისწინებს, რომ მოპასუხეები მიწის ნაკვეთს წლების მანძილზე ამუშავებდნენ. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ გამოიკვლია და დაადგინა, რომ მილსადენის დაზიანების მიმართ მოპასუხეების ბრალეულობა არ დასტურდებოდა და სარჩელი მართებულად უარყო.

8. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

9. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

10. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

11. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორებმა ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

13. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.გ.ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ.გ.ტ.კ–ას“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 629.15 ლარის (ელექტრონული საგადახდო დავალება No 74550, გადახდის თარიღი 29.07.2019 წ.) 70% - 440.41 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი