Facebook Twitter

საქმე №ას-530-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ი/მ „მ.ჭ–ძე“, დ.ლ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ ბ.ე.გ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ბ.ე.გ–ასა “ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია, გამყიდველი) და ი/მ მ.ჭ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, მყიდველი, ძირითადი მოვალე ან კასატორი) შორის შედგა შედარების აქტი, რომლის თანახმადაც 2013 წლის 11 მაისის მდგომარეობით მოპასუსუხის დავალიანება კომპანიის მიმართ 20 914 ლარს შეადგენდა (ტ.1,ს.ფ.138).

2. კომპანიასა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 17 ივნისს დაიდო ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მყიდველს მიეცა უფლება, გამყიდველისაგან 22 000 ლარის ფარგლებში შეეძინა პროდუქცია. მოპასუხეს ნასყიდობის საფასური უნდა გადაეხადა პროდუქციის ყოველი პარტიის შეძენიდან არა უგვიანეს 25 კალენდარული დღის განმავლობაში (ტ.1,ს.ფ. 19-22).

3. დასახელებული ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, მხარეებმა ვალდებულების დადგენილ ვადაში შესრულებლობის შემთხვევაში გამყიდველის სასარგებლოდ გაითვალისწინეს პირგასამტეხლო, არსებული დავალიანების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა მოსარჩელემ პირგასამტეხლო დაიანგარიშა 0.01%-ის ოდენობით (ტ.1,ს.ფ. 19-22).

4. კრედიტორსა და დ.ლ–ძეს შორის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, თავდები ან კასატორი) 2014 წლის 17 ივნისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც აღნიშნულმა პირმა სოლიდარულად იკისრა ძირითადი მოვალის - მყიდველის მიერ კრედიტორთან 2014 წლის 17 ივნისს დადებული ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. თავდების პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრა 22000 ლარით (ტ.1,ს.ფ. 23-24).

5. გენერალური ხელშეკრულების 6.3.3 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ლარში და თუ საქონლის შეძენიდან მყიდველის მიერ მისი ღირებულების დაფარვამდე აშშ დოლარის კურსი ორი მეასედით გაიზრდებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი აშშ დოლარის გასაყიდ კურსთან მიმართებაში, გამყიდველს მიენიჭა უფლება, მოეთხოვა მყიდველისათვის ანგარიშსწორება გაზრდილი კურსის შესაბამისად და საქონლის თავდაპირველი ღირებულებისთვის კურსთა შორის სხვაობით მიღებული ოდენობა დაემატებინა.

6. შედარების აქტის გაფორმებიდან, გენერალური ხელშეკრულების დადებამდე, მყიდველმა გადაიხადა 34 135 ლარი, ამავე პერიოდში გაიტანა 34 322.29 ლარის ღირებულების პროდუქცია. გენერალური ხელშეკრულების გაფორმებამდე მოპასუხის ვალმა (34 322.29 – 34 135=187.29; 187.29 + 20 914=21 101.29) 21 101.29 ლარი შეადგინა (ტ.1,ს.ფ. 138; 202-344;).

7. გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხემ 20 935.46 ლარის ღირებულების პროდუქცია გაიტანა, რის შემდეგაც დავალიანებამ 42 036.75 ლარი შეადგინა.

8. მოვალემ, 2014 წლის 18 ივნისიდან 2016 წლის 26 დეკმებრამდე, 31 759.35 ლარი გადაიხადა (ტ.1,ს.ფ. 74-111;192).

9. მოპასუხეს, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, ხელშეკრულებიდან გამომდინარე 13 442.63 ლარის დავალიანება ეკისრება, საიდანაც ძირითადი თანხა 10 277.56 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 3 165.07 ლარია (ტ.1,ს.ფ. 138; 202-344;).

10. მოსარჩელის მოთხოვნა

10.1. კომპანიამ სარჩელი აღძრა მოვალისა და თავდების წინააღმდეგ, მოითხოვა:

10.1.1. მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 13 442.63 ლარის დაკისრება (მოსარჩელემ, მოსამზადებელ სხდომაზე ძირითადი თანხის ნაწილში მოთხოვნა 200 ლარით შეამცირა);

10.1.2. მოპასუხეებისთვის, ძირითადი თანხის - 10 277 ლარის 0.01%-ის სოლიდარულად დაკისრება, 2016 წლის 8 ნოემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

11. მოპასუხეების პოზიცია

11.1. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

12.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

12.1.1. მოპასუხეებს, კომპანიის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 10 577.40 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 10277.40 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 300 (სამასი) ლარი;

12.1.2. მოპასუხეებს, კომპანიის სასარგებლოდ, 2016 წლის 08 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის - 10 277.40 ლარის 0.01%, რაც ყოველდღიურად 1.02 ლარს შეადგენს;

12.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-317, 327-ე, 477-ე, 891-ე, 463-464-ე, 895-ე 898-ე, 361-ე, 417-418-ე, 389-ე და 393-ე მუხლებით.

13. მხარეთა სააპელაციო საჩივრები

13.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მხარეებმა

13.1.1. მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს;

13.1.2. კომპანიამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და პირგასამტეხლოს სრულად, ასევე, ვალუტის კურსთა შორის სხვაობით მიღებული თანხისა და იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრება მოითხოვა;

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

14.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინებით მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

14.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

14.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული 2014-2016 წლის სალაროს შემოსავლის ორდერებით ირკვეოდა, რომ მოვალე კრედიტორს უხდიდა თანხებს. დასახელებული ორდერებში მითითებული არ არის გადახდის დანიშნულება, ზოგიერთ შემთხვევაში კი მითითებულია „ვალის დაფარვა“. აღნიშნულიდან გამომდინარე ცხადად არ იკვეთება, თუ რომელ ვალს ფარვდა კრედიტორი გადახდილი თანხებით.

14.4. სააპელაციო სასამართლომ 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 დეკემბრის №008212218 დასკვნის თანახმად განმარტა, რომ 2013 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 17 ოქტომბრამდე მოვალეს შეძენილი ჰქონდა სულ 55257.96 ლარის ღირებულების პროდუქცია და გადაიხადა 65694.35 ლარი. შესაბამისად, მოცემულ პერიოდში შეძენილი პროდუქციის საერთო ღირებულებასა და საერთო გადახდილ თანხას შორის სხვაობა 10 436.4 ლარით მეტს შეადგენს, ე.ი. მოცემულ პერიოდში დავალიანება არ არის.

14.5. იმავე წესით, 2013 წლის 10 ნოემბრიდან 2014 წლის 17 ივნისამდე მოვალემ შეიძინა 15 047.09 ლარის ღირებულების პროდუქცია და გადაიხადა 11 269 ლარი. შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისთვის დავალიანება 3 778.09 ლარს შეადგენს.

14.6. მოვალემ, 2014 წლის 17 ივნისიდან 2016 წლის 10 ნოემბრამდე. შეიძინა 20 935.46 ლარის ღირებულების პროდუქცია და სულ 31 559.35 ლარი გადაიხადა. შესაბამისად, ამ პერიოდში 10 623.89 ლარი ზედმეტად არის გადახდილი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის 17 ივნისისთვის დავალიანება 21 101.45 ლარს შეადგენდა, მოვალის დავალიანება მოცემული ეტაპისთვის (21 101.45 – 10 623.89 =10 477.56) 10 477.56 ლარს შეადგენს.

14.7. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად“, 892-ე მუხლის პირველი ნაწილის „თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება“, 895-ე მუხლის „თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა“ და 898-ე მუხლის პირველი ნაწილის „თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე“ და მეორე ნაწილების „თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული;“ მოხმობით განმარტა, რომ მოვალის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, თავდები ვალდებულია სოლიდარულად აგოს პასუხი, რის გამოც პირველი ინსტანციის დასაბუთება მოცემულ ნაწილში საფუძვლიანი იყო.

14.7. საპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა პირგასამტეხლოს შემცირებასთან მიმართებით.

15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

15.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, ამ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

15.2. კასატორების განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზით არასწორად დადგინდა კომპანიის მიმართ დავალიანების არსებობის ფაქტი. საქმეში არსებული მიღება-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება, რომ მოვალეს 2013 წლის 16 მაისიდან 2015 წლის 19 ოქტომბრამდე მიღებული აქვს 55 257 ლარის პროდუქცია, რის სანაცვლოდაც გადახდილი აქვს 65 694 ლარი, შესაბამისად, არ აქვს დავალიანება და მეტობით აქვს გადახდილი თანხა.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოვალეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, კასატორის პრეტენზია, მიღებული პროდუქციის ღირებულების (55 257 ლარი) სანაცვლოდ მეტობით გადახდილ თანხასთან (65 694 ლარი) დაკავშირებით უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

23. მოცემულ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტნაციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა, რომელიც ეტაპობრივად გარკვეული საქონლის შეძენასა და სანაცვლო ანაზღაურებას გულისხმობდა, ნასყიდობისსამართლებრივ ურთიერთობას ეფუძნება, ხოლო მყიდველი მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნვესაყოფად თავდებობის ხელშეკრულებაა გაფორმებული.

24. საკასაციო სასამართლო, მხარეთა ურთიერთობის, საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით, მხარეთა შორის არსებულ ნასყიდობის ხელშეკრულებებს პირობითად სამ ნაწილად დაჰყოფს, კერძოდ პირველი ეტაპი შედარების აქტის გაფორმებამდე არსებული, მეორე შედარების აქტის გაფორმებიდან გენერალურ ხელშეკრულებამდე, ხოლო მესამე დასახელებული ხელშეკრულების შემდეგ.

24.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პირველი ეტაპისთვის (2013 წლის 11 ნოემბრისთვის) მყიდველის დავალიანება კომპანიის მიმართ შეადგენდა 20 914 ლარს;

24.2. შედარების აქტის გაფორმებიდან გენერალური ხელშეკრულების დადებამდე, მყიდველმა გადაიხადა 34 135 ლარი, ხოლო გაიტანა 34 322.29 ლარის საქონელი.

24.3. გენერალური ხელშეკრულების დადებიდან მყიდველმა გაიტანა 20 935.46 ლარის ღირებულების საქონელი, ხოლო ამავე ხელშეკრულებიდან 2016 წლის 26 დეკემბრამდე გადაიხადა 31 759.35 ლარი.

25. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით განმარტავს, რომ დასაბუთებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა და დასკვნები, რომ მყიდველის დავალიანება კომპანიის მიმართ შეადგენს (34 322. 29 – 34 135 = 187.29 + 20 914 = 21 101.29 + 20 935.46 = 10 277.40) 10 277.40 ლარს.

26. საკასაციო სასამართლო, თავდებობის ხელშეკრულების მიზნებისთვის და თავდების პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ არსებული დავალიანება, მოვალეს სწორედ გენერალური და თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაუგროვდა /მანამდე არსებული გადახდებით დაიფარა 2013 წლის შედარების აქტითა და აქტის გაფორმებამდე არსებული დავალიანებები (იხ. სსკ-ის 387.1 მუხლი)/, რაც თავდებისთვის, ხელშეკრულებაში განსაზღვრული თანხის ოდენობის ფარგლებში პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს წარმოადგენს.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე საკასაციო საჩივარზე მ.ჭ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 528,85 ლარის 70% – 370,19 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი/მ „მ.ჭ–ძის“ და დ.ლ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი/მ „მ.ჭ–ძეს“(პ/ნ .....) და დ.ლ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ.ჭ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 528,85 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 11 ივნისი), 70% – 370,19 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე