Facebook Twitter

საქმე №ას-437-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ.მ–ი, ნ.ც-მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ს.ბ–ი" (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი ვ.მ–ისა და ნ.ც-მ–ის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგი გარემოებების გამო:

3.1. სააპელაციო სასამართლომ 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად და 2019 წლის 31 იანვარს, 11:00 საათზე დანიშნა საქმის განხილვა;

3.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო უწყება აპელანტებს გაეგზავნათ 2019 წლის 11 იანვარს და ჩაბარდა დედას - ნ.ც მ–ს (ტ.1,ს.ფ. 177-180);

3.3. სასამართლო სხდომაზე, 2019 წლის 31 იანვარს, არ გამოცხადდნენ აპელანტები და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის;

3.4. სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს აპელანტებმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს.

5. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, სხდომის დღეს - 2019 წლის 31 იანვარს ერთ-ერთი აპელანტი - დედა, გახდა შეუძლოდ, რის გამოც გამოიძახეს სასაწრაფო დახმარება, მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ კი ქუთაისიდან სენაკში ჩასვლა ვეღარ მოესწრო, შესაბამისად, სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით აპელანტების კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

9. განსახილველ შემთხვევაში, განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტები სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა საჩივრის განუხილველად დატოვება (იხ. სსსკ-ის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10. საკასაციო სასამართლო წინამდებარე საკითხზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე და მსჯელობაზე მიუთითებს და დამატებით კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიის პასუხად განმარტავს, მხარეებისთვის ცნობილი იყო სასამართლო სხდომის თარიღის თაობაზე, აღნიშნულ გარემოებას სადავოდ არც ხდიან, თუმცა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის მიზეზად საპატიო გარემოებაზე უთითებენ.

11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

12. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ან სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუ აღნიშნული ქმედება ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. კერძოდ, მხარემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს კანონით დადგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მხარის ისეთი ავადმყოფობის ფაქტი, რომელიც შეუძლებელს ხდის სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებას, რაც საქმეში არაა წარმოდგენილი (საგულისხმოა ის გარემოება, რომ აპელანტებს, სასამართლოსთვის ტექნიკური საშუალებითაც არ უცნობებიათ სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ).

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.მ–ის და ნ.ც-მ–ის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე