საქმე №ას-1252-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს "ს.რ–ა" (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ი, ნ.მ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ.კ–მა (შემდეგში: პირველი მოპასუხე) და ნ.მ–მა (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარეები), 2017 წლის 24 თებერვალს, წინასწარ შეთანხმებული გეგმით, ქ. თბილისში, ..... მდებარე სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, საწარმო, კასატორი) საკუთრებაში არსებულ დეპოს ტერიტორიაზე შეაღწიეს, სადაც N10-447 ელმავლის მაღალი ძაბვის აპარატურის განყოფილებაში ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს დაეუფლნენ (იხ. განაჩენი, ტ.1, ს.ფ. 15-18).
2. მოპასუხეებმა მოსარჩელეს დანაშაულით მიყენებული ზიანი - 516 ლარი აუნაზღაურეს (იხ. ტ.2, ს.ფ. 48).
3. სარჩელის საფუძვლები
3.1 მოსარჩელემ 2018 წლის 15 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა 3676.70 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
3.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებაზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ გამოძიებამ მიყენებული ზიანი არასწორად შეაფასა.
3.3 მოსარჩელემ მიუთითა, რომ შპს ,,ა.ც–ის“ დასკვნის (შემდეგში: აუდიტორული დასკვნა) თანახმად, ელმავლის ახალი ელექტროსადენების მთლიანი საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით 4192.70 ლარია, რაც საგამოძიებო სამსახურმა არ გაითვალისწინა.
4. მოპასუხის შესაგებელი
4.1 პირველმა მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა შედგენილია ელმავლის მთლიანი მოცულობის ელექტროსადენების საბაზრო ღირებულების მიხედვით და არა იმ ღირებულების საფუძველზე, რამდენი ელექტროსადენის მოპარვაც მოპასუხეებმა სცადეს. საგამოძიებო სამსახურმა მიყენებული ზიანი დაიანგარიშა 516 ლარით, რაც მოპასუხეებმა აანაზღაურეს.
4.2 მეორე მოპასუხემ წერილობითი შესაგებელი არ წარადგინა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
5.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
5.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 172-ე მუხლებით.
5.3 საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მიერ წარდენილი აუდიტორული დასკვნა და განმარტა, რომ დასკვნით შეფასებულია არა აღდგენითი სამუშაობის ღირებულება, არამედ დაზიანებული ელმავლის ახალი ელექტროსადენების მთლიანი საბაზრო ღირებულება.
6. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნება.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
7.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სარჩელის უარყოფის თაობაზე.
7.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სსკ-ის 408.1, 409-ე და 992-ე მუხლებიდან გამომდინარეობდა.
7.3 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით უდავო იყო, რომ მოსარჩელის მიმართ მიყენებული ზიანი გამოიწვია მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო მოქმედებამ, მოპასუხეები წარმოადგენდნენ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანზე პასუხისმგებელ პირებს, შესაბამისად, სადავო იყო მხოლოდ ზიანის ოდენობა.
7.4 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და იმავე კოდექსის 172-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა, ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის არსებით მტკიცებულებას არ წარმოადგენდა.
7.5 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო აუდიტორული დასკვნით შეფასებული იყო არა მოპასუხეთა მიერ დაზიანებული მოსარჩელის კუთვნილი ელმავლის მაღალი ძაბვის ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოებისათვის საჭირო ხარჯები, არამედ - დაზიანებული ელმავლის ახალი ელექტროსადენების მთლიანი საბაზო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით.
7.6 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მიყენებული ზიანი განაჩენით დადგენილ 516 ლარზე მეტი იყო.
7.7 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უსწორობას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელში დაყენებულ იმ შუამადგომლობაზე უარის თქმას უკავშირებდა, რომლითაც მოთხოვნილი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივიდან მოპასუხეთა მსჯავრდების სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვა.
7.8 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსსკ) 57-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტზე ,,დაზარალებულს უფლება აქვს: მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს“ და განმარტა, რომ მოსარჩელის წარმომადგენელს უფლება ჰქონდა როგორც წინამდებარე სარჩელის მომზადებისას, ისე - მანამდეც სისხლის სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე ესარგებლა ამ უფლებით და სისხლის სამართლის საქმის მასალებს გასცნობოდა. ამასთან, აპელანტმა ვერ დაასაბუთა, რით შეუშალა ხელი ამ მასალების არცოდნამ, მის მტკიცების საგანში შემავალი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, რაც მოპასუხეთა ქმედებით გამოწვეული ზიანის ოდენობის დადგენას უკავშირდებოდა.
8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
8.1 საწარმომ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინება. კასატორმა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.
8.2 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, მოსარჩელე არათანაბარ პირობებში ჩააყენა და მიყენებული ზიანის ოდენობის სრულყოფილად დადგენის საშუალება მოუსპო.
8.3 კასატორის განმარტებით, დიდუბე-ჩურუღეთის პროკურორმა მათ აცნობა, რომ საქმე სასამართლოს არქივში იყო და საქმის მასალებს პროკურატურაში ვერ გაეცნობოდნენ. მხოლოდ საქმის მასალების მათ მიერ გაცნობა კი საკმარისი არ იყო სასამართლოსათვის შესაბამისი მტკიცებულებების წარსადგენად. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოდან მხოლოდ განაჩენი მიიღო, მთლიანად სისხლის სამართლის მასალების გადაცემაზე კი უარი ეთქვა.
8.4 კასატორის განმარტებით, საპროცესო შეთანხმებაში აუდიტორულ დასკვნაზე და მოსარჩელის არაერთ წერილზე არაფერია ნათქვამი, რომლითაც საგამოძიებო ორგანოს ეცნობა, რომ მოპასუხეების მიერ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი - 4192.70 ლარი იყო. ასეთ ვითარებაში, აუცილებული იყო მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, რათა სისხლის სამართლის საქმიდან გარკვეულიყო და კასატორს შესძლებოდა, წარედგინა მტკიცებულებები მთლიანი სადენის დაჭრის შედეგად, გარდა მოპარული სადენებისა, ვარგისი იყო თუ არა მოხმარებისათვის დანარჩენი დაზიანებული სადენები, შესაძლებელი იყო თუ არა მათი აღდგენა, რა თანხა იქნებოდა საჭირო მათი დემონტაჟისა და მონტაჟის სამუშაოს საწარმოებლად.
8.5 კასატორის განმარტებით, შუამდგომლობის დაკმაყოფილებით, მათ ექნებოდათ მტკიცებულებების წარდგენის, გამოკვლევისა და სრულყოფილი ექსპერტიზის შესაძლებლობა.
8.6 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ სსკ-ის 408-ე მუხლის მოთხოვნათა შესრულების საშუალება წაართვა, როდესაც სსსკ-ის 203-ე და 205-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსამზადებელი სხდომის გამართვა.
9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
9.1 საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაჩიო საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება და დასაბუთებულია გასაჩივრებული განჩინება იურიდიული კვალიფიკაციის თვალსაზრისითაც.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ ზიანის ოდენობის განსაზღვრისათვის სასამართლოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა წარუდგინა, რომელშიც მითითებულია ელმავლის ახალი ელექტროსადენების მთლიანი საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით, რაც ვერ გახდება ზიანის ოდენობის გაანგარიშების საკმარისი მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობის დადგენა.
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენიზას, რომლის თანახმად, სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია მოსამზადებელი სხდომის განმართვა, რითაც კასატორის უფლება შუამდგომლობის განხილვასთან დაკავშირებით დაირღვა.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი სამოქალაქო სამართალწარმეობის ეტაპებს ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). საქმის განსახილველად სასამართლო სხდომის დანიშვნის პროცედურას კი ითვალისწინებს სსსკ-ის 205-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ,,თუ წარმოდგენილი წერილობითი მასალები მოსამართლეს აძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლება მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოპასუხემ ცნოს სარჩელი ან მოსარჩელემ უარი თქვას სარჩელზე, აგრეთვე თუ, მოსამართლის აზრით, სასამართლო განხილვისათვის საქმის სათანადოდ მომზადების ინტერესები ამას მოითხოვს, მოსამართლე უფლებამოსილია მხარეთა წერილობითი მასალების მიღებიდან 5 დღის განმავლობაში დანიშნოს მოსამზადებელი სხდომა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არსებობს სასამართლოს მთავარი სხდომის გამართვის წინაპირობები, მოსამართლე უფლებამოსილია მოსამზადებელი სხდომა გადაზარდოს მთავარ სხდომაში“.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე მოსამზადელი სხდომის დანიშვნა სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხს სასამართლო წყევტს დავის ირგვლივ არსებული გარემოებების გათვალისწინებით და სასამართლო არ არის ვალდებული მოსამზადებელი სხდომა აუცილებლად ჩანიშნოს. აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა სწორედ მოსამზადებელი ეტაპიდან დაიწყო, სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმის მასალების გამოთხოვის თაობაზე განიხილა (რაც არ დაკმაყოფილდა) და სწორედ ამის შემდეგ, პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 25 იანვრის სხდომის ოქმის მიხედვით, 13:15:19 საათზე სსსკ-ის 205-ე მუხლის შესაბამისად, მოსამზადებელი სხდომა გადაზარდა მთავარ სხდომაში, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის ზემოაღნიშნული პრეტენზია დაუსაბუთებელია.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტზე (ნორმის განმარტება იხ. წინამდებარე განჩინების 7.8 ქვეპუნეტქში)“ და იმავე მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 10 დღისა გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს.
20. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე განმარტავს, რომ დაზარალებულს სისხლის სამართლის პროცესის ადრეულ ეტაპზევე შეუძლია სრული მოცულობით გაეცნოს საქმის მასალებს, თუმცა, ამის მიუხედავად კასატორს ამ უფლებით არ უსარგებლია. ამასთან, ამ უკანასკნელმა ვერ დაამტკიცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით, რა მტკიცებულების წარდგენა ვერ შეძლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მიერ დადგენილი ზიანის ოდენობის გასაქარწყლებლად.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორს შეეძლო გასცნობოდა სისხლის სამართლის საქმის მასალებს და დაედგინა, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის სასაქონლო ექსპერტზის დასკვნა ზიანის ოდენობის დადგენისას და მისი შეფასების საფუძველზე გამაქარწყლებელი ექსპერტზის დასკვნა წარედგინა, რომელიც განაჩენში მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანის ოდენობას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ მოპასუხეთა მიერ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი 4192.70 ლარია, რაც მას არ გაუკეთებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ მოსარჩელემ მისთვის მიყენებული ზიანი მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ვერ დაადასტურა.
22. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
23. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს "ს.რ–ა" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს "ს.რ–ას" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N27151, გადახდის თარიღი 2019 წლის 29 აგვისტო), 70% –105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე