Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-405-104-კს-03 20 ოქტომბერი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

აღწერილობითი ნაწილი:

21.07.02წ. ფინანსთა სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მწერალთა კავშირის კომერციული საქმიანობის საკოორდინაციო ცენტრის მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ თანხის თავისდროულად გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

სარჩელის საფუძვლად მოსარჩელემ შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: საქართველოს პრეზიდენტის 17.04.98წ. ¹147 განკარგულებით დაკმაყოფილდა მწერალთა კავშირის თხოვნა და ფინანსთა სამინისტროს დაევალა მწერალთა კავშირის აპარატის მუშაკთა მატერიალურ-ტექნიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით მწერალთა კავშირის კომერციული საქმიანობის საკოორდინაციო ცენტრისათვის საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან 200 ათასი ლარის მოკლევადიანი სესხის გამოყოფა, სესხის სარგებლობისათვის 15 პროცენტის გადახდით წლიურზე გაანგარიშებით, აქვე განისაზღვრა, რომ თანხა, სარგებელთან ერთად, დაფარული უნდა ყოფილიყო 1998წ. 1 დეკემბრამდე. მწერალთა კავშირის კომერციული საქმიანობის საკოორდინაციო ცენტრის მიერ თანხა არ იქნა დროულად გადახდილი და თანხის თავისდროულად გადაუხდდელობის გამო დარიცხულმა საურავმა შეადგინა 70986 ლარი.

09.11.01წ. კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილებულ იქნა, მოპასუხეს დაეკისრა 70986 ლარის სესხის გადაუხდელობის გამო დარიცხული საურავის და სახელმწიფო ბაჟის გადახდა 1405 ლარის ოდენობით.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 09.11.01წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მწერალთა კავშირის კომერციული საქმიანობის საკოორდინაციო ცენტრმა. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.05.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ 01.05.03წ. და 28.05.03წ. სასამართლო სხდომებზე მხარეები, მიუხედავად საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით საქმის სააპელაციო პალატაში განხილვის თაობაზე მათი გაფრთხილებისა, სასამართლოში არ გამოცხადდნენ. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსკ-ს 275-ე მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, მან განუხილველად დატოვა სარჩელი, ვინაიდან მოცემული მუხლის შესაბამისად არც ერთი მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დაიშვებოდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის გამოყენება, რომელიც ითვალისწინებს მხარის დაუსწრებლად საქმის განხილვის შესაძლებლობას, რადგან დასახელებული ნორმა ადგენდა ერთი და არა ორივე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261 მუხლის პირველი ნაწილი არ ზღუდავს 275-ე მუხლის გამოყენების შესაძლებლობას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ნორმატიულ საფუძველს ეს უკანასკნელი წარმოადგენდა.

02.06.03წ. ფინანსთა სამინისტრომ განცხადებით მიმართა თბლისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სსკ-ს 198-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის ქონებაზე ყადაღის დადება.

თბილისის საოლქო სასამართლოს 03.06.03წ. განჩინებით ფინანსთა სამინისტროს განცხადება ყადაღის დადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ წარდგენილ განცხადებაში მოყვანელი ფაქტები იყო დაუსაბუთებელი, კერძოდ განმცხადებელი ვერ მიუთითებდა თუ კონკრეტულად მოპასუხის რომელ ქონებაზე უნდა დადებულიყო ყადაღა.

თბილისის საოლქო სასამართლოს 03.06.03წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა სსკ-ს 198-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხის უძრავ-მოძრავ ქონებაზე, მათ შორის მიწის ნაკვეთებზე და შენობა-ნაგებობებზე, ასევე საბანკო ანგარიშებზე, ფასიან ქაღალდებზე და ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, ვინაიდან არსებობდა მოპასუხის მიერ ქონების გასხვისების საშიშროება, რაც მომავალში შეუძლებელს გახდიდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. თბილისის საოლქო სასამართლოს 25.07.03წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკამაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე არც განცხადებაში სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე, არც კერძო საჩივარში არ უთითებს კონკრეტულად მწერალთა კავშირის კომერციული საქმიანობის საკოორდინაციო ცენტრის კუთვნილ რომელ უძრავ-მოძრავ ქონებას უნდა დაედოს ყადაღა, ქონების ადგილმდებარეობას, მისამართს, საბანკო ანგარიშს და ა.შ.

ფინანსთა სამინისტროს დარღვეული აქვს აგრეთვე სსკ-ს 194-ე მუხლი, რომლის მიხედვით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს ხუთ დღეს. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მოპასუხისათვის გადაცემის მომენტიდან. ფინანსთა სამინისტრომ სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ჩაიბარა 12.06.03წ., ხოლო კერძო საჩივარი შეიტანა 26.06.03წ. (26.06.03წ.), შესაბამისად კერძო საჩივრის ავტორს გაცდენილი აქვს პროცესუალური კანონმდებლობით განსაზღვრული კერძო საჩივრის ვადა.

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატის 28.05.03წ. განჩინებით მწერალთა კავშირის კომერციული საქმიანობის საკოორდინაციო ცენტრის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. საქმის მასალებში არ მოიპოვება 28.05.03წ. განჩინებაზე კერძო საჩივარის შეტანის დამადასტურებელი რაიმე საბუთი. ამდენად, თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.05.03წ. განჩინების ძალაში შესვლის შემთხვევაში ფინანსთა სამნისტრო უფლებამოსილია სააღსრულებო ფურცელის და აღსრულების თაობაზე განცხადების საფუძველზე მოითხოვოს კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 09.11.01წ. გადაწყვეტილების აღსრულება, რომლითაც დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროს სარჩელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 194-ე, 197-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 03.06.03წ. განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.