საქმე №ა-2835-შ-79-2019 4 დეკემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ზვიად დოლიშვილი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – არასრულწლოვან ბავშვზე კანონიერი მეურვეობის მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2017 წლის 2 მარტს დაბადებული ნ. -ას მეურვეობა მიენიჭა ერთადერთ კანონიერ მეურვეს – დედა ს. ს-ას.
სოფიო სალიამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პასპორტით დასტურდება, რომ ს. ს-ა საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით ს. ს-ას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში. აღნიშნული განჩინების ასლი, ს. ს-ას შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები რამდენიმეჯერ გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ზ. დ-ს საქმეში მითითებულ მისამართზე და სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე, მაგრამ სასამართლოში მობრუნებული კონვერტებით ირკვევა, რომ ადრესატს გზავნილი ვერ ჩაბარდა არყოფნის გამო.
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განჩინებით დადგინდა უწყების ჩაბარება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით – საჯარო შეტყობინებით და განთავსდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გაცნობის მიზნით.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ზ. დ-ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ სოფიო სალიას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით 2017 წლის 2 მარტს დაბადებული ნ. ს-ას მეურვეობა მიენიჭა ერთადერთ კანონიერ მეურვეს – დედა ს. -ას.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პასპორტით დასტურდება, რომ ს. ს-ა საქართველოს მოქალაქეა.
სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარე ზ. დ-ს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ს-ას შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც 20.. წლის ... მარტს დაბადებული ნ. ს-ას მეურვეობა მიენიჭა ერთადერთ კანონიერ მეურვეს – დედა ს. ს-ას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე