Facebook Twitter

საქმე №ას-1029-2019 30 ოქტომბერი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ზ.ა–ძე, კ.ა–ძე, ი.ბ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.ჩ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ უარყოფა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ბ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე), ზ.ა–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დასაჩუქრებული) და კ.ა–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან დასაჩუქრებული) ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებას, რომლითაც მათი სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ.ჩ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს 10 000 აშშ დოლარისა და 5 189 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და სადავო უძრავი ქონება პირველი მოპასუხის სახელზე აღირიცხა, კასატორების პრეტენზიით, გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორების მტკიცებით, სასამართლომ ფაქტები არასწორად დაადგინა და შეაფასა. პირველმა მოპასუხემ უძრავი ნივთი რეალურად აჩუქა შვილსა და შვილიშვილს, რომლებიც ნამდვილად ფლობენ სადავო ნივთს. საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით ჩუქების მოჩვენებითობა არ დასტურდება, ვინაიდან ამ ქონების თანამესაკუთრე სამკვიდრო მოწმობის გაცემამდე მეორე მოპასუხეც იყო, გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონებიდან კუთვნილ წილზე უარის თქმაც შეცდომით იყო გამოწვეული, რაც შემდგომში პირველმა მოპასუხემ გამოასწორა და ჩუქებით დაუბრუნა მეორე მოპასუხეს კუთვნილი წილი სამკვიდრო ქონებიდან. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, მიუხედავად იმისა, რომ გარიგება მოსაჩვენებლად არ დადებულა, მაინც ბათილად მიიჩნიეს ჩუქების ხელშეკრულება.

1.2. მეორე მოპასუხის/კასატორის მტკიცებით, სწორედ სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს, რომ მისთვის დედამისის/პირველი მოპასუხის ვალების თაობაზე ცნობილი არ ყოფილა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ვალდებულების მქონე პირს წილს არ დაუთმობდა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები დაადგინა:

4.3. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2005 წლიდან წარმოშობილი იყო სესხის ზეპირი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში სსკ-ის 623-ე მუხლი).

4.4. 2013 წლის 18 ოქტომბერს პირველმა მოპასუხემ და ჟ.ა–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე, პირველი მოპასუხის მეუღლე, მეორე მოპასუხის მამა ან მამკვიდრებელი) მოსარჩელის მიმართ ვალის - 10 000 აშშ დოლარის არსებობა აღიარეს და 2016 წლიდან იკისრეს თანხის გადახდის ვალდებულება (იხ. ხელწერილი, ს.ფ.18).

4.5. მეოთხე მოპასუხე (ჟ.ა–ძე) 2015 წლის 27 თებერვალს გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს.ფ. 100).

4.6. გარდაცვლილის სამკვიდრო მასაში სხვა აქტივებთან ერთად შედიოდა ქალაქ თბილისში, ...... მდებარე ბინა #9, მიწის, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სამკვიდრო ქონება ან სადავო უძრავი ქონება).

4.7. 2015 წლის 8 სექტემბერს მეორე მოპასუხემ უარი განაცხადა გარდაცვლილი მამის დანაშთი ქონებიდან კუთვნილ წილზე, დედის, ანუ პირველი მოპასუხის სასარგებლოდ. იმავე დღეს მამკვიდრებლის მეუღლის (პირველი მოპასუხის) სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მან, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, გარდაცვლილის დანაშთი ქონება სრულად მიიღო. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, საჯარო რეესტრში უძრავი ქონება მის საკუთრებად აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და სამკვიდრო მოწმობა ს.ფ. 21; 97-99) .

4.8. 2016 წლის 22 იანვარსა და 9 თებერვალს პირველმა მოპასუხემ სადავო უძრავი ქონება აჩუქა შვილსა (მეორე მოპასუხეს) და შვილიშვილს (მესამე მოპასუხეს) რომლებიც აღირიცხნენ თანამესაკუთრეებად (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ჩუქების ხელშეკრულება ს.ფ. 23-24; 172-173).

4.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის საოქმო განჩინებით, მეოთხე მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა პირველი მოპასუხე (იხ. საოქმო განჩინება, ს.ფ. 274)

5. განსახილველ შემთხვევაში, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა გამოირიცხებოდა, თუკი კასატორები, დაამტკიცებდნენ, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას ისინი ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით, ერთობლივად არ მოქმედებდნენ. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობას სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილობასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 56.1 მუხლის შინაარსზე, რომლის მიხედვითაც ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). გარიგების მოჩვენებითობის შემოწმების თვალსაზრისით საინტერესოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე (შდრ. სუსგ. #ას-571-879-09, 30.04.2010წ).

6. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების დადებისას სააპელაციო პალატამ მართებულად დაუშვა პრეზუმფცია, რომ მეორე და მესამე მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი მოპასუხის ვალის შესახებ ცნობილი იყო, რაც გამორიცხავს მათი, როგორც სადავო უძრავი ქონების მესაკუთრის (დასაჩუქრებულის) კანონიერებას. გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა და დასკვნები იმის შესახებ, რომ პირველმა მოპასუხემ სამკვიდრო მოწმობის გაცემისას იცოდა, რომ მოსარჩელეს მასთან ფულადი ვალდებულების შესრულებაზე პრეტენზია ექნებოდა, რასაც საქმეში წარდგენილი ვალის აღიარების ხელწერილიც ადასტურებდა და სწორედ ასეთ ვითარებაში მოხდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება. ამ გარიგების მოჩვენებითობასა და მოპასუხეთა მიზანს, შემძენისათვის ქონებაზე საკუთრების ფიქტიური გადაცემით პირველი მოპასუხისათვის (მოვალისათვის) აერიდებინათ დაკისრებული თანხის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, ადასტურებს ახლო ნათესავებს, ოჯახის წევრებს შორის ერთმანეთის ვალდებულების შესახებ სადავო გარიგების დადების გამომწვევი ინფორმაციის ფლობის პრეზუმფცია.

7. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

8. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. #ას-789-2019, 26.07.2019წ).

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.ა–ძის, კ.ა–ძისა და ი.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ზ.ა–ძეს (პ/ნ ......), კ.ა–ძესა (პ/ნ .....) და ი.ბ–ძეს (პ/ნ ......) დაეკისროთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს განჩინებით (საქმე №ას-1029-2019) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 259.45 ლარის 30%-ის - 150 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 77.84 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი