Facebook Twitter

საქმე №ას-811-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ.პ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ფ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით გ.ფ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი შპს ,,მ.პ–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, ბრძანების ბათლად ცნობისა და თანხის დაკისრების შესახებ, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი 2017 წლის 21 სექტემბრის #01-09 ბრძანება, რომლითაც მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება შეწყდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 4337.15 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა, ხოლო მოსარჩელემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 229-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 372-ე მუხლი და 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილები მოიხმო და მიუთითა, რომ ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა და აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა არ დასტურდება, სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

6. მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 მარტის საოქმო განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება.

7. კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 3761 მუხლის მე-2 ნაწილსა ,,თუ სააპელაციო საჩივარი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას, მაგრამ აპელანტის მიერ არ არის წარმოდგენილი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები ან წარმოდგენილია ამ კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუშვებელი ახალი ფაქტები და მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია მხარეთა წერილობითი თანხმობით განიხილოს საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, რის შესახებაც წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს“ და იმავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მიუთითებს და განმარტავს, რომ კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის განხილვას ზეპირი განხილვის გარეშე ითვალისწინებს, ასევე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში - საქმის განხილვის გადადებას. ამასთან, როდესაც აპელანტმა სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა, ეს ნიშნავს, რომ იგი საქმის შედეგით არის დაინტერესებული.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

10.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს და დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლი სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი სპეციალური ნორმაა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის შედეგებს ადგენს, კერძოდ, ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრულია აპელანტის გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, რომლის თანახმად მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილით დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მარეგულირებელი ყველა იმ წესის გამოყენების აუცილებლობა, რაც სპეციალურ მოწესრიგებას (სსსკ 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები) არ ეწინააღმდეგება.

12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილზეც, რომლის თანახმად თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები უკავშირდება.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა უშუალოდ უკავშირდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და პროცედურას და, სსსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო ეცნობა სსსკ-ის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლოსათვის არც თავისი გამოუცხადებლობის მიზეზი უცნობებია, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება არ მოუთხოვია.

14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 3761-ე მუხლზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესაძლებლობას ითვალისწინებს, თუმცა განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ სადავოდ გამხდარ ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტში) და განმარტავს, რომ ასეთ დროს საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განხილვა მხარეთა წერილობით თანხმობას მოითხოვს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება, მით უფრო, როდესაც კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის წინააღმდეგია, ისევე როგორც - მოწინააღმდეგე მხარე.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ.პ–ას“ კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 მარტის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე