საქმე №ას-751-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.ბ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.ი–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ი–ას (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი მ.ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ალიმენტის დაკისრების შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ 2018 წლის 31 ივლისიდან ალიმენტის - ყოველთვიურად 350 ლარის გადახდა დაეკისრა.
2. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ, მისთვის ყოველთვიურად ალიმენტის 230 ლარის გადახდის დაკისრება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი და იმავე კოდექსის 373.1-ე, 374-ე და 365-ე მუხლები მოიხმო და მიუთითა, რომ აპელანტმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაასაჩივრა, კერძოდ, 120 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად (სსსკ-ის 365-ე მუხლი), სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
5. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიაზე ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლებაზე, ამასთან, განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის დავალიანება, რომელიც აპელანტს 2018 წლის 31 ივლისიდან სააპელაციო საჩივრის შეტანამდე ერიცხებოდა.
7. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივრის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის გამოყენება დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისათვის არ არის მართებული, ვინაიდან იგი პირველი ინსტანციის სასამართლოში შესატან სარჩელებთან მიმართებით დავის საგნის ღირებულების წესს განსაზღვრავს. დავის საგნის ღირებულება სააპელაციო საჩივრის მიზნებისათვის, აპელანტის მიერ გადასახდელი თანხის იმ ოდენობიდან უნდა დაანგარიშდეს, რომელიც მას თანხის დაკისრების თარიღიდან სააპელაციო საჩივრის შეტანამდე და ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით ერიცხება.
8. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მას თანხის გადახდა 2018 წლის 31 ივლისიდან დაეკისრა, ხოლო სასამართლოს სააპელაციო საჩივრით 2019 წლის 21 იანვარს მიმართა, შესაბამისად, ამ პერიოდში მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა, გასაჩივრებული 120 ლარის გათვალისწინებით - 680 ლარია, რასაც ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა - 1440 ლარი უნდა დაემატოს, მიღებული თანხა კი, 2120 ლარია, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი სსსკ-ის 365-ე მუხლით დადგენილ დასაშვებობის წინაპირობას აკმაყოფილებს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 27 მაისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.
13. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
14. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად (შენიშვნა: საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარზე დავის საგნის ღირებულება 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზარდა ძალაშია საქართველოს 2018 წლის 7 მარტის კანონით №2035 - ვებგვერდი, 29.03.2018წ).
15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 41-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მოპასუხეს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, ყოველთვიურად ალიმენტის 350 ლარის გადახდა დაეკისრა, აპელანტმა გადაწყვეტილება ნაწილობრივ, მხოლოდ 120 ლარის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა, კერძოდ, მან ალიმენტის სახით, 350 ლარის ნაცვლად, 230 ლარის განსაზღვრა მოითხოვა, შესაბამისად, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო საჩივრის ფასი, მოცემულ შემთხვევაში, 1440 (120X12) ლარია, რაც, სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველია.
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 41-ე მუხლი, რომელიც დავის საგნის ფასს განსაზღვრავს, ზემდგომი წესით გადაწყვეტილების გასაჩივრებისასაც გამოიყენება და სააპელაციო სამართალწარმოებისას, იმის მიხედვით განისაზღვრება, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლას მოითხოვს მხარე.
18. იმავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი).
19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა განცხადის დასაშვებობის ახალი კრიტერიუმი, რომელიც „მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანის“ სახით ჩამოყალიბდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 35-ე მუხლის პ-3 (ბ) (დასაშვებობის კრიტერიუმი) დისპოზიციაში (შენიშვნა: განცხადის დასაშვებობის შემოწმებას აღნიშნული კრიტერიუმი დაემატა მე-14 ოქმის ამოქმედებით 2010 წლის 01 ივნისიდან). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც.
20. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობის შეფასება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივანის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვ.) ხდება და მხოლოდ აბსტარქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა, ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, რომ დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია ანდა მომჩივანის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.)1,515 ევროს დაკისრება მომჩივანის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა).
21. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში განმარტავს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია სადავო საგნის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობით ქონებრივ-სამართლებრივი დავისათვის დადგენილ ზღვარს ვერ ცდება, რის გამოც უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი სხვა პრეტენზიები განსახილველი საქმის ფარგლებში მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ბ–ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის, განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე