Facebook Twitter

საქმე №ას-988-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ი.ი. ს.ს.ც–ი (თ–ი) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – უ.ჩ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, შრომის ანაზღურების დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უ.ჩ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული) 2017 წლის 16 ივნისიდან მუშაობა დაიწყო შპს „ი.“ ი.ს.ს.ც–ში (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, სამედიცინო დაწესებულება, დამსაქმებელი ან კასატორი) ბუღალტრის თანამდებობაზე N2017/06/16 33კ ბრძანების საფუძველზე. ვადიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა 2017 წლის ივლისის თვეში და შრომითი ურთიერთობის ვადად 1 (ერთი) წელი განისაზღვრა. ერთწლიანი ვადიდან გამოსაცდელი ვადა შეადგენდა 6 თვეს (ტ.1,ს.ფ. 20).

2. მხარეთა შორის 2017 წლის 10 ივლისს გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ყოველთვიური ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, განისაზღვრა 700 (შვიდასი) ლარით, ხოლო ხელზე ასაღები ხელფასი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე, 560 (ხუთას სამოცი) ლარს შეადგენდა (ტ.1,ს.ფ. 22-25). დასაქმებულს ხელფასი უნდა მიეღო თვეში ერთხელ, უნდაღდო ანგარიშსწორების წესით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან დამსაქმებლისთვის თანხების გადმორიცხვის საფუძველზე.

3. მოსარჩელეს 2017 წლის 23 ნოემბერს ჩაერიცხა ივლისის თვის ხელფასიდან 329 ლარი; აგვისტოს თვის ხელფასიდან 360 ლარი - 2017 წლის 15დეკემბერს; სექტემბრის ხელფასიდან 560 ლარი- 2018 წლის 13 იანვარს. 2018 წლის 6 აპრილს ხელფასის სახით 957 ლარი ჩაერიცხა, რომელიმე თვის მითითების გარეშე, ხოლო 2017 წლის ხელფასი - 560 ლარი ანგარიშზე ჩაერიცხა 2018 წლის 14 ივლისს.

4. მოსარჩელეს არ მიუღია 2017 წლის ნოემბრის თვის ხელფასი - 560 ლარი და 2017 წლის 22 დეკემბრამდე ხელფასი - 361.16 ლარი, ჯამში 921.16 ლარი.

5. მოსარჩელისთვის აუნაზღაურებელი ხელფასი და ხელფასის დაყოვნების პირგასამტეხლო შეადგენს:

5.1. 2017 წლის ივნისის თვის აუნაზღაურებელი ხელფასი - 280 ლარს, ხოლო მისი 0,07% 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 06 აპრილამდე დაყოვნებული 280 დღისათვის შეადგენს 53,2 ლარს (280 დღე*0,19ლ.=53,2 ლ.).

5.2. 2017 წლის ივლისის თვის აუნაზღაურებელი ხელფასი - 560 ლარი ხოლო, მისი 0,07% 2017 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე (ხელფასის ჩარიცხვის დრო) დაყოვნებული 114 დღისათვის შეადგენს 44,46 ლარს (114 დღე*0,39ლ.=44,46 ლ.). ამავე თვის ხელფასიდან დასაქმებულს მიუღებელი დარჩა 231 ლარი, რომელიც 2018 წლის 6 აპრილს, 134 დღის შემდეგ ჩაერიცხა, და დაყოვნებისთვის 21,44 ლარი (134 დღე*0,16 ლ.=21,44 ლ.).

5.3. 2017 წლის აგვისტოს თვის აუნაზღაურებელი ხელფასის - 560 ლარი, ხოლო მისი 0,07% 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე (ხელფასის ჩარიცხვის დრო) დაყოვნებული 105 დღისათვის შეადგენს 40,95 ლარი (105 დღე*0,39ლ.=40,95 ლ.). მოსარჩელეს 2017 წლის აგვისტოს თვის მიუღებელი ხელფასის დარჩენილი ნაწილი - 200 ლარი ჩაერიცხა 2018 წლის 06 აპრილს, 111 დღის დაგვიანებით. აღნიშნული თანხის 0,07%, დაყოვნების ყოველ დღეზე შეადგენს 0.14 ლარს. დაყოვნებული 111 დღისათვის კი შეადგენს 15,54 ლარს (111 დღე*0,14 ლ.=15,54 ლ.).

5.4. 2017 წლის სექტემბრის მიუღებელი ხელფასის - 560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 13 იანვრამდე (ხელფასის ჩარიცხვის დრო) დაყოვნებული 105 დღისათვის შეადგენს 40,95 ლარს (105 *0,39ლ.=40,95 ლ.). მოსარჩელეს 2017 წლის სექტემბრის თვის ხელფასის 560 ლარიდან, ნაწილი - 360 ლარის ოდენობით, ჩაერიცხა 2018 წლის 13 იანვარს. ხოლო ხელფასის დარჩენილი ნაწილი - 200 ლარი ჩაერიცხა 2018 წლის 6 აპრილს, 82 დღის დაგვიანებით. აღნიშნული თანხის 0,07%, დაყოვნების ყოველ დღეზე შეადგენს 0.14 ლარს. დაყოვნებული 82 დღისათვის კი შეადგენს 11.48 ლარს (82 *0,14 ლ.=11.48 ლ.).

5.5. 2017 წლის ნოემბრის თვის ხელფასი მიუღებელი აქვს და ხელფასის - 560 ლარის 0,07% ყოველ დაყოვნებულ დღეზე შეადგენს 0.39 ლარს.

5.6. 2017 წლის დეკემბრის თვის ხელფასი მიუღებელი აქვს და შეადგენს 407.16 ლარს. მიუღებელი ხელფასის - 407,16 ლარის 0,07% ყოველ დაყოვნებულ დღეზე შეადგენს 0.28 ლარს.

6. მოსარჩელემ, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე ბრძანება 2018 წლის 18 ივლისს ჩაიბარა.

7. მოსარჩელის მოთხოვნა

7.1. დასაქმებულმა სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:

7.1.1. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სამედიცინო დაწესებულების დირექტორის 2017 წლის N2017/12/22-132/ო ბრძანების ბათილად ცნობა;

7.1.2. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 2017 წლის 22 დეკემბრიდან 2018 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, იძულებითი მოცდენის დროისათვის მიუღებელი შრომის ანაზღაურების დაკისრება, ხელზე ასაღები ხელფასის სახით თვეში 560 ლარის ოდენობით კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადების გარდა, საერთო ჯამში 3520 ლარი;

7.1.3. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის 2017 წლის ნოემბრის და 2017 წლის 22 დეკემბრამდე მიუღებელი სახელფასო დავალიანების 921.16 ლარის დაკისრება (კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადების გარდა);

7.1.4. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის ხელზე ასაღები დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრება, შემდეგი სახით:

7.1.4.1. 2017 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 280 ლარის 0,07% 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 06 აპრილამდე დაყოვნებული 280 დღისათვის 53,2 ლარი (280 დღე*0,19ლ.=53,2 ლ.).

7.1.4.2. 2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის-560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე დაყოვნებული 114 დღისათვის 44,46 ლარი (114 დღე*0,39ლ.=44,46 ლ.).

7.1.4.3. 2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის ნაწილის - 231 ლარის 0,07%, 2017 წლის 23 ნოემბრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.16 ლარი 2018 წლის 6 აპრილამდე დაყოვნებული 134 დღისათვის 21,44 ლარი (134 დღე*0,16 ლ.=21,44 ლ.).

7.1.4.4. 2017 წლის აგვისტოს მიუღებელი ხელფასის - 560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე დაყოვნებული 105 დღისათვის 40,95 ლარი (105 დღე*0,39ლ.=40,95 ლ.).

7.1.4.5. 2017 წლის აგვისტოს მიუღებელი ხელფასის ნაწილის - 200 ლარის 0,07% 2017 წლის 15 დეკემბრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.14 ლარი 2018 წლის 06 აპრილამდე დაყოვნებული 111 დღისათვის 15,54 ლარი (111 დღე*0,14 ლ.=15,54 ლ.).

7.1.4.6. 2017 წლის სექტემბრის მიუღებელი ხელფასის-560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 13 იანვრამდე დაყოვნებული 105 დღისათვის 40,95 ლარი (105 დღე*0,39ლ.=40,95 ლ.).

7.1.4.7. 2017 წლის სექტემბრის მიუღებელი ხელფასის ნაწილის - 200 ლარის 0,07% 2018 წლის 13 იანვრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.14 ლარი 2018 წლის 6 აპრილამდე დაყოვნებული 82 დღისათვის 11,48 ლარი (82 დღე*0,14 ლ.=11,48 ლ.).

7.1.4.8. 2017 წლის ნოემბრის მიუღებელი ხელფასის - 560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 დეკემბრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.39 ლარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 2017 წლის დეკემბრის მიუღებელი ხელფასის - 407,16 ლარის 0,07% 2018 წლის 1 იანვრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.28 ლარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8. მოპასუხის პოზიცია

8.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო

9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

9.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა:

9.2. ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე სამედიცინო დაწესებულების დირექტორის 2017 წლის N2017/12/22-132/ო ბრძანება;

9.3. მოპასუხეს დაეკისრა, 2017 წლის 22 დეკემბრიდან 2018 წლის 1 ივლისამდე პერიოდში, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, იძულებითი მოცდენის დროისათვის მიუღებელი შრომის ანაზღაურება, ხელზე ასაღები ხელფასის სახით თვეში 560 ლარის ოდენობით კანონმდებლობით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადების გარდა, საერთო ჯამში 3520 ლარი;

9.4. მოპასუხეს დაეკისრა 2017 წლის ნოემბრის და 2017 წლის 22 დეკემბრამდე მიუღებელი სახელფასო დავალიანების - სულ 921.16 ლარის გადახდა;

9.5. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის ხელზე ასაღები დაყოვნებული თანხის 0,07%, შემდეგი სახით:

9.5.1. 2017 წლის ივნისის თვის მიუღებელი ხელფასის 280 ლარის 0,07% 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 6 აპრილამდე დაყოვნებული 280 დღისათვის 53,2 ლარი (280 დღე*0,19ლ.=53,2 ლ.).

9.5.2. 2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის-560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 აგვისტოდან 2017 წლის 23 ნოემბრამდე დაყოვნებული 114 დღისათვის 44,46 ლარი (114 დღე*0,39ლ.=44,46 ლ.).

9.5.3. 2017 წლის ივლისის მიუღებელი ხელფასის ნაწილის - 231 ლარის 0,07%, 2017 წლის 23 ნოემბრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.16 ლარი 2018 წლის 6 აპრილამდე დაყოვნებული 134 დღისათვის 21,44 ლარი (134 დღე*0,16 ლ.=21,44 ლ.).

9.5.4. 2017 წლის აგვისტოს მიუღებელი ხელფასის - 560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე დაყოვნებული 105 დღისათვის 40,95 ლარი (105 დღე*0,39ლ.=40,95 ლ.).

9.5.5. 2017 წლის აგვისტოს მიუღებელი ხელფასის ნაწილის - 200 ლარის 0,07% 2017 წლის 15 დეკემბრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.14 ლარი 2018 წლის 6 აპრილამდე დაყოვნებული 111 დღისათვის 15,54 ლარი (111 დღე*0,14 ლ.=15,54 ლ.).

9.5.6. 2017 წლის სექტემბრის მიუღებელი ხელფასის-560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 ოქტომბრიდან 2018 წლის 13 იანვრამდე დაყოვნებული 105 დღისათვის 40,95 ლარი (105 დღე*0,39ლ.=40,95 ლ.).

9.5.7. 2017 წლის სექტემბრის მიუღებელი ხელფასის ნაწილის - 200 ლარის 0,07% 2018 წლის 13 იანვრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.14 ლარი 2018 წლის 6 აპრილამდე დაყოვნებული 82 დღისათვის 11,48 ლარი (82 დღე*0,14 ლ.=11,48 ლ.).

9.5.8. 2017 წლის ნოემბრის მიუღებელი ხელფასის - 560 ლარის 0,07% 2017 წლის 1 დეკემბრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.39 ლარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. 2017 წლის დეკემბრის მიუღებელი ხელფასის - 407,16 ლარის 0,07% 2018 წლის 1 იანვრიდან დაყოვნების ყოველ დღეზე 0.28 ლარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

9.6. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-2, მე-6, 31-ე, 32-ე, 37-38-ე, 44-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

10. დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი

10.1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (დამსაქმებელმა), ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

11.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინებით დამსაქმებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა.

11.2. სააპელაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები, და სშკ-ის 31-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 32-ე მუხლისა და 37-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მართებულად დააკმაყოფილა სარჩელი.

11.3. სააპელაციო სასამართლომ, დასაქმებულის გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებზე (სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი) მითითებით განმარტა, რომ აღნიშნული საფუძვლით გათავისუფლებისთვის, იმავე კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, საჭიროა დასაქმებულის წინასწარი წერილობით გაფრთხილება. მოცემულ შემთხვევაში კი ასეთი წინასწარი შეტყობინების ფაქტი არ დასტურდებოდა, აპელანტს არც ის დაუდასტურებია, როდის და რა ვითარებაში გააფრთხილა მოსარჩელე ხელშეკრულების მოსალოდნელი შეწყვეტის თაობაზე.

11.4. სააპელაციო სასამართლომ სშკ-ის 38-ე მუხლის 4-7 პუნქტების მოხმობით განმარტა, რომ დამსაქმებელმა ვერ დაამტკიცა სამუშაო ძალის შემცირების, ანუ მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის აუცილებლობა.

11.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის ხელშეკრულების სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტით მოშლის თაობაზე ბრძანება ბათილია იმავე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 54-ე მუხლის თანახმად.

11.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ გათავისუფლების თაობაზე ბრძანება 2018 წლის 18 ივლისს ჩაიბარა, ხოლო 25 ივლისს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების დასაბუთება მოითხოვა. აღნიშნულზე, დამსაქმებელმა 2018 წლის 3 აგვისტოს უარი განაცხადა, რის შემდეგაც, დასაქმებულმა 2018 წლის 30 აგვისტოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლამდე გაასაჩივრა ბრძანება.

12. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

12.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, სამსახურის კუთვნილი პერსონალური კომპიუტერის მითვისება სცადა, გათავისუფლების თაობაზე სიტყვიერად ეცნობა, რაზედაც პრეტენზია არ განუცხადება, ამასთან, არ ჩაუბარება გათავისუფლების თაობაზე ბრძანება.

12.3. კასატორის მტკიცებით სასამართლო გასცდა უფლებამოსილების ფარგლებს, არ გამოუკვლევია წარდგენილი მტკიცებულებები.

13. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

13.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

16. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

18. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მიღებული ბრძანების არამრთლზომიერად და დაუსაბუთებლად გამოცემის ფაქტი. კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მისი განხილვის საგანს წარმოადგენს, მართლზომიერად გათავისუფლდა თუ არა დასაქმებული სამედიცინო დაწესებულებიდან, იმ სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისი დასაბუთებით, რომელსაც ეს უკანასკნელი ეყრდნობოდა.

19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 11.2-11.6 პუნქტები) და დამატებით ყურადღებას გაამახვილებს, რომ გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის დანაწესით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. მოპასუხეს დამაჯერებლად და სარწმუნოდ არ დაუმტკიცებია ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების არსებობა დამსაქმებელ ორგანიზაციაში.

20. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს: „სამართლის ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ პრობლემები სამართლიანად გადაწყვიტოს და თანაბრად დაიცვას ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესები. რასაკვირველია, თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების უფლება დაცული უნდა იყოს, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს დასაქმებულთა შრომითი უფლებების შელახვის ხარჯზე. როგორც კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ასევე დაცულია თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: “ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელიაუფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ ერთ-ერთ საკასაციო განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამსაქმებელს რომ არ მიეცეს „თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო გათავისუფლების საფუძველი“, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.“ (უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-545-513-2012, 05.10. 2012წ; №ას-106-101-2014, 02.10. 2014 წ; №ას 893-851-2013, 07.11.2013წ) - იხ. სუსგ №ას- 686-652-2015, 28.07.2015წ.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, შრომით სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალური სტანდარტი, კერძოდ, „სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ორი ძირითადი წესი: ზოგადი წესი, რომელიც სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად ეკისრება თითოეულ მხარეს, და სპეციალური წესი, რომელსაც თავად გამოსაყენებელი მატერიალური ნორმა აწესებს. შრომით-სამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს და ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები“ (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).

22. საკასაციო სასამართლო დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლად მითითებული ნორმისა და მტკიცების ტვირთის დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით იმასაც განმარტავს, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაციის პროცესს დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება არ მოჰყოლია. რეორგანიზაციის შედეგად სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა არ შეცვლილა და გარდა მოსარჩელისა, სხვა თანამშრომელი სამუშაოდან არ გათავისუფლებულა.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დავით სარიშვილის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ი.ი.ს.ს.ც–ის (თ–ი) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ი.ი.ს.ს.ც–ის (თ–ი) (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, საკასაციო საჩივარზე დ.ს–ის (პ/ნ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 20 ივნისი), 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე