საქმე №ას-1591-2019 6 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ.ლ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჩ.რ. ბ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. თ.ლ–ძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ.რ.ბ.ჯ–ის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ზიანის – 13532 ლარის, ექსპერტიზისათვის გადახდილი 500 ლარის, საპროექტო-ხარჯთაღრიცხვისთვის გაღებული 700 ლარისა და ადვოკატის მომსახურების – 300 ლარი ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, საკუთრებით უფლებით ეკუთვნის 172 კვ.მ საცხოვრებელი სახლი 680 კვ.მ საკარმიდამო ეზოთი.
3. სახლი აშენებულია გასული საუკუნის 80-იან წლებში, განთავსებულია დახრილ რელიეფზე. ვიდრე აღნიშნული ნაკვეთის სიახლოვეს დაიწყებოდა სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, სახლს ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც სარკინიგზო გვირაბში წარმოებულ აფეთქებებს მიეცა ინტენსიური ხასიათი, ძლიერი, მიწისძვრის მსგავსი ბიძგების გავლენით სახლის გარე და შიდა კედლებზე გაჩნდა სხვადასხვა ზომის და მიმართულების ბზარი, რაც თანდათან პროგრესირებს. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 13 აგვისტოს დასკვნით, მოსარჩელის სახლზე არსებული დაზიანებები არის მე-2 ხარისხის და ძირითადად გამოწვეულია №9 გვირაბის აფეთქებითი სამუშაოებით. სახლზე არსებული დაზიანებების გაღრმავება დასტურდება იმით, რომ 2012 წლის სექტემბერში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით გვირაბის აფეთქებების ზემოქმედების შედეგად მის სახლზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნებოდა პირველ ხარისხს, ხოლო 2018 წლის ზემოთაღნიშნული დასკვნის თანახმად, დაზიანებები მეორე ხარისხისაა. 2018 წლის 13 აგვისტოს შესრულებული მოსარჩელის სახლის რეაბილიტაციის სახარჯთაღრიცხვო თანხამ შეადგინა 13 532 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2018 წლის 13 აგვისტოს დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი სავარაუდოა, მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებს და მობინადრის განმარტებას. ასევე, იგი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს რაიმე კონკრეტული გამოკვლევებისა და ოფიციალური ჩანაწერებიდან. ექსპერტისათვის ცნობილი არ არის, რისგანაა აშენებული სახლის ბალავერი და შეესაბამება თუ არა სამშენებლო ნორმებს. აღნიშნული დასკვნით სახლზე განვითარებული ბზარები ადრეული წარმოშობისაა. საუბარია გვირაბის მშენებლობის საწყის პერიოდზე და ვარაუდობს, რომ სახლზე არსებული ბზარების უმეტესი ნაწილი დიდი ალბათობით გამოწვეულია რკინიგზის მეცხრე გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ვიბრაციებით. დაზიანებები შეფასებულია მე-2 ხარისხით, თუმცა ექსპერტმა დაასკვნა, რომ სახლის არსებული მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია და საჭიროა სარემონტო მოპირკეთებითი სამუშაოების ჩატარება ბზარების გამონოლითებით. ასეთი დასკვნის გაცემის დროს ექსპერტიზას არ გამოუყენებია კომპანია „ე–ის“ მიერ გაცემული დასკვნა, რომლითაც დგინდება რომ აფეთქებები მიმდინარეობდა დასაშვებ ნორმებში და მოსარჩელის სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში მოპასუხეს ბრალი არ მიუძღვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის – 3006 ლარის, ექსპერტიზის ხარჯის – 500 ლარისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შედგენისათვის 700 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 364-ე, 369-ე, 2591 მუხლების, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებიდან გამოარკვია, რომ 2019 წლის 23 აპრილს სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილება ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი (იხ. სხდომის ოქმი, ს.ფ. 44), თუმცა მას სასამართლოსათვის გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაიბარების მოთხოვნით არ მიუმართავს, აღნიშნულის გათვალისწინებით, დასახელებული მუხლისა და სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს – 2019 წლის 24 მაისს და გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2019 წლის 6 ივნისს, სააპელაციო საჩივარი მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარდგენილია 2019 წლის 10 ივნისს, ანუ კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.
8. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობებიც. მხარის ერთ-ერთი ძირითადი სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, რომ მხარემ ამ უფლების რეალიზება უნდა მოახდინოს კანონით განსაზღვრულ ვადაში. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის საპროცესო უფლება, გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, რეალიზებული არ იქნა კანონით დადგენილ ვადაში.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხემ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღესვე მიაკითხა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად და 2019 წლის 14 მაისს წერილობითი განცხადებით მოითხოვა მისი გადაცემა. აღნიშნული გარემოება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი განცხადებით. შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე 28 მაისს და ამოიწურა 10 ივნისს. ამდენად, აპელანტს სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის დასაშვებ პერიოდს განსაზღვრავს სსსკ-ის 369-ე მუხლი, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
14. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით დადგენილი წესის შესრულებად ვერ ჩაითვლება მხარის მიერ სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მიმართვა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღემდე და 30-ე დღის შემდეგ.
15. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.
16. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-დან 30-ე დღემდე დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული ნორმა, ერთი მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა) და ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სააპელაციო საჩივარი, ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება (იხ. სუსგ 1.07.2019წ. №ას-1495-2018).
19. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს 2019 წლის 23 აპრილის სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას (იხ. სხდომის ოქმი, ტომი 2, ს.ფ. 44) ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი (რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით, კერძოდ, ტომი 1, ს.ფ. 47).
20. საქმის მასალებში წარმოდგენილი მოსარჩელის განცხადებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს – 2019 წლის 14 მაისს მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად (ტომი 2, ს.ფ 58). ამავე განცხადებაზე მხარის წარმომადგენლის მინაწერიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილების ასლი მან 2019 წლის 27 მაისს ჩაიბარა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხემ იმავე მიზნით სასამართლოს მიმართა 2019 წლის 22 მაისს და გადაწყვეტილება ჩაიბარა 28 მაისს.
21. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მოსარჩელისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან – 2019 წლის 27 მაისის მომდევნო დღიდან – 28 მაისიდან და იგი ამოიწურა 2019 წლის 10 ივნისს. მოსარჩელემ კი სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარადგინა სწორედ 2019 წლის 10 ივნისს, შესაბამისად, მოსარჩელეს 14-დღიანი ვადა არ დაურღვევია.
22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ლ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე