Facebook Twitter

საქმე №ას-1120-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს "ე.მ." (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიცია (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სარჩელი, შპს "ე.მ–ის" (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდნენ მოსარჩელის წარმომადგენელი მ.კ–ა და მოპასუხის (აპელანტის) წარმომადგენელი ნ.ნ–ი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი ტ.1, ს.ფ. 93; რწმუნებულება ტ.1, ს.ფ. 76).

5. საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა, რომ გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით აპელანტს არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან - 2019 წლის 29 მარტიდან და ამოიწურა იმავე წლის 11 მაისს, რომელიც მოცემულ შემთხვევაში იყო უქმე/დასვენების დღე, შესაბამისად აპელანტს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნდა მომდევნო პირველსავე სამუშაო დღის - 2019 წლის 13 მაისის ჩათვლით. საქმეში არსებული ხელწერილით დგინდებოდა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა ნ.ნ–მა გადაწყვეტილება ჩაიბარა 2019 წლის 1 მაისს, ხოლო სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2019 წლის 14 მაისს (იხ. ტ.1, ს.ფ 110-138) ანუ კანონით დადგენილი 14 - დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

6. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით არ დგინდებოდა, რომ აპელანტმა მიმართა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადასაცემად და სასამართლომ ვერ უზრუნველჰყო მისი ჩაბარება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის. (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.; ას-469-469-2018, 22/06/2018).

7. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის წარმომადგენელს სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა მოსამართლის თანაშემწესთან, 25 აპრილიდან 1 მაისამდე (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30 დღის გასვლამდე) და 1 მაისს მიიღო თანხმობა გადაწყვეტილების ჩაბარებაზე, შესაბამისად, განცხადება დაწერა იმავე დღეს, და 2019 წლის 1 მაისს დაიწყო გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 29 ივლისის განჩინებით აპელანტის კერძო საჩივარი წარმოებაში მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

13. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

14. სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, „თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადს გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია“.

15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხის წარმომადგენელი, პირველი ინსტანციის სასამართლოში ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, შესაბამისად ზემოხსენებული ნორმების საფუძველზე, მხარე ვალდებული იყო, სათანადო წესით და კანონით დადგენილ ვადაში უზრუნველეყო სააპელაციო საჩივრის წარდგენა სააპელაციო სასამართლოში.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რომლის გამოცხადებასაც ესწრებოდა გასაჩივრების მსურველი მხარე (მოპასუხის წარმომადგენელი), გამოაცხადა 2019 წლის 28 მარტს, შესაბამისად, ზემოთ დასახელებული ნორმების გათვალისწინებით, კერძო საჩივრის ავტორს ეკისრებოდა ვალდებულება, სასამართლოში გამოცხადებულიყო აღნიშნული თარიღიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა - 2019 წლის 29 აპრილისა, ხოლო გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყებოდა 30-ე დღეს. გამომდინარე იქიდან, რომ 30-ე და შემდგომი დღეც უქმე იყო, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლა დაიწყო 2019 წლის 29 აპრილს და ამოიწურა 2019 წლის 11 მაისს იმის გათვალისწინებით, რომ 11 და 12 მაისი უქმეები იყო, გასაჩივრების უფლება მხარეს 13 მაისის ჩათვლით გააჩნდა. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2019 წლის 14 მაისს (სამშაბათს) არის წარდგენილი.

17. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველად (შდრ. სუსგ-ები: # ას-790-757-2016, 2016 წლის 18 ოქტომბრის განჩინება; # ას-221-208-2015, 2015 წლის 29 მაისის განჩინება). ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად დარჩა განუხილველად და საპროცესო კანონმდებლობა არ დარღვეულა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ე.მ–ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე