საქმე №ას-514-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - რ.ბ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რ.ბ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, დასაქმებული ან კასატორი) მუშაობდა სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ .... საჯარო სკოლის (შემდეგში: სკოლა) დირექტორის თანამდებობაზე 2015 წლის მაისიდან.
2. საქართველოს მეცნიერებისა და განათლების (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი, სამინისტრო ან აპელანტი) მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის N1/კ-422 ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა სკოლის დირექტორის თანამდებობიდან (ტ.1,ს.ფ. 23).
3. მინისტრის 2016 წლის 5 სექტემბრის N687 ბრძანებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ა.ო–ის 2016 წლის 02 სექტემბრის N1015422 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჩატარდა საჯარო სკოლის ინსპექტირება (ტ.1,ს.ფ.33-35).
4. მინისტრის 2016 წლის 1 ნოემბრის N818 ბრძანებით სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ასევე სამეურვეო საბჭოს მიეცა მითითება განეხილა საჯარო სკოლის დირექტორის (მოსარჩელის) უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი (ტ.1,ს.ფ.36-38).
5. სარჩელის მოთხოვნა
5.1. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სამინისტროს წინააღმდეგ და მოითხოვა:
5.1.1. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის N1/კ-422 ბრძანების ბათილად ცნობა;
5.1.2. საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა;
5.1.3. მოპასუხისთვის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, გათავისუფლების დღიდან - 2016 წლის დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე 500 ლარის ოდენობით;
6. მოპასუხის პოზიცია
6.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით და ზეპირი სხდომაზე საქმის მოსმენის დროს სარჩელი არ ცნო.
7. სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
7.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა:
7.1.1. ბათილად იქნა მინისტრის 2016 წლის 21 ნოემბრის N1/კ-422 ბრძანება საჯარო სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;
7.1.2. დასაქმებული აღდგენილ იქნა საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე;
7.1.3. დამსაქმებელს დაეკისრა იძულებითი განაცდურის - ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა მოსარჩელის გათავისუფლებიდან - 2016 წლის დეკემბრიდან სამუშაოზე აღდგენამდე;
7.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე, 24-ე მუხლებით, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლებით, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი, მე-4, და 24-ე მუხლებით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) მე-2, 37-ე, 38-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე მუხლებით.
8. დამსაქმებლის (სამინისტროს) სააპელაციო საჩივარი
8.1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამინისტრომ, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა მოითხოვა.
9. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
9.1.1. დასაქმებულის სარჩელი სამინისტროს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
9.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ მინისტრის N818 ბრძანებით საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ასევე ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოს მიეცა მითითება, განეხილა საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი.
9.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარდგენილი სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის N3110161500 დასკვნაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც, საჯარო სკოლაში ინსპექტირების განხორციელების შედეგად გამოვლინდა სკოლის დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული მთელი რიგი დარღვევები. როგორც აღნიშნული მტკიცებულებებიდან ირკვეოდა, სახეზე იყო ერთი და იმავე ხასიათის, არაერთჯერადად განხორციელებული დარღვევები სკოლის დირექტორის მიერ. დასახელებული მტკიცებულებების თანახმად, სკოლას შესყიდვები განხორციელებული არ ჰქონდა წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად. აღნიშნული შესყიდვები გეგმაში შეტანილია მოგვიანებით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა აღემატება გეგმით გათვალისწინებულ თანხებს, ამასთან მსგავს დარღვევებს ჰქონდა მრავალჯერადი ხასიათი, რასაც დირექტორიც არ უარჰყოფდა, თუმცა მისივე განმარტებით, ჰქონდა შესაბამისი გამამართლებელი გარემოებები, ახლადდანიშნული იყო, არ ჰქონდა შესაბამისი ცოდნა და არ ჰქონდა გავლილი შესაბამისი მომზადება, ასევე არ იცნობდა კანონმდებლობის მოთხოვნებს შესყიდვებთან დაკავშირებით.
9.4. ზემოაღნიშნულის გარდა, როგორც დასკვნიდან ირკვეოდა, სკოლას არ წარუდგენია შესყიდვებთან დაკავშირებით ბაზრის კვლევის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტები. დირექტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ბაზარზე რეალურად მხოლოდ ერთი მიმწოდებელი იყო რის გამოც მსგავს კვლევებს არ ატარებდა.
9.5. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დასაქმებულის არგუმენტები, რომლის მიხედვითაც, მას არ გაუვლია შესაბამისი ტრენინგები, შესყიდვებთან დაკავშირებით მისთვის ბევრი რამ უცხო იყო და განმარტა, რომ ხელმძღვანელ თანამდებობაზე პირის დანიშვნისას ყოველთვის დგება მისთვის წინასწარ გაუთვალისწინებელი ამოცანები. ხელმძღვანელობის ფუნქცია სწორედ ამ ამოცანების სწორად გააზრებასა და მის კვალიფიციურად გადაჭრაში მდგომარეობს და არა იმის მოლოდინში, რომ გაიაროს ტრეინინგები ან გადაწყვიტოს საკითხი საკუთარი შეხედულების და არა არსებული წესრიგის შესაბამისად. არსებობს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, არსებობს სათანადო სპეციალისტებისაგან კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა, არსებობს შესაბამისი განათლების მიღების შესაძლებლობებიც, თუმცა დირექტორობის პერიოდში მსგავსი მომზადება მოსარჩელეს არ გაუვლია. სურვილის არსებობის შემთხვევაში მას შეეძლო მიეღო მსგავსი განათლებაც. დირექტორი, რომლის მოვალეობასაც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელობა წარმოადგენს, თვითონ უნდა წარმოადგენდეს ყოველგვარი არსებული წესებისა და მოთხოვნების დამცველსა და მათ უზადო შემსრულებელს. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია მან სხვის წინაშე დააყენოს მსგავსი მოთხოვნები.
9.6. დასახელებული დარღვევების გარდა, სააპელაციო სასამართლომ დასკვნაში მითითებულ სხვა ფაქტებზეც მიუთითა, რომლის მიხედვითაც, ინვენტარიზაციის აღწერილობის აქტებსა და შედარების უწყისებში რიგი აქტივები არ იყო შეტანილი, ერთ შემთხვევაში აღწერილობასა და შედარების უწყისებში დაფიქსირებული ძირითადი საშუალების საინვენტარო ნომერი არ ემთხვეოდა ამ ძირითად საშუალებაზე მინიჭებულ საინვენტარო ნომერს, ასევე რიგ აქტივებს არ ჰქონდა მიკრული/მიწერილი საინვენტარო ნომრები. ამავე დასკვნით ირკვეოდა, რომ სკოლასა და ინდ. მეწარმე „ს.მ–ს“ შორის დადებული იყო 2015 წლის 16 ოქტომბრის №21 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საგანი იყო სამშენებლო მასალებისა და ეზოს სკამების შესყიდვა CPV 44910000, 39110000), ხელშეკრულების საგნის საერთო ღირებულება შეადგენდა 1410 ლარს. სკოლის 2015 სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმაში CPV - 44910000 (სამშენებლო ქვა) კოდი დამატებული იყო 2015 წლის 23 ოქტომბერს (ხელშეკრულების დადების და ანგარიშსწორების შემდგომ), ხოლო CPV – 39110000 (დასაჯდომები, სკამები და მონათესავე პროდუქცია) კოდი საერთოდ არ იყო. ამასთან, სკოლასა და ფ.პ „ი.კ–ს“ შორის დადებული იყო 2015 წლის 09 ოქტომბრის №20ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო სამუშაოს შესყიდვა CPV 50860000 - მუსიკალური ინსტრუმენტების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება), თუმცა სკოლამ შეისყიდა მომსახურება. ხელშეკრულების თანახმად, შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 62,5 ლარს. შესყიდვის განხორციელების მომენტისათვის სკოლას CPV - 50860000 კოდი არ ჰქონდა გათვალისწინებული 2015 წლის შესყიდვების წლიურ გეგმაში, შესყიდვა გეგმაში ასახულია მოგვიანებით 2015 წლის 22 ოქტომბერს და ა.შ. დასკვნაში მითითებულია მსგავსი სახის არაერთი სხვა დარღვევაც.
9.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დასაქმებულის განმარტება, იმის თაობაზე, რომ აღნიშნული დარღვევები გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ 2015 წლიდან იკავებდა დირექტორის თანამდებობას და ვერ მოასწრო კანონმდებლობაში სრულად გარკვევა. დადგენილია და მხარეებსაც არ გაუხდიათ სადავოდ, რომ დასაქმებული 2012 წლამდეც მუშაობდა დირექტორის თანამდებობაზე და ის გათავისუფლდა სწორედ მსგავსი გადაცდომების გამო.
9.8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დასკვნაში მითითებულ დარღვევებზე შრომითი ანაზღაურების კანონიერების, ინვენტარიზაციის, სკოლაში ახლო ნათესავის დასაქმებისა და სკოლაში საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ სკოლაში რიგ თანამშრომლებს ხელფასი ერიცხებოდათ და მოცემული მდგომარეობითაც ერიცხებათ კანონმდებლობის დარღვევით.
9.9. დირექტორს 2009 წლის 19 ოქტომბრის №20 ბრძანებით სკოლაში საქმეთა მმართველის თანამდებობაზე დანიშნული ჰყავს თავისი და - ლ.ბ–ი, რომელიც დირექტორის რ.ბ–ის 2010 წლის 1 სექტემბრის №67 ბრძანებით, სკოლაში დაინიშნა ბუნების მეტყველების და ბიოლოგიის მასწავლებლად, ხოლო 2010 წლის 20 სექტემბრის №76 ბრძანებით, იგივე პირი დანიშნულია მე-9კლასის დამრიგებლად ისე, რომ სკოლის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სამეურვეო საბჭოს მიერ დირექტორისთვის მიცემული თანხმობა ახლო ნათესავის - დის სკოლაში პედაგოგად დასაქმების თაობაზე, მეტიც - სკოლის მიერ წარმოდგენილი 2009 წლის 16 ოქტომბრის სამეურვეო საბჭოს №2 სხდომის ოქმის თანახმად, სამეურვეო საბჭომ თანხმობა გასცა ლ.ბ–ის სკოლაში საქმეთა მმართველად დასაქმებაზე, ხოლო პედაგოგად დასაქმების თაობაზე, სამეურვეო საბჭოს თანხმობა არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ყურადსაღები იყო ის გარემოება, რომ დირექტორის დას ხელფასი ერიცხებოდა, როგორც 10 წელზე ზემოთ სამუშაო გამოცდილების მქონე მასწავლებელს, თუმცა ამ ხანგრძლივობის სამუშაო სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი სკოლას არ წარუდგენია სასამართლოსთვის.
9.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნულის გარდა, ყოფილმა დირექტორმა საქმის წარმოებისა და ადმინისტრაციული წესები დაარღვია, რაც გამოიხატა 2015 წლის 13 მაისის განცხადებების, რომლითაც განმცხადებლები ითხოვდნენ შვილების პირველ კლასში ჩარიცხვას, დოკუმენტბრუნვის ელექტრონულ სისტემაში გაუტარებლობითა და შესაბამისი ნომრებისა და თარიღების მინიჭების გარეშე დატოვებით. მსგავსი ხასიათის დარღვევები, გამოვლინდა 2012 წლის ინსპექტირების შედეგადაც (მინისტრის 2012 წლის 06 იანვრის №05/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, სკოლის დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ დოკუმენტების წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღეში შეისწავლოს და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვის ან ჩარიცხვაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნულის შესახებ აცნობოს საინფორმაციო სისტემას 5 სამუშაო დღის ვადაში).
9.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა დასახელებული დარღვევის პასუხად, დასაქმებულის არგუმენტი იმის შესახებ, რომ არ ჰქონდა ელექტრონულ სისტემაში მუშაობის პრაქტიკა და კვლავ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ იგი 2012 წლამდეც ახორციელებდა სკოლის დირექტორის უფლებამოსილებას და მას, როგორც გამოცდილ მუშაკს, ევალებოდა შესყიდვებთან და სკოლის მართვასთან დაკავშირებული და სხვა პროცედურების ზედმიწევნით ცოდნა და მათი განუხრელად დაცვა.
9.12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის პოზიცია ხსენებული დარღვევების უხეშ გადაცდომად მიჩნევის თაობაზე და განმარტა, რომ სკოლის მიერ დარღვეულია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ (შემდეგში: სზაკ) 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №429 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 29-ე მუხლის მე-18 პუნქტი (2015 წლის 01 იანვრის შემდგომ პერიოდში) და თავად სსიპ - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ..... საჯარო სკოლის შინაგანაწესის მე-7 მუხლის მოთხოვნა, სზაკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 17 აგვისტოს №951 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მის სისტემაში შემავალ ორგანოებში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემის გამოყენების წესის“ მე-10 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა.
9.13. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამსახურის სპეციფიკის, დარღვევის სიმძიმის, ხასიათისა და საქმის სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლება ჩადენილი უხეში დარღვევის ადეკვატურ ღონისძიებას წარმოადგენდა და სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა არა უბრალოდ ვალდებულების დარღვევა, არამედ - უხეში დარღვევა, ვალდებულების არაერთგზის არაჯეროვნად შესრულება, აღნიშნული დარღვევების ხარისხი და მის მიმართ ზედაპირული და გულგრილი დამოკიდებულება. აღნიშნულმა დარღვევებმა კი განაპირობა დასაქმებულის დირექტორის პოზიციიდან გათავისუფლება სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ პუნქტის თანახმად.
10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ყოფილმა დირექტორმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
10.2. კასატორმა საკასაციო სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაზე მიუთითა, სადაც მისი მტკიცებით სასამართლო განმარტავდა, რომ სამეურვეო საბჭო საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც განსაზღვრავს სკოლისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ საკითხებს, (სამეურვეო საბჭო დაკომპლექტებულია სკოლის პედაგოგებითა და მშობლებით) რომელთა გადასაწყვეტად საჭიროა არა მარტო კანონით პირდაპირ დადგენილი დანაწესების შესრულება, არამედ განსაკუთრებული გულისხმიერებით საკუთარი უფლებამოსილებების მართლზომიერად განხორციელება.
10.3. კასატორის განმარტებით, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე, ამავე საბჭოს წევრებმა დირექტორი დადებითად დაახასიათეს და ერთპიროვნულად დაუჭირეს მხარი მის თანამდებობაზე დარჩენას.
10.4. ქალაქ დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრში, 2016 წლის 29 აგვისტოს ანონიმური წერილი შევიდა, რომელსაც თითქოსდა დირექტორის თანამდებობაზე დატოვების მოთხოვნით ხელს აწერდნენ პედაგოგები. აღნიშნულის საპირისპიროდ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წერილით მიმართეს სკოლის მასწავლებლებმა, რომლითაც არ დაადასტურეს დასახელებული წერილის მათ მიერ გაგზავნის ფაქტი და მოითხოვეს სათანადო რეაგირება. ამასთან, სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვის დროს, სამეურვეო საბჭოს წევრებმა დაადასტურეს, რომ დირექტორი მათგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს არ იღებდა,საბჭოსთან იყო შეთანხმებული და მხოლოდ ბავშვების ინტერესებს ემსახურებოდა. ამასთან, ყოფილი დირექტორი ზრუნავდა თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მათი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, იცავდა მოსწავლეთა უფლებებსა და ინტერესებს და ზრუნავდა მოსწავლეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს სშკ-ის 38.8 „სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“ და 44-ე „შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით“, ასევე, სსკ-ის 394.1 „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის“ და 408.1 „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“ მუხლებით გათვალისწინებული წესები.
18. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-61 და მე-9 პუნქტები.
19. საკასაციო სასამართლო სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტზე მითითებით ,,შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა“ განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების დარღვევას გულისხმობს, რაც შეიძლება გამოიხატოს თანამდებობრივი ინსტრუქციისა და/ან ნორმატიული აქტების დანაწესის შეუსრულებლობაში.
20. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ დასაქმებულთან მართლზომიერად შეწყდა შრომითი ურთიერთობა, შესაბამისი დასაბუთებით.
21. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას სასამართლო, პირველ რიგში, ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ როდესაც კანონმდებელმა დამსაქმებელს მიანიჭა განსაზღვრული თავისუფლება, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის - ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა. თუმცა, თუკი არ არსებობს არც გაფრთხილების, არც უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენების წინაპირობა, შრომითი მოვალეობების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შრომითი ხელშეკრულება დაუყოვნებლივ შეწყდეს.
23. განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელი კასატორის გათავისუფლების საფუძვლად, ამ უკანასკნელის მიერ უფლებამოსილების არაკვალიფიციურ და მიკერძოებულ განხორციელებას ასახელებდა, რომლის საფუძვლადაც შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაზე უთითებდა დამსაქმებლის განმარტებით, სკოლაში გამოვლენილი იყო სხვადასხვა დარღვევები, რიგ შემთხვევებში შესყიდვები განხორციელებული არ იყო წინასწარ დამტკიცებული შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად, ზოგიერთი შესყიდვა წლიურ გეგმაში მოგვიანებით იყო განხორციელებული. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხები აღემატებოდა გეგმით გათვალისწინებულ თანხებს. გასათვალისწინებელია, რომ დასახელებულ დარღვევებს მრავალჯერადი ხასიათი ჰქონდა. (სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი სხვა გარემოებებისა და შეფასების თაობაზე იხ. წინამდებარე განჩინების 9.3-9.14 პუნქტები).
24. დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, შრომითსამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. ამდენად, უნდა ვიხელმძღვანელოთ მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალური სტანდარტით, რომლის თანახმად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებულია ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ამგვარი სტანდარტის გამოყენების ნორმატიულ საფუძველს ქმნის ის, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შდრ. სუსგ # ას-483-457-2015, 07.10.2015).
25. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ, მართებულად გაიზიარა დასაქმებულის მტკიცება და წარდგენილი მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ უფლებამოსილების განხორციელების დროს დადგენილი წესების უხეში დარღვევის თაობაზე, რაც საფუძვლად დაედო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას.
26. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა წარმატებით გაართვა თავი მის მიერ შესაგებელში მითითებული გარემოებების მტკიცების მოვალეობას და შესაბამისად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება ცხადად და დამაჯერებლად დაასაბუთა. დასაქმებული ვალდებული იყო, კანონმდებლობითა და შინაგანაწესით დადგენილ ფარგლებში ემოქმედა, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დასაქმებული საჯარო სკოლის დირექტორს წარმოადგენდა, რაც მას განსაკუთრებული ყურადღებით, გულისხმიერებითა და კანონისა და დირექტორის ეთიკის წესების ზედმიწევნით დაცვით ავალდებულებდა სკოლის მართვას.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.კ–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. რ.ბ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ს.კ–ძის (პ/ნ .....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 6 ივნისი), 70% – 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე