Facebook Twitter

№ას-164-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – მ.ჯ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – რ.შ–ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო ხელშეშლის აღკვეთა, კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- რ.შ–ას (შემდეგშ მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მ.ჯ–ძეს (შემდეგში პირველ მოპასუხეს) აეკრძალა მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე მდებარე: თბილისი ....., სხვენზე ფართით 45 კვ.მ (საკადასტრო კოდი: .....) ასასვლელი ხის კიბის მოწყობაში ხელშეშლის აღკვეთა და დაევალა ღია აივანში მოწყობილი შესასვლელი კარის აღება და იმგვარად განთავსება, რომ მოსარჩელემ შეძლოს სხვენში ასასვლელ კიბესთან თავისუფლად დაკავშირება;

- ბათილად იქნა ცნობილი ბმა „პ-ის“ შემდეგში მეორე მოპასუხის) 2013 წლის 24 ნოემბრის კრების ოქმი, მოპასუხის ბინის ფართად 58.85 კვ.მ-ის განსაზღვრის თაობაზე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. 2019 წლის 6 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელემ, მიუთითა, რომ აღნიშნული დავის მიმართ ინტერესი აღარ გააჩნია, აცნობიერებს საქმისწარმოების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებს და უარს ამბობს სასარჩელო მოთხოვნაზე. საკასაციო სასამართლოს ასევე მომართა კასატორმა მიუთითა, რომ უარს ამბობს საკასაციო საჩივარზე და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სარჩელზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქმის მასალების შესწავლით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად;

8. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც დისპოზიციურობის პრინციპს განამტკიცებს და ადგენს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

11. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, პალატა მიიჩნევს, რომ რ.შ–ას სარჩელზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, ხოლო მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილს თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

13. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ რ.შ–ას სარჩელზე საქმისწარმოების შეწყვეტისა და მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, მ.ჯ–ძეს სრულად უნდა დაუბრუნდეს მ.ჭ–ძის მიერ 2019 წლის 9 იანვარს N1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე-285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.შ–ას სარჩელზე მ.ჯ–ძის მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ შეწყდეს საქმის წარმოება;

2. მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. კასატორ მ.ჯ–ძეს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ჭ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი – 2019 წლის 9 იანვარი) – 300 ლარი;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მ.ჯ–ძის (პ/ნომერი .....) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე, ქ. თბილისში, ...... (ყოფ. ......, ფართი 58,85 კვ.მ. (ზონა თბილისი _ 01; სექტორი .....; კვარტალი - ...; ნაკვეთი - ....; კოდი ....). მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი #.....

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე