საქმე №ას-1731-2018 6 დეკემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ.ი–ი (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელი – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ო.მ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის საკუთრებაშჲ აღრიცხვა (ძირითად სარჩელში), უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ნ.ი–მა (შემდგომში – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ო.მ–ძის (შემდგომში – მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ნივთის მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ასესხა 2500 აშშ დოლარი, რის უზრუნველსაყოფად მხარეები სიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე გადასცემდა კუთვნილ უძრავ ნივთს, ხოლო მის მიერ ფულის დაბრუნების პარალელურად მოპასუხე დაუბრუნებდა ქონებას მოსარჩელეს.
3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოსარჩელე მას ყოველთვიურად გადაუხდიდა გარკვეულ თანხას. მათ მიმართეს ნოტარიუსს, რომელმაც გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება. მოპასუხემ გადასცა ბანკის ქვითრით 2500 აშშ დოლარი და მოსარჩელის კუთვნილი ბინა დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში თავის სახელზე. მოსარჩელე წლების განმავლობაში უხდიდა გარკვეულ თანხას მოპასუხეს. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 2500 აშშ დოლარის დაბრუნების სანაცვლოდ, ხოლო უძრავი ნივთის მისთვის დაბრუნება.
მოპასუხისა და შეგებებული სარჩელის ავტორის პოზიცია:
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელი აღძრა სასამართლოში მოსარჩელის მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის შესახებ.
5. შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, სადავო უძრავი ნივთი მოპასუხის საკუთრებაა. აღნიშნული ქონება მოსარჩელის უკანონო მფლობელობაშია, რის გამოც მესაკუთრეს ეზღუდება კუთვნილი ნივთის სარგებლობის შესაძლებლობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო ძირითად სარჩელს ეთქვა უარი, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ამავე წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია და მიიჩნია, რომ აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 233-ე მუხლის პირველი ნაწილის, 241-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 25 ივნისს, 14:00 საათზე დანიშნული სხდომის შესახებ და სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით აპელანტი გაფრთხილებული იყო სათანადო წესით, რაც საქმეში წარმოდგენილი ფოსტის უკუგზავნილით დასტურდება.
10. 2018 წლის 25 ივნისს სასამართლო სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა. მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
11. სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება გასაჩივრებულია აპელანტის ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე არსებითად განხილვაზე მითითებით.
12. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსსკ-ის 3761 მუხლზე, 380-ე მუხლის მეორე ნაწილზე და განმარტა, რომ წარმოდგენილი სარჩელით დავის საგანია 2011 წლის 1 ივლისს მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ნივთის მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა. სააპელაციო საჩივრით მხარე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არა მარტო სამართლებრივი თვალსაზრისით, არამედ მისი ფაქტობრივი საფუძვლიანობის შემოწმებას. ამდენად, აღნიშნული საქმე არ მიეკუთვნება ზემოთ მოხმობილი კანონით გათვალისწინებულ ზეპირი განხილვის გარეშე განსახილველ საქმეთა კატეგორიას. აპელანტის მოთხოვნა ზეპირი მოსმენის გარშე განხილვასთან დაკავშირებით, საჭიროებდა მეორე მხარის – მოპასუხოს თანხმობას, რასაც ეს უკანასკნელი სააპელაციო შესაგებელში არ დაეთანხმა. ამდენად, სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, სააპელაციო საჩივარი განეხილა მხარეთა დასწრებისა და ზეპირი მოსმენის გარეშე.
13. აღსანიშნავია ასევე, რომ საჩივრის ავტორის მიერ 2018 წლის 25 ივნისს დანიშნულ სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის, კერძოდ, არ დასტურდება, რომ აპელანტს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გადაადგილება შეზღუდული აქვს.
14. ამდენად, მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი არ დასტურდება.
15. სსსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონიერია, საჩივარი კი – დაუსაბუთებელი.
16. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა იძულებას, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე. ასეთ შემთხვევაში სსსკ-ის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, სასამართლო არ შედის საქმის არსებითად განხილვაში, არამედ, კანონის ძალით სარჩელში/შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მხარის გამოუცხადებლობის გამო.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
18. კასატორმა განმარტა, რომ არის 89 წლის ხანდაზმული ქალბატონი, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, გადაადგილება არ შეუძლია. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანისას მოითხოვა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა, თუმცა სასამართლომ მაინც ჩანიშნა პროცესი და მხარის მდგომარეობა არ გაითვალისწინა.
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. ამავე სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით კი, მოსარჩელის გარდაცვალების გამო, საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა 6 თვის ვადით, მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგი გარემოებების გამო:
21. საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის ასლით უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელე გარდაიცვალა 2019 წლის 7 იანვარს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 აპრილის განჩინებით კი, მოცემული საქმის წარმოება შეჩერდა გარდაცვლილი მოსარჩელის უფლებამონაცვლის დადგენამდე 6 თვის ვადით.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 1319-ე მუხლზე, რომლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილია, რომ სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო, ხოლო, ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, კანონმდებელმა განსაზღვრა შემდეგი: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს ასევე სსსკ-ის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც, ამ კოდექსის 279-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმის წარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით.
24. ზემოაღნიშნული ნორმა მიმართულია მოდავე სუბიექტთა უფლების ჯეროვან დაცვაზე, რათა თუნდაც მხარის გარდაცვალების შემთხვევაში, იმ პირის უფლება, რომელსაც გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ, არ იქნას უსაფუძვლოდ შელახული და გონივრულ ფარგლებში, სრულყოფილად მოხდეს მართლმსაჯულების სამართლიანი განხორციელება. აღნიშნული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა სამართალწარმოების თითოეული მხარის გარდაცვალების შემთხვევაში ქცევის წესი და დაადგინა უფლებამონაცვლედ პირის ჩაბმის შესაძლებლობა. ზემოაღნიშნული ნორმის დათქმა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებებისას, თუ ერთწლიანი ვადის გასვლის შემდგომ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაებმება, სარჩელი განუხილველად დარჩება, მიმართულია ასევე აპელანტისა თუ კასატორის გარდაცვალებისკენ და დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, ანალოგიურად, განუხილველად იქნება დატოვებული სააპელაციო თუ საკასაციო საჩივარი (იხ. 17.02.2015წ. საქმე №ას-589-560-2013).
25. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის გარდაცვალებიდან – 2019 წლის 7 იანვრიდან გასულია თითქმის 11 თვე. შესაბამისად, მისი სამკვიდრო გაიხსნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით და სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი 6-თვიანი ვადა ამოიწურა 2019 წლის ივლისში.
26. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ საკასაციო პალატის განჩინების გამოტანის დღიდან – 2019 წლის 15 აპრილიდან გასულია ამავე განჩინებით დადგენილი ვადა – 6 თვე.
27. მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ჩაბმის მოთხოვნით საკასაციო პალატის წინაშე არავის არ უშუამდგომლია, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მოსარჩელის მისამართზე მის შესაძლო უფლებამონაცვლეს წერილობით ორჯერ მიმართა.
28. საკასაციო სასამართლოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 6 ნოემბრის №16/13378 პასუხიდან ირკვევა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია მოსარჩელის დანაშთი ქონების თაობაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.
29. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არსებობს ამ კოდექსის 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა.
30. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, რადგანაც უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე კანონით გათვალისწინებულ ვადაში სასამართლოსათვის მოსარჩელის სავარაუდო უფლებამონაცვლეს არ მოუმართავს და რაიმე ინფორმაცია ამ საკითხის თაობაზე არ წარმოუდგენია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 281-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, 283-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ.ი–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად, უფლებამონაცვლის დაუდგენლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე