საქმე №ას-616-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "უ–2..." (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "კ-კ. ბ. ჯ–ა" (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – თავდებობისა და იპოთეკის ხელშეკრულებების შეწყვეტა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, იპოთეკის გაუქმება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 5 დეკემბრის განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „უ–2...-ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი მოპასუხე სს „კ-კ.ბ.ჯ–ას“ წინააღმდეგ არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად, სხვა შემადგენლობისთვის დაბრუნება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 14 (თოთხმეტი) დღე, რომ სასამართლოსთვის, დადგენილ ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 7 000 (შვიდიათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი და სააპელაციო საჩივრის შევსებული ელექტრონული ვერსია.
5. ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარდა მხარის წარმომადგენელს 2019 წლის 12 იანვარს, რომელმაც 2019 წლის 24 იანვარს განცხადებით მიმართა სასამართლოს, წარადგინა სახელმწიფო ბაჟის 2 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე იშუამდგომლა დარჩენილი ბაჟის გადავადება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 1 თვემდე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. იმავე წლის 8 იანვრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა გაგრძელდა 14 (თოთხმეტი) დღით. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს უნდა წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი, სააპელაციო საჩივრის შევსებული ფორმის ელექტრონული ვერსია.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადის გაგრძელების თაობაზე გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - რ.ხ–ას, რომელიც ჩაჰბარდა პირადად 2019 წლის 12 თებერვალს. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განჩინებით დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა იმავე წლის 26 თებერვალს.
8. დადგენილია, რომ დასახელებულ ვადაში მხარეს არც ხარვეზი გამოუსწორებია და არც რაიმე განცხადებით/შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის. გარდა ამისა, 2019 წლის 26 მარტს განხორციელდა სატელეფონო საუბარი აპელანტის წარმომადგენელთან, რაც სასამართლოს მოხელის შესაბამისი აქტში აისახა, რომელმაც განმარტა, რომ მხარეს ხარვეზი არ შეუვსია, ვინაიდან არ აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი (ტ.3,ს.ფ.20).
9. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
10. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, აპელანტმა ხარვეზი სრულად ვერ აღმოფხვრა, იმის გამო, რომ მატერიალური სახსრები არ გააჩნია, ამასთან, მოსარჩელის ქონება დაყადაღებულია სრულად, რის გამოც შეუძლებელია ბაჟის გადახდა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
15. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კერძო საჩივრის ავტორის მტკიცება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 48-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. დასახელებული ნორმა, ზოგადი წესიდან, გამონაკლისს წარმოადგენს და სასამართლოს შეუძლია, მხოლოდ უტყუარი, დამაჯერებელი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში გამოიყენოს, განსახილველ შემთხვევაში ასეთი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "უ–2..."-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე