საქმე №ას-1312-2019 11 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ა–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – გ.ა–ძისა და ნ.გ–ძის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს – გ.ა–ძესა და ნ.გ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის – 23426,03 აშშ დოლარის, სესხის პროცენტის – 1784,88 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 1000 აშშ დოლარის, სულ 26210,91 აშშ დოლარის გადახდა. დავალიანების გადახდის უზრუნველყოფის მიზნით რეალიზებულ იქნა ქ.ქუთაისში, ......, გ.ა–ძის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული ბინა 35, ს/კ ......
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ა–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლსის განჩინებით გ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ა–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და ა.ბ–ძის სახელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული რწმუნებულების ან კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივრის წარმოდგენა.
2019 წლის 21 ოქტომბერს გ.ა–ძემ წარმოადგინა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, მაგრამ არ წარმოადგინა ა.ბ–ძის სახელზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად გაცემული რწმუნებულება ან მის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი.
საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გ.ა–ძეს პირადად ჩაბარდა 2019 წლის 25 ოქტომბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.ა–ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი კერძო საჩივრის ავტორ გ.ა–ძეს პირადად სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2019 წლის 25 ოქტომბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.179). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 26 ოქტომბერს და ამოიწურა 2019 წლის 28 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს და კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ.ა–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. გ.ა–ძეს (პ/ნ .....) დაუბრუნდეს ა.ბ–ძის მიერ 2019 წლის 18 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი