საქმე №ას-638-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ამხანაგობა „ე–ა“, შპს „D.B.“, ნ.გ–ი, ს.გ–ი, ა.გ–ი, ნ.ქ–ძე, ნ.ც–ძე, ზ.ბ–ძე, ს.ჟ–ა, ნ.გ–ძე, გ.მ–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ა-ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კომპანია) და ნ.გ–ს, ს.გ–ს, ა.გ–ს, ნ.ქ–ძეს, ნ.ც–ძეს, ზ.ბ–ძეს, ს.ჟ–ასა და ნ.გ–ძეს (შემდეგში: ამხანაგობის წევრები, მოპასუხე ფიზიკური პირები, კასატორები) შორის, 2008 წლის 25 თებერვალს, დაიდო ე–ლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რომლის მიზანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იყო (იხ.ტ. 3, ს.ფ. 34-39).
2. მხარეთა შორის უფლებები და მოვალეობები, შენატანის ოდენობა და მისი შეტანის წესი, ე–ლივი საქმიანობის მიზანი, პარტნიორთა წილები და ამხანაგობიდან გასვლის საკითხიც, ხელშეკრულებით განისაზღვრა.
3. მოსარჩელის შესატანი, მხარეთა მიერ დაფუძნებულ ამხანაგობა ,,ე–აში“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, ამხანაგობა, მეორე კასატორი) საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის საკუთარი რესურსით აშენების, ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ/ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტის, ასევე, საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება იყო.
4. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების 7.3 ქვეპუნქტის თანახმად, ამხანაგობის წევრს, ხელშეკრულებიდან გასვლისას, მის მიერ უკვე გადახდილი შენატანები უკან უნდა დაბრუნებოდა, იმ ხარჯების გამოკლებით, რაც გასვლის რეგისტრაციისათვის იქნებოდა აუცილებელი.
5. ამხანაგობას შეეძლო, დასაბრუნებელი თანხის გაცემა დაეყოვნებინა, თუ თანხის გაცემით, ამხანაგობის რეალურ საქმიანობას საფრთხე დაემუქრებოდა. დაყოვნების ვადა წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან ერთ კალენდარულ წელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. შეიძლებოდა ნაწილ-ნაწილ გადახდაც.
6. ამხანაგობის წევრებმა თავმჯდომარედ მოსარჩელე კომპანიის დირექტორი - რ.ნ–ა (შემდეგში: კომპანიის დირექტორი, ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე) აირჩიეს (იხ.ტ. 6, ს.ფ. 284).
7. ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა, 2008 წლის 1 სექტემბერს, ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის განცხადება საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე დააკმაყოფილა და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება N206 გასცა. იმავე სამსახურის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანებით, ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარის მიერ წარდგენილი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი შეთანხმდა (იხ.ტ. 3, ს.ფ. 48-49, 55).
8. არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ შეადგინა (იხ.ტ. 6, ს.ფ. 285).
9. შპს „დ.კ–ის“ 2016 წლის 3 სექტემბრის დასკვნის თანახმად, საპროექტო სამუშაოების საერთო ღირებულება 160 022 აშშ დოლარია (იხ.ტ. 4, ს.ფ. 83).
10. ამხანაგობასა და კომპანიას შორის, 2013 წლის 20 მაისს, გაფორმდა ამხანაგობიდან გასვლის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კომპანიას ამხანაგობის წევრის უფლებამოსილება და 2008 წლის 25 თებერვლის ე–ლივი საქმიანობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობები შეუწყდა. ამასთან, მხარეებმა მიუთითეს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ან/და ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი და ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნდათ (იხ.ტ. 1, ს.ფ. 57).
11. ამხანაგობამ, 2013 წლის 8 ივლისს, შპს ,,D.B-ს“ (შემდგომში: მესამე მოპასუხე, მყიდველი, მესამე კასატორი) კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მშენებარე სახლის პროექტი და მშენებლობის ნებართვა 2 263 992 ლარად მიჰყიდა. პროექტის ღირებულება - 121 650 ლარით, ხოლო ნებართვის ღირებულება - 3000 ლარით განისაზღვრა (იხ.ტ. 3, ს.ფ 72-73).
12. სარჩელის საფუძვლები
12.1. კომპანიამ 2016 წლის 24 ოქტომბერს სარჩელი აღძრა ამხანაგობისა და მესამე მოპასუხის წინააღმდეგ (მოსარჩელემ შემდგომში მოპასუხეთა წრე დააზუსტა და მოპასუხეებად: ამხანაგობა, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ამხანაგობის წევრები, მათ შორის - ამხანაგობის წევრი გ.მ–ძე და მესამე მოპასუხე მიუთითა) და, მოპასუხეებისათვის მის სასარგებლოდ, 2013 წლის 20 მაისის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რესტიტუციის მოთხოვნის საფუძველზე, სოლიდარულად, 338250 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნული ვალუტის დაკისრება მოითხოვა, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, გადახდის დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.
12.2 მოსარჩელის განმარტებით, კომპანია ფინანსური პრობლემების გამო, ამხანაგობიდან გავიდა, თუმცა იმ დროისათვის, მას ე–ლივი საქმიანობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უკვე შესრულებული ჰქონდა, კერძოდ, კომპანიამ მობინადრეების დაკმაყოფილებისა და მათი საჭიროების უზრუნველყოფის მიზნით 123050 აშშ დოლარი დახარჯა, ხოლო არქიტექტორულ-სამშენებლო პროექტისათვის - 215220 აშშ დოლარი. მას მშენებლობის ნებართვაც ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგემარების სამსახურში ჰქონდა მოპოვებული.
12.3 მოსარჩელის მტკიცებით, კომპანიის მიერ დახარჯული თანხის ჯამმა - 338250 აშშ დოლარი შეადგინა, თუმცა ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, თანხა არ დაუბრუნებია.
12.4 მოსარჩელის განმარტებით, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ჯეროვნად დაიწყო, კერძოდ, კომპანიის დირექტორმა გელა კომახიძეს 16000 აშშ დოლარი გადასცა, რომელსაც მობინადრეებთან მიმართებით, საორგანიზაციო საკითხები უნდა მოეგვარებინა და გადაეწყვიტა, ხოლო თენგიზ მუკუტაძეს (შემდეგოი: მესამე პირი) - 7050 აშშ დოლარი, რომელსაც მობინადრეების პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მათი ინტერესების დადგენის მიზნით, მობინადრეებთან მუდმივი კონტაქტი ევალებოდა. ამ უკანასკნელს კომპანიის დირექტორთან და მასთან საქმით დაკავშირებულ სხვა პირებთან ერთად, იმავე პერიოდში სამშენებლო საქმიანობიდან წარმოშობილი და შეუსრულებელი სხვა ფინანსური, კერძოდ, 120000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულებაც ეკისრებოდა.
12.5 მოსარჩელის განმარტებით, ზემოაღნიშნული თანხების გაცემის შემდეგ, მესამე პირი კომპანიის დირექტორს დაუკავშირდა და ინფორმაცია მიაწოდა, რომ საპროექტო ტერიტორიასთან დაკავშირებით პრობლება იყო, კერძოდ, ქ. ბათუმის მერია სატრანსპორტო გზის გაყვანას გეგმავდა, შესაბამისად, დაწყებული საქმიანობის გასაღრმავებლად საჭირო იყო 100000 აშშ დოლარის მოძიება და განახლებული სამშენებლო სამუშაოების ფონზე, ადგილობრივი მთავრობის დარწმუნება, რომ ბიზნესს საფრთხე არ შეჰქმნოდა.
12.6 მოსარჩელის განმარტებით, კომპანიამ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი უძრავი ქონება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთა და მიღებული თანხა მესამე პირს გადასცა.
13. მოპასუხეების შესაგებელი
13.1 ამხანაგობამ და მისმა წევრებმა წერილობით წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მესამე პირებისათვის თანხის გადახდა, ამხანაგობისათვის თანხის გადახდას არ ნიშნავს. ამასთან, არქიტექტურული პროექტი ამხანაგობის საკუთრებას წარმოადგენს.
13.2 მეორე მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების მოშლა რესტიტუციას მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების შეწყვეტამდე ერთმანეთის მიმართ გარკვეული ვალდებულებები შესრულებული აქვთ, რაც არ ვლინდება.
13.3 მოპასუხეებმა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითეს.
14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
14.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კომპანიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
14.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-130-ე, 144-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) მე-4 მუხლით.
14.3 საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
14.4 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, წინამდებარე შემთხვევაში, მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა თუ არა სსკ-ის 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, გაურკვეველია. ფაქტია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებიდან გასვლა ფინანსური პრობლემების გამო მოითხოვა და მისი წინადადება ამხანაგობის დანარჩენმა წევრებმა მიიღეს. მოპასუხეები მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერების საკითხზე არ შესდავებიან, ამიტომაც, სასამართლომ ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზების სათანადოობა აღარ უნდა გამოიკვლიოს.
14.5 საქალაქო სასამართლომ მიუთითა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ რეგულაციაზე, რომელიც ამხანაგობიდან გასვლის საკითხს უკავშირდება და განმარტა, რომ მოსარჩელე ამხანაგობიდან ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით გავიდა.
14.6 საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 129-ე და 130-ე მუხლებზე და მიუთითა, რომ მოსარჩელე ამხანაგობიდან 2013 წლის 20 მაისს გავიდა. მან გასვლისთანავე განმარტა, რომ ამხანაგობის მიმართ რაიმე ტიპის, მათ შორის ფინანსური ან ქონებრივი პრეტენზია არ გააჩნია, ანუ მას თანხის დაბრუნება არ მოუთხოვია და ამხანაგობასაც მისთვის თანხის დაბრუნება არ დაუგეგმავს.
14.7 სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება 2013 წლის 20 მაისს წარმოეშვა. სარჩელი კი, 2016 წლის 24 ოქტომბერს აღიძრა, შესაბამისად, საქალაქო სასამართლოს დასკვნით, მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია 3 წელზე მეტი, შესაბამისად, კომპანიის სარჩელი ხანდაზმულია, რაც მოპასუხე მხარეს თანხის გადახდაზე უარის თქმის უფლებას ანიჭებს.
15. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
16.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
16.1.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდა.
16.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელი მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებზე არ უმსჯელია, ვინაიდან მიიჩნია, რომ მათ შეფასებას საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.
16.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოპასუხეთათვის თანხის დაკისრებას იმ საფუძვლებითაც ითხოვდა, რომ საკუთარი უძრავი ქონება ამხანაგობის ვალდებულების შესასრულებლად სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთა და მიღებული თანხა, 100000 აშშ დოლარი, კომპანიის დირექტორმა მესამე პირს სამშენებლო სამუშაოების განახლებისათვის გადასცა; ასევე, მოსარჩელემ დირექტორის წარმომადგენლობით ხელშეკრულება შპს „ა-თან“ გააფორმა, რომლის საფუძველზეც, 215220-აშშ დოლარიანი არქიტექტურული პროექტი მომზადდა.
16.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით უდავოა, რომ კომპანიის დირექტორი ამხანაგობის წევრთა ანაგრიშებზე სხვადასხვა დროს ფულად თანხას რიცხავდა.
16.5 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქალაქო სასამართლოს არ გამოუკვლევია ზემოხსენებული გარიგების საგანი მართლაც ის ქონება იყო, რომელზეც მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებდა, თუ, ამის ნაცვლად, ამხანაგობამ სხვა პროექტი და ნებართვა განკარგა. ამასთან, თუ გარიგების საგანი ის პროექტი იყო, რომელიც კომპანიის დირექტორმა შეადგინა, იგი ამხანაგობაში მართლაც მოსარჩელის შენატანს წარმოადგენდა თუ მასზე უფლებები შემდგენელს ჰქონდა.
16.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქალაქო სასამართლოს არ გამოუკვლევია, კომპანიის დირექტორი ფულად ვალდებულებას მოსარჩელისა თუ საკუთარი სახელით ასრულებდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ საკითხების გარკვევა, სათანადო მოსარჩელის საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია; თუ დადგინდებოდა, რომ ამხანაგობის მიერ განკარგულ ქონებაზე უფლება არა მოსარჩელეს, არამედ სხვა პირს ჰქონდა და თანხასაც ეს უკანასკნელი იხდიდა, მოთხოვნის უფლების მქონე პირიც სწორედ ის იქნებოდა.
16.7 სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 84-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია, მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით, განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოში ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია, რადგან, სსსკ-ის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი არ არის უფლებამოსილი, ახალი მტკიცებულებები მიიღოს, რომლითაც ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა იქნება შესაძლებელი. ასევე, სააპელაციო წარმოების დროს პროცესში ახალი მხარის ჩართვა დაუშვებელია სსსკ-ის 380-382-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვებიდან გამომდინარე.
16.8 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული, ამასთან, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება მეორე ინსტანციის სასამართლოში შეუძლებელია, ამიტომ, სსსკ-ის 385-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა.
17. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
17.1 მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 თებერვლის განჩინება, მისი გაუქმება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება მოითხოვეს.
17.2 კასატორების განმარტებით, სადავო თანხები არც მოსარჩელისა და არც ამხანაგობის სახელით არ არის გადარიცხული და არც თანხის მიმღები პირები არ არიან ამხანაგობის წევრები ან სათანადო უფლებამოსილი პირები. კასატორების მტკიცებით, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ კომპანიის დირექტორმა ამხანაგობის რომელიმე წევრის ანგარიშზე ოდესმე ფულადი თანხა გადარიცხა. კომპანიის დირექტორის მიერ მესამე პირისათვის გადარიცხულ თანხას ამხანაგობასთან რაიმე კავშირი არ აქვს.
17.3 კასატორების მტკიცებით, კომპანიის დირექტორმა საკუთარი უძრავი ქონება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთა თუ არა და მიღებული თანხა რისთვის გამოიყენა - განსახილველ დავას არაფრით უკავშირდება.
17.4 კასატორების განმარტებით, საქმის მასალების თანახმად, კომპანია აცხადებდა, რომ სახლის პროექტი მათი დაკვეთით მომზადდა და ეს კომპანიის შენატანი იყო ამხანაგობაში, ასეც რომ იყოს, კომპანიის მხრიდან თანხის დაკისრების მოთხოვნა ხანდაზმულია და ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას არც სასამართლო უარყოფს, ხოლო ის, რომ სადავო პროექტზე უფლებები შეიძლება მესამე პირს ჰქონდეს, საქმის მასალებით არ დასტურდება.
17.5 კასატორების მტკიცებით, ამხანაგობამ 2013 წლის 8 ივლისს ის მშენებლობის ნებართვა გაასხვისა, რომელიც 2013 წლის მაისის ბოლოს კომპანიის ამხანაგობიდან გასვლის შემდეგ მიიღო, ასევე, ის პროექტი, რომლის ღირებულება 121650 ლარია და არა - 215220 აშშ დოლარი, როგორც ამას მოწინააღმდეგე მხარე უთითებს.
17.6 კასატორები მიუთითებენ სსსკ-ის 377.1 მუხლზე და განმარტავენ, რომ თავდაპირველი მოსარჩელის სათანადო მოსარჩელით შეცვლის საკითხი სააპელაციო საჩივრის საფუძველს არ წარმოადგენდა. კასატორების განმარტებით, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ მესამე პირს უფლება აქვს თანხის დაკისრების მოთხოვნით მოპასუხეებს ედავოს, მას უფლება აქვს, საერთო წესების დაცვით არსებული სასარჩელო წარმოებისგან დამოუკიდებლად წარმართოს სასამართლო დავა.
17.7 კასატორები მიიჩნევენ, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქმის მასალების თანახმად, გაწეული ხარჯები და პროექტი მისი საკუთრებაა და თანხის მოთხოვნის უფლებაც მას ეკუთვნის, სათანადო მოსარჩელის დადგენის მიზნით, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და/ან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სადავოდ სარჩელის ხანდაზმულობა არ გაუხდია, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
18.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
24. საკასაციო სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს სარჩელის მოთხოვნასა და მის ფაქტობრივ საფუძვლებზე და სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით განმარტავს, რომ მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეთათვის თანხის დაკისრება წარმოადგენს იმ საფუძვლით, რომ კომპანიამ, როგორც ამხანაგობის წევრმა, ამხანაგობის ფიზიკური წევრების საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით გარკვეული თანხები დახარჯა, ამასთან, მოსარჩელემ დირექტორის წარმომადგენლობით, შპს ,,ა–თან“ ხელშეკრულება გააფორმა, რომლის საფუძველზეც, არქიტექტორულ-სამშენებლო პროექტი - 215220 აშშ დოლარად მომზადდა. მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ კომპანიამ პირებს, რომელებიც მობინადრეთა ინტერესებს ადგენდნენ და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებდნენ თანხები გადასცა (იხ. წინამდებარე განჩინების 12.4-12.6 ქვეპუნქტები), ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ კი, ზემოაღნიშნული თანხები კომპანიას უნდა დაუბრუნდეს.
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მხარეთა მიერ ამხანაგობის შექმნა, ამხანაგობაში მათი შენატანი, მოსარჩელის ამხანაგობიდან გასვლისა და ამხანაგობის ქონების გასხვისების შესახებ ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა, ამასთან, მიუთითა, რომ შესაძლებელია აღნიშნული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებებსაც ჰქონდეს ადგილი, თუმცა სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნა არის თუ არა ხანდაზმული და ამის მიხედვით, საქმეზე შესაბამისი შედეგი დადგინდეს. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა საკითხების დადგენას მნიშვნელობა ეკარგება.
26. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ, უწინარესად, მოწმდება მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა, რადგან ამის განსაზღვრაზეა დამოკიდებული მისი განხორციელებადობის შემოწმება, თუკი მოპასუხეს წარდგენილი აქვს ხანდაზმულობის, ანუ მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი, შესაბამისად, თუ მოთხოვნა არ წარმოშობილა, ან შემდგომში შეწყდა, სწორედ ამ საფუძვლით, და არა ხანდაზმულობით, უნდა იქნეს უარყოფილი სარჩელი (იხ. სუსგ # ას-1063-1023-2016, 17.02.2017წ; შდრ. # ას-197-187-2016, 12.07.2016წ.).
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით წაყენებული მოთხოვნების საფუძვლიანობის გასარკვევად, ჯერ შესამოწმებელი და გამოსაკვლევია მოსარჩელის სტადიაზე მოთხოვნის ის ფაქტობრივი წინაპირობები და სამართლებრივი საფუძველი, რომლებიც აღნიშნული მოთხოვნის წარმოშობასა და დასაბუთებულობაზე მიუთითებენ.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას საფუძვლად დაუდო ის დასაბუთება, რომ საქალაქო სასამართლომ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი ფაქტობრვი გარემოებები არ დაადინა, რომელიც სათანადო მოსარჩელის საკითხს გამოარკვევდა, რამაც საბოლოოდ განაპირობა იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლებიდან გამომდინარე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები არ დაუდგენია, მათ შორის, გარიგების საგანი (პროექტი და ნებართვა), რომელიც ამხანაგობამ გაყიდა, იყო თუ არა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის საფუძველი (აღნიშნული მოპასუხე მხარემ სადავოდ გახადა), ამასთან, კომპანიის დირექტორსა და შპს ,,ა–ს“ შორის, რომლის წარმომადგენელიც ასევე კომპანიის დირექტორია, 2008 წლის 16 აპრილს, ხელშეკრულება არქიტექტურული პროექტის შექმნის შესახებ გაფორმდა, თუმცა სასამართლოს არ გამოუკვლევია ვის გააჩნია მასზე უფლებები, კომპანიას თუ მის შემქმნელს (დირექტორს), ამასთან, გაურკვევევლია კომპანიის დირექტორი ფულად ვალდებულებას ვისი სახელით ასრულებდა, ვინაიდან ამ უკანსკნელს თანხა უშუალოდ საკუთარი სახელით აქვს გადარიცხული, აღნიშნული კი, მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებებია სათანადო მოსარჩელის დასადგენად და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრისათვის.
30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად, პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს. პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და ორიენტირებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებაზე. აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ საქმის მომზადების ეტაპზე უნდა დაისვას/გადაწყდეს, რათა სამართალწარმოების შემდგომი ეტაპი (სასამართლოს მთავარი სხდომა) სათანადო მხარეთა შორის შედავებული იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების სწორად დადგენას მიეძღვნას, რომლებიც მტკიცების საგანში შედიან და მიღწეულ იქნას მართლმსაჯულების მიზანი – კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით აღიკვეთოს მხარეთა სადავოდ ქცეული უფლების დარღვევა (სუსგ 10.05.2017წ. საქმე №ას-1085-1042-2016).
31. “სააპელაციო სასამართლომ, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უკან უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება“...(იხ. სუსგ # ას- #-ას-471-450-2015, 30.10.2015წ; შდრ. სუსგ-ებს: #ას-973-922-2015, 16.02.2016წ; #ას-151-147-2016, 19.04.2016წ; #ას-1132-1088 -2016, 17.02.2017წ.).
32. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააბრუნა საქმე საქალაქო სასამართლოში ხელახლა განსახილველად, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ საქმის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებსა და აქედან გამომდინარე სათანადო მოსარჩელის საკითხზე უნდა იმსჯელოს.
33. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ამხანაგობა „ე“-ის, შპს „D.B“-ის, ნ.გ–ის, ს.გ–ის, ა.გ–ის, ნ.ქ–ძის, ნ.ც–ძის, ზ.ბ–ძის, ს.ჟ–ას, ნ.გ–ძის და გ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ამხანაგობა „ე“-ს (ს/კ ....), შპს „D.B“-ს (ს/კ ......), ნ.გ–ს (პ/ნ .......), ს.გ–ს(პ/ნ ......), ა.გ–ს (პ/ნ ......), ნ.ქ–ძეს (პ/ნ ......), ნ.ც–ძეს (......), ზ.ბ–ძეს (პ/ნ .....), ს.ჟ–ას (პ/ნ .....), ნ.გ–ძეს (პ/ნ .....) და გ.მ–ძეს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე შპს „D.B“-ის (ს/კ .....) მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის (საგადახდო დავალება N513, გადახდის თარიღი 2019 წლის 29 მარტი), 70% – 5600 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე