Facebook Twitter

საქმე №ას-795-2019 20 ნოემბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ფ. ო-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ო-ი, ფ. ო-ი (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ა. ო-ის და ფ. ო-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ი. ნ-ის მიერ ფ. ო-ის სახელზე 2017 წლის 21 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის N170826...) 2/3 ნაწილში. ა. ო-ი (პ/ნ 0102406...) და ფ. ო-ა (პ/ნ 01024043..) ცნობილ იქნენ ფ. ო-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, ... დასახლება N... (საკადასტრო კოდი N01.10.18.010.....), 1/3-1/3 ნაწილის მესაკუთრედ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ფ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ფ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. სასამართლოს მიერ დასაშვებობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა ზ. ც-მა, მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება. სასამართლო დამატებით დაუკავშირდა კასატორ ფ. ო-ს და განუმარტა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები. თავის მხრივ, კასატორმა დაადასტურა, რომ ეთანხმება წარმოდგენილ შუამდგომლობას და უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი).

საკასაციო სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი, უფრო მეტიც, 378-ე მუხლის ძალით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ფახრათ ორუჯოვის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მის საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კასატორ ფ. ო-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2019 წლის 15 ივლისს №0 საგადახდო დავალებით ლ. კ-ის მიერ გადახდილი 4000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფ. ო-ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება ფ. ო-ის საკასაციო საჩივარზე ა. ო-ისა და ფ. ო-ის მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის პალატის 2019 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

3. კასატორ ფ. ო-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 2019 წლის 15 ივლისის №0 საგადახდო დავალებით ლ. კ-ის მიერ გადახდილი 4000 ლარი.

4. ძალაში დარჩეს ქვემდგომი სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი