Facebook Twitter

¹ბს-407-31-კს-04 16 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საქმის წარმოების შეწყვეტა.

აღწერილობითი ნაწილი:

ვ. თ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა “საქართველოს პარლამენტის წევრად არჩეული პირის მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო მოქმედებების განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ” ცესკოს 05.03.04. ¹.../2004 განკარგულების ბათილად ცნობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით სასკ-ის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის და საქართველოს საარჩევნო კოდექსის 77.2-ე მუხლის თანახმად სარჩელი განსჯადობით გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 09.03.04წ. განჩინებით სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, მოსარჩელეს უარი ეთქვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებაზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 11.03.04წ. განჩინებით სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა. 19.03.04წ. ვ. თ.-ემ და ბ. შ.-მა კერძო საჩივარი შეიტანეს თბილისის საოლქო სასამართლოს კოლეგიის 11.03.04წ. განჩინებაზე.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ადვოკატ ვ. თ.-ის მიერ ბ. შ.-ის სახელით შეტანილ იქნა სასარჩელო განცხადება, ვინაიდან ცესკოს გააჩნდა კანონმდებლობით განსაზღვრული განკარგულების გასაჩივრების სამდღიანი ვადა, ხოლო პროკურატურის მიერ დაკავებული ბ. შ.-ის ნახვა ვერ მოხერხდა, 7 და 8 მარტს იყო დასვენების დღეები, რის გამოც არ მუშაობდნენ ნოტარიუსები, ხოლო ბ. შ.-ის ადგილსამყოფელის მიხედვით, მინდობილობის გაცემის დამადასტურებელი უფლებამოსილი თანამდებობის პირი არავინ იყო. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მიერ საქმის განხილვის პროცესში დაისვა შუამდგომლობა სსკ-ის 84-ე მუხლის მიხედვით არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის თაობაზე, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. კოლეგიის მიერ ამ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის ფონზე ცხადი იყო, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილებოდა სსკ-ის 22-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამობის გამო. აღნიშნულის გამო გაკეთდა სარჩელზე უარის თქმის შესახებ განცხადება, რაც სასამართლო კოლეგიის მიერ უმალვე დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორები ითხოვენ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.03.04წ. განჩინების გაუქმებას.

24.03.04წ. კოლეგიის განჩინებით ვ. თ.-ის და ბ. შ.-ის კერძო საჩივარი 11.03.04წ. განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კოლეგიამ მიუთითა, რომ სასარჩელო განცხადება შედგენილ იქნა არა ბ. შ.-ის, არამედ მისი ადვოკატის ვ. თ.-ის სახელით. მას არ გააჩნდა მინდობილობა, რომელიც უფლებას მისცემდა მას შეესრულებინა საპროცესო მოქმედებები ბ. შ.-ის სახელით. ამგვარი მინდობილობის არსებობის შემთხვევაშიც კი მოსარჩელედ მითითებული უნდა ყოფილიყო ბ. შ.-ი და არა ვ. თ.-ე. უკანასკნელმა დააყენა რა შუამდგომლობა არასათანადო მოსარჩელის შეცვლის თაობაზე თავად აღიარა, რომ მან არასწორად აღძრა სარჩელი. კოლეგიამ მიიჩნია, რომ აღნიშნულ შუამდგომლობაზე სასამართლო განჩინება კანონიერია, რამდენადაც არასათანადო მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლა სსკ-ის 84-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლებას და არა მოვალეობას წარმოადგენს. სასკ-ის 22.2 მუხლი არასათანადო მოსარჩელის გამოვლენის შემთხვევაში საკითხს განსხვავებულად არეგულირებს, კერძოს თუ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ არ ზღუდავს მის უფლებას სარჩელი დაუშვებელია, რაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს. კოლეგიამ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარში არ არის დასაბუთებული საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმა სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას.

სამოტივაციო ნაწილი:

საქმის მასალების, კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლების შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ვ. თ.-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს როგორც ბ. შ.-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა. ამასთანავე, მას არ გააჩნდა სათანადო რწმუნება, რაც წარმოადგენდა სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს (სსკ-ის 186-ე მუხ.). ან სარჩლის განუხილველად დატოვების საფუძველს (სსკ-ის 275-ე, მუხ.). საოლქო სასამართლო კოლეგიამ მიიღო რა წარმოებაში ბ. თ.-ის სასარჩელო განცხადება ფაქტიურად იხილავდა არა ბ. შ.-ის, არამედ ვ. თ.-ის სარჩელს ცესკოს 05.03.04წ. ¹.../2004 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული იმითაც დასტურდება, რომ კოლეგიამ არ დართო ნება ქ. ღ.-ს და ლ. პ.-ს ბ. შ.-ის ინტერების წარმომადგენლობის განხორციელებაზე, ვინაიდან მოსარჩელეს წარმოადგენდა ვ. თ.-ე და არა ბ. შ.-ი.

სასამართლო სხდომაზე პაექრობის დასრულების შემდეგ ვ. თ.-ემ თავისი ნებით განაცხდა უარი სარჩელზე. სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლო კოლეგიის სხდომის ოქმის მიხედვით, მითითებულია არა სათანადო მოსარჩელის პროცესში ჩართვაზე უარი, არამედ მომავალ დღეს ბ. შ.-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის განხილვა, რის საფუძველზე ვ. თ.-მ განაცხადა, რომ იმ პროცესზე შეეცდებოდა დაეფიქსირებინა ყოველივე ის, რაც ბ. შ.-ის პატიმრობაში აყვანას ეწინააღმდეგებოდა. სასამართლო სხდომის ოქმი პროცესუალური კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა. სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ბ. შ.-ის სასამართლო პროცესში სათანადო მოსარჩელედ ჩართვაზე უარის თქმა არ წარმოადგენს საქმის წარმოების შეწყვეტის განჩინების გაუქმების საფუძველს, ვინაიდან სარჩელზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან ერთად, სსკ-ის 404-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაძლებელი იყო სასამართლო გადაწყვეტილებით წინმსწრები განჩინებების გასაჩივრების შესაძლებლობა, რის თაობაზეც განემარტა მოსარჩელეს. ამასთანავე, პროცესუალური კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საოლქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარემ განუმარტა მხარეს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. სარჩელის უფლება სსკ-ის მე-3 და სასკ-ის მე-3 მუხლის თანახმად, დისპოზიციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება. ამდენად, არ არსებობს საქმის წარმოების შეწყვეტის, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408.3, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ. შ.-ისა და ვ. თ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 11.03.04წ. განჩინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.