საქმე №ას-269-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ტ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ი–ი" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ი–ის“ სარჩელი გ.ტ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებზე დაყრდნობით განმარტა, რომ აპელანტი ესწრებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (ტ.1,ს.ფ. 149), შესაბამისად იგი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად (იხ. სსსკ-ის 2591), რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მისი გამოცხადების 30-ე დღიდან - 2017 წლის 24 აპრილიდან და ამოიწურა იმავე წლის 8 მაისს, იმის გათვალისწინებით, რომ 7 მაისი (მე-14 დღე) უქმე დღე იყო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტმა გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბერს მიმართა, ხოლო გადაწყვეტილება იმავე წლის 17 დეკემბერს ჩაიბარა (ტ.1,ს.ფ. 167; 174).
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი, კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, 2018 წლის 31 დეკემბერსაა წარდგენილი.
6. აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
7. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან არაერთხელ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით, თუმცა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მზად არ ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება.
8. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ ის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, მოსამართლეს არ განუმარტავს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 23 მაისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
13. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
14. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადს გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია“.
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე (კერძო საჩივრის ავტორი), პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, მხარე ვალდებული იყო, სათანადო წესით და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველეყო სააპელაციო საჩივრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა გასაჩივრების მსურველი მხარე და რომელსაც განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი წესი (ტ.1,ს.ფ.149), გამოაცხადა 2017 წლის 24 მარტს, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს ეკისრებოდა ვალდებულება, სასამართლოში გამოცხადებულიყო აღნიშნული თარიღიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა - 2017 წლის 24 აპრილისა, ხოლო გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა 30-ე დღეს. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2017 წლის 25 აპრილს და ამოიწურა იმავე წლის 8 მაისს, .დადგენილია, რომ დასახელებულ პერიოდში, მხარეს სააპელაციო სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავს. მან მხოლოდ 2018 წლის 27 იანვარს მიმართა განცხადებით სასამართლოს და გადაწყვეტილება იმავე წლის 17 დეკემბერს ჩაიბარა (ტ.1,ს.ფ. 149; 167; 174), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა საპროცესო ვადის დარღვევით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებაზე.
17. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომელიც წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტშია ასახული, მარტოოდენ მხარის პოზიციაა და არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებით.
18. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად და საპროცესო კანონმდებლობა არ დარღვეულა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ტ–ძის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე