საქმე №ას-993-2019 25 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს "მ.მ.გ.ბ–ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს "გ.ა–ა", შპს "ი.გ–ი" (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შპს "გ.ა–ა" და შპს "ი.გ–ის" სარჩელი შპს "მ.მ.გ.ბ–ის" (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვის თაობაზე დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მისი შევსების მიზნით, დაევალა ამავე განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში, სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით - 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი) ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე მსჯელობის მიზნით, შესაბამისი უტყუარი მტკიცებულებები. მოპასუხეს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
4. აღნიშნული განჩინება აპელანტს 2019 წლის 13 მაისს გაეგზავნა, თუმცა ვერ ჩაბარდა (ტ. 2, ს.ფ. 17-19). იმავე წლის 21 მაისს, დასახელებული განჩინების ხელმეორედ გაგზავნამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა ც.ბ–ამ და საქმეზე დასართავად, სახელმწიფო ბაჟის სახით, 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ელექტრონული ქვითარი წარადგინა.
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა, დადგენილი ხარვეზი არ შეავსო სრულად, რის გამოც 2019 წლის 28 მაისის განჩინებით გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა დამატებით 7 დღით და დაევალა სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის 160 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) წარდგენა, რომელიც დამოწმებული იქნებოდა შესაბამისი საბანკო დაწესებულების მიერ ან დოკუმენტი, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ტრანზაქცია სახელმწიფო ხაზინაში ნამდვილად განხორციელდა. ამასთან, აპელანტს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
6. აღნიშნული განჩინება, 2019 წლის 29 მაისს გაეგზავნა და იმავე წლის 31 მაისს ჩაჰბარდა აპელანტი საწარმოს დირექტორს - მ.მ–ას (პ/ნ …..) (ტ.2, ს.ფ.25-26).
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა აპელანტს, 2019 წლის 7 ივნისს ამოეწურა. დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, არც რაიმე დამატებითი განცხადებით ან შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
9. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, არათუ ხარვეზის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადა გაუშვა უშედეგოდ, არამედ ხარვეზის თაობაზე გაგზავნილი განჩინების მიღებამდე გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. მისივე განმარტებით, უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა, რომლის მიხედვითაც გადახდა არ დასტურდება საქმეში წარდგენილი ე.წ „ელექტრონული ქვითრით“ (ტ.2,ს.ფ.21), აღნიშნულ ქვითარზე დატანილია ყველა საჭირო რეკვიზიტი, რომელიც აუცილებელია და წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას ბაჟის გადახდის დამადასტურებლად.
11. კერძო საჩივრის ავტორმა დამატებით წარმოადგინა წერილი სს „ს.ბ–დან“ (ტ.2,ს.ფ.41), რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ე.წ „ელექტრონული ქვითრით“ გადახდილი თანხა წარმატებით ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შესაბამის ანგარიშზე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მოტივაციით:
13. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა არ გამოასწორა ხარვეზი განჩინებით დადგენილ ვადაში, ხოლო მის მიერ წარდგენილი ქვითრით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე, არ დგინდებოდა, ნამდვილად განხორციელდა თუ არა ტრანზაქცია სახელმწიფო ხაზინაში.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დამატებით უნდა შეამოწმოს სსსკ-ის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის „თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ“ გამოყენების დასაბუთებულობა.
16. საკასაციო სასამართლო, სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხდება ეროვნული ვალუტით, ბანკში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით. მითითებულ ნორმატიული აქტში არ არის განსაზღვრული და განმარტებული, თუ რას წარმოადგენს „დადგენილი ფორმის ქვითარი“, თუმცა, ცხადია, რომ მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ქვითარი (ტ.2,ს.ფ. 21), შეიცავს ყველა საჭირო რეკვიზიტს (გადამხდელის ვინაობა; სახაზინო კოდი; თანხის ოდენობა; ტერმინალისა და გადახდის რეგისტრაციის ნომერი; დანიშნულება და საქმის ნომერი, საქალაქო სასამართლოში იმავე საქმისთვის მინიჭებული ნომერი), ამასთან კერძო საჩივარზე დართულია ბანკის მიერ გაცემული, ბეჭედდასმული წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ აპელანტის მიერ, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი ქვითარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე, შეიცავს რეალურ ტრანზაქციას, რომელიც შესრულებულია წარმატებით.
17. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განჩინება, კერძო საჩივრის ავტორის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "მ.მ.გ.ბ–ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ივნისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შპს "მ.მ.გ.ბ–ის" სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე