Facebook Twitter

საქმე №ას-1032-2019 22 ნოემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ვ.ჭ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჟ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ჟ.კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) საკუთრებაშია უძრავი ქონება მდებარე ქ. მცხეთაში, ....., ფართი 33.75 კვ.მ (დამხმარე ფართი 78,83 კვ.მ), ს/კ .....; აღნიშნული ქონება მოსარჩელემ 2017 წლის 28 აგვისტოს აუქციონზე შეიძინა(განკარგულება№16117663-019/002) და იმავე თარიღიდან დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ (ტ.1,ს.ფ. 13-14).

2. უძრავი ქონება ვ.ჭ–ის (პირველი აპელანტი), ვ.ლ–ძისა (მეორე აპელანტი) და ნ.ხ–ის (მესამე აპელანტი) (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) არამართლზომიერ მფლობელობაშია.

3. სარჩელის მოთხოვნა

3.1. მოსარჩელემ, 2017 წლის 5 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვა თავისუფალ მდგომარეობაში და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

3.2. მესაკუთრემ თავისი მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე დააფუძნა.

4. მოპასუხეების შესაგებელი

4.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

5. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

5.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაევალათ მესაკუთრისათვის უძრავი ქონების თავისუფალ მდგომარებაში გადაცემა და აეკრძალათ უძრავი ნივთით უკანონო სარგებლობა.

5.2. სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

5.3. რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე, 311-312-ე მუხლებით.

6. მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი

6.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარიარ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

7.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეორე აპელანტები სადავოდ ხდიდნენ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს, შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული ძირითადი მისამართები სწორედ სარჩელში მითითებული სადავო ქონების მისამართს წარმოადგენს, ამასთან, ამომრჩეველთა სიის მონაცემთა ბაზაში პირველი აპელანტის საცხოვრებელ მისამართად სწორედ სადავო ქონების მისამართია მითითებული.

7.3. მოსარჩელის კუთვნილი ნივთის ფლობის ფაქტს სადავოდ ხდიდა აგრეთვე მესამე აპელანტი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე ვრცელდებოდა შემდეგნაირად - ბინა №3-ზე (ფართი 33,75 კვ.მ, დამხმარე ფართი 78,83 კვ.მ) მდებარე ქ. მცხეთა, .... (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი .....) მოიპოვა აუქციონზე გამარჯვების გზით. აღნიშნული ქონების თავდაპირველი მესაკუთრეები იყვნენ ი.ბ–ი და მ.ბ–ი, როლებმაც, თავის მხრივ, საკუთრების უფლება ნივთზე 2004 წლის 14 იანვარს გაფორმებული საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე მოიპოვეს, ხელშეკრულების პირობების თანახმად, ფართის გადაცემის საფუძვლად მითითებულია ქ. მცხეთის საკრებულოს გამგეობის 2003 წელს გაცემული ორდერი №000128. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ი.ბ–ს და მ.ბ–ს უსასყიდლოდ გადაეცათ ბინა, რომელიც მდებარეობს ქ. მცხეთაში, ..... (საცხოვრებელი ფართი 33,75 კვ.მ, დამხმარე ფართი 78,83 კვ.მ). ამასთან საქმეში მტკიცებულების სახით წარდგენილი №000128 ორდერის თანახმად ი.ბ–ს მიცემული ჰქონდა უფლება დაეკავა 1 ოთახიანი ბინა ფართობით 33,75 კვ.მ (78,83 კვ.მ) მდებარე მე-2 სართულზე მუხრანის ..... ი.ბ–ის განცხადების შედეგად მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 ივლისის №83 განკარგულების საფუძველზე აღნიშნულ საცხოვრებელ ფართს მიენიჭა საფოსტო მისამართი ...... (ი.ხ. ტ.1, ს.ფ. 105; 107-113).

7.4. სასამართლო სხდომაზე მესამე აპელანტის მიერ გაკეთებული განმარტების თანახმად, მას უარი უთხრეს რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ ბინა უნდა გადაცემოდა ბ–ს.

7.5. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნულ მსჯელობაზე დაყრნობით განმარტა, რომ უდავო იყო აპელანტების მიერ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი ფლობის ფაქტი.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სააპელაციო საჩივარი და არასწორად დაადგინა, ფაქტობრივი გარემოებები. მათ შორის ის გარემოებაც, რომ მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობდნენ სადავო ქონებას, მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქონებას საერთოდ არ ფლობდნენ.

8.3. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

12. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა)განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ)სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

14.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

14.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

14.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე, წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, რომლის მიმართაც, სსსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელებს.

15. კასატორების პრეტენზიასთან მიმართებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო იხილავს მესაკუთრის ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საკუთრებაშიც რიცხულ უძრავ ქონებას, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფაქტობრივად ფლობენ აპელანტები. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, თითქოს სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხეთა მფლობელობაში არსებული ქონება მოსარჩელის საკუთრებად, დაუსაბუთებელია და არ ეყრდნობა რაიმე მტკიცებულებას, საპირისპიროდ კი მოსარჩელის მიერ წარდგენილია ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც, კონკრეტულ მისამართზე მდებარე უძრავი ქონების საკუთრება დგინდება.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ჭ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე