Facebook Twitter

საქმე №ას-765-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ა.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ბ.ბ–ი" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სსიპ ,,ბ.ბ–სა“ (შემდეგში: მოპასუხე, შემკვეთი) და შპს ,,ა“-ს (შემდეგში: მოსარჩელე, მენარდე, აპელანტი ან კასატორი) შორის, 2016 წლის 8 აპრილს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდემ იკისრა ვალდებულება ბულვარის ტერიტორიაზე დაემონტაჟებინა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურები. მიწოდებული საქონელი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო ტექნიკურ დავალებაში მითითებულ სტანდარტებთან. თავის მხრივ, შემკვეთს შესრულებული მიწოდების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა 69 140 ლარი. დასახელებული ფიგურების მიწოდება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღის ვადაში, 2016 წლის 17 ივლისის ჩათვლით უნდა მომხდარიყო (ტ.1,ს.ფ. 23-28).

2. ხელშეკრულების # 1 დანართში მითითებულია, რომ მხატვრულ- ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების ტექნიკური და ხარისხობრივი პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ფიგურები უნდა იყოს სურათებზე გამოსახული ფიგურის მსგავსი და კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან, ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით (ტ.1,ს.ფ. 29-32).

3. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, მენარდემ ჩინეთში შეიძინა მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები: - ,,ლომი ალექსი“, ,,სუპერმენი“, „კუნფუ პანდა“, „კაპიტანი ამერიკა“, ,,რკინის კაცი“, ,,თორი“, ,,სპაიდერმენი“, ,,დინოზავრი“. 2016 წლის 15 ივლისს მოსარჩელემ დასახელებული ფიგურები დაამონტაჟა ბულვარის ტერიტორიაზე, რის თაობაზეც მოპასუხეს გაუგზავნა ანგარიშფაქტურა, თავის მხრივ, შემკვეთმა მიღება დაადასტურა (ტ.1,ს.ფ. 43-44).

4. დამონტაჟებიდან სამი დღის შემდეგ ფიგურების ზედაპირი დაიხა და გამოუსადეგარი გახდა, რის გამოც მოპასუხემ ფიგურები მოხსნა და შეინახა. შემკვეთს ფიგურების შეძენისა და დემონტაჟის ღირებულება არ გადაუხდია მენარდისათვის (ტ.1,ს.ფ. 89-90;113-121;133-150).

5. მოსარჩელის მოთხოვნა

5.1. მენარდემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, შემკვეთის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის 69 140 ლარის დაკისრება.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

7.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მენარდის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსითა (შემდეგში: სსკ) და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში: სსსკ).

8. მენარდის სააპელაციო საჩივარი

8.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

9.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინებით მენარდის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

9.2. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების გარდა, დამატებით შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა:

9.2.1. შემკვეთის დირექტორმა, 2016 წლის 20 ივლისს, წერილით მიმართა მენარდე საწარმოს დირექტორს, სადაც მიუთითა, რომ შესრულებული სამუშაო არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, რის გამოც ვერ მოხდებოდა მისი მიღება (ტ.1,ს.ფ.91-92). საპასუხო წერილში, მენარდე საწარმოს დირექტორმა აღნიშნა, რომ მიწოდებული საქონელი შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტექნიკურ მონაცემებს, რის გამოც შემკვეთი ვალდებული იყო მიეღო შესრულება (ტ.1,ს.ფ. 37-39).

9.2.2. შემკვეთის დირექტორმა, 2016 წლის 15 აგვისტოს №01-11/627 წერილით მიმართა მენარდის დირექტორს, სადაც მიუთითა, რომ მათ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება შეწყდა, მისი პირობების არაჯეროვნად შესრულების გამო(ტ.1,ს.ფ. 93-94).

9.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 აპრილის განჩინებით საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, შემდეგი საკითხების გამოკვლევის მიზნით:

9.3.1. ა) რა მასალისაგან იყო დამზადებული მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურები, სახელდობრ მათი კარკასი დამზადებული იყო თუ არა ლითონის მასალისაგან?

ბ) შეესაბამებოდა თუ არა მენარდის მიერ მოწოდებული საქონელი 2016 წლის 8 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2/16 ხელშეკრულება №1-შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სახელდობრ ფიგურების კარკასი (ჩონჩხი) უზრუნველყოფდა თუ არა მის მედეგობას? უარყოფით შემთხვევაში როგორი კონსტრუქციით უნდა აწყობილიყო ფიგურების კარკასი, რომ მას მინიჭებოდა გამძლეობის მაღალი(ანტივანდალური) ხარისხი?

გ) 2016 წლის 8 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2/16 ხელშეკრულების №1-შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობების შესაბამისად რა მასალა უნდა ყოფილიყო გამოყენებული ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების დასამზადებლად და რა მასალისაგან იყო დამზადებული მენარდის მიერ მოწოდებული საქონელი?

დ) რამ გამოიწვია (განაპირობა) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების მონტაჟიდან 3 დღეში დაზიანება?

10.

ე) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების დასამზადებლად სპანდექს ღრუბლის გამოყენებამ ხომ არ გახადა ეს ფიგურები ადვილად დაზიანებადი?

11.

ვ) მენარდის მიერ შემკვეთისთვის მოწოდებული საქონელი იყო თუ არა ანტივანდალური, ბავშვების თამაშის დროს დაზიანებამედეგი ?

12.

ზ) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების აღსადგენად და 2016 წლის 8 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2/16 ხელშეკრულება №1-შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსაყვანად რა სახისა და ღირებულების სამუშაო იყო ჩასატარებელი? (იხ. განჩინება, ტომი 2, ს/ფ 180-188).

9.4 ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 1 ოქტომბრის №004139618 დასკვნის თანახმად:

ა) მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების კარკასი დამზადებულია ლითონის d-14მმ და d-22მმ სისქის (გარე დიამეტრი) მილებისაგან, რომელიც ერთმანეთთან დაკავშირებულია d-4მმ და d-6მმ დიამეტრის მქონე A-I კლასის გლინულა მავთულისაგან და d-14მმ მილისაგან, ასევე ზოგიერთ ადგილას კავშირის გასაძლიერებლად და სიხისტის მისანიჭებლად გამოყენებულია ლითონის ფურცელი;

ბ) მენარდის მიერ მოწოდებული საქონელი ნაწილობრივ შეესაბამება 2016 წლის 8 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2/16 ხელშეკრულება №1-შესყიდვების ობიექტის ტექნიკური პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სახელდობრ, ფიგურების კარკასი (ჩონჩხი) ვერ უზრუნველყოფს მის მედეგობას. ანტივანდალური ფიგურების დამზადებისას კარკასის ფორმა უნდა იყოს მაქსიმალურად ხისტი და მიახლოებული ფიგურის ფორმასთან შემდგომი სილიკონის რეზინის გადაკვრით;

გ) 2016 წლის 8 აპრილის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №2/16 ხელშეკრულება №1-შესყიდვების ობიექტის ტექნიკური პირობების შესაბამისად, ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურების კარკასი დამზადებული უნდა იყოს ლითონის მასალისაგან, ზედაპირი დაფარული სილიკონის რეზინით. შპს ,,ა“-ის მიერ მიწოდებული საქონელი (მხატვრულ-ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები) დამზადებულია ლითონის კარკასისაგან (ჩონჩხი), რომელზეც მოწყობილია სპანდექს ღრუბელი ფიგურების მოცულობითი ფორმის მისაღებად და შემდეგ მიღებული მოცულობითი ფორმა დაფარულია ე.წ. სილიკონის რეზინით, შემდგომი მოხატვით;

დ) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების მონტაჟიდან 3 დღეში დაზიანება გამოწვეულია ამ ფიგურების კონსტრუქციული და ტექნოლოგიური ნაკლოვანებებით;

ე) ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების დასამზადებლად სპანდექს ღრუბლის დიდი რაოდენობით გამოყენებამ და კონსტრუქციული ნაკლოვანებებით დამზადებულმა ლითონის კარკასმა (ჩონჩხი) ერთობლივად, ეს ფიგურები გახადა ადვილად დაზიანებადი;

ვ) მენარდის მიერ შემკვეთისთვის მიწოდებული საქონელი არ იყო ანტივანდალური, არ იყო ბავშვების თამაშის დროს დაზიანებამედეგი;

ზ) დღეს არსებული რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით, ანტივანდალური მხატვრულ-ანიმაციური ფიგურების აღდგენა ექსპერტს არარენტაბელურად მიაჩნია.

9.5 სააპელაციო სასამართლო, ექსპერტის გამოკითხვის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ ფიგურების ჩონჩხი არ იყო სრულყოფილი, რადგან ვერ უზრუნველყოფდა მათ ანტივანდალურობას. ,,ჩონჩხი“ რომ სრულყოფილი ყოფილიყო, მაშინ ეს შედეგი არ დადგებოდა. ანტივანდალურობა დამოკიდებულია არა მხოლოდ გარე შეფუთვაზე, არამედ - არმატურის ხარისხზე. წარმოდგენილი არმატურა არ იყო იმ ხარისხის, რომ ანტივანდალურობა დაეკმაყოფილებინა, ანტივანდალური ფიგურებისათვის გამოყენებული კარკასები არ აკმაყოფილებდა მისი ანტივანდალურობისათვის დამაკმაყოფილებელ პირობას. ფიგურებს არ გააჩნიათ ღირებულება, რადგან მათი აღდგენა შეუძლებელია.

9.6 სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფოტოსურათებით, ექსპერტიზის დასკვნით და თავად ექსპერტის ახსნა-განმარტებით დაადგინა, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისიწინებული სამუშაო არაჯეროვნად შეასრულა, რადგან მის მიერ დამზადებული ნაკეთობა ნივთობრივი ნაკლის მქონე და გამოყენებისთვის უვარგისი იყო.

9.7 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 644-ე მუხლზე: ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები და ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველნაწილზე: თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

9.8 სააპელაციო სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე მოხმობით განმარტა, რომ სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების წინაპირობად დამატებითი ვადის დაწესებას განიხილავს. ბუნებრივია, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა, რომელიც იწვევს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ანულირებას, არ შეიძლება განხორციელდეს მოვალისათვის ხელმეორედ შესაძლებლობის მიცემის გარეშე. თუმცა, დამატებითი ვადა უნდა იყოს გონივრული და არ უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ შესასრულებელი ვალდებულების თავისებურებიდან, არამედ მხედველობაშია მისაღები ასევე კრედიტორის ინტერესები. დამატებითი ვადის დაწესება აზრს კარგავს, როდესაც აშკარაა, რომ ამ პირობებშიც კრედიტორისათვის ხელსაყრელი შედეგების მიღწევა შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-650-616-2015, 26.07.2017წ.).

9.9 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებულ შემთხვევაში შემკვეთმა დაიცვა გაფრთხილების ვალდებულება, თუმცა მენარდემ ფაქტიურად უარი განაცხადა ნაკლის გამოსწორებაზე, რადგან მიიჩნია, რომ ნაკეთობა ნაკლის მქონე არ იყო, რაც, ცხადია, შემკვეთს აძლევდა ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას. ვინაიდან, დადგენილია, რომ დამზადებული ნაკეთობა უვარგისია და შესაბამისად, ფიგურებს, უხარისხობის გამო, ღირებულება არ გააჩნდა, მათი აღდგენა შეუძლებელია და მენარდეს არ ეკუთვნის შემკვეთის მხრიდან თანხის ანაზღაურება. ამდენად, მენარდის სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო და სწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, ამ განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

10.2 კასატორის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი მხატვრულ-ანიმაციური ფიგურები შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს შეესაბამებოდა, ამასთან, საქმეში იყო ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც დასტურდებოდა, რომ დასახელებული ფიგურების ხარისხის და მასალების შემოწმება ვერ მოხდებოდა, რადგან დაწესებულებას შესაბამისი სპეციალისტი არ ჰყავდა.

10.3 კასატორის განმარტებით, მისი შუამდგომლობის შედეგად დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა, თუმცა, სასამართლომ ექსპერტისთვის განკუთვნილი მისი კითხვები არ გაითვალისწინა და თავად, არაკომპეტენტური კითხვები დაუსვა ექსპერტიზას. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს ექსპერტმა ვერ შეძლო შესაბამის მასალასთან დაკავშირებით კითხვებზე სათანადო პასუხების გაცემა, მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტმა უპასუხა სასამართლოს, რომ ფიგურები ანტივანდალური მასალისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული და მათი დამზადების ხარისხი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებს.

10.4 კასატორმა, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებზე მითითებით, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება მოითხოვა მოპასუხისგან (შემკვეთისაგან),დამატებით კი იმ გარემოებებზე მიუთითა, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე შემკვეთმაპრეტენზია არ გამოთქვა და აღიარა დავალიანების არსებობა.

11 საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მენარდის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12 სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13 საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

14 საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

17 წინამდებარე შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების საკითხს და უთითებს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი დაუსაბუთებელია, მეტიც, კასატორის მტკიცებით, მხარეები ექსპერტის დასკვნით გათვალისწინებულ ანტივანდალურ მასალაზე საერთოდ არ ყოფილან შეთანხმებულები, ამასთან, მოპასუხეს უკვე აღიარებული ჰქონდა არსებული დავალიანება.

18 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს სსკ-ის 629.1-ე „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“, 648-ე „შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას“ მუხლები წარმოადგენს.

19 განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახულ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს და დამატებით განმარტავს, რომ უდავოდაა დადგენილი შესრულებული სამუშაო არ პასუხობდა შეთანხმებულ ხარისხს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული სხვადასხვა მტკიცებულებებით - სურათებით, ექსპერტიზის დასკვნით, ექსპერტის ახსნა-განმარტებით. დადგენილია, რომ ანიმაციური გმირების ფიგურები მათი დამონტაჟებიდან სამ დღეში დაზიანდა

20 კასატორი განმარტავს, რომ შესრულებული სამუშაო შეთანხმებულ პირობებს შეესაბამებოდა და ექსპერტის მიერ მითითებული მასალის ანტივანდალური სტანდარტი არ ყოფილა მხარეთა შორის შეთანხმებული.

21 საკასაციო სასამართლო, მხარეთა შორის არსებული ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის გათვალისწინებით სსკ-ის 641.1-ე „ნაკეთობა ნივთობრივად უნდაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო თუ პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისთვის“ მუხლისა და ხელშეკრულების პირობების საფუძველზე განმარტავს, რომ მოპასუხის (შემკვეთის) შესაგებელი მოცემულ შემთხვევაში შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ სამუშაოს მიღება-ჩაბარების მომენტისათვის ფიგურები დაზიანებული იყო.

22 . მხარეთა შორის ტექნიკური პირობებით შეთანხმებული იყო შესასრულებელი სამუშაოსთვის გამოსაყენებელი მასალების სახე (ფიგურების კარკასი ლითონის მასალებისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, ხოლო ზედაპირი სილიკონის რეზინით უნდა ყოფილიყო დაფარული), თუმცა, აღნიშნული მასალების კონკრეტული ხარისხის თაობაზე შეთანხმება არ ყოფილა, რა შემთხვევაშიც სასამართლო მიუთითებს, რომ გამოიყენება დასახელებული ნორმით დადგენილი ზოგადი სტანდარტი - ჩვეულებრივი გამოყენებისთვის ვარგისი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემო ფაქტორებსა და მექანიკურ ზემოქმედებას, რომლისთვისაც უნდა გაეძლო დამონტაჟებულ ფიგურებს, გარდა ნორმალური ცვეთით გათვალისწინებული სტანდარტისა და განმარტავს, რომ დამონტაჟებიდან სამ დღეში (ზოგიერთი - რამდენიმე საათში), ფიგურების დაზიანება, გამორიცხავს მოსარჩელის მოთხოვნის დასაბუთებულობას შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, კასატორის მითითება მოპასუხის მიერ, ანგარიშფაქტურის მიღების თაობაზე, რაც უნდა მიჩნეულიყო შემკვეთის მიერ მენარდის წინაშე დავალიანების აღიარებად, არ წარმოადგენს სამართლებრივად ვარგის და საკმარის მტკიცებულებას მოცემულ შემთხვევაში.

23 საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, მენარდემ ა ვერ დაასაბუთა საკუთარი მოთხოვნის სამართლებრივი დასაბუთებლობა, რაც საკასაციო განაცხადის დაუშვებლად ცნობისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

24 . სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3457ლარის, 70% – 2419,9 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ა"-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ა"-ის (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3457ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 5 ივლისი), 70% – 2419,9 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე