საქმე №ას-1112-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ა–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, აპელანტი, კასატორი) და სს „სადაზღვევო კომპანია ა–ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) შორის, 2017 წლის 22 მარტს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N227 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მზღვეველმა N2 დანართით განსაზღვრული სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ხელშეკრულებისა და N1-N6 დანართის პირობების შესაბამისად დააზღვია (იხ. ტ.1, ს.ფ. 20-34).
2. ავტოსატრანსპორტო საშუალება - „შკოდა ოქტავია“, სახ. ნომრით ....., წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში იყო დაზღვეული (იხ. ტ.1, ს.ფ. 35-47).
3. სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს წერილის თანახმად, დ.ა–ძე, რომელიც ფხიზელი მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით ,,…..“, 2017 წლის 25 ნოემბერს, დაახლოებით 20:10 საათზე, ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრზე შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მართავდა ასევე ფხიზელი ნ.კ–ი (იხ. ტ.1, ს.ფ. 52).
4. სამინისტრომ მზღვეველს წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოების შესახებ 2017 წლის 27 ნოემბერს შეატყობინა (იხ. ტ.1, ს.ფ. 106).
5. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითი ღირებულება განისაზღვრა 3135 ლარით (იხ. ტ.1, ს.ფ. 48-51).
6. სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი, შეტყობინების დაგვიანების გამო, არ აუნაზღაურა (იხ. ტ.1, ს.ფ. 53).
7. სარჩელის საფუძვლები
7.1 მოსარჩელემ 2018 წლის 18 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მზღვეველის წინააღმდეგ და მოითხოვა მიყენებული ზიანის - 3135 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;
7.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების N3 დანართით, ავტოსაგზაო შემთხვევა სადაზღვევო რისკებში შედის და ანაზღაურებას ექვემდებარება.
8. მოპასუხის შესაგებელი
8.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების N5 დანართის პირველი ნაწილი დაარღვია, ასევე, სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განაცხადი დაგვიანებით - 2018 წლის 27 თებერვალს სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდეგ წარადგინა.
8.2 მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის დროდადრო ფორმდებოდა მიღება-ჩაბარების აქტები, რაც მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას ადასტურებს. დაზღვევის მოქმედება 2017 წლის 31 დეკემბერს შეწყდა და მხარეებმა ისე დაასრულეს ურთიერთობა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
8.3 მოპასუხემ აღნიშნა, რომ სამინისტრომ მზღვეველს არათუ დაზღვევის მოქმედების, არამედ ხელშეკრულების მოქმედების ვადის დაცვითაც (31.01.2018წ.) სადაზღვევო შემთხვევის შესახებ განაცხადით არ მიმართა, ასევე, მოსარჩელეს დღემდე არ წარუდგენია ის დოკუმენტები, რომელთა წარდგენაც ხელშეკრულების დანართი N5-ის შესაბამისად მის ვალდებულებას წარმოადგენდა.
8.4 მოპასუხის განმარტებით, მზღვეველს სატელეფონო შეტყობინების დაგვიანებით შემთხვევის ადგილზე გასვლის უფლება შეეზღუდა, რასაც თან დაერთო საჭირო დოკუმენტაციის წარუდგენლობა, რომლის გარეშეც მზღვეველი დადებით გადაწყვეტილებას ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ვერ მიიღებდა. მოსარჩელის ქმედებით, მოპასუხეს არ მიეცა საშუალება, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დაედგინა, კერძოდ, ვერ დადგინდა იმყოფებოდა თუ არა ალკოჰოლური თრობის ქვეშ, ხომ არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ავტოსაგზაო შემთხვევა ხომ არ ითვალისწინებდა ისეთ გარემოებებს, რომლის დროსაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა მზღვეველს ათავისუფლებს ანაზღაურების ვალდებულებისგან.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
9.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 327-ე, 799-ე და 814-ე მუხლებით.
9.3 საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამინისტრომ ხელშეკრულების N5 დანართში ჩამოყალიბებული პირობების შესაბამისად არ იმოქმედა, მზღვეველს ზიანის არსებობის შესახებ იმავე დღეს არ აცნობა და არ წარუდგინა სათანადო დოკუმენტაცია, რაც სადაზღვევო ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველია.
10. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
11.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სამინისტროს სარჩელის უარყოფის თაობაზე.
11.2 სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების N5 დანართის პირველ ნაწილზე „დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზიანების ან/და დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისთანავე, შესაბამისი შეტყობინების განხორციელების მიზნით, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ან დამზღვევის უფლებამოსილი სხვა პირი სადაზღვევო კომპანიის საინფორმაციო სამსახურს უკავშირდება 24 საათში” და ამავე დანართის მე-3 ნაწილზე ,,ზიანის ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დამზღვევმა კომპანიას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები: საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, მძღოლების ახსნა-განმარტება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან პატაკი, მძღოლის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების ოქმი, საგამოძიებო ორგანოების გადაწყვეტილების (დადგენილების) ასლი. რომელიმე ზემოხსენებული დოკუმენტის წარუდგენლობის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარის (მაგიერ) დოკუმენტად ჩაითვლება დამზღვევის ოფიციალური წერილი, სადაც მითითებულია შესაბამისი დოკუმენტის წარუდგენლობის მიზეზი“ და სადაზღვევო ხელშეკრულების N4 დანართის მე-2 ნაწილზე ,,მზღვეველი თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისგან. ესენია: სადაზღვევო შემთხვევა მძღოლის ალკოჰოლური ან ნარკოტიკული (ფსიქოტროპული) ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს; უფლებამოსილი მძღოლის თვითმკვლელობა ან თვითმკვლელობის მცდელობა ან ისეთი განზრახი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა შემთხვევით გამოწვეული შედეგის დადგომას“ და ხელშეკრულების 5.1.4 ქვეპუნქტზე ,,მიმწოდებელი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ის ხარჯი, რომელიც ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად არ არის გათვალისწინებული შემსყიდველის სადაზღვევო პირობებით“ დაყრდნობით იმსჯელა მზღვეველის მიერ ზიანის აუნაზღაურებლობის კანონიერებაზე.
11.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ დამზღვევმა ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სადაზღვევო კომპანიას შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ - 2017 წლის 27 ნოემბერს მიაწოდა, რითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 24-საათიან ვადაში შეტყობინების შესახებ ვალდებულება დაარღვია, ასევე, უდავოა, რომ მოსარჩელეს სადაზღვევო შემთხვევის შემდგომ, სადაზღვევო კომპანიისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ განაცხადი წარდგენილი აქვს მხოლოდ 2018 წლის 27 თებერვალს, რომელსაც არ ერთვის ხელშეკრულების N5 დანართში მითითებული სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტები.
11.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული დოკუმენტაციის წარუდგენლობით მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას შესაძლებლობა წაართვა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი გარემოებები დაედგინა, როგორიცაა, მძღოლის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, ხომ არ მოქმედებდა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, ხომ არ მოხდა ავტოავარია იმ გარემოებებში, რომლის დროსაც ხელშეკრულება ან კანონმდებლობა ათავისუფლებდა მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან და ა.შ.
11.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემული ფაქტობრივი ვითარება მტკიცების ტვირთის შებრუნების საფუძველს ქმნის, როდესაც მოსარჩელეს იმ გარემოების მტკიცების ტვირთი უნდა დაეკისროს, რომ სადავო შემთხვევაში არ გამოვლენილა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან მოპასუხის გათავისუფლების ის საგამონაკლისო შემთხვევები, რომელთა არსებობის პირობებში მზღვეველი თავისუფლდება თანხის გადახდის ვალდებულებისგან.
11.6 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ შეძლო ამ მიმართებით მტკიცების ტვირთის რეალიზება, საქმეში სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, რაც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველია.
12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
12.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინება. კასატორმა (სამინისტრომ) მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
12.2 კასატორის მიუთითებს სსკ-ის 814-ე მუხლის მე-3 ნაწილზე ,,მზღვეველს არ შეუძლია შეთანხმებას დაეყრდნოს, რომლითაც იგი თავისი მოვალეობისაგან თავისუფლდება, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვევლის ინტერესები არსებითად არ დაირღვა“ და განმარტავს, რომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ოდენობა და შემთხვევის გამომწვევი გარემოებები, შესაბამისად, მზღვევლის ინტერესები შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობით, არსებითად არ დარღვეულა და სადაზღვევო კომპანიას ანაზღაურების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს.
12.3 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული ნორმის ფარგლებში არ უმსჯელია, მაშინ, როდესაც სამინისტროს ძირითადი სასარჩელო დასაბუთება სწორედ მას ემყარებოდა. ამასთან უდავოა, რომ შემთხვევის ადგილზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისთანავე საგამოძიებო მოქმედება დაიწყო, უფლებამოსილმა პირებმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, ავტომანქანები დალუქეს და დაცულ ავტოსადგომზე გადაიყვანეს, შესაბამისად, სასამართლო მოცემული გარემოებების ფარგლებში ვერ ასაბუთებს სადაზღვევო კომპანიას შეტყობინების 2 დღის დაგვიანების შედეგად რა ზიანი მიადგა.
13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1 საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაჩიო საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინება იურიდიული კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც.
19. კასატორი ძირითად პრეტენზიას სსკ-ის 814-ე მუხლის მესამე ნაწილზე აფუძნებს, თუმცა, ქვემდგომი სასამართლოების მსჯელობისა და დასკვნების გათვალისწინებით, აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ არაკვალიფიციური და დაუსაბუთებელი პრეტენზია წარმოადგინა, რომელიც ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 814.1-ე მუხლი ავალდებულებს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე ამის შესახებ მზღვეველს შეატყობინოს, თუმცა დამზღვევის მხრიდან შეტყობინების მოვალეობის შეუსრულებლობა, მზღვეველს ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან მაინც არ ათავისუფლებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუტყობინებლობით მზღვეველის ინტერესები არსებითად ირღვევა (სსკ-ს 814.3 მუხლი, ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 12.2 ქვეპუნქტში).
21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის შეუტყობინებლობით ამ უკანასკნელის ინტერესი არსებითად დაირღვა თუ არა.
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინების 11.4-11.5 ქვეპუნქტში მითითებულ მსჯელობას და განმარტავს, უდავოა, რომ აპელანტმა შეტყობინების დაგვიანებასთან ერთად, ხელშეკრულების N5 დანართის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ისეთი დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება დაარღვია, რომელიც აუცილებელი იყო სადაზღვევო კომპანიის მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. სადაზღვევო კომპანიას არ მიეცა დამდგარი შემთხვევის შესწავლის საშუალება, რაც მისი არა მხოლოდ კანონიერი უფლება იყო, არამედ დაზღვევის ხელშეკრულების ობიექტური მიზნიდან გამომდინარეობდა (სადაზღვევო კომპანიას უნდა დაედგინა ხომ არ ვლინდებოდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან მზღვეველის გათავისუფლების საგამონაკლისო შემთხვევები).
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს სადაზღვევო კომპანიისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
25. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე