საქმე №ას-1218-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „მ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ი.ვ.კ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილსის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით შპს ,,მ–ი-ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი შპს ,,ი.ვ.კ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე მუხლის პირველი ნაწილით სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ასევე, 2591 მუხლის პირველი ნაწილით თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და განმარტა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი ცნობილი იყო აპელანტის წარმომადგენლისათვის, რომელიც 2019 წლის 25 მარტის სასამართლო სხდომას ესწრებოდა, როდესაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო.
5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი გადაწყვეტილების ჩაბარების 30-დღიანი ვადა - 2019 წლის 24 მაისს ამოიწურა, ხოლო აპელანტის წარმომადგენელმა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2019 წლის 28 მაისს ჩაიბარა შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა 2019 წლის 24 მაისიდან დაიწყო და 2019 წლის 7 ივნისს ამოიწურა, ხოლო სააპელაციო საჩივარი წარდგენილია დაგვიანებით - 2019 წლის 10 ივნისს.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი საქართველოს ფოსტას ვადის დაცვით, კერძოდ, 2019 წლის 7 ივნისს ჩააბარა, ხოლო ფოსტამ სასამართლოს - 2019 წლის 10 ივნისს. აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი საპროცესო ვადის დაცვით წარადგინა და მისი განუხილველად დატოვების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 20 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება კი, გაუქმდეს და საქმე იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მხრიდან სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების კანონიერება.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველ ნაწილისა და იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველ ნაწილზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში) და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის ათვლა 2019 წლის 24 მაისიდან დაიწყო და იმავე წლის 7 ივნისს ამოიწურა.
13. სსსკ-ის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილ კერძო საჩივარზე თანდართული საფოსტო დოკუმენტით დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სააპელაციო საჩივარი ფოსტას, ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე - 2019 წლის 7 ივნისს (პარასკევს) ჩააბარა, ხოლო ფოსტამ საქალაქო სასამართლოს იმავე წლის 10 ივნისს (ორშაბათს) ჩააბარა გზავნილი (იხ. ს.ფ. 293). საკასაციო სასამართლომ იმასაც მიაქცია ყურადღება, რომ საქმის მასალებშია აპელანტი საწარმოს საფოსტო კონვერტი, რომლითაც ფოსტას გადაეცა სააპელაციო საჩივარი, კონვერტზე არსებული შტამპის თარიღია 07.06.2019წ (იხ. ს.ფ. 280); აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტს სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრით კანონით დადგენილი ვადის დაცვით არ მიუმართავს. სააპელაციო საჩივარზე მხარის მიერ მითითებული თარიღი (იხ. ს.ფ. 276) და მისი ფოსტისათვის ჩაბარების თარიღი 2019 წლის 7 ივნისია, რაც ადასტურებს, რომ აპელანტმა დაიცვა სააპელაციო წესით გასაჩივრების სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მისი კერძო საჩივარი დასაბუთებულია.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივსამართლებრივი წინამძღვრები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "მ–ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შპს "მ–ის" სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე