Facebook Twitter
¹ბს-41-41(კს-06) 2 თებერვალი, 2006 წელი
ქ. თბილისი



ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიურო
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «თ»
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ს.-ი»
მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მესამე პირი _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი
გასაჩივრებული განჩინება _ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

შპს «თ»-ს დირექტორმა სარჩელი აღძრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხეების _ აჭარის სააღსრულებო ბიუროს და შპს «ს.-ს» მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეებისათვის მატერიალური ზიანის, სახელმწიფო ბაჟისა, საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის სარეპარაციო თანხის და წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრება /იხ.ს.ფ. 3-5/.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 21 თებერვლის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად /იხ.ს.ფ. 40-41/.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 23 მარტის განჩინებით შპს «თ»-ს სასარჩელო მოთხოვნა, შპს «ს»-ს მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში, გამოიყო ცალკე წარმოებად, ხოლო შპს «თ»-ს მოთხოვნა აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის 198 005 ლარის ანაზღაურების შესახებ განსახილველად გადაეგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს /იხ.ს.ფ.68-72/.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით შპს «თ»-ს სასარჩელო მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს დაეკისრა სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის შპს «თ»-ს სასარგებლოდ 94 288 ლარის გადახდა, მასვე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის _ 2357 ლარის გადახდა, მოსარჩელე შპს «თ.-ს» მის მიერ სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის, 2592 ლარის, გადახდის დაკისრებისას, გადახდილად ჩაეთვალა მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟი 2000 ლარის ოდენობით და გადასახდელად დაეკისრა ამ თანხებს შორის სხვაობა - 592 ლარი /იხ.ს.ფ. 105-107./.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და შპს «თ.-ს» სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ.97-99/.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინებით აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო, შესაბამისად, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2840 ლარის ოდენობით, ხოლო ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრა საპროცესო ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 Dდღე /იხ.ს.ფ. 112-113/.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსსკ-ის 368.5 და 374-ე მუხლები და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ 10-დღიან საპროცესო ვადაში მხარის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რის გამოც სააპელაციო საჩივარი ექვემდებარებოდა განუხილველად დატოვებას /იხ.ს.ფ.115-116/.
სააპელაციო სასამართლოს მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიურომ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი მოტივით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მათ არ ჩაბარებიათ სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინება (აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრის ხარვეზზე დატოვების შესახებ), შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ 2005 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გამოტანისას, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი, დაირღვა სსსკ-ის 75-ე მუხლის I და III ნაწილების მოთხოვნები. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს დაფინანსება ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, რის გამოც შუძლებელი იყო მათ მიერ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10- დღიან საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდა /იხ.ს.ფ. 118/.
სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მათ არ ჩაჰბარებიათ სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსების შესახებ, რითაც დაირღვა სსსკ-ის 75-ე მუხლის I და III პუნქტების მოთხოვნები და განმარტა, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი ჩაიბარა სააღსრულებო ბიუროს კანცელარიის გამგემ მ. თ.-ემ. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია კერძო საჩივრის ავტორის მითითებები იმ გარემოების შესახებ, რომ, რამდენადაც აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს დაფინანსება ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში შეუძლებელი იყო მათ მიერ ხარვეზის შევსება და განმარტა, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, მხარეს _ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს შეეძლო მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ხარვეზის შესავსებად, რაც აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს მიერ არ განხორციელებულა, რის გამო კერძო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ.ს.ფ. 119-121/.



ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და კერძო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.102005წ. და 23.12.2005წ. განჩინებები და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები, ადგილი ჰქონდა საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც ზემომითითებული განჩინებების მიღებისას დარღვეულია სსსკ-ის 393.2. მუხლის «ა» ქვეპუნქტის და 394. მუხლის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება (სააპელაციო საჩივრის ხარვეზზე დატოვების შესახებ) აპელანტს _ აჭარის სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, განჩინება ჩაიბარა უფლებამოსილმა პირმა, სააღსრულებო ბიუროს კანცელარიის გამგემ _ მ. თ.-ემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების ასლი (აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივრის ხარვეზზე დატოვების შესახებ) მხარეს _ აჭარის სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა სსსკ-ის 73.3. მუხლის დარღვევით, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს გზავნილს, რომლითაც აჭარის სააღსრულებო ბიუროს გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, ხელს აწერს მ. თ.-ე. გზავნილზე მითითებულია ჩაბარების თარიღი: 10.10.05, მაგრამ არ არის მითითებული გზავნილის მიმღები პირის მ. თ.-ის თანამდებობა, ასევე არ არის ადმინისტრაციული ორგანოს _ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს კორესპონდენციათა რეგისტრაციის ბეჭედი, შესაბამისად, გაურკვეველია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება მხარეს _ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, რამდენადაც სსსკ-ის 73.3. მუხლის შესაბამისად, მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე ხელმოწერით, ხოლო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარზე, მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ. თ.-ე არის აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს კანცელარიის გამგე და რომ ეს უკანასკნელი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სახელით ჩაიბაროს ადმინისტრაციულ ორგანოში შესული კორესპონდენცია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს, რომ, რამდენადაც აჭარის სააღსრულებო ბიუროს დაფინანსება ხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან საპროცესო ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა და, შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ასევე, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ 2005 წლის 28 სექტემბრის განჩინებით (სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ) აპელანტს _ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს განუსაზღვრა გონივრული საპროცესო ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, ხოლო აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლებლობა ჰქონდა, შუამდგომლობით მოეთხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება, რაც არ განხორციელებულა, რამდენადაც აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საქმეში არ მოიპოვება, რის გამოც კერძო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე დატოვა აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რომ არ გამოიკვლია გზავნილზე ხელმომწერი პირის _ მ. თ.-ის ვინაობა, არ გამოითხოვა აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს კორესპონდენციათა მიღების და რეგისტრაციის ჟურნალი, რათა ობიექტურად გამოეკვლია, ჩაჰბარდა თუ არა აპელანტს სასამართლო გზავნილი, რის გამოც სააპელაციო საჩივრი დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ზემოაღნიშნული გარემოების გამოკვლევის საფუძველზე კანონშესაბამისი განჩინების მიღების მიზნით.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, რამდენადაც აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო სასამართლოს განჩინება (სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ) არ ჩაჰბარებია კანონით დადგენილი წესით, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველად სსსკ-ის 368.5 მუხლის საფუძველზე, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საერთო სასამართლოების შესახებ» ორგანულ კანონში 25.11.2005წ.ცვლილების შესაბამისად, აღნიშნულ კანონს დაემატა 884-ე მუხლი, რომლის თანახმად, 2006 წლის 1 იანვრამდე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალათ უზრუნველეყოთ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოსა და აჭარის ა/რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს ლიკვიდაცია, ხოლო ამავე ნორმის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აჭარის ა./რ უმაღლესი სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმეები ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რის გამოც, მოცემული საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ სასამართლოს _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას, რამდენადაც სახეზეა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სამოქალქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 408.3, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 20.10.2005წ. და 23.12.2005წ. განჩინებები;
3. საქმე განსახილველად გაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


¹ბს-86-84(კს-06) 19 აპრილი, 2006 წ.
ქ. თბილისი