Facebook Twitter

საქმე №ას-1938-2018 22 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –ბ.ჩ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს "ლ.კ–ი'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – სამკვიდრო ქონების დარეგისტრირების დავალდებულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სს „ლ.კ–ის“ სარჩელი ბ.ჩ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელი - ე.ტ–ძე ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, შესაბამისად, იგი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 2591-ე მუხლი).

5. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი არ მოუთხოვიათ, რის გამოც სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 31-ე დღეს - 25 აგვისტოს და ამოიწურა იმავე წლის 7 სექტემბერს 24:00 საათზე.

6. საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა 2018 წლის 10 სექტემბერს (მე-17 დღეს), კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებით განუხილველი დარჩა.

7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმომადგენელს 2018 წლის 25 აგვისტოს ჩაჰბარდა, ხოლო სააპელაციო საჩივარი იმავე წლის 7 სექტემბერს წარადგინა, ამდენად, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

13. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

14. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადს გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია“.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის წარმომადგენელი, პირველი ინსტანციის სასამართლოში ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, შესაბამისად, ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, მხარე ვალდებული იყო, სათანადო წესით და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველეყო სააპელაციო საჩივრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში.

16. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით (სააპელაციო საჩივრის კანცელარიაში მიღების ბეჭედი) დასტურდება, რომ 2018 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა იმავე წლის 10 სექტემბერს, შესაბამისად კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

17. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბ.ჩ–ძის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე