Facebook Twitter

საქმე №ას-1415-2018 19 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობა, აუქციონზე მისი რეალიზაცია, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. რ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, შაპელანტი, კასატორი, მოვალე ან სააგენტო) მიმართ და მოითხოვა ქ.თბილისში, გლდანის ... მიკრორაიონში, მე-... კორპუსის #... ბინის (ს/კ 01.11.10.004.022...., შემდგომში _ სადავო ქონება ან იპოთეკის საგანი) უმკვიდროდ ცნობა, სახელმწიფოს საკუთრებად აღრიცხვა, მოპასუხისათვის 3 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი თანხა 3 000 აშშ დოლარი, ხოლო, სარგებელი 360 აშშ დოლარია), თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, იპოთეკით დატვირთული ზემოხსენებული ქონების რეალიზაცია.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 22 ივნისს, 6 თვის ვადით, მოსარჩელესა და დ. ჟ-ს (შემდგომში _ მსესხებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს საკუთრებაში გადაეცა 3 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვის პირობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება. მსესხებელმა მოსარჩელეს წინასწარ გადაუხადა სარგებლის ნაწილი. 2015 წლის 2 აგვისტოს გარდაიცვალა მსესხებელი. ვინაიდან მას არ დარჩა მემკვიდრე, შესაბამისად, სამკვიდრო ქონება, სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის მიხედვით, უნდა აღირიცხოს სახელმწიფო სახელზე და დავალიანების გადახდის ვალდებულებაც სწორედ მას უნდა დაეკისროს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი წარადგინა და სარჩელი არ ცნო, მისი განმარტებით, საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომლითაც დადგინდება, რომ მსესხებელს მემკვიდრე არ დარჩენია და ქონება, როგორც უმკვიდრო, სახელმწიფოს უნდა გადაეცეს საკუთრებაში, გარდა ამისა, მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშვა 2015 წლის 22 დეკემბრიდან, მან კი სარჩელი სასამართლოში სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, 2017 წელს წარადგინა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება ცნობილ იქნა უმკვიდროდ და საკუთრების უფლებით აღირიცხა სახელმწიფოს სახელზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, დაკისრებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, დადგინდა იპოთეკის საგნის გასხვისება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მის გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ივლისის განჩინებით-სააპელაციო საჩვარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით- სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 22 ივნისს მოსარჩელესა და დ. ჟ-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც მსესხებელს საკუთრებაში გადაეცა 3 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 3%-ის დარიცხვით. ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით;

1.2.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონება;

1.2.3. მსესხებელი გარდაიცვალა 2015 წლის 2 აგვისტოს;

1.2.4. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 3 აპრილის #01/87... წერილის შესაბამისად, ქ.თბილისში, გლდანი ... მ/რ_ში, მე-... კორპუსში მდებარე #... ბინაში, ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით, 1995 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 24 იანვრამდე რეგისტრირებულია 2 პირი, 2008 წლის 24 იანვრიდან 2015 წლის 5 აგვისტომდე _ 1 პირი, ხოლო 2015 წლის 5 აგვისტოდან 2017 წლის 3 აპრილამდე _ 0 პირი. გარდაცვლილი მსესხებლის სახლით სარგებლობა, მოვალის გარდაცვალების შემდეგ, ფიზიკურ პირებს არ გაუგრძელებიათ;

1.2.5. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 1 მარტის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო და ანდერძების რეესტრის ინფორმაციით გარდაცვლილი მსესხებლის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობისა და ანდერძის თაობაზე ინფორმაცია არ მოიპოვება.

1.2.6. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 1 დეკემბრის #01/331... წერილის შესაბამისად, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ მოიძებნა ინფორმაცია მსესხებლის ქორწინების შესახებ;

1.2.7. მოსარჩელის მიერ წარდგენილი მსესხებლის გარდაცვალების მოწმობა გაცემულია 2017 წლის 16 თებერვალს, სარჩელი კი, სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 24 აპრილს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე, 1343-ე, 1444-ე, 623-ე, 625-ე და 286-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც, მოსარჩელეს ეკისრება სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის, ვალდებულების შეუსრულებლობის, მოვალის გარდაცვალების, სამკვიდრო აქტივის არსებობის, აქტივის უმკვიდროდ დარჩენის მითითების ტვირთი, ხოლო იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის უნდა განაწილდეს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით გამართულია, გარდა ამისა, შესაგებელსა და საქმის მომზადების დასრულების ეტაპამდე მოპასუხის მიერ გამოთქმულ შედავებათა გათვალისწინებით, მოსარჩელემ დაძლია მტკიცების ტვირთი და დაადასტურა გარდაცვლილ მოვალესთან სასესხო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, რომელიც იპოთეკით იქნა უზრუნველყოფილი, დადგენილია, რომ მსესხებელს გარდაცვალების დროისათვის საკუთრების უფლებით ერიცხებოდა უძრავი ნივთი, ხოლო მისი სამკვიდრო არავის მიუღია, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ქონების უმკვიდროდ ცნობისა და სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე გამართლებულია. გარდა ამისა, სახელმწიფოს, როგორც მსესხებლის უფლებამონაცვლეს, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრებოდა ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, თუმცა მას სადავოდაც არ გაუხდია სარჩელში მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ მსესხებელს ერიცხებოდა დავალიანება-3 360 აშშ დოლარის ოდენობით. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ კრედიტორს არ დაურღვევია სამოქალაქო 1488-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წარდგენის ვადა, რამდენადაც განსახილველ შემთხვევაზე ხსენებული ნორმის მოქმედება არ ვრცელდება, ის არეგულირებს შემთხვევას, როდესაც სამკვიდრო მიიღო მემკვიდრემ და არა უმკვიდროდ დარჩენილი ქონებით სახელმწიფოს პასუხისმგებლობას. გარდა ხსენებულისა, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მართებულად უარყო მოვალის პოზიცია მსესხებლის გარდაცვალების გამო ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ქონების უმკვიდროდ ცნობის, ასევე, სამკვიდრო აქტივის ფარგლებში გარდაცვლილის უფლებამონაცვლის მიერ ვალდებულების შესრულების საკითხებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგ: იხ. სუსგ #ას-650-616-2015, 26.07.2017წ.). კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

2.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „ს1“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

2.2. კასატორის მოწინააღმდეგე მხარე სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს იურიდიული მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე. ამ მიზნით წარმოადგინა მარწმუნებლისათვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი და მისთვის 200 ლარის ჩარიცხვის ქვითარი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში, ნორმის წინაპირობები დასტურდება, ამასთანავე, დავის მატერიალური მოთხოვნის ოდენობისა და მოსარჩელის მიერ საკასაციო სამართალწარმოებისათვის იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის გათვალისწინებით, პალატა შუამდგომლობას საფუძვლიანად მიიჩნევს და აკმაყოფილებს მას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. რ. მ-ის შუამდგომლობა იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

3. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ (ს/კ #205005...) რ. მ-ის (პ/#0101200...) სასარგებლოდ დაეკისროს 200 ლარის გადახდა.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე