Facebook Twitter

№ას-294-281-2015 26 ნოემბერი, 2015 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.კ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც კომისია) 2007 წლის 27 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონის სოფელ …. მდებარე 2000 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი …...) რ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი) საკუთრების უფლება აღიარა და საკუთრების უფლების მოწმობა (№3621) გასცა, რომლის საფუძველზეც მოპასუხე 11.01.2008 წელს საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა.

2. მოპასუხემ მიწის ნაკვეთი ორ ნაწილად გაყო (1800 კვ.მ და 200 კვ.მ) და 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი 2008 წლის 25 მარტს 5000 ლარად მიჰყიდა მ.დ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მყიდველი).

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული საკუთრების უფლების მოწმობა, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი მისი გაცემის საფუძვლად არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებაც. 19.09.2008 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

4. 2009 წლის 24 ივლისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოპასუხეს 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი უთხრა.

5. 2014 წლის 23 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, კასატორი ან სააგენტო) სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 5000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ მოპასუხემ გაყიდა სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთი და მყიდველისაგან მიღებული 5000 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდა, რაც სახელმწიფოს უნდა დაბრუნებოდა.

6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა, როგორც მოთხოვნის წარმოშობის დამაბრკოლებელი, ისე მისი განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი და მიუთითა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებითვე კომისიას დაევალა, არსებითი საკითხების გამოკვლევის შემდეგ, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. მიუხედავად ამისა, კომისიას ახალი აქტი არ გამოუცია და არც საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ უმსჯელია. მოპასუხის განმარტებით, იგი დღესაც სარგებლობს სადავო მიწის ნაკვეთით, ვინაიდან სწორედ ამ ნაკვეთზე მდებარეობს მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო მიწის ნაკვეთის ნაწილი გაასხვისა, როგორც საკუთარი და არ იცოდა, რომ მასზე ვინმეს პრეტენზია ჰქონდა. ამდენად, მოპასუხის მტკიცებით, იგი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა. შესაგებლის მიხედვით, სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სამ წელზე მეტია გასული.

7. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:

7.1 სარჩელი დაკმაყოფილდა;

7.2 მოპასუხეს დაეკისრა 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

8. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, 987-ე მუხლის მეორე ნაწილი, 982-ე და 991-ე მუხლები, 128-ე, 129.1, 130-ე მუხლები და დაასკვნა:

8.1. მოპასუხემ 5000 ლარი მიიღო იმ ქონების საფასურად, რომელიც მისი საკუთრება არ იყო. ამ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება სასამართლომ გააუქმა, ხოლო მას არც სასამართლო გადაწყვეტილება და არც კომისიის ის გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა მისი საკუთრება, არ გაუსაჩივრებია.

8.2. კომისიამ სადავო ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლება 2007 წელს აღიარა, მაგრამ სასამართლო გადაწყვეტილებით საკუთრების უფლების დამდგენი საბუთი გაბათილდა. სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ იცოდა, რომ ქონებაზე საკუთრების უფლება უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული, რის გამოც მას ქონება არ უნდა გაესხვისებინა, ხოლო მიღებული ქონებრივი სარგებელი - 5000 ლარი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოპასუხე გამდიდრდა. სასამართლოს დასკვნით, ამ გზით მოსარჩელეს თავდაპირველი ქონებრივსამართლებრივი მდგომარეობა აღუდგებოდა.

8.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაზე სსკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის ვადები არ უნდა გავრცელებულიყო. ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე ხანდაზმულობის სპეციალური ვადა არ იყო დაწესებული, შესაბამისად, მასზე საერთო ათწლიანი ვადა გავრცელდებოდა (სსკ-ის 128.3 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის საკუთრების უფლებისა და შემდეგ 200 კვ.მ მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი 2014 წლის 16 მაისის წერილით შეიტყო. შესაბამისად, მოსარჩელემ დარღვეული უფლებების შესახებ გაიგო და მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2014 წლის 16 მაისს, სარჩელი კი აღძრულია 2014 წლის 23 მაისს. ამდენად, მოპასუხის მტკიცება, სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.

9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

9.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება, რადგან არ იმსჯელა, რომ ამ გადაწყვეტილებით აღიარების კომისიას დაევალა ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, რაც არ შესრულდა. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე ოჯახთან ერთად ამჟამადაც ფლობს აღნიშნულ ნაკვეთს.

9.2. აპელანტის მტკიცებით, მან სადავო მიწის ნაკვეთი გაასხვისა კანონიერად, რადგან უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით:

10.1. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

10.2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

10.3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11.1. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 982.1 მუხლის საფუძველზე სარჩელი არ იყო დაკმაყოფილებადი, ვინაიდან ამ ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირი ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი მხოლოდ სხვისი ქონების განკარგვის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში კი, მართალია, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა, მაგრამ, ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმება დაუკავშირა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს. ამგვარად, აშკარაა, რომ სასამართლომ განსაზღვრა ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეწყვეტის ვადა - სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დრო, ე.ი. 2008 წლის 10 დეკემბერი. ეს კი ნიშნავს, რომ 2008 წლის 10 დეკემბრამდე გასაჩივრებულ აქტს სამართლებრივი ძალა ჰქონდა და შედეგებს წარმოშობდა.

11.2. პალატამ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ 2008 წლის 25 მარტს იგი სადავო ნაკვეთის მესაკუთრე იყო და სხვისი ქონება არ განუკარგავს. შესაბამისად, აპელანტი მოწინააღმდეგე მხარის ხარჯზე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა.

11.3. პალატამ ასევე განმარტა, რომ მოსარჩელე მოპასუხისათვის თანხის დაკისრებას სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის სხვა საფუძვლით ვერ მოითხოვდა, რადგან მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობდა, ხოლო დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ხანდაზმული იქნებოდა.

11.4 პალატამ სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებითაც გაიზიარა მოპასუხის პოზიცია და განმარტა, რომ, როგორც ზიანის არსებობის ფაქტის, ასევე, მის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ, სახელმწიფომ, ვის ინტერესებსაც წარმოადგენს მოსარჩელე, იცოდა გარიგების დადების მომენტისთანავე, ამიტომ, მას მოთხოვნის უფლებაც სწორედ ამ დროიდან წარმოეშვა. 2008 წლის 25 მარტიდან სარჩელის აღძვრამდე კი, სამ წელზე მეტი გავიდა. ამდენად, პალატამ სააპელაციო საჩივარი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12.1. სადავო შემთხვევაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი (სსკ-ის 982.1), ვინაიდან ამ შემთხვევაში ზიანში მოიაზრება არა ზიანის ანაზღაურება, არამედ გამდიდრების გათანაბრება, რაც გულისხმობს, რომ ხელმყოფმა უფლების მქონე პირს უნდა გაუთანაბროს მის უფლებაში ჩარევა.

12.2. მოპასუხემ გაასხვისა მიწის ნაკვეთი, რომელზედაც მას საკუთრების უფლება აღარ გააჩნდა, შესაბამისად, სახელმწიფოს წარმოეშვა ამ ქონების ხელმყოფისაგან ამოღების უფლება. საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მყიდველის კეთილსინდისიერებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ხოლო მოპასუხის არაკეთილსინდისიერება კომისიის 2009 წლის 24 ივლისის N23 ოქმით დასტურდება, სადაც მითითებულია, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი ფართის მართლზომიერი მფლობელი არა მოპასუხე, არამედ სხვა პირია.

12.3. რაც შეეხება გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხს, სააგენტო დაეყრდნო ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც მოპასუხემ ქონება 5000 ლარად გაასხვისა.

12.4. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ 2014 წლის 16 მაისამდე სააგენტო ოფიციალურად ჯერ კიდევ არ ფლობდა ინფორმაციას და დავის დაწყებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა გასული არ იყო.

13. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

14. სსსკ-ის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად მიიჩნევა, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

15. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა მატერიალური სამართლის ნორმები და, შესაბამისად, იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

16. მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრების თაობაზე ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: სადავო უძრავი ნივთის თავდაპირველი მესაკუთრე იყო სახელმწიფო. ამ ნივთზე აღიარებულ იქნა მოპასუხის საკუთრების უფლება. 2008 წლის 11 იანვრიდან საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრირებული იყო მოპასუხე. 2008 წლის 25 მარტს მან მიწის ნაკვეთის ნაწილი (200 კვ.მ.) 5 000 ლარად გაასხვისა. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობა, ასევე, ბათილად იქნა ცნობილი მისი გაცემის საფუძვლად არსებული საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებაც.

17. მოპასუხისათვის 5 000 ლარის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებდა უსაფუძვლო გამდიდრების, კერძოდ კი, ხელყოფის კონდიქციის ნორმაზე (სსკ-ის 982.1 მუხლი). ამავე ნორმით იხელმძღვანელეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო არ არის შეზღუდული მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის მატერიალურსამართლებრივი საფუძვლით, მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება, გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში) და 979-ე მუხლის მეორე ნაწილი (თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით).

18. შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი ან ამგვარი საფუძველი, ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა, ან შემდგომ შეწყდა. სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გარიგების ბათილად ცნობის სამართლებრივი შედეგი უკავშირდება გარიგების დადებამდე არსებულ ვითარებაში დაბრუნებას, ანუ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, რაც არარა გარიგებით მიიღეს მხარეებმა, უნდა დაუბრუნონ ერთმანეთს. სსკ-ის 982-ე მუხლით კი, რომელიც ხელყოფის კონდიქციის მომწესრიგებელ ნორმას განეკუთვნება, მოთხოვნა წარმოიშობა სხვის სამართლებრივ სივრცეში უნებართვო ჩარევითა და ამით ქონებრივი სარგებლის მიღებით.

19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს სახელმწიფომ კანონის საფუძველზე („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 15.09.2007წ. N525 ბრძანებულება) ქონება საკუთრებაში გადასცა მიზანმიმართულად (შესრულების კონდიქცია). მოპასუხემ საკუთრების მოწმობის გაუქმებამდე, კერძოდ, 25.03.2008 წელს გაყიდა მიწის ნაკვეთი და მხოლოდ მოგვიანებით, მესამე პირის მოთხოვნით, გამოეცალა ამ შესრულებას სამართლებრივი საფუძველი, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის (შემსრულებლის) მხრიდან შესრულებულის უკან დაბრუნების მოთხოვნას სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა და 979-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოთხოვნა არა ხელყოფის, არამედ შესრულების კონდიქციიდან გამომდინარეობს, რაც გულისხმობს შემდეგი წინაპირობების არსებობას: ერთი პირის მიერ მეორისათვის სამართლებრივი სიკეთის შესრულების საფუძველზე გადაცემა; მეორე პირის მიერ შესრულების საფუძველზე სამართლებრივი სიკეთის შეძენა; შესრულებისათვის სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. შესაბამისად, კონდიქციური ვალდებულების მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებია: მოპასუხის გამდიდრება; ამის შესაბამისად, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი; სამართლებრივ სიკეთეთა ამ გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა.

20. ფორმალურსამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელი დასაბუთებულია. მოპასუხე იმ ქონების გასხვისების შედეგად, რომლზეც მისი საკუთრების უფლება გაუქმდა, გამდიდრდა ანუ ამ გასხვისებით გაიზარდა მისი ქონება, რის გამოც მოპასუხეს სადავო ქონების გასხვისებით მიღებული თანხის ფლობის სამართლებრივი საფუძველი აღარ გააჩნია და იგი კრედიტორს უკან უნდა დაუბრუნოს. მოპასუხის შედავების მიხედვით, 19.09.2008 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით მართალია გაუქმდა კომისიის მიერ მის სახელზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა, თუმცა ამავე გადაწყვეტილებით კომისიას დაევალა, არსებითი საკითხების გამოკვლევის შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. კომისიას კი, ახალი აქტი არ გამოუცია და არც საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ უმსჯელია. პალატა არ ეთანხმება მითითებულ არგუმენტს, რადგან საქმეში წარმოდგენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2009 წლის 24 ივლისს N23 ოქმი, რომლითაც დასტურდება, რომ ამ უკანასკნელმა გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება შეასრულა და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოიკვლია სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ-სამართლებრივი მდგომარეობა, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ მოპასუხეს სადავო მიწის ნაკვეთზე არ ჰქონდა განთავსებული საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი არ წარმოადგენდა მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს. სადავო მიწის ნაკვეთის ფაქტობრივ მფლობელი სხვა ფიზიკური პირია. ამდენად, კომისიამ მოპასუხეს უარი უთხრა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე.

21. ამდენად, არსებობს სსკ-ის სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წინაპირობები, კერძოდ, ამ ნორმით გათვალისწინებული „სხვა საფუძველი“ - 19.09.2008 წლის სასამართლოს გადწყვეტილება და 2009 წლის 24 ივლისის კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც სახელმწიფოს მიერ ვითომ-კრედიტორის წინაშე შესრულებას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა.

22. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა, კანონისმიერი ამ ვალდებულების მთავარი მიზანი იმ ქონებრივი ბალანსის აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვითომ კრედიტორის გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში, უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლებს სსკ-ის 979.2 მუხლი განსაზღვრავს.

23. დადგენილია, რომ მოპასუხემ სადავო მიწის ნაკვეთის ნაწილი გაასხვისა, ასევე - სასამართლოს გადწყვეტილება მოპასუხის საკუთრების უფლების მოწმობის ბათილობის თაობაზე ქონების გასხვისების შემდგომ გამოვიდა და ამ დროისათვის სადავო ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით მოპასუხის სახელზე იყო აღრიცხული. ამასთან, შემძენის არაკეთილსინდისიერებაზე არც მოსარჩელე არ უთითებს. შესაბამისად, სადავო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის დაბრუნება, სსკ-ის 185-ე მუხლიდან გამომდინარე, დღეისათვის შეუძლებელია, რის გამოც მოთხოვნა მისი ღირებულების ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია.

24. რაც შეეხება გათანაბრების ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის მოსარჩელემ მიუთითა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხემ ქონება 5 000 ლარად გაასხვისა. სადავო ქონების ღირებულებას (გათანაბრების ოდენობას) მოპასუხე შესაგებლით და არც სააპელაციო საჩივრით არ შესდავებია. შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ დაამტკიცა ე.წ. კომპენსაციის ოდენობა, რაც მოპასუხემ დასაბუთებული შედავებით ვერ გააქარწყლა, რის გამოც საკასაციო პალატა საფუძვლიანად მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას ასანაზღაურებელი თანხის - სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულების ოდენობის თაობაზე.

25. პალატა არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ კონდიქციური ვალდებულების არსის გათვალისწინებით, ამ ინსტიტუტის მიმართ გამოიყენება სსკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა - 10 წელი, რომელიც ყველა იმ ურთიერთობისათვისაა, რომელიც არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის სპეციალურ ვადას (შდრ. სუსგ №ას-472-448-2013, 05.12.2013 წელი). კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის შესაგებლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის ათვლა 2009 წლის 24 ივლისიდან უნდა დავიწყოთ, ვინაიდან კომისიამ 24.07.2009 გადაწყვეტილებით მოპასუხეს უარი უთხრა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე და სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლებას საფუძველი გამოეცალა. მითითებული თარიღიდან სარჩელის აღძვრამდე (23.05.2014 წლამდე) ათწლიანი ვადა არ არის გასული, რის გამოც შედავება მოთხოვნის განხორცილების შემაფერხებელი გარემოების თაობაზე უსაფუძვლოა. უფრო მეტიც, ხანდაზმულობის ვადის დენა ბათილად ცნობილი საკუთრების უფლების მოწმობის გაცემის თირიღიდან - 27.12.2007 წლიდანაც რომ დაიწყოს, სასარჩელო მოთხოვნა მაინც არ არის ხანდაზმული, ვინაიდან არც ამ შემთხვევაშია სსკ-ის 128.3 მუხლით დადგენილი ათწლიანი ვადა გასული.

26. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

27. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

28. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი (მოსარჩელე) გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „ს1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე, მოპასუხეც გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

სსსკ-ის 55.3 მუხლის მიხედვით, თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო. ამდენად, მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილების წინაპირობა მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. რ.კ–ძეს დაეკისროს 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ;

5. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი